Facebook Twitter

საქმე N 330100123006843024

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1220აპ-23 26 იანვარი, 2024 წელი

ფ–ი კ., №1220აპ-23 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. კ. ფ–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი); საქართველოს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორსული ქალის მიმართ); საქართველოს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ, ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

2022 წლის დეკემბრის თვეში, საღამოს საათებში, თ–ში, ვ–ს დასახლება, კორპუსი №.., ბინა №..-ში კ. ფ–მა მეუღლეს ს. ს–სს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა მარჯვენა ხელი და თავის არეში დაარტყა მარჯვენა ხელის მუშტი, რის შედეგადაც ს. ს–სმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2022 წლის 25 დეკემბერს, საღამოს საათებში, თ–ში, ვ–ს დასახლება, კორპუსი №.., ბინა №..-ში კ. ფ–იმა ორსულად მყოფ მეუღლეს ს. ს–ს მარცხენა იდაყვის არეში ერთხელ დაარტყა ფეხი, ასევე ერთხელ დაარტყა ხელი ზურგის არეში, რის შედეგადაც ს. ს–სმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2022 წლის 25 დეკემბერს, საღამოს საათებში, თ–ში, ვ–ს დასახლება, კორპუსი №.., ბინა №..-ში კ. ფ–ი ორსულად მყოფ მეუღლეს ს. ს–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც ს. ს–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2022 წლის 25 დეკემბერს, საღამოს საათებში, თ–ში, ვ–ს დასახლება, კორპუსი №.., ბინა №..-ში კ. ფ–ს მიერ მეუღლის ს. ს–ს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, რის შედეგადაც ს. ს–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, თუმცა უტყუარად ვერ დადგინდა აღნიშნული ძალადობრივი ქმედების ჩადენის ფაქტი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 მაისის განაჩენით, კ. ფ–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის დეკემბრის თვის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებით; კ. ფ–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებით; კ. ფ–იის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

კ. ფ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 25 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 6 თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელი - ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, კ. ფ–ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 6 თვის ვადით.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ქომოშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, კ. ფ–ის წარდგენილი ბრალდებებით სრულად დამნაშავედ ცნობა და მსჯავრდებულ კ. ფ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ც–მ, რომელმაც წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა კ. ფ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის და მსჯავრდებულ კ. ფ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ც–ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 მაისის განაჩენი კ. ფ–იის მიმართ, დარჩა უცვლელი.

3.2. 2023 წლის 6 ნოემბერს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ქომოშვილმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და კ. ფ–იის წარდგენილი ბრალდებებით სრულად დამნაშავედ ცნობა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან დაზარალებულმა ს. ს–სმა, სასამართლოში ჩვენების მიცემისას, დეტალურად აღწერა მის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის და მუქარის ფაქტები, რაც ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი, უდავოდ ცნობილი სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების – მ. ა–ს და მ. ქ–ს გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერით და მისი ოქმით, ს. ს–სის განცხადებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. კასატორის პოზიციით, გათვალისწინებული უნდა იქნეს ის ფაქტი, რომ ოჯახურ ძალადობებს, ხშირ შემთხვევაში, ფაქტის შემსწრე მოწმეები არ ჰყავს, ან დაზარალებულები შემდგომში სასამართლოში არ იძლევიან ჩვენებას. შესაბამისად, მსგავსი კატეგორიის საქმეები მტკიცებულებათა სიმრავლით არ გამოირჩევა და სასამართლოს მიერ თითოეულ მტკიცებულებას სწორი სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისთვის, რათა მომავალში პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა სწორი სამართლებრივი შეფასება მისცენ მტკიცებულებებს ოჯახში ძალადობის საქმეებზე.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას კ. ფ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გამართლების და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ.

5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება კ. ფ–ს მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტი და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ ეპიზოდებთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ ბრალდების მხარეს დაზარალებულ ს. ს–ს ჩვენების გარდა არ წარმოუდგენია სხვა პირდაპირი მტკიცებულება. ამასთან, საქმეში არსებული ირიბი მტკიცებულებაც (მოწმე – მ. ა–ს გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული ინფორმაცია) მომდინარეობს თავად დაზარალებულისგან. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ შესაბამისად, სხვა პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, ზემოხსენებული მტკიცებულებები ვერ გახდება ბრალდების ამ ნაწილებით, კ. ფ–ს მსჯავრდების საფუძველი.

5.4. რაც შეეხება კ. ფ–ს 2022 წლის 25 დეკემბრის ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქმის მასალებით უტყუარად არ დგინდება, რომ 2022 წლის 25 დეკემბერს, ფიზიკური ძალადობის ჩადენის დროს, კ. ფ–მა იცოდა ს. ს–ს ორსულობის შესახებ. დაზარალებულის განმარტებით, 2022 წლის 25 დეკემბრამდე ერთი კვირით ადრე, ტესტირების შედეგად გაიგო, რომ იყო ფეხმძიმედ, რის შესახებაც შეატყობინა კ. ფ–ის მოკლე ტექსტური შეტყობინებით. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა 2022 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით დაზარალებულის ორსულად ყოფნის ფაქტს და აღნიშნული შესახებ კ. ფ–ს ინფორმირებულობას. დაზარალებულისგან ამოღებული სამეანო ულტრაბგერითი კვლევის შესახებ ცნობა, რომელიც თარიღდება 2022 წლის 28 დეკემბრით, ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, ვინაიდან ვერ დგინდება მისი წარმომავლობა და ავთენტიკურობა. შესაბამისად, იმ პირობებში როდესაც ერთის მხრივ დაზარლებული განმარტავს კ. ფ–ს ინფორმირებულობას მისი ორსულობის თაობაზე, ხოლო მეორეს მხრივ მსჯავრდებული უარყოფს ამ ფაქტს, სადავოდ გამხდარ გარემოებასთან დაკავშირებით, კი წარმოდგენილი არ ყოფილა სხვა მტკიცებულება, ბრალდების ამ ნაწილში წარმოქმნილი ეჭვი სამართლიანად იქნა გადაწყვეტილი მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

5.5. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.

5.6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.8. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე