საქმე N 120100122006100352
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1126აპ-23 15 იანვარი, 2024 წელი
კ–ე მ., №1126აპ-23 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 სექტემბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. კ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის) და საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებაც მისი უფლებაა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2022 წლის 6 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ა–ს რაიონის სოფელ კ–ში მდებარე მ. კ–ს სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მ. კ–ე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ი. კ–ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულებდა, რომ არ შეეტყობინებინა სამართალდამცავი ორგანოსათვის აღნიშნული ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ, რათა არ დამდგარიყო მის მიმართ სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავდა პოლიციის მისვლამდე ან თუ პოლიცია მოასწრებდა სასჯელის მოხდის შემდგომ, რის გამოც, ი. კ–ს შეეშინდა და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ ვერ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოს.
1.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით ნასამართლევი მ. კ–ე 2022 წლის 6 მაისამდე, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში, ა–ს რაიონის სოფელ კ–ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ი. კ–ს, მათივე არასრულწლოვანი შვილების: გ. და თ. კ–ების თანდასწრებით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, დამამცირებელი და ღირსების შემლახავი სიტყვებით მიმართავდა, რამაც გამოიწვია ი. კ–ს ფსიქოლოგიური ტანჯვა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ვერ იქნა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა, მ. კ–ს მიერ, ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტს, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, შესაბამისად, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 1 მაისის განაჩენით, მ. კ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით.
2.2. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. კ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის) და საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი, მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებაც მისი უფლებაა) გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.3. 2022 წლის 6 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ახალციხის რაიონის სოფელ კლდეში მდებარე მ. კ–ს სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მ. კ–ე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ი. კ–ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულებდა, რომ არ შეეტყობინებინა სამართალდამცავი ორგანოსათვის აღნიშნული ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ, რათა არ დამდგარიყო მის მიმართ სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავდა პოლიციის მისვლამდე ან თუ პოლიცია მოასწრებდა სასჯელის მოხდის შემდგომ, რის გამოც, ი. კ–ს შეეშინდა და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ ვერ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოს.
2.4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის N1/327-20 განაჩენით (რომელიც ძალაში დარჩა 2021 წლის 12 აპრილის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით) საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით ნასამართლევი მ. კ–ე, 2022 წლის 6 მაისამდე, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში, ა–ს რაიონის სოფელ კ–ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ი. კ–ს, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, დამამცირებელი და ღირსების შემლახავი სიტყვებით მიმართავდა, რამაც გამოიწვია ი. კ–სის ფსიქოლოგიური ტანჯვა.
2.5. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 1 მაისის განაჩენით მ. კ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით. მ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. ასევე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით მ. კ–ეეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის N1/327-20 განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთას, ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით მ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.6. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 1 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მხარეებმა. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამუნა მურჯიკნელმა, სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, მ. კ–ს წარდგენილი ბრალდებებით სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა. მ. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ა–მა კი, მოითხოვა წარდგენილ ბრალდებებით მ. კ–ს სრულად უდანაშაულოდ ცნობა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 სექტემბრის განაჩენით ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მსჯავრდებულ მ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ა–ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 1 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
მ. კ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებით.
მ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის განაჩენით (რაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განაჩენით) დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3.2. 2023 წლის 5 ოქტომბერს, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამუნა მურჯიკნელმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, მ. კ–ს წარდგენილი ბრალდებებით სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებით მ. კ–ს გამართლების ნაწილში უკანონოა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმეების – თ. ზ–ს, ი. ზ–ს, ი. მ–ს და მ. ბ–სჩვენებები, ასევე, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსტერტიზის დასკვნა უტყუარად ადასტურებენ მ. კ–ს ბრალეულობას ოჯახში ძალადობის ეპიზოდში. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა – თ. ზ–მ და ი. ზ–მ დაადასტურეს, რომ ადგილზე გამოცხადებისას დაზრალებულთან ერთად სახლში, ასევე იმყოფებოდნენ ი. კ–ს და მ. კ–ს არასრულწლოვანი შვილები, შესაბამისად, დასტურდება, რომ სწორედ მათი თანდასწრებით აყენებდა მსჯავრდებული ი. კ–ს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა. აღნიშნულის შესახებ ისაუბრა ი. მ–მაც, როდესაც განმარტა რას უთითებდნენ გამოძიების ეტაპზე არასრულწლოვანი მოწმეები: გ. კ–ე და თ. კ–ე. კასატორის აზრით, ასევე მნიშვნელოვანია სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც პირდაპირაა გადმოცემული ი. კ–ს მიერ კლინიკური საუბრისას ექსპერტისთვის მიწოდებული ინფორმაცია, სადაც ის საუბრობს მ. კ–ს მიერ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტებზე. ბოლოს კი, კასატორის პოზიციით, სასამართლოს რწმენისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება უნდა ყოფილიყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განაჩენი, რომლითაც მ. კ–ე დამნაშავედ იქნა ცნობილი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ი. კ–ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს მ. კ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.
5.3. დაზარალებულმა – ი. კ–მ (მეუღლემ), ასევე არასრულწლოვანმა მოწმეებმა – გ. კ–მ და თ. კ–მ (შვილებმა) უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია მათ მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მათ ამ უფლებით ისარგებლეს მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, მ. კ–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.
5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით სრულად დასტურდება მ. კ–ს ბრალეულობა ოჯახში ძალადობის ეპიზოდში და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ მ. კ–ს ბრალი ედება არაერთგზის ოჯახში ძალადობისთვის, კერძოდ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ი. კ–ს სისტემატურ შეურაცხყოფაში და დამცირებაში, რამაც გამოიწვია ტანჯვა, თუმცა აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა ი. კ–მ და არასრულწოვანმა მოწმეებმა – გ. კ–მ და თ. კ–მ ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი. სხვა მტკიცებულება კი, რომელიც დაადასტურებდა მ. კ–ს მიერ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე – ი. კ–ზე უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში, 2022 წლის 6 მაისამდე, სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის, დამამცირებელი და ღირსების შემლახავი სიტყვებით მიმართვის ფაქტს წარმოდგენილი არ არის.
5.5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, კასატორის მიერ მითითებულ მოწმეებზე, კერძოდ: თ. ზ–ს, ი. ზ–ს, ი. მ–ს მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე და განმარტავს, რომ აღნიშნული მოწმეები მ. კ–ს მიმართ ოჯახში ძალადობის ეპიზოდთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობენ თავად დაზარალებულის ან/და არასწულწლოვანი მოწმეების – გ. კ–სა და თ. კ–ს მონაყოლიდან. ზემოაღნიშნული მოწმეები არ არიან მ. კ–ს მხრიდან მეუღლის მიმართ განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფის ან დამცირების რომელიმე ეპიზოდის თვითმხილველნი. შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბი შინაარსისაა, რაც ვერ დაედება საფუძვლად პირის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს. ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები წარდგენილი ბრალდების ირგვლივ არაინფორმაციულია. ის ფაქტი, რომ არასრულწლოვანი შვილები – გ. და თ. კ–ები სახლში იმყოფებოდნენ პოლიციელების, თ. ზ–ს და ი. ზ–ს მისვლისას არ ადასტურებს მ. კ–ს მიერ სისტემატური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, ხოლო მოწმე – ი. მ–მ ჩვენების მიცემისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების, არასრულწლოვანი მოწმეების გამოკითხვის ოქმების სისწორე, რაც ასევე საფუძვლად ვერ დაედება ამ ეპიზოდში მ. კ–ს მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.
5.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.8. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა და მოწმეებმა ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მათ მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც მოწმეებმა სასამართლოში არ დაადასტურეს.
5.9. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ მ. ბ–ს ჩვენებით დასტურდება დაზარალებულის მიერ ფსიქოლოგიური ტანჯვის ფაქტი, თუმცა იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა სასამართლოს უარი განუცხადა ჩვენების მიცემაზე, ხოლო სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მ. კ–ს მიერ სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ფაქტებს, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მხოლოდ აღნიშნული დასკვნა დაუდოს საფუძვლად ამ ეპიზოდში გამამტყუნებელ განაჩენს. სასამართლოს არ აქვს შესაძლებლობა აღნიშნული მტკიცებულება შეაფასოს სხვა პირდაპირ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება მიემართება 2022 წლის 6 მაისს, მ. კ–ს მიერ განხორციელებული იძულების ფაქტს და არც ერთი მათგანი არ არის ინფორმაციული სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდთან მიმართებით.
5.10. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება მ. კ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, კასატორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა. სააპელაციო სასამართლომ, კი თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა მ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი, ასევე ის გარემოებები, რის გამოც დადასტურებულად მიიჩნია მ. კ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
5.11. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას მ. კ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება და უცვლელად დატოვა მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.12. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
5.13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 531-ე, 58-ე, 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მ. კ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლელს, ასევე პასუხისმგებლობლის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
5.14. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.16. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე