გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ ბს-1614-1188(კ-05) 5 აპრილი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 13 დეკემბერს დ. ნ.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ და ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004წ. 11 ნოემბრის ¹01/03-01/523 ბრძანების გაუქმება და თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, იგი ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ...-ის თანამდებობაზე მუშაობდა. 2004წ. 12 ნოემბერს მას ოფიციალურად ჩაჰბარდა ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004წ. 11 ნოემბრის ¹01/03-01/523 ბრძანება, შტატების შემცირების გამო, დაკავებული თანამდებობიდან მისი გათავისუფლების თაობაზე. აღნიშნული ბრძანების საფუძვლად «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 58-ე და 97-ე მუხლები იყო მითითებული, მაშინ, როდესაც მოცემულ შემთხვევაში შტატები არ შემცირებულა და მოსარჩელის გათავისუფლების შემდეგ, მის მიერ ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, დაინიშნა პირი, რომელსაც ეკონომიკური განვითარების სამინისტროში მანამდე არასოდეს უმუშავია.
2005წ. 10 თებერვალს დ. ნ.-მა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და დამატებით იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 28 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. ნ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროში საშტატო განრიგი 2004წ. 1 ოქტომბრამდე 203 ერთეულით განისაზღვრებოდა, ხოლო საქართველოს მთავრობის 2004წ. 10 სექტემბრის ¹77 დადგენილების შესაბამისად, ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004წ. 1 ოქტომბრის ¹1-1/127 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო განრიგით, აღნიშნული სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო რიცხოვნობა 171 ერთეულით განისაზღვრა, ანუ მთლიანად საშტატო რიცხოვნობა 32 ერთეულით შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ საშტატო რიცხოვნობა არ შემცირებულა ამავე სამინისტროს რეორგანიზაციის შემდგომ ... სამსახურში (მანამდე ეს განყოფილებები იყო ცალ-ცალკე), «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 97-ე მუხლი შეეხებოდა არა ერთ რომელიმე კონკრეტულ სტრუქტურულ ერთეულში შტატების შემცირებას, არამედ _ მთლიანად დაწესებულებაში შტატების შემცირებას.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 28 თებერვლის გადაწყვეტილება დ. ნ.-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ნ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 28 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ნ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004წ. 11 ნოემბრის ¹01/03-01/523 ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი. ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ დ. ნ.-ი ეკონომიკური განვითარების სამინისტროში მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე აღადგინა იმ მოტივით, რომ აღნიშნული იგივე ფუნქციებს მოიცავდა, რასაც მისი წინანდელი თანამდებობა. მოსარჩელეს ასევე აუნაზღაურდა იძულებით განაცდური ხელფასი სამსახურში იძულებით არყოფნის პერიოდში მისი სამსახურიდან დათხოვნიდან აღდგენამდე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. ნ.-ისთვის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიგნით არ შეუთავაზებიათ სხვა სამსახური «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის შესაბამისად. მართალია, მოცემულ საქმეში წარმოდგენილი იყო 2004წ. 11 ნოემბრის აქტი სხვა თანამდებობის შეთავაზების შესახებ, მაგრამ მასზე მხოლოდ სხვა პირები აწერდნენ ხელს და დ. ნ.-ის ხელმოწერა არ ჩანდა. ამდენად, სასამართლომ აღნიშნული აქტი მოსარჩელისათვის სხვა თანამდებობის შეთავაზებად არ ჩათვალა და ხსენებული გარემოება სადავო ბრძანების გასაჩივრებულ ნაწილში ბათილად ცნობის საფუძვლად მიიჩნია.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, დ. ნ.-ის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის _ ეკონომიკური განვითარების სამინისტროში მინისტრის აპარატის ...-ის თანამდებობის იდენტურ თანამდებობას ეკონომიკური განვითარების ...-ის თანამდებობა წარმოადგენდა, ვინაიდან «ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ» საქართველოს მთავრობის 2004წ. 10 სექტემბრის ¹77 დადგენილებაში საქართველოს მთავრობის 2004წ. 31 დეკემბრის დადგენილებით შეტანილი ცვლილებების მიხედვით, მინისტრის აპარატში ...-ი ზუსტად იმავე ფუნქციებს ასრულებდა, რასაც გათავისუფლებამდე _ დ. ნ.-ი. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 112-ე მუხლის თანახმად, დ. ნ.-ს უნდა ანაზღაურებოდა იძულებით განაცდური ხელფასი სამსახურში იძულებით არყოფნის პერიოდში მისი სამსახურიდან დათხოვნიდან აღდგენამდე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მოსარჩელისთვის სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ცნობილი იყო, ვინაიდან იგი გაეცნო აღნიშნულის თაობაზე ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004წ. 29 ივნისის ¹01/03-01/371 ბრძანებას და გაცნობის ფაქტი დაადასტურა საკუთარი ხელმოწერით. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობის 2004წ. 10 სექტემბრის ¹77 დადგენილების შესაბამისად, ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004წ. 1 ოქტომბრის ¹1-1/127 ბრძანებით ეკონომიკური განვითარების სამინისტროს აპარატის საშტატო განრიგი დამტკიცდა, რომლის თანახმადაც, სამმართველო, რომლის უფროსიც მოსარჩელე იყო, გაუქმდა და ...-ის განყოფილება შეიქმნა. შესაბამისად, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს არ დაურღვევია «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მიერ ადრე დაკავებული თანამდებობა მინისტრის მრჩევლის თანამდებობის ტოლფასად და მხედველობაში არ მიიღო მინისტრის მრჩევლის თანამდებობისთვის დამახასიათებელი თავისებურებანი, კერძოდ, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, მინისტრის ...-ი თანამდებობაზე მიიღება არა უმეტეს მინისტრის უფლებამოსილების ვადით, ანუ განსაზღვრული ვადით, ხოლო ამავე კანონის 30-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის მიხედვით, მინისტრის ...ი შეიძლება თანამდებობაზე დაინიშნოს უკონკურსოდ, ანუ ...-ის თანამდებობაზე კანდიდატურის შერჩევას ახდენს უშუალოდ მინისტრი და ნიშნავს კონკურსის გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006წ. 9 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006წ. 9 მარტის განჩინებით წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ იქნა დასაშვებად მხოლოდ დ. ნ.-ის სამსახურში აღდგენის ნაწილში, ხოლო ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004წ. 11 ნოემბრის ¹01/03-01/523 ბრძანების ბათილად ცნობისა და მოსარჩელისათვის იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში _ დაუშვებლად იქნა ცნობილი და ამ ნაწილში უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება_დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დ. ნ.-ის სამუშაოზე აღდგენის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ნ.-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და დაევალოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დ. ნ.-ის შრომითი მოწყობის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის და ვინაიდან კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, სასამართლოს მიერ დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:
ეკონომიკური განვითარების სამინისტროში საშტატო განრიგი 2004წ. 1 ოქტომბრამდე 203 ერთეულით განისაზღვრებოდა, ხოლო საქართველოს მთავრობის 2004წ. 10 სექტემბრის ¹77 დადგენილების შესაბამისად, ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004წ. 1 ოქტომბრის ¹1-1/127 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო განრიგით, აღნიშნული სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრა 171 ერთეულით, ანუ მთლიანად საშტატო რიცხოვნობა შემცირდა 32 ერთეულით.
სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით დ. ნ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004წ. 11 ნოემბრის ¹01/03-01/523 ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში, მას აუნაზღაურდა იძულებით განაცდური ხელფასი სამსახურში იძულებით არყოფნის პერიოდში მისი სამსახურიდან დათხოვნიდან აღდგენამდე. ამავე გადაწყვეტილებით დ. ნ.-ი ეკონომიკური განვითარების სამინისტროში მინისტრის ...-ის თანამდებობაზე იქნა აღდგენილი. საქმის მასალებით ასევე დადგენილი, რომ დ. ნ.-ისათვის სამუშაოდან გათავისუფლებისას სხვა თანამდებობა არ შეუთავაზებიათ.
სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ასევე რომ დ. ნ.-ი ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ...-ის თანამდებობაზე მუშაობდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დ. ნ.-ი აღდგენილ იქნა მის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის იდენტურ თანამდებობაზე, კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, სამინისტროს დებულებაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მინისტრის აპარატში ...-ს დაკისრებული ჰქონდა იგივე ფუნქციები, რასაც მოსარჩელე გათავისუფლებამდე ახორციელებდა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება ეკონომიკური განვითარების მინისტრის 01/03-01/523 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და განაცდურის ანაზღაურების ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება დ. ნ.-ის მინისტრის ...-ის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს:
«საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამსახურში განსაზღვრული ვადით მიიღება მინისტრის თანაშემწე და მრჩეველი _ არა უმეტეს მინისტრის უფლებამოსილების ვადით («ვ» ქვეპუნქტი). ამავე კანონის 30-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტიც ადგენს, რომ თანამდებობაზე უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნონ მინისტრის მოადგილეები, თანაშემწეები და მრჩევლები.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მინისტრის ...-ი, ხსენებული კანონის შესაბამისად, ისეთი სახის თანამდებობას წარმოადგენს, რომელზეც კანონმდებელი ჩვეულებრივი «საჯარო მოსამსახურისაგან» განსხვავებულ რეჟიმს აწესებს და ადგენს, რომ ...-ის დანიშვნა (საკუთარი ნებითა და შეხედულებით არჩევა) თავად მინისტრს უკონკურსოდ შეუძლია და მისი თანამდებობაზე ყოფნაც მინისტრის უფლებამოსილების ვადით განისაზღვრება. ამდენად, აღნიშნული მინისტრის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს და მას პირადად ანიჭებს მოადგილის, თანაშემწისა და მრჩევლის არჩევის უფლებამოსილებას. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, აღნიშნულ დისკრეციულ უფლებამოსილებაში შეჭრილიყო და მოსარჩელე სამუშაოზე აღედგინა _ ფაქტობრივად მინისტრისათვის მისი ...ი სავალდებულო წესით დაენიშნა.
საკასაციო სასამართლო, ამასთან, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დ. ნ.-ის სამუშაოდან დათხოვნის დროს ადმინისტრაციის მიერ დაცული არ ყოფილა სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც: «მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე». საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელისათვის სამსახურიდან გათავისუფლებამდე არ შეუთავაზებიათ სხვა თანამდებობა. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. იმ შემთხვევაში, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად (ძველი რედაქციით), რომელიც იმპერატიულ დანაწესს წარმოადგენდა, არ დაიშვებოდა მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება, თუ იგი სხვა თანამდებობაზე დანიშვნაზე თანხმობას განაცხადებდა. ამასთან, ის გარემოება, რომ რეორგანიზაციას თან შტატების შემცირებაც ახლდა, ადმინისტრაციას მოხელისათვის კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სხვა თანამდებობის შეთავაზების ვალდებულებისაგან არ ათავისუფლებდა. ამრიგად, დაწესებულების რეორგანიზაცია, რომელსაც თან შტატების შემცირება სდევდა, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლეოდა, თუ მოხელე სხვა შეთავაზებულ თანამდებობაზე თავად იტყოდა უარს.
საკასაციო სასამართლო, ამასთან, განმარტავს, რომ, მართალია, 2005წ. 23 დეკემბრის კანონით «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილი (სხვა თანამდებობის შეთავაზების ვალდებულება) გაუქმდა, მაგრამ აღნიშნული მოცემულ სამართალურთიერთობაზე ვერ გავრცელდება, ვინაიდან სადავო ურთიერთობები წარმოიშვა ამ კანონის ძალაში შესვლამდე, 2006წ. 1 იანვრამდე. «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუქცევითი ძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ასეთ მითითებას 2005წ. 23 დეკემბრის კანონი არ შეიცავს. ამასთან, არ დაიშვება კანონისთვის უკუქცევითი ძალის მინიჭება, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო ბრძანების კანონიერება ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე უნდა დადგინდეს.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, დ. ნ.-ის სარჩელი სამ მოთხოვნას მოიცავდა: 1. მისი გათავისუფლების თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობას; 2. სამუშაოზე აღდგენას; 3. იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სახეზეა კომბინირებული სარჩელი, რომელიც სამ დამოუკიდებელ მოთხოვნას მოიცავს და აღნიშნულს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-24-ე მუხლებზე აყრდნობს. ნიშანდობლივია, რომ დ. ნ.-ის მოთხოვნები: აქტის ბათილად ცნობისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა და კანონიერ ძალაშია შესული. ამჟამად საკასაციო სასამართლოში მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ დ. ნ.-ის სასარჩელო მოთხოვნა მისი სამუშაოზე აღდგენის თაობაზე. მოცემული საკითხის სირთულე გამომდინარეობს იმ ფაქტობრივი მდგომარეობიდან, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული (წინანდელი თანამდებობა) აღარ არსებობს.
საკასაციო პალატა, ამდენად, მიიჩნევს, რომ დ. ნ.-ის სარჩელი სამუშაოზე აღდგენის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და წინანდელი თანამდებობის არ არსებობის გამო მოსარჩელის შრომითი მოწყობა თვით ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს, რადგან აღნიშნული საკითხი მისი დისკრეციული უფლებამოსილებაა. ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ შესაბამისად უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დ. ნ.-ის შრომითი მოწყობის თაობაზე, გამოარკვიოს, რა საშტატო ერთეულებია გათვალისწინებული აღნიშნული სამინისტროს სისტემაში რეორგანიზაციის შედეგად და ხომ არ არის სხვა სამსახური, რომელზეც თანხმობას განაცხადებს მოსარჩელე, მით უმეტეს, რომ დ. ნ.-ის ადვოკატის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა საქართველოს მთავრობის 2006წ. 9 თებერვლის ¹30 დადგენილება «ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ» საქართველოს მთავრობის 2004წ. 10 სექტემბრის ¹77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, რომლითაც სამინისტროს სტრუქტურა ახლებურად ჩამოყალიბდა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დ. ნ.-ის სამუშაოზე აღდგენის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ნ.-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალოს, უზენაესი სასამართლოს მოცემული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დ. ნ.-ის შრომითი მოწყობის თაობაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება დ. ნ.-ის მინისტრის ...-ის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. დ. ნ.-ის სარჩელი სამუშაოზე აღდგენის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მოცემული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დ. ნ.-ის შრომითი მოწყობის თაობაზე;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.