Facebook Twitter

საქმე N 340100122006030321

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1011აპ-23 23 იანვარი,2024 წელი

რ–ი მ., №1011აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივნისის განაჩენზე გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ შალვა ნიკვაშვილისა და მსჯავრდებულ მ. რ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ - ქ. ვ–სის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. მ. რ–სი (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი ჯგუფურად), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გამოძალვა, ე.ი. სხვისი ნივთის გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, ესე იგი პირის დამცირება და იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით, სხვა შეხედულებების გამო, ჯგუფურად) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის მოპოვება, შენახვა და გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, ხოლო ე. ჯ–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი ჯგუფურად), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გამოძალვა, ე.ი. სხვისი ნივთის გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, ესე იგი პირის დამცირება და იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით, სხვა შეხედულებების გამო, ჯგუფურად) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის მოპოვება, შენახვა და გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

2022 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ყ–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე ი. ჭ–ს მეცხოველეობის ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში, ე. ჯ–მა და მ. რ–მა ჯგუფურად, ხელებისა და ფეხების არაერთჯერადი დარტყმით, სექსუალური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით იძალადეს ი. მ–სზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანება და ყვრიმალის ძვლის მოტეხილობა.

2022 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ყვარლის რაიონის სოფელ მ–ში მდებარე ი. ჭ–სის მეცხოველეობის ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში მ. რ–მა მეგობარ ე. ჯ–სთან ერთად ჯგუფურად, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ი. მ–სს მასზე ძალადობის დროს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად გასტაცა ფულადი თანხა - 10 ლარი.

2022 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ყ–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე ი. ჭ–სის მეცხოველეობის ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში, მ. რ–მა მეგობარ - ე. ჯ–სთან ერთად ჯგუფურად, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ი. მ–სს მათ მიერ მობილური ტელეფონის საშუალებით გადაღებული სახელგამტეხი ინფორმაციის გავრცელების მუქარით მოსთხოვა მათთვის 1000 ლარის გადაცემა.

2022 წლის 17 ივნისს მ. რ–სი და ე. ჯ–სი მობილური ტელეფონით დაუკავშირდნენ ი. მ–სს და გაცნობის მიზნით შეთანხმდნენ შეხვედრის თარიღზე. 2022 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ყ–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე ი. ჭ–ს მეცხოველეობის ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში, ისინი შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც მ. რ–სმა და ე. ჯ–მა სექსუალურ უმცირესობასთან ასოცირების გამო, თანასწორუფლებიანობის დარღვევით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ი. მ–ს, ხელებისა და ფეხების დარტყმით სცემეს მას და მიაყენეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. აიძულებდნენ მისი პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით შეხებოდა მათ სასქესო ორგანოზე და ეთქვა, რომ იყო სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი. ე. ჯ–მა და მ. რ–მა მათ მიერ განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი გადაიღეს მობილური ტელეფონით, რომლის გავრცელებითაც ემუქრებოდნენ დაზარალებულს. განხორციელებული ქმედების შედეგად ი. მ–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა.

2022 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ყ–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე ი. ჭ–სის მეცხოველეობის ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში, ე. ჯ–მა და მ. რ–მა, სექსუალურ უმცირესობასთან ასოცირების გამო, თანასწორუფლებიანობის დარღვევით ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ი. მ–ს, ასევე მის მიმართ განახორციელეს არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, რაც გადაიღეს მობილური ტელეფონის საშუალებით და გაავრცელეს მეგობრებში. ი. მ–ს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელების შედეგად ამ უკანასკნელს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ე. ჯ–სა და მ. რ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას და დადგენილად მიიჩნია, რომ მ. რ–მა და ე. ჯ–მა ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გამოიხატა შემდეგით:

2022 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ყვარლის რაიონის სოფელ მ–ში მდებარე ი. ჭ–ს მეცხოველეობის ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში, ე. ჯ–მა და მ. რ–სმა ჯგუფურად, ხელებისა და ფეხების არაერთჯერადი დარტყმით, სექსუალური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით იძალადეს ი. მ–სზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები და ყვრიმალის ძვლის მოტეხილობა.

2022 წლის 17 ივნისს მ. რ–ი და ე. ჯ–ი მობილური ტელეფონით დაუკავშირდნენ ი. მ–ს და გაცნობის მიზნით შეთანხმდნენ შეხვედრის თარიღზე. 2022 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ყ–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე ი. ჭ–ის მეცხოველეობის ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში, ისინი შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც მ. რ–სმა და ე. ჯ–მა სექსუალურ უმცირესობასთან ასოცირების გამო, თანასწორუფლებიანობის დარღვევით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ი. მ–სს, ხელებისა და ფეხების დარტყმით სცემეს მას და მიაყენეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. აიძულებდნენ მისი პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით შეხებოდა მათ სასქესო ორგანოზე და ეთქვა, რომ იყო სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი. ე. ჯ–სმა და მ. რ–სმა მათ მიერ განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი გადაიღეს მობილური ტელეფონით, რომლის გავრცელებითაც ემუქრებოდნენ დაზარალებულს. განხორციელებული ქმედების შედეგად ი. მ–სმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ფსიქიკური და მორალური ტანჯვა.

2022 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ყ–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე ი. ჭ–სის მეცხოველეობის ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში, ე. ჯ–მა და მ. რ–მა, სექსუალურ უმცირესობასთან ასოცირების გამო, თანასწორუფლებიანობის დარღვევით ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ი. მ–სს, ასევე მის მიმართ განახორციელეს არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, რაც გადაიღეს მობილური ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი მ. რ–მა შეინახა და გაავრცელა მეგობრებში. ი. მ–ს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელების შედეგად ამ უკანასკნელს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

2.2. გურჯანიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 ნოემბრის (მ. რ–ს მიმართ 2022 წლის 2 დეკემბერი) განაჩენით:

ე. ჯ–სი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ე. ჯ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ე. ჯ–სს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

მ. რ–სი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

მ. რ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა 1/4-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 წლითა და და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა 1/4-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა 1/4-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. რ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2.3. გურჯანიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 ნოემბრის (მ. რ–ს მიმართ 2022 წლის 2 დეკემბერი) განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურორის მოადგილემ - ილია ჯანგულაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, წარდგენილ ბრალდებებში ე. ჯ–სა და მ. რ–ს სრულად დამნაშავედ ცნობა და მათთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.

2.4. გურჯანიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 ნოემბრის (მ. რ–ს მიმართ 2022 წლის 2 დეკემბერი) განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მ. რ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ქ. ვ–მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მ. რ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება, მისი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივნისის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გურჯანიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 ნოემბრის (მ. რ–ს მიმართ 2022 წლის 2 დეკემბერი) განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2023 წლის 14 ივლისს გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შალვა ნიკვაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, ე. ჯ–სა და მ. რ–ს წარდგენილ ბრალდებებში სრულად დამნაშავედ ცნობა და მათთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.

3.3. 2023 წლის 10 ივლისს მ. რ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ქ. ვ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მ. რ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება, მისი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქება.

4. კასატორთა არგუმენტები:

4.1. კასატორის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ შალვა ნიკვაშვილის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი მ. რ–სა და ე. ჯ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლების ნაწილში უკანონოა, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეებისა და დაზარალებულის ჩვენებები, საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ინფორმაციის გამოთხოვის ოქმები, ასევე, უდავოდ ცნობილი ექსპერტიზის დასკვნები სრულად ადასტურებენ მ. რ–სა და ე. ჯ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას. კერძოდ, დადასტურდა, რომ 2022 წლის 24 ივნისს ე. ჯ–მა და მ. რ–მა ჯგუფურად, ხელებისა და ფეხების არაერთჯერადი დარტყმით, სექსუალური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით იძალადეს ი. მ–ზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანება და ყვრიმალის ძვლის მოტეხილობა. აღსანიშნავია, რომ მ. რ–მა და ე. ჯ–მა ჩვენებების მიცემისას ფაქტობრივად დაადასტურეს ი. მ–სზე განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები. ამასთან, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ვიდეო ფაილები, სადაც ჩანს ორი ახალგაზრდა და ერთი მოხუცი მამაკაცი. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დასტურდება ე. ჯ–სა და მ. რ–ს მიერ ი. მ–სადმი სექსუალური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის მოპოვების ფაქტი, ხოლო მ. რ–სის მიერ ამ ვიდეო ჩანაწერის შენახვა და გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. სასამართლომ დადასტურებულად არ მიიჩნია ძარცვისა და გამოძალვის ფაქტები, რაც არის არასწორი, რადგან ი. მ–ს ჩვენებით ირკვევა, რომ დარტყმის შემდეგ მას ე. ჯ–სმა ჯიბეში ჩაუყო ხელი და ამოაცალა ფული. მას ერთ ჯიბეში ჰქონდა 20 ლარი, მეორეში - 10 ლარი. მურადმა მას ამოაცალა 10 ლარიანი, რის შემდეგაც დაემუქრნენ, რომ თუ ფულს არ მიუტანდა მოკლავდნენ, ასევე, ემუქრებოდნენ ვიდეოს გავრცელებით. მას თავდაპირველად მოსთხოვეს 8000 ლარი, შემდეგ 1000 ლარი და ბოლოს 700 ლარი. მას შემდეგ რაც მათთვის ცნობილი გახდა რომ დაზარალებულს ჰქონდა მხოლოდ 20 ლარი, რაც მათთვის საკმარისი არ იყო, მოსთხოვეს უფრო დიდი თანხა, სანაცვლოდ კი დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობითა და ვიდეომასალის გავრცელებით. ი. მ–ს დამცირების გარდა, ვიდეოს ჩაწერის ერთ-ერთი მიზეზი იყო ფინანსური სარგებლის მიღება, რათა შემდეგ ამ გზით ეიძულებინათ, რომ მათთვის 1000 ლარი გადაეცა.

4.2. კასატორის, მ. რ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ქ. ვ–ს პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი მ. რ–სის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობის ნაწილში უკანონოა, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ მის ბრალეულობას. ამასთან, მის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, რის გამოც იგი ამ ნაწილში უნდა გადაკვალიფიცირდეს. კასატორი ასევე უთითებს, რომ მურად რუსტამივის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანიშნულის ჩადენისთვის განსაზღვრული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, რაც დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით - უნდა შემცირდეს. მ. რ–სს ბრალი ედება განზრახი დანაშაულების ჩადენაში, თუმცა გამოკვეთილი არ არის დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ასევე არ არის დადგენილი, რატომ გაიარა დაზარალებულმა არასულწლოვან მ. რ–სამდე მისასვლელად ამხელა გზა და რამ გამოიწვია მ. რ–სის ასეთი ქცევა. გარდა ამისა, დაზარალებულ ი. მ–სის ჩვენება იყო შურისძიების მოტივით განსმჭვალული, რადგან იგი თავისი ინტეპრეტაციით პასუხობდა ბრალდების მხარის შეკითხვებს და არ სცემდა პასუხს დაცვის მხარის შეკითხვებზე. შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ამონაწერით ირკვევა, რომ ი. მ–ს არასულწლოვან მ. რ–სის მობილურ ტელეფონის ნომერზე დაახლოებით 18-ჯერ ჰქონდა დარეკილი. იგი რეკავდა დროის მცირე მონაკვეთებში, რათა მიეღწია მისი ჟინისთვის და არასრულწლოვან მ. რ–სთან თანხის სანაცვლოდ დაემყარებინა სექსუალური კავშირი. სწორედ ეს მოტივი ამოძრავებდა ი. მ–სს და არა მ. რ–სის გაცნობა და ამის საზეიმოდ აღნიშვნა. ი. მ–სმა ე. ფ–საგან იცოდა მ. რ–სის ასაკი, შესაბამისად, მან თვითონ ჩაიდინა დანაშაული - არასაულწლოვნისთვის სექსუალური ხასიათის შეხვედრის შეთავაზება. ვიდეოჩანაწერის დასაწყისში, რომელშიც ასახულია ი. მ–სის ცემის ფაქტი, ი. მ–სი ამბობს „მაპატიეთ მეტს არ ვიზამო“, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ი. მ–სმა არასასულწლოვან მ. რ–სს და ე. ჯ–სს შესთავაზა სექსუალური კავშირი, ასევე უთხრა, რომ ჩაიცვამდა ქალის ტრუსს და გაიკეთებდა ქალის ბიუსჰალტერს, რომელიც მოთავსებული ჰქონდა თანნაქონ ნაჭრის ხელჩანთაში. კასატორი ასევე უთითებს, რომ ვიდეოკადრებში ჩანს ვინ აყენებს სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას ი. მ–სს. ყვრიმალის ძვლის მოტეხილობა არ გამოუწვევია მ. რ–სს, რისი გათვალისწინებითაც ამ ეპიზოდში მის მიმართ წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლზე. ამასთან, მ. რ–სს ვიდეოჩანაწერი არ გაუვრცელებია, მან მხოლოდ იმიტომ გაუგზავნა ძმას და სთხოვა შენახვა, რომ ი. მ–სის ცემის ფაქტზე ჰქონოდა ალიბი, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც კი ძმამ უთხრა, რომ ამის გამო პოლიცია დაიჭერდა მაშინვე წაშლიდა ჩანაწერს - რაც არ გააკეთა. გარდა ამისა, მ. რ–მა აღიარა ი. მ–სის ცემის ფაქტი და განაცხადა, რომ არ მოსწონს ის საქციელი, რაც ი. მ–სის მიმართ ჩაიდინა. აღსანიშნავია ასევე ის, რომ არასულწლოვანი მ. რ–სი თვითგასამართლების წყურვილით სასტიკად სცემეს თანასოფლელებმა, რაზეც ბრალდების მხარემ უნდა მოახდინოს სათანადო რეაგირება. კასატორმა ასევე წარმოადგინა დაზარალებულ ი. მ–სის განცხადება, სადაც მითითებულია, რომ დაზარალებულს მ. რ–სის მიმართ არ აქვს პრეტენზია და თანახმაა მის მიმართ გამოიყენონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შეღავათი.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ვერ ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ მ. რ–სისა და ე. ჯ–სის მიმართ ბრალად წარდგენილი ყველა ქმედების ჩადენას, ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მ. რ–სის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების, მისი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქების შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.

5.3. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ ი. მ–ს ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ მას ტელეფონზე დაუკავშირდა ვიღაც მ–ის სახელით და შესთავაზა გაცნობა. აღნიშნულიდან სამ-ოთხ დღეში მას დაურეკა ორმა პირმა, რომელთაგან ერთს ერქვა ე–მა და სთხოვეს გაცნობა. მას ეგონა, რომ აღნიშნულ პირებს სურდათ მუშად მუშაობა, ამიტომ გადაწყვიტა მათთან შეხვედრა. ისინი დაახლოებით 10-ჯერ მაინც დაეკონტაქტდნენ ერთმანეთს. თვითონაც ურეკავდა მათ და ამხანაგურად საუბრობდნენ ქართულ ენაზე. მან არ იცოდა ამ პირთა წლოვანება და ორივე მათგანი ეგონა საშუალო ასაკის. 2022 წლის 22 ივლისს ან ივნისში ზუსტად არ ახსოვს შეთანხმდნენ შეხვედრაზე და ამ პირებმა დაპატიჟეს თავის ფერმაში. ისინი დათქმულ დროს შეხვდნენ მ–ში და გაიცნეს ერთმანეთი. მას თან ჰქონდა პომიდორი და არაყი, რათა ერთად ეჭამათ საჭმელი. სამივენი შევიდნენ ტყეში, სადაც მას ე–მმა და მ-მა სთხოვეს ფული. მან უთხრა, რომ ფული არ ჰქონდა, რის შემდეგაც მას დაარტყა ე–მმა, რომელმაც ასევე ჯიბეშიც ჩაუყო ხელი და ამოაცალა ფული. მას ერთ ჯიბეში ედო 20 ლარი, მეორეში - 10. მურადმა ამოაცალა 10 ლარიანი. ამის შემდეგ, მას ერთდროულად ურტყამდნენ მ–იც და ე–იც. შემდეგ ერთი ზემოდან დააჯდა და იხსნიდა შარვალს, ახრჩობდნენ წყალში და აიძულებდნენ ეთქვა, რომ იყო „ბოზი, პიდარასტი და ჩათლახი“. ასევე, დაემუქრნენ, რომ თუ ფულს არ მიუტანდა მოკლავდნენ და ვიდეოს გაამჟღავნებდნენ. ე–ი მ–ს ეუბნებოდა, რომ ჩაეწია შარვალი და ,,პირში მიეცა“, რა დროსაც მან თავი დასწია, რადგან ერჩია მომკვდარიყო, ოღონდ ეს არ გაეკეთებინათ. შემდეგ ე–მმა უთხრა „ზედ დაეფსა“. მ–მა და ე–მმა თავიდან მოსთხოვეს 8000 ლარი, შემდეგ 1000 ლარი და ბოლოს - 700 ლარი. პარკში, რომელიც ხელში ეჭირა ედო ტანსაცმელი, მაკრატელი, ყველი, პური, პომიდორი და არაყი. იგი ხელს არ უშვებდა პარკს, რათა მაკრატელი არ ეპოვნათ და მისთვის ყელი არ გამოეჭრათ. ვინაიდან ეშინოდა არ მოეკლათ, ამბობდა, რომ ყველაფერი იყო რასაც ისინი ეუბნებოდნენ. ბოლოს მას წაართვეს ფეხსაცმელი და მისცეს ჩუსტები. იგი მათ გამოექცა და ტანსაცმელი გამოიცვალა შემთხვევის ადგილიდან 200 მეტრში მდებარე ვენახებში, რის შემდეგაც ფეხით მივიდა ბენზინგასამართ სადგურამდე, სადაც გააჩერა ტაქსი და წავიდა სახლში, მაგრამ მომხდარი არ გაამხილა, რადგან ეშინოდა მ. რ–სა და ე. ჯ–ს. იგი შვილმა - ე. მ–მმა დაინახა ამ მდგომარეობაში და ძალით წაიყვანა საავადმყოფოში, სადაც გაუკერეს თვალი, დანარჩენს კი ვერ შეეხნენ და წაიყვანეს თ–ში, სადაც მეორე დღეს გაუკეთეს ოპერაცია. მას დამტვრეული ჰქონდა ნეკნებიც და ფილტვში წყალი ჰქონდა ჩამდგარი. მან მეორე დღეს გაიგო, რომ ე–ს და მ–ს გადაღებული ჰქონდათ ვიდეო. ამ ფაქტის შემდეგ მისი შრომისუნარიანობა შემცირდა და ძველებურად ვეღარ მუშაობს. მისი აზრით სექსუალურად ძალადობის საფუძველი იყო ის, რომ ვიდეოს შიშით მათთვის ფული მიეტანა. მას ორივე ურტყამდა, მაგრამ რომელი რამდენს ურტყამდა არ ახსოვს. მისი მხრიდან მ. რ–სთვის და ე. ჯ–სთვის სექსუალური მომსახურების სანაცვლოდ ფულის შეთავაზებას ადგილი არ ჰქონია.

5.4. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმე ე. მ–მის ჩვენებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ თვე ზუსტად არ ახსოვს, სავარაუდოდ ივნისში, საღამოს, მამამისი - ი. მ–სი სახლში მივიდა დასისხლიანებული და უთხრა რომ ჩხუბი იყო და აშველებდა. იგი უარს აცხადებდა საავადმყოფოში წასვლაზე და ამბობდა თუ წავიდოდა მოკლავდნენ. მან მამა მაინც წაიყვანა საავადმყოფოში, სადაც გაუკერეს ცხვირი, ხოლო შემდგომი მკურნალობის მიზნით გადაიყვანეს თ–ში, სადაც დაუდგინდა, რომ ჰქონდა მოტეხილობები. ი. მ–სმა ექიმს უთხრა, რომ კიბიდან დაგორდა. მან მამის ტელეფონში შეამოწმა ის ნომრები, რომლიდანაც ხშირად იყო დარეკილი, რადგან ი–ა ტელეფონში ნომრებს არ იწერდა. შემდეგ აპლიკაციის მეშვეობით გადაამოწმა ტელეფონის ნომრების ბაზაში და ნახა, რომ აღნიშნულ ნომერზე მითითებული იყო სახელი ე–ი თუ მ–ი, ზუსტად არ ახსოვს. მან აღნიშნული ტელეფონი გადასცა პოლიციას. ი. მ–სის გამოწერის შემდეგ მასთან მივიდა არასრულწლოვანი ბრალდებულის ბებია, ერთი ქალი და მამაკაცი, რომლებმაც უთხრეს, რომ ნებისმიერი რაოდენობის თანხას მისცემდნენ ოღონდ ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ ჰქონოდათ, რის გამოც მან დარეკა 112-ში. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მან ვიდეო ნახა სოციალური ქსელების მეშვეობით.

5.5. ის, რომ დაზარალებულს აღენიშნებოდა დაზიანებები დასტურდება ექსპერტ ა. კ–ს ჩვენებითა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 20 ივლისის №............ დასკვნით, რომლითაც დგინდება, რომ ი. მ–სი 2022 წლის 24 ივნისს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით „...........ი-ს“ სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა 24.06.2022 წლიდან 25.06.2022 წლამდე. დიაგნოზით: მრავლობითი ტრავმები. ყვრიმალისა და ზედა ყბის ძვლების მოტეხილობა. თავის ტვინის შერყევა. ............... მედიცინის ცენტრში მკურნალობდა 2022 წლის 25 ივნისიდან 2022 წლის 28 ივნისამდე დიაგნოზით: ყვრიმალისა და ზედა ყბის ძვლების მოტეხილობა, კონიუნქტივიტი, კონიუნქტუალური სისხლჩაქცევა, თვალბუდის ფსკერის მოტეხილობა, ცხვირის ძვლის მოტეხილობა. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, რასაც თან მოჰყვა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა (21 დღეზე მეტი ხნით).

5.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 7 ოქტომბრის №............. სასამართლო-ფსიქოლოგიური დასკვნით კი დადგინდა, რომ ი. მ–სმა, მის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

5.7. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმე ი–ს მ–ს ჩვენებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ მას ე. რ–ა ბაქოდან გადმოუგზავნა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ ე. ჯ–სი და მ. რ–სი სასტიკად სცემდნენ ქართველ კაცს. მოწმეების - ი. მ–ს, ე. ფ–სა და მ. ა–ს ჩვენებებით კი დადასტურდა, რომ მათ ი–ს ტელეფონში ნახეს ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ ტყიან ადგილზე მოხუცი კაცი იდგა მუხლებზე და სცემდნენ მ. რ–ი და ე. ჯ–ი.

5.8. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმე მ. რ–სის ჩვენებაზე, რომლითაც დგინდება, რომ მ. რ–ი არის მისი ძმა, რომელმაც მას შენახვის მიზნით გადაუგზავნა ვიდეო, რადგან „მერე დასჭირდებოდა“. ვიდეოზე იყო მისთვის უცნობი მოხუცი კაცი, რომელსაც სცემდნენ მ–ი და ე–ი და ჩანდა მისი ძმის სასქესო ორგანოც. მან მ–ს გაუგზავნა ხმოვანი შეტყობინება და ჰკითხა რატომ სცემა ეს კაცი. ამ ამბის შემდეგ გაიგო, რომ მ. რ–სს ურეკავდა ის ქართველი კაცი, რომელმაც შესთავაზა სექსუალური კავშირი. ეს ვიდეო იყო მის ტელეფონში, რომელიც ამოიღო გამომძიებელმა. მ. რ–ს მისთვის არ უთქვამს, რომ ეს ვიდეო სადმე გადაეგზავნა და არც საკუთარი ინიციატივით გაუგზავნია ვინმესთვის.

5.9. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 5 სექტემბრის ექსპერტიზის №......... დასკვნით ირკვევა, რომ სეროლოგიური, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ მოკლესახელოებიან მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, „...ობ. N.....-ის გენეტიკური პროფილი, ობ. N..-ს მაჟორული და ობ. N..-ის მინორული წილი ეკუთვნის ი. მ–სს“, „...მ. რ–სის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მაისური...“ მაისურზე არსებული მოყავისფრო ლაქები შეიცავს ადამიანის სისხლს, ობ. N..-ის ერთი წილი და ობ. N..-ის ერთი წილი ეკუთვნის ი. მ–სს. „...მ. რ–სის სახლის ჩხრეკისას ამოღებული ჯინსის შარვალი...“ ჯინსის შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლის და ეკუთვნის ი. მ–ს.

5.10. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმე ი. კ-ძის ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ სანდო წყაროსგან მიიღო ინფორმაცია ი. მ–სზე ძალადობის შესახებ. როგორც შემდეგ დააზუსტა ეს პირები იყვნენ ე. ჯ–ი და მ. რ–ი. ი. მ–ი მისული იყო ლ–ს საავადმყოფოში, სადაც განაცხადა, რომ დაზიანებები მიიღო სიმაღლიდან გადმოვარდნის გამო. მან მიღებული ინფორმაცია მიაწოდა ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც დაიწყო გამოძიება.

5.11. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2022 წლის 24 აგვისტოს ექსპერტიზის N...დასკვნაზე, რომლითაც დგინდება, რომ „ექსპერტიზაზე წარმოდგენილ სადავო ფონოგრამებში...მოსაუბრე დიქტორი მამაკაცის ხმა და ეტალონურ ფონოგრამაში (ხმის ნიმუში) მოსაუბრე ი. მ–სის ხმა ერთმანეთის იდენტურია... „ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სადავო ფონოგრამებში... მოსაუბრე დიქტორი მამაკაცის ხმა და ეტალონურ ფონოგრამაში (ხმის ნიმუში) მოსაუბრე ე. ჯ–სის ხმა ერთმანეთის იდენტურია...“, „ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სადავო ფონოგრამებში... მოსაუბრე დიქტორი მამაკაცის ხმა და ეტალონურ ფონოგრამაში (ხმის ნიმუში) მოსაუბრე მ. რ–ს ხმა ერთმანეთის იდენტურია...“

5.12. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2022 წლის 31 ოქტომბრის ექსპერტიზის N.............დასკვნით კი დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ N.., N.. და N.. დისკებზე არსებულ ვიდეოგრამებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები. ...ექსპერტიზაზე წარმოდგენილ N.. დისკზე არსებული ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე, N.. დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან ამოღებულ ფოტოსურათზე და N.. დისკზე არსებულ ე. ჯ–სის ფოტოსურათზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება. ...ექსპერტიზაზე წარმოდგენილ N.. დისკზე არსებული ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე, N.. დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან ამოღებულ ფოტოსურათზე და N.. დისკზე არსებულ ი. მ–სის ფოტოსურათზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება. ...ექსპერტიზაზე წარმოდგენილ N.. დისკზე არსებული ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე და N.. დისკზე არსებულ მ. რ–სის ფოტოსურათზე დაფიქსირებულია სავარაუდოდ ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.

5.13. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით 2022 წლის 12 ივლისს ი. მ–სმა მიუთითა ყ–ს რაიონის, სოფელ მ–ში, ფერმიდან 300 მეტრში გზის ჩრდილოეთ მხარეს, ამ ადგილიდან 180 მეტრის მოშორებით მდებარე პატარა მდინარეზე სადაც მას მ. რ–სმა და ე. ჯ–სმა მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანება.

5.14. ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებით ირკვევა, რომ 2022 წლის 18 ივლისს მ. რ–სისგან ამოღებულ ,,Redmi-ს“ ფირმის მობილური ტელეფონის გალერიაში ე.წ. აღდგენილ ფაილში ნანახი იქნა ი. მ–სის ცემისა და ძალადობის ამსახველი ორი ვიდეოფაილი. მ. რ–სისაგან ამოღებულ „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონის აპლიკაცია „ვ–ში“ კი მომხმარებელ ,,MURAD-ის“ მიერ 24.06.2022 წლის 15:18 საათზე მ. რ–სის მობილურ ტელეფონში გადაგზავნილია 9.6 მბ მოცულობის ვიდეო და 17 მბ მოცულობის ვიდეოფაილი, რომლებიც ასახავს ი. მ–სის ცემასა და მასზე ძალადობას. ი–ს მ–გან ამოღებულ „აიფონის“ ფირმის მობილურ ტელეფონში არსებულ აპლიკაცია „ვ–ში“ კი ე–მ რ–ს მიერ 2022 წლის 24 ივნისს გადაგზავნილია ი. მ–სის ცემის ამსახველი ვიდეოები, რომელიც ი–ს მ–მა წაშალა. ტელეფონის გალერიაში ნანახი იქნა ორი ვიდეო ფაილი, რომლებიც ასახავს ი. მ–სის ცემის ფაქტს.

5.15. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ე. ჯ–სის ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ ფერმაში ყოფნისას მას დაურეკა უცხო პირმა, რომელიც თავიდან ეგონა ქალი, შემდეგ დააზუსტა, რომ იყო კაცი. შემდეგ გაახსენდა, რომ ეს კაცი მ–საც ურეკავდა. ამ პირმა შესთავაზა შეხვედრა. ის და მ–ი იყვნენ ფერმაში, რა დროსაც მათთან მივიდა ბ–მი და უთხრა, რომ ვიღაც ეძახდა. გარეთ დახვდათ ის კაცი, რომელიც მათ ურეკავდა. მათ უთხრეს რომ წასულიყო. მოგვიანებით საქონლის წამოსაყვანად წავიდნენ ტყისკენ, სადაც ნახეს რომ ეს კაცი იჯდა ქვაზე და მათ 100 ლარის სანაცვლოდ სქესობრივი კავშირის დამყარება შესთავაზა. მან უთხრა, რომ მოშორებულიყო იმ ადგილიდან, რა დროსაც ამ კაცმა მას ჩაარტყა თანნაქონი ჩანთა. შემდეგ მან და მ–მა ნახეს, რომ იმ კაცს ჩანთაში ეწყო ქალის თეთრეული. მათ ამ კაცისთვის ფული არ წაურთმევიათ. ჩხუბის დროს მარცხენა ჯიბიდან ჩამოუვარდა 110 ლარი და მას მ–მა უთხრა, რომ ფული დაუვარდა. ამის შემდეგ ამ კაცმა აიღო ის ფული და ჩაიდო ჯიბეში. მათ მისთვის 10 ლარი არც გამოურთმევიათ და არც მოუთხოვიათ. გარდა ამისა, მას თავისი ტელეფონით ეს ვიდეო არავისთვის არ გადაუზავნია.

5.16. მ. რ–სმა კი განმარტა, რომ „იმ კაცმა“ პირველად მას დაურეკა და უთხრა, რომ ე. ფ–მა მისცა მისი ნომერი და შესთავაზა შეხვედრა. მან გაუთიშა ტელეფონი, მაგრამ ის კაცი კვლავ ურეკავდა და ყოველ ჯერზე სთხოვდა შეხვედრას და გაცნობას. ამის შესახებ მას არავისთვის უამბია. ის და ე. ჯ–სი იმყოფებოდნენ ფერმაში, როდესაც ბ–მა უთხრა, რომ ვიღაც კაცი ელოდებოდათ. ე–ი წავიდა, თვითონ კი ცოტა მოგვიანებით გავიდა და დაინახა, რომ ე–ი და ის კაცი კამათობდნენ, კითხვაზე რა ხდებოდა მას ე–მმა უთხრა რომ კაცმა სქესობრივი კონტაქტი შესთავაზა, რის გამოც ეჩხუბებოდა. „ამ კაცმა“ არ იცოდა რომელი იყო ე–ი და რომელი მ–ი. მამაკაცს წითელ ჩანთაში ედო თავისი მეუღლის ტანსაცმელი, გახსნა ჩანთა და თქვა, რომ ჩაიცმევდა ამ ტანსაცმელს და იქნებოდა ქალივით. ე–მმა ის გააგდო, მოგვიანებით კი ტყეში წავიდნენ საქონლის სანახავად, რა დროსაც დაინახა რომ ის კაცი იჯდა ქვაზე. ასევე დაახლოებით 20 მეტრის მანძილიდან დაინახა, რომ ის კაცი ხელით უჭერდა ე–ს სასქესო ორგანოზე, რა დროსაც ე–მმა დაარტყა კაცს. მათ შორის ჩხუბი დაახლოებით 3-4 წუთს გაგრძელდა. ე–მმა კაცს გაშლილი ხელი დაარტყა კისერზე, რადგან ზიზღი გაუჩნდა მისი ქმედების გამო და უთხრა, თუ კაცი იყო კაცურად მოქცეულიყო. ამის შემდეგ მოხდა მათ შორის ჩხუბი. ვიდეო გადაუღო იმის გამო რომ შეენახა და სწორედ შენახვის მიზნით გადაუგზავნა ძმას, რადგან დასჭირდებოდა. მას ძმამ უთხრა, რომ ამის გამო დაიჭერდნენ. მას იმ კაცისთვის ფული არ წაურთმევია, მისი ფული რომ სდომებოდა აიღებდა იმ 110 ლარს, რომელიც დაუვარდა. იგი ვიდეოს გამო სცემეს. მანვე განმარტა, რომ რაც გააკეთა, არ მოსწონდა.

5.17. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ. რ–სმა და ე. ჯ–სმა ჩაიდინეს დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, ესე იგი პირის დამცირება და იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით, სხვა შეხედულებების გამო, ჯგუფურად.

5.18. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მ. რ–სის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების გადაკვალიფიცირების შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენებით დადასტურდა, რომ მას ურტყამდა ორივე მსჯავრდებული, თუმცა რომელმა რამდენი დაარტყა არ ახსოვს. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებითა და ვიდეოჩანაწერებით დგინდება, რომ მამაკაცს ურტყამდა როგორც მ. რ–სი, ისე ე. ჯ–სი. აღნიშნული კი ადასტურებს, რომ ისინი მოქმედებდნენ ერთიანი განზრახვით, რის შედეგადაც დაზარალებულს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, რაც დასტურდება ექსპერტიზის დასკვნითაც. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ დაზიანება მხოლოდ ე. ჯ–სის ქმედებით მიიღო დაზარალებულმა მოკლებულია საფუძველს. ამასთან, საფუძველსაა მოკლებული კასატორის პოზიცია მ. რ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან მოწმეთა ჩვენებებითა და მობილური ტელეფონების დათვალიერების ოქმებით უტყუარად დასტურდება, რომ ე. ჯ–მა და მ. რ–სმა ი. მ–სისადმი სექსუალური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მოიპოვეს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, რაც მ. რ–სმა შეინახა და გაავრცელა, მათ შორის გადაუგზავნა ძმას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

5.19. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას მ. რ–სა და ე. ჯ–სის ძარცვისა და გამოძალვის ეპიზოდში დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან დაზარალებულ ი. მ–ს განმარტებით, მას ერთ ჯიბეში ედო 10 ლარი, მეორეში კი - 20. მას ამოაცალეს მხოლოდ 10 ლარი, რაც გამორიცხავს იმას, რომ მ. რ–სი და ე. ჯ–სი მოქმედებდნენ ი. მ–ს ფულადი თანხის მისაკუთრების მიზნით, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ისინი მხოლოდ თანხის მცირე ნაწილს არ დასჯერდებოდნენ. ამასთან, ი. მ–სის განმარტებით, მან მეორე დღეს, საავადმყოფოში გაიგო, რომ მ. რ–სსა და ე. ჯ–ს გადაღებული ჰქონდათ ვიდეო, შესაბამისად, მას მყისიერად ვიდეოს გავრცელების შიში ვერ გაუჩნდებოდა. ამასთან, მ. რ–მა გადაღებული ვიდეომასალა გაავრცელა მაშინვე, რაც გამორიცხავს მ. რ–სა და ე. ჯ–ს მიერ ვიდეოს ფულადი თანხის გამოძალვის მიზნით გადაღებას.

5.20. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება მ. რ–სა და ე. ჯ–სის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც ბრალდების ამ ნაწილში მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულთა სასარგებლოდ. ამასთან, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ე. ჯ–სა და მ. რ–სის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

5.21. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მ. რ–სს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მისთვის განსაზღვრული სასჯელები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების სანქციის ფარგლებშია, შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას) და სრულად უზურნველყოფს სასჯელის მიზნებს, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს მისი შემსუბუქების საფუძველი.

5.22. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.23. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.24. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.25. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ შალვა ნიკვაშვილისა და მსჯავრდებულ მ. რ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ - ქ. ვ–სის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე