საქმე N 190100122006620610
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1244აპ-23 30 იანვარი, 2024 წელი
ი. ნ. , №1244აპ-23 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ოქტომბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ნ. ი. (პირადი ნომერი: ...) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არაერთგზის), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი ფიზიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
ნ.ი-მა, 2022 წლის 15 ნოემბერს, შუადღის საათებში, ქ -ის მიმდებარედ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მისი, როგორც მამაკაცის, უპირატესი მდგომარეობის დემონსტრირების სურვილით, ვინაიდან თვლიდა, რომ მიუხედავად დაშორებისა, უნდა ეკონტროლებინა ყოფილი ცოლი, ასევე, შეემოწმებინა მისი მობილური ტელეფონის მიმოწერა, იმის გასარკვევად, კომუნიკაცია ჰქონდა თუ არა სხვა მამაკაცებთან, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანს, ყოფილ მეუღლეს – ნ. კ-ას ხელი მოუჭირა ხელზე და ფიზიკური ძალის გამოყენებით, ხელიდან გამოგლიჯა „აიფონის“ მოდელის მობილური ტელეფონი.
ნ. ი-მა, 2022 წლის 15 ნოემბერს, შუადღის საათებში, ქ -ის მიმდებარედ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მისი, როგორც მამაკაცის, უპირატესი მდგომარეობის დემონსტრირების სურვილით, ვინაიდან თვლიდა, რომ მიუხედავად დაშორებისა, უნდა ეკონტროლებინა ყოფილი ცოლი, ასევე შეემოწმებინა მისი მობილური ტელეფონის მიმოწერა, 2022 წლის 24 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით, საქართველოს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანს, ყოფილ მეუღლეს – ნ. კ-ას ორჯერ დაარტყა თავის არეში მუშტი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ნ. ი-მა, 2022 წლის 15 ნოემბერს, შუადღის საათებში, ქ -ის მიმდებარედ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მისი, როგორც მამაკაცის, უპირატესი მდგომარეობის დემონსტრირების სურვილით, ვინაიდან თვლიდა, რომ მიუხედავად დაშორებისა, უნდა ეკონტროლებინა ყოფილი ცოლი, ასევე შეემოწმებინა მისი მობილური ტელეფონის მიმოწერა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანს, ყოფილ მეუღლეს - ნ. კ-ას, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რაც ნ. კ-ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ნ.ი-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ემუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივნისის განაჩენით, ნ. ი. საქართველოს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით და საქართველოს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ნ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.
საქართველოს საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი – 1 წელი. საქართველოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. ი-ვს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 3 თვით.
2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე ტატუნაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ნ. ი-ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
ცვლილება შევიდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივნისის განაჩენში.
ნ. ი. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით და საქართველოს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებებით.
ნ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი – 1 წელი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. ი-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
3.2. 2023 წლის 16 ოქტომბერს რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, თორნიკე ტატუნაშვილმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და ნ. ი-ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი ნ. ი-ის ნაწილობრივ გამართლების ნაწილში უკანონოა, ვინაიდან, სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არსებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისია მისი დამნაშავედ ცნობისათვის. მართალია, საქმის სასამართლოში განხილვისას, დაზარალებულმა – ნ. კ-ამ არ ისურვა ესაუბრა 2022 წლის 15 ნოემბერს მომხდარი ფაქტების შესახებ და მხოლოდ ნაწილობრივ დაადასტურა გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია, საქმეზე მაინც არსებობდა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმეების – ნ. კ-ას, ნ. გ-ის, გ. გ-ის და გ. ქ-ის გამოკითხვის ოქმები, შეტყობინება დანაშაულის შესახებ, შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი, ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების დათვალიერების ოქმი ობიექტურ პირს დაარწმუნებს ნ. ი-ს ბრალეულობაში. ამასთან, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქმეზე №809აპ-19 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,ოჯახური დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე“.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნ. ი-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტით გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ბრალდების ამ ნაწილებში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ნ. ი-ის მიერ ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენა. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოში დაკითხვისას დაზარალებულმა ნ. კ-ამ უარყო ნ. ი-ს მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტები და განმარტა, რომ ნ. ი-ს მხრიდან, არც ტელეფონის წართმევის დროს და არც მას შემდეგ, ძალადობას და მუქარას ადგილი არ ჰქონია. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს შემთხვევები, როდესაც დაზარალებული იყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებას – არ აძლევს ჩვენებას ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავს წინააღმდეგ და მოცემულობა, როდესაც დაზარალებული სასამართლო სხდომაზე იკითხება და გამოკითხვის ოქმისგან განსხვავებულად გადმოსცემს ინფორმაციას. პალატა აღნიშნავს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვლინდება დანაშაულის ან მისი შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.4. რაც შეეხება 2022 წლის 15 ნოემბრის შეტყობინებას, შემაკავებელ ორდერს და თანდართულ ოქმს - საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა ძალადობისა და მუქარის ფაქტები, ზემოხსენებული მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, არ ქმნის იმ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ შეიცავს ზოგადი ხასიათის ინფორმაციას ძალადობის თაობაზე და არ არის აღნიშნული, თუ რა ქმედება განხორციელა ნ. ი-მა, ხოლო მასში მუქარაზე არაფერია ნათქვამი. ამასთან, 2022 წლის 15 ნოემბერს, ნ. ი-ს მიერ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გამოცემული N.. შემაკავებელი ორდერით და თანდართული ოქმით დგინდება, რომ ნ. ი-მა ყოფილი მეუღლის – ნ. კ-ას მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა. აღნიშნულ ოქმში ფიზიკურ ძალადობაზე მითითებულია ყოველგვარი დეტალიზაციის გარეშე და არც ძალადობის შედეგად განცდილი ტკივილის შესახებ ინფორმაციაა ასახული. საგულისხმოა, რომ შემაკავებელ ორდერსა და ოქმში არც მუქარის ფაქტია აღნიშნული, ხოლო გრაფაში – მოძალადე დაგმუქრებიათ ჯანმრთელობის დაზიანებით, მოკვლით ან/და ქონების განადგურებით, რამაც მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გამოიწვია, ნ. კ-ას გაცემული აქვს უარყოფითი პასუხი.
5.5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ მოწმეთა გამოკითხვის ოქმებზე და განმარტავს, რომ ისინი არ არიან ფაქტების თვითმხილველი პირები. ხსენებული გამოკითხვის ოქმები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, ხოლო პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ნ. ი-ს მიერ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არაერთგზის და გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობის მუქარის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენას - წარმოდგენილი არ არის.
5.6. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ნ. ი-ის მიერ საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რომელსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.9. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე