საქმე N 170100123006749732
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1141აპ-23 15 იანვარი, 2024 წელი
პ–ე რ., №1141აპ-23 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აგვისტოს განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. რ. პ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი)) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
2022 წლის 4 დეკემბერს, დაახლოებით, 20:00 საათზე, ქ. წ–ში, შ–ს ქ. №..-ში მდებარე პ–ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, რ. პ–ე, თუ რატომ არ ჰქონდა მეტი უძრავი ქონება დაზარალებულს, დანის დემონსტრირებით, დაზარალებულის მიმართულებით სროლით და სიტყვებით „ამ დანით უნდა მოგკლა“, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მამას - ნ. პ–ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2022 წლის 5 დეკემბერს, დაახლოებით, 16:00 საათზე, ქ. წ–ში, შ–ს ქ. №..-ში მდებარე პ–ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, რ. პ–ე, დაზარალებულის მიერ თავისი მეუღლის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის ბრალდებულისთვის შენიშვნის მიცემის გამო, დანის დემონსტრირებით და სიტყვებით „ეხლა შენ უნდა მოგკლა“, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მამას – ნ. პ–ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 მაისის განაჩენით რ. პ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 05 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
რ. პ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 04 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა რ. პ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 05 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებით.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აგვისტოს განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2023 წლის 1 სექტემბერს მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, გიორგი სახიაშვილმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა და რ. პ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 05 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი რ. პ–ს ნაწილობრივ გამართლების ნაწილში უკანონოა, ვინაიდან, სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არსებული იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისია რ. პ–ს სრულად დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოში დაკითხული მოწმეების: მ. ყ–ს და ნ. მ–ს ჩვენებებით დადგინდა, რომ მსჯავრდებული დაზარალებულს ორჯერ დაემუქრა, რის გამოც მან განიცადა შიში, ასევე გამოკვლეული იქნა ნივთიერი მტკიცებულება – დანა, რომლითაც განხორცილედა დანაშაულები. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, კი დაზარალებულმა დეტალურად აღადგინა შემთხვევის ვითარება. მართალია, მან სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა 2022 წლის 5 დეკემბრის მუქარის ფაქტი, თუმცა სასამართლოს მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის გაზიარების შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმეში 561აპ-15 საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი გამოყენებული იქნა როგორც დამოუკიდბელი მტკიცებულება, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რ. პ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 5 დეკემბრის ეპიზოდი) გამართლების შესახებ და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება რ. პ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულმა, 2022 წლის 5 დეკემბრის ეპიზოდთან დაკავშირებით, სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუქარას ადგილი არ ჰქონია და მეორე დღეს, აგრესია მიმართული იყო მხოლოდ მისი მეუღლისკენ. ამასთან, დაზარალებულმა და მოწმე თ. პ–მ, გამორიცხეს დანით მუქარა და ის ფაქტი, რომ რ. პ–ს ეჭირა დანა.
5.4. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული შეიცავს მხოლოდ ზოგად მითითებას დანით მუქარასთან დაკავშირებით, რაც არ დგინდება ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით. ამდენად, შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5.5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე და განმარტავს, რომ ვინაიდან დაზარალებულმა ნ. პ–მ პირველი ინსტანციის სასამართლოში თავისუფალ გარემოში, თანმიმდევრულად აღწერა 2022 წლის 4 და 5 დეკემბერს მის საცხოვრებელ სახლში განვითარებული მოვლენები, რა დროსაც უარყო 5 დეკემბერს რ. პ–ს მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს შემთხვევები, როდესაც დაზარალებული იყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებას – არ აძლევს ჩვენებას ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავს წინააღმდეგ და მოცემულობა, როდესაც დაზარალებული სასამართლო სხდომაზე იკითხება და სხვაგვარად გადმოსცემს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში ასახულ ინფორმაციას. პირველ შემთხვევაში, დაცვის მხარეს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეკითხვები დაუსვას პირს, რომლის მხოლოდ ზეპირ ინფორმაციას ეფუძნება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი. ხოლო მეორე შემთხვევაში, სახეზეა სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის მიერ ფიცის ქვეშ გაკეთებული განმარტებები, რომლეთა სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ვინაიდან, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 04 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდების ნაწილში, დაზარალებულმა სასამართლოს მიაწოდა თანმიმდევრული და დამაჯერებელი ინფორმაცია და ამხილა რ. პ–ე, შესაბამისად, არ არსებობს რაიმე წინაპირობა პალატამ ეჭვი შეიტანოს მის ჩვენებაში 2022 წლის 5 დეკემბერს განვითარებული მოვლენების აღწერასთან დაკავშირებით. პალატა აღნიშნავს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვლინდება დანაშაულის ან მისი შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.6. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება რ. პ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 5 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რომელსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.9. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე