Facebook Twitter

საქმე N 010142223701334184

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №32აგ-23 18 იანვარი, 2024 წელი

მ–ი პ., N32აგ-23 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ. მ–ს საკასაციო საჩივარი ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის განაჩენით, პ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. პ. მ–ს სასჯელის ვადა აეთვლა დაეწყო დაკავებიდან - 2016 წლის 1 ივნისიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილის განაჩენით, მსჯავრდებულ პ. მ–ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის განაჩენი.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, მსჯავრდებულ პ. მ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განჩინებით, მსჯავრდებულ პ. მ–ის მიმართ არ იქნა გავრცელებული „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი.

5. 2023 წლის 11 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა პ. მ–მა და აღნიშნა, რომ მასზე, როგორც ნასამართლობის არმქონე პირზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განჩინებით უნდა გავრცელებულიყო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ პ. მ–ს შუამდგომლობა ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა პ. მ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

8. კასატორის პოზიციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განჩინებით არასწორად იქნა მიჩნეული ნასამართლობის მქონე პირად, რადგან, ნასამართლობა გაუქარწყლდა 2019 წლის დეკემბერში, ხოლო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი მიღებულ იქნა 2021 წლის 11 იანვარს. აღნიშნული კანონი არ განსაზღვრავს, რომ მსჯავრდებულზე ამნისტია ვერ იქნება გავრცელებული დანაშაულის ჩადენის დროს არსებული ნასამართლობიდან გამომდინარე, შესაბამისად, მასზე უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა წარმოდგენილი მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იხილავს ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის თანახმად, განაჩენი ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული; დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი; ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება; ე​1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ – კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება; ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო; ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო; ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო; თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

4. განსახილველ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი, ფაქტი ან მტკიცებულება, რაც გახდებოდა ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

5. რაც შეეხება მსჯავრდებულ პ. მ–ს მითითებას მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულის, მათ შორის - ძებნილი მსჯავრდებულის, მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე უნდა მიიღოს შესაბამისმა სასამართლომ, ხოლო თუ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია – თავდაპირველი განაჩენის გამომტანმა რაიონულმა (საქალაქო) სასამართლომ. ამავე კანონის მე-15 მუხლის თანახმად, პირს, რომელზედაც გავრცელდა ამნისტია, უფლება აქვს, ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს ერთჯერადად, აღნიშნული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში.

6. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განჩინებით, მსჯავრდებულ პ. მ–ს მიმართ არ იქნა გავრცელებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი. პალატა განმარტავს, რომ კასატორის მიერ ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობის წარდგენის უფლება არ წარმოადგენს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედების შემოწმების გამოსადეგ საშუალებას, ვინაიდან ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვას გააჩნია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული პირდაპირი საფუძვლები, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული არ ეთანხმებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 თებერვლის განჩინებას, მას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-15 მუხლის თანახმად, უფლება ჰქონდა, ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება გაესაჩივრებინა ერთჯერადად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში.

7. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: „თუ შუამდგომლობა ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად არ არის დაყენებული ან დაუსაბუთებელია, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით დაუშვებლად ცნობს მას. ხოლო, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით: „საკასაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, ისე, რომ არ ამოწმებს მის დასაშვებობას. საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, ძალაში დატოვოს სააპელაციო სასამართლოს განჩინება ან გააუქმოს იგი და მიუთითოს სააპელაციო სასამართლოს, რომ მან დაუშვას შუამდგომლობა“. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ პ. მ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე