საქმე N 330100123007405957
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1219აპ-23 30 იანვარი, 2024 წელი
ს–ი ვ. №1219აპ-23 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ ემზარ ფუხაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ვ. ს–ი (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი, მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), რაც გამოიხატა შემდეგით:
ვ. ს–ი 2008 წლის 21 ივლისის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N.. საპყრობილის დირექტორის №........... ბრძანებით დაინიშნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №.. საპყრობილის რეჟიმის განყოფილების კონტროლიორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე. 2015 წლის 31 აგვისტოს, სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის თავმჯდომარის №..... .......... ბრძანებით ვ. ს–სი დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის №. პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორის თანამდებობაზე. სპეციალური პენიტენციური სამსახურის №. პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2022 წლის 1 აგვისტოს №.... ბრძანების თანახმად, ვ. ს–ს სამსახურებრივი მოვალეობა უნდა განეხორციელებინა №.. პენიტენციური დაწესებულების ....... სარეჟიმო კორპუსის მე.. სართულზე არსებულ .. ფლიგელზე. ვ. ს–ს, როგორც სამორიგეო ცვლის წევრს საქართველოს სასჯელარსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 აგვისტოს №.. ბრძანებით დამტკიცებული პენიტენციური დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზების ინსტრუქციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ევალებოდა სამართლებრივ რეჟიმთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულება, დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა დაცვა, ქცევაზე კონტროლი და ზედამხედველობა. ამავე ინსტრუქციის 35-ე, 36-ე და 47-ე მუხლების თანახმად, თავიდან უნდა აეცილებინა საკნიდან ბრალდებულ/მსჯავრდებულთა დაუგეგმავი გამოსვლა, აღეკვეთა მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, მსჯავრდებულებისათვის სხვა მოსამსახურეების თანდასწრებით გაეღო საკნის კარი, არ დაეშვა სხვადასხვა საკანში განთავსებული ბრალდებულ/მსჯავრდებულთა ერთმანეთთან კონტაქტი. მიუხედავად მკაფიოდ განსაზღვრული სამსახურებრივი მოვალეობისა, სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, 2022 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 12:33 წუთზე ქ. თ–ში, ............ს ქ. N..-ში მდებარე №.. პენიტენციური დაწესებულების .......... სარეჟიმო კორპუსის .. ფლიგელში, „პენიტენციური დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზების ინსტრუქციის“ 35-ე მუხლის ბ“ ქვეპუნქტისა და 47-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევით ვ. ს–მა თ. კ–სას მარტომ გაუღო №.. საკნის კარი და იმავე ფლიგელის სამორიგეო ოთახში ტელეფონზე დასარეკად გაუშვა ისე, რომ არ გაუცილებია. დაახლოებით 12:35 საათზე იმავე დაწესებულების პ.. სარეჟიმო კორპუსის ... ფლიგელზე არსებულ № ..-ე საკანში მოთავსებულმა მსჯავრდებულმა ნ. ქ–მ ვ. ს–სს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადაყრის მოტივით მოსთხოვა საკნიდან გამოსვლა. „პენიტენციური დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზების ინსტრუქციის“ 35-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და 47-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევით ვ. ს–სმა ნ. ქ–ს მარტომ გაუღო საკნის კარი. საკნის კარის გაღების შემდეგ ვ. ს–სმა ვერ უზრუნველყო „პენიტენციური დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზების ინსტრუქციის“ 36-ე მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების მოთხოვნები, რომელთა თანახმად მას ევალებოდა თავიდან აეცილებინა მსჯავრდებულ ნ. ქ–ს დაუგეგმავი გამოსვლა და აღეკვეთა მისი კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, არ დაეშვა ნ. ქ–სა და თ. კ–ს ერთმანეთთან კონტაქტი, რომლებიც განთავსებული იყვნენ სხვადასხვა საკნებში. ნ. ქ–ე გამოვიდა საკნიდან, შევიდა .. სარეჟიმო კორპუსის სამორიგეო ოთახში, სადაც გაურკვეველი საგნის გამოყენებით თ. კ–ს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლით, კერძოდ, სკალპის ღია ჭრილობის, ლოყისა და საფეთქლის ქვედა ყბის არის ღია ჭრილობის, მუცლის კედლის ღია ჭრილობის, მხარის ღია ჭრილობის, წინამხრის მრავლობითი ჭრილობების და თითის ღია ჭრილობების სახით. მიუხედავად იმისა, რომ ვ. ს–სი შეესწრო ნ. ქ–მის მიერ თ. კ–სთვის დაზიანებების მიყენების ფაქტს. მან №.. პენიტენციური დაწესებულების დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუქნტის შესაბამისად, არ უზრუნველყო მსჯავრდებულის დაუყოვნებლივი შემოწმება, დაზიანებების მიმყენებელი საგნის ჩამორთმევის მიზნით.
ვ. ს–ს მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულების გამო სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანმა შესრულებამ ფიზიკური პირის – მსჯავრდებულ თ. კ–ს უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 ივლისის განაჩენით, ვ. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორმა ემზარ ფუხაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ვ. ს–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2023 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორმა ემზარ ფუხაშვილმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა ვ. ს–სის მიერ ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და მას განუსაზღვრა მსუბუქი სასჯელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი უნდა შეესაბამებოდეს მსჯავრდებულის პიროვნებას და დანაშაულის სიმძიმეს. შესაბამისად, მითითებული მიზნის უზრუნველსაყოფად მსჯავრდებულის მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული უფრო მკაცრი სასჯელი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავო გახადა მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვ. ს–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, ვ. ს–სთვის განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სასჯელის განსაზღვრის წესი სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მოთხოვნებს, ისე - საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
5.5. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტს სასჯელის გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ ვ. ს–ს ბრალი ედება განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის და აღიარებს დანაშაულს. ამასთან, იგი არ არის ნასამართლევი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ არსებობდა ვ. ს–სის მიმართ დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლის საფუძველი. ამასთან, სასამართლოებმა მსჯავრდებულს განუსაზღვრეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით, ჩაეთვალა პირობით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირობითი მსჯავრი წარმოადგენს სასჯელის მოხდის ფორმას, რომელსაც თან სდევს გამოსაცდელი ვადა და რომლის განმავლობაშიც, მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მას ნამდვილად გააჩნია მსჯავრდებულზე ინდივიდუალური ზემოქმედებისა და კერძო პრევენციის ეფექტი, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში განმეორებითი განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დანიშვნის საფუძველს. ამდენად, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით, პირობითი მსჯავრის არაეფექტიანობის შესახებ არგუმენტი საფუძველსმოკლებულია.
5.6. რაც შეეხება ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ზოგადი პრევენციის მიზნის უგულებელყოფა არ შეიძლება, მეტიც, მას ნამდვილად აქვს საზოგადოებაში მაგალითის დატვირთვა და პოზიტიური როლი კრიმინალური ქმედების შემცირებისა და საზოგადოების მშვიდი, ჰარმონიული განვითარებისთვის. თუმცა სახელმწიფოს იძულების ღონისძიების გამოყენებისას უნდა ჰქონდეს ზოგადი პრევენციის ზემოაღნიშნული პოზიტიური შედეგების გამოწვევის პასიური მოლოდინი, სახელმწიფომ არ შეიძლება პირი დასაჯოს მხოლოდ იმის გამო, რომ სხვამ არ ჩაიდინოს იგივე ქმედება. არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ და მხოლოდ სხვა პირების „დაშინება“, გაფრთხილება და ამ გზით სხვების მიერ იმავე დანაშულის ჩადენის რისკების მინიმალიზება. მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
5.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
5.8. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.
5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ ემზარ ფუხაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე