Facebook Twitter

საქმე N 330100123007312713

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1060აპ-23 15 იანვარი, 2024 წელი

კ–ი დ., №1060აპ-23 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 აგვისტოს განაჩენზე მსჯავრდებულ დ. კ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. დ. კ–ი (პირადი ნომერი: ...................) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით (პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის მიერ, აკრძალული საგნის შეძენა, შენახვა და მოხმარება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულების, მე-..სარეჟიმო კორპუსის N.. საკანში მოთავსებულმა, მსჯავრდებულმა დ. კ–მა, შეიძინა, შეინახა და მოიხმარა აკრძალული საგანი – ალკოჰოლური სასმელი, კერძოდ: 2023 წლის 15 მარტს, დაახლოებით, 11:20 საათზე, პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულებაში, მსჯავრდებულ დ. კ–ს, მოთავსების საკანში ჩატარებული შემოწმება – დათვალიერების შედეგად, ალკოჰოლური სასმელის კუსტარულად დასამზადებელ ობიექტებთან ერთად აღმოჩნდა, ერთ ლიტრიანი ბოთლი, მასში მოთავსებული კუსტარული წესით დამზადებული 2 მლ ალკოჰოლის შემცველი ხსნარით, რომელშიც ეთილის სპირტის მოცულობამ 33,9% შეადგინა. ასევე, დ. კ–ს შარდის ნიმუშში აღმოჩნდა 0,52% ეთილის სპირტი, ხოლო სისხლის ნიმუშში აღმოჩნდა 0,46% ეთილის სპირტი, რაც შეესაბამება ალკოჰოლური თრობის მსუბუქ ხარისხს.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 ივნისის განაჩენით დ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, შთანთქა წინა, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 4 მაისის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, უვადო თავისუფლების აღკვეთამ და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. კ–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის დანიშვნა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 აგვისტოს განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2023 წლის 23 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 აგვისტოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. კ–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და უნდა გაუქმდეს, მის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ორი თანაბარი ძალის მქონე კანონი სხვადასხვა სახის პასუხისმგებლობას აწესებს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული ნივთის დამზადება, ფლობა, სარგებლობისთვის, კერძოდ: ერთის მხრივ, საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული ნივთის დამზადება, ფლობა, სარგებლობისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ადგენს, ხოლო მეორე მხრივ, „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-80 მუხლი, რომლის მიხედვითაც იგივე ქმედება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას. შესაბამისად, მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არის უკანონო, მის ქმედებას მიეცა არასწორი კვალიფიკაცია და გამოყენებული სასჯელის სახე და ფორმა არ შეესაბამება მის მიერ განხორციელებული ქმედების ხასიათს.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას.

5.4. სააპელაციო პალატამ სრულყოფილად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმეების - გ. გ–ს, მ. მ–ს, ა. გ–ს გამოკითხვის ოქმები, 2023 წლის 15 მარტის ამოღების ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის N........... დასკვნა, ფსიქიატრიული ექსპერტიზის N............ დასკვნა, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 4 მაისის განაჩენი, დ. კ–სთვის პენიტენციურ დაწესებულებაში საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობის შესახებ 2014 წლის 31 დეკემბრისა და 2017 წლის 4 მაისის ოქმები, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები და დ. კ–ს მიმართ ჩატარებული ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N............ დასკვნა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ დ. კ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

5.5. უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედება არ არის სისხლის სამართლის დანაშაული და წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ, აგრეთვე დროებითი ყოფნის იზოლატორში ან ჰაუპტვახტში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნის შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და ამ საგნით სარგებლობისთვის. დანაშაულის საგანია ნებისმიერი ნივთი, რომელთა შეძენა და გამოყენებაც ეკრძალებათ ჩამოთვლილ დაწესებულებაში მოთავსებულ პირებს. აკრძალულ ნივთებსა და საგნებს მიეკუთვნება, ასევე ის ნივთები და საგნები, რომლებიც მართალია ნებადართულია, თუმცა აჭარბებენ დადგენილ ოდენობას. საქართველოს სსკ-ის 3781-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, აკრძალულ საგნად ჩაითვლება ყველა საგანი (ნივთი), გარდა იმ საგნებისა (ნივთებისა), რომლებიც დასაშვებია, თან იქონიოს პენიტენციურ დაწესებულებაში, დროებითი ყოფნის იზოლატორში ან ჰაუპტვახტში მოთავსებულმა პირმა. პატიმრობის კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, პენიტენციური დაწესებულების დებულება განსაზღვრავს იმ ნივთებისა და საგნების ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება ჰქონდეს მსჯავრდებულს. პენიტენციური დაწესებულების დებულება ასევე, შეიცავს იმ ნივთებისა და საგნების ჩამონათვალს, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და სარგებლობაც აკრძალულია და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. მოცემულ შემთხვევაში საქმეში უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ დ. კ–ი, პენიტენციური დეპარტამენტის №.. დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ, რამდენჯერმე გაეცნო დაწესებულების დებულებას, რომელიც ასევე მოიცავდა ინფორმაციას აკრძალული და ნებადართული ნივთების შესახებ. ბოლოს, დ. კ–ი – 2017 წლის 4 მაისს, გაეცნო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციისა მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №... ბრძანებით დამტკიცებული დებულების №.. დანართის მერვე და მეცხრე პუნქტებით განსაზღვრულ აკრძალულ საგანთა ნუსხას, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და სარგებლობაც გამოიწვევდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულების, მე-3 სარეჟიმო კორპუსის N.. საკანში მოთავსებულმა, მსჯავრდებულმა დ. კ–მა, შეიძინა, შეინახა და მოიხმარა აკრძალული საგანი – ალკოჰოლური სასმელი, რომელიც მსჯავრდებულ დ. კ–ის მოთავსების საკანში ჩატარებული შემოწმება – დათვალიერების შედეგად, ალკოჰოლური სასმელის კუსტარულად დასამზადებელ ობიექტებთან ერთად, სათანადო წესით ამოიღეს.

5.6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც მხარეებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სადავოდ არ გაუხდიათ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად შეაფასეს და მსჯავრდებულ დ. კ–ს ქმედებას სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭეს.

5.7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ასევე სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე დ. კ–ს ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები (დანაშაულის აღიარება და ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მტკიცებულებები გახადა უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე წარსულში მისი ნასამართლობა განზრახი, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის გამო), რომელთა ერთობლივად მხედველობაში მიღებით, ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სასჯელის სახე – თავისუფლების აღკვეთა დაუნიშნა, ხოლო სასჯელის ზომა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა სანქციის ფარგლებშია.

5.8. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ. კ–ი ნასამართლევია ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 4 მაისის განაჩენით, შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, წინათ განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი დ. კ–ს მიმართ სანქციის მინიმალური ზომის გამოყენების შესაძლებლობა არ არსებობს და მის მიმართ სასჯელის სახედ დანიშნული თავისუფლების აღკვეთა, სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს სასჯელის მინიმალურ ვადას.

5.9. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 58-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, დ. კ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებისას.

5.10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლი ადგენს სასჯელის დანიშვნის წესს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს დანიშნული საბოლოო სასჯელი აითვლება ბოლო განაჩენის მიღების დღიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებულის მიმართ წინა განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა არ იყო გასული ბოლო დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის.

5.11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილი არის იმპერატიული ხასიათის, შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის შეფარდებისას სასამართლომ უნდა გამოიყენოს ამ ნორმით დადგენილი წესები, კერძოდ, კი განაჩენთა ერთბლიობით სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, მხოლოდ მაშინ უნდა აშთანთქინოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, როდესაც ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელის ვადა აღემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. სხვა ყველა შემთხვევაში სასამართლომ უნდა გამოიყენოს სასჯელთა შეკრების პრინციპი და ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად ან ნაწილობრივ უნდა მიუმატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

5.12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო განაჩენის გამოტანისას ვალდებული იყო, განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას გამოეყენებინა არა სასჯელთა შთანთქმის, არამედ - შეკრების პრინციპი. ამასთან ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყო ბოლო განაჩენის მიღების დღიდან და, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულს წინა განაჩენით სასჯელის სახედ და ზომად დანიშნული ჰქონდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოუხდელი ნაწილის განსაზღვრა და დათვლა შეუძლებელია მას, სასჯელთა შეკრების შემდეგ, საბოლოო სასჯელად უნდა განსაზღვროდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩათვლოდა განაჩენის მიღების დღემდე მოხდილი სასჯელი, რათა მომავალში შესძლებოდა ესარგებლა საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთათვის დადგენილი შეღავათებით.

5.13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია საკითხი ეხება სისხლის სამართლის ნორმის იმპერატიული მოთხოვნის დარღვევას, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, თუმცა საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის საფუძველზე განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის კუთხით – შთანთქმის ნაცვლად შეკრების პრინციპის გამოყენება, მაშინ როდესაც სახელმწიფო ბრალმდებელს სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე არ გაუსაჩივრებია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილება, წარმოადგენს მსჯავრდებულის მდგომარეობის დამძიმებას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს.

5.14. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია მხოლოდ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გასცდეს საკასაციო საჩივრის ფარგლებს და საკუთარი ინიციატივით უზრუნველყოს გასაჩივრებული განაჩენით დ. კ–სთვის განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული სასჯელის საქართველოს სსკ-ის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

5.15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. კ–ს საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე