Facebook Twitter

საქმე N 330100119003211505

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1151აპ-23 15 იანვარი, 2024 წელი

რ–ი მ., №1151აპ-23 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 სექტემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. მ. რ–იი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

2019 წლის 9 მარტს, დაახლოებით 12:30 საათზე ქ. თ–ში, ე–ს ქუჩა N..-ში მდებარე ყოფილ ..-ე საჯარო სკოლის შენობაში მ. რ–იმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბებიას – ე. ე–ს, კერძოდ: თმებზე მოქაჩა, ჩამოკაწრა მარცხენა ლოყა და შუბლში ესროლა თეფში. თითოეული ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად ე. ე–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ სასამართლოში გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ მ. რ–მა ფიზიკურად იძალადა ბებიაზე – ე. ე–იზე, რის გამოც, ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ივლისის განაჩენით, მ. რ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით და გამართლდა.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ქომოშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მ. რ–ს წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 სექტემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2023 წლის 19 ოქტომბერს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ქომოშვილმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 სექტემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მ. რ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა ვინაიდან დაზარალებულ ე. ე–ს და მოწმე ზ. გ–ს მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი, განცხადება, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა - უტყუარად ადასტურებენ მ. რ–ს ბრალეულობას. კასატორის პოზიციით, გათვალისწინებული უნდა იქნეს ის ფაქტი, რომ ოჯახურ ძალადობებს, ხშირ შემთხვევაში, ფაქტის შემსწრე მოწმეები არ ჰყავს, ან დაზარალებულები შემდგომში სასამართლოში არ იძლევიან ჩვენებას. შესაბამისად, მსგავსი კატეგორიის საქმეები მტკიცებულებათა სიმრავლით არ გამოირჩევა და სასამართლომ თითოეულ მტკიცებულებას სწორი სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისთვის, რათა მომავალში პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა სწორი სამართლებრივი შეფასება მისცენ მტკიცებულებებს ოჯახში ძალადობის საქმეებზე.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. რ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბარალდებთი გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მ. რ–ს მიერ ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულმა ე. ე–მა (ბებია) და მოწმე ზ. გ–მა (დედა) სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია მათ მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მათ ამ უფლებით ისარგებლეს მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, მ. რ–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.

5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ განცხადებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2019 წლის 9 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის .........ის სამმართველოს ....... განყოფილებას განაცხადებით მიმართა მოქალაქე ე. ე–მა და განაცხადა, რომ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილიშვილმა მ. რ–მა. თუმცა, აღნიშნული გაანცხადებით არ ირკვევა, თუ რა ფორმით იძალადა მასზე შვილიშვილმა და, აღნიშნულის შედეგად, განიცადა თუ არა მან ფიზიკური ტკივილი.

5.5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 29 მარტის სამედიცინო ექსპერტიზის №.......... დასკვნაზე, რომლითაც დადგენილია, რომ 2019 წლის 11 მარტს, ე. ე–ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები სახის მიდამოში ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. მართალია, აღნიშნული დასკვნით დადასტურდა დაზიანების არსებობა, თუმცა სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებები ე. ე–ს მიაყენა მ. რ–მა წარმოდგენილი არ არის. თავად დაზარალებულმა კი სასამართლოს არ მისცა ჩვენება.

5.6. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს 2019 წლის 9 მარტის N............. შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმზე, რომლითაც ირკვევა, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემას საფუძვლად დაედო ე. ე–ს განცხადება. შემაკავებელი ორდერის თანახმად, ბებიის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, მ. რ–ის 30 დღით აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურთან, საცხოვრებელთან და იმ ადგილთან მიახლოება, სადაც ის იმყოფება, ასევე ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის ტელეფონის, სოციალური ქსელისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. შემაკავებელ ორდერში მითითებული ინფორმაცია, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, ვერ ქმნის საკმარისი საფუძველს მ. რ–ს მიერ დაზარალებულისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა და ამის შედეგად ტკივილის განცდის დასადასტურებლად. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.

5.7. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება მ. რ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.10. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე