Facebook Twitter

საქმე N 080100122005789913

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1114აპ-23 15 იანვარი, 2024 წელი

ყ–ე ს., №1114აპ-23 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განაჩენზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გურჯან ტაბეშაძის და მსჯავრდებულ ს. ყ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. გ–სის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ს. ყ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ადევნება, ესე იგი პირადად არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის), გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2022 წლის 21 იანვრიდან 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით, ს. ყ–ე სისტემატურად, მობილური ტელეფონის საშუალებით არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა ტ. კ–სთან. კერძოდ, სისტემატურად უკავშირდებოდა მობილურ ტელეფონზე და სთხოვდა შეხვედრას. ასევე იგი კომუნიკაციას ამყარებდა ტ. კ–სის ნაცნობებთან, მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით. აღნიშნული ქმედებით ტ. კ–სე განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას და იძულებული იყო არ ეპასუხა ტელეფონზე.

1.3. 2022 წლის 31 მარტს, დაახლოებით, 15:30 საათზე, ქ–ში, ..........ის ქუჩაზე, N..-ში მდებარე მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში, ს. ყ–მ, იმის გამო, რომ ტ. კ–ს არ სურდა მასთან ურთიერთობა და შეხვედრა, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დანის გამოყენებით, გულმკერდის უკანა ზედაპირზე, მარცხნივ, ზედა მესამედში, დაზიანება მიაყენა ტ. კ–ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ს. ყ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

2.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ყ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (დანაშაულის ჩადენისას მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.3. 2022 წლის 31 მარტს, დაახლოებით, 15:30 საათზე, ქ–ში, ...........ის ქუჩაზე, N..-ში მდებარე მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში, ს. ყ–მ, იმის გამო, რომ ტ. კ–ს არ სურდა მასთან ურთიერთობა და შეხვედრა, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დანის გამოყენებით, გულმკერდის უკანა ზედაპირზე, მარცხნივ, ზედა მესამედში, დაზიანება მიაყენა ტ. კ–ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

2.4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 ნოემბრის განაჩენით, ს. ყ–სე საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით გამართლდა.

ს. ყ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (დანაშაულის ჩადენისას მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განაჩენით დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გურჯან ტაბეშაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

ს. ყ–ე საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

ს. ყ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (დანაშაულის ჩადენისას მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი 2023 წლის 21 ივნისს საკასაციო წესით გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გურჯან ტაბეშაძემ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის შეცვლა და ს. ყ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე ს. ყ–სათვის საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

3.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი 2023 წლის 23 ივნისს საკასაციო წესით, ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. ყ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. გ–მ და ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის შეცვლა, კერძოდ, ს. ყ–სათვის საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დანიშნული სასჯელის შემცირება.

4. კასატორების არგუმენტები:

4.1. პროკურორის პოზიციით, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი და ს. ყ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი იმ მოცულობით, რაც აღწერილია პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში. კასატორს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა ს. ყ–ს მამხილებელი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება. პროკურორი მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების – მ. კ–ს, თ. კ–ს, ტ. ც–ს და ვ. კ–ს გამოკითხვის ოქმებით, ასევე ტ. კ–სა და ს. ყ–ს მობილური ტელეფონებიდან გამოთხოვილი ინფორმაციითა და ს. ყ–ს მობილური ტელეფონის ნომრის შემავალი და გამავალი ზარებით უტყუარად იქნა დადასტურებული, რომ 2022 წლის 21 იანვრიდან 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით, ს. ყ–ე სისტემატურად, მობილური ტელეფონის საშუალებით არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა ტ. კ–სთან. კერძოდ, სისტემატურად უკავშირდებოდა მობილურ ტელეფონზე და სთხოვდა შეხვედრას. ასევე ტ. კ–ს ნაცნობებთან, თეა კ–სთან და ტ. ც–თან ამყარებდა კომუნიკაციას, მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, რაც ტ. კ–ს აყენებდა ტანჯვას და იძულებულს ხდიდა, არ ეპასუხა ტელეფონისთვის. საქმეში მოპოვებული ს. ყ–ს მობილური ტელეფნის ნომრის შემავალი და გამავალი ზარებით დგინდება, რომ ს. ყ–ს თავისი ბილაინის ნომრიდან გარდაცვლილის ბილაინისა და მაგთის ნომრებზე, საერთო ჯამში დარეკილი აქვს 66-ჯერ, საიდანაც 30 ზარი არის უპასუხო. ს. ყ–ს მაგთის ნომრიდან – 5....... გარდაცვლილის მაგთის ნომერზე დარეკილი აქვს 21-ჯერ, ამასთან გაგზავნილი აქვს 87 შეტყობინება. ვ. კ–სე გამოკითხვის ოქმში, განმარტავს, რომ ტ. კ–სე მას მოუყვა, როგორ აწუხებდა მისი გარდაცვლილი მეუღლის მეზობელი, ვინმე ს-ე, რასაც მისი შვილი - ტ. კ–სე განიცდიდა. ამდენად, პროკურორის პოზიციით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, როდესაც განმარტა, რომ სახეზე არ იყო ადევნების შემადგენლობის სავალდებულო ნიშნები, კერძოდ: ს. ყ–სის მხრიდან გამოყენებული არ იყო კომუნიკაციის ამორალური ანდა მართლსაწინააღმდეგო ხერხი და ასევე სახეზე არ იყო ტ. კ–სის ფსიქიკური ტანჯვა. კასატორის პოზიციით, ფაქტი, რომ ს. ყ–სის მხრიდან განხორციელებული კომუნიკაცია იყო არასასურველი, დადასტურებულია იმით, რომ გარდაცვლილი არ პასუხობდა მის ზარებს; რაც შეეხება ტანჯვის ნაწილს, იგი უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად, მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ ტ. კ–სე ს. ყ–სის ქმედებებით იყო შეწუხებული, ხოლო ცხოვრების წესის შეცვლა გამოიხატა იმ ქმედებით, რომ ტ. კ–სე არ პასუხობდა ტელეფონს. ამასთან, კასატორის პოზიციით, ს. ყ–სის მიმართ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გამოყენებული სასჯელის ზომა არ შეესაბამება მის მიერ განხორციელებული ქმედების ხასიათს, არის ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს.

4.2. კასატორის, მსჯავრდებულ ს. ყ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის - კ. გ–სის მიერ წარმოდგენილი საჩივრის თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს. სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთებაში საუბარია ს. ყ–სის პიროვნებაზე, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეზე და ხასიათზე. მითითება არის ზოგადი, რაიმე კონკრეტულ გარემოებაზე ყურადღება სააპელაციო სასამართლოს არ გაუმახვილებია, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის შეცვლა საუარესოდ არის უკანონო. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ს. ყ–სეს შეუფარდა სამართლიანი და ადეკვატური სასჯელი, რაც სავსებით აკმაყოფილებდა სასჯელის მიზნებს. კასატორის პოზიციით, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ ს. ყ–მ აღიარა ჩადენილი დანაშაული, უდავოდ მიიჩნია საქმეში არსებული მტკიცებულებები, თავადვე შეუწყო ხელი გამოძიებას, მიუთითა დანაშაულის იარაღზე, უარი თქვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე, ამასთან არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული და, შესაბამისად, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა საკმარისი იქნება სასჯელის მიზნების მისაღწევად.

5. საკასაციო საჩივრის დასაშვებობა:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ს. ყ–სის საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით გამართლების შესახებ, ასევე ს. ყ–ს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მსჯავრდების თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და ობიექტურად გაანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები და კანონის მოთხოვნათა დაცვით, მსჯავრდებულის ქმედებას სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა.

5.3. საკასაციო სასამართლო, არ იზიარებს პროკურორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ ს. ყ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

5.4. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეებს შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ს. ყ–სე ტ. კ–სთან ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას, აღნიშნული დადასტურებულია საქმეზე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით: მოწმეების – მ. კ–სის, თ. კ–სის, ტ. ც–სის და ვ. კ–სის გამოკითხვის ოქმებით, ასევე ტ. კ–სისა და ს. ყ–სის მობილური ტელეფონებიდან გამოთხოვილი ინფორმაციითა და ს. ყ–სის მობილური ტელეფონის ნომრის შემავალი და გამავალი ზარებით.

5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია: ა) პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან ბ) არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან გ) ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს: პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს აიძულებს მნიშვნელოვნად შეიცვალოს ცხოვრების წესი ან უქმნის ასეთი ცვლილების რეალურ საჭიროებას.

5.6. უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად იქნა დადასტურებული ს. ყ–სის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ს. ყ–სის მიერ, განხორციელებული ქმედებების შედეგად ტ. კ–სის მიერ განცდილ ტანჯვას, ანდა იმ გარემოებას, რომ იგი იძულებული გახდა შეეცვალა ცხოვრების წესი.

5.7. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის პოზიციას, რომ ტ. კ–სის მიერ განცდილი ტანჯვა დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით, ხოლო მისი მხრიდან ცხოვრების წესის შეცვლა გამოიხატა იმით, რომ ტ. კ–სე არ პასუხობდა ს. ყ–სის სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს.

5.8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალებით, მათ შორის კასატორის მიერ მითითებული მოწმეების – მ. კ–სის, თ. კ–სის, ტ. ც–სის და ვ. კ–სის გამოკითხვის ოქმებით დადასტურებულია, რომ დაზარალებული ტ. კ–სე განიცდიდა დისკომფორტს, რასაც უზიარებდა ახლობლებს, თუმცა აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების შინაარსით იმის მტკიცება, რომ ტ. კ–სე განიცდიდა ტანჯვას, შეუძლებელია. არცერთი მოწმე არ უთითებს, რომ ს. ყ–სის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო ტ. კ–სე იყო სტრესულ მდგომარეობაში. ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისათვის კი, აუცილებელია ფსიქიკური ტანჯვის, ცხოვრების წესის არსებითად შეცვლის ან ასეთი შეცვლის საჭიროების რეალურად არსებობის ფაქტის დადასტურება, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა.

5.9. რაც შეეხება ცხოვრების წესის შეცვლას, იგი საკმაოდ ფართო ცნებაა. ცხოვრების წესი სოციალური კატეგორია, რომელიც პირის საქმიანობის ერთობლიობას მოიცავს და ცხოვრების განმსაზღვრელ პირობებთან ერთად განიხილება. ამ დანაშაულის მიზნებისთვის ცხოვრების წესი თავისი შინაარსით მოიცავს ცხოვრების სტილს, რაშიც მოიაზრება პირთა ყოველდღიური ქცევა, საქციელის მოტივები და ფორმები. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე დაზარალებულის მხრიდან მსჯავრდებულის სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების უპასუხოდ დატოვება ვერ შეფასდება ცხოვრების წესის შეცვლად ან/და მისი რეალურად შეცვლის საჭიროებად.

5.10. საკასაციო სასამართლო ყურადღების მიღმა ვერ დატოვებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ დაზარალებული ტ. კ–სე არის გარდაცვლილი, შესაბამისად, საქმის მასალებში არ მოიპოვება მისი გამოკითხვის ოქმი და სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა იმის თაობაზე, განიცდიდა თუ არა ტანჯვას ტ. კ–სე ს. ყ–სის მიერ არასასურველი კომუნიკაციისას, ხოლო მოწმეების – მ. კ–სის, თ. კ–სის, ტ. ც–სის და ვ. კ–სის გამოკითხვის ოქმების შინაარსით აღნიშნული გარემოების დადგენა შეუძლებელია.

5.11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.12. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.13. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მართალია, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ს. ყ–სის მიერ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, თუმცა არ იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებას იმის თაობაზე, რომ კომუნიკაცია არასასურველად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ მაშინ, როცა მისი შინაარსი საზოგადოდ უარყოფითი ემოციის შემცველია (ლანძღვა, გინება, დაშინება, მუქარა, შანტაჟი) და, შესაბამისად, თუკი სისტემატური კომუნიკაცია არ ატარებს ასეთ ხასიათს, იგი ვერ მოგვცემს ამ დანაშაულის შემადგენლობას.

5.14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადევნება, გულისხმობს განზრახ არასასურველ სხვადასხვა ქცევას, მათ შორის, კომუნიკაციასაც. ყველა ამ ქცევის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლს ეზღუდება თავისუფლება და უწევს გამუდმებულ შიშში ყოფნა, რაც ხშირ შემთხვევაში აიძულებს ან/და უბიძგებს ცხოვრების წესის შეცვლისკენ. მსხვერპლში ამ ემოციების გამოწვევისთვის და ქმედების ადევნებად კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს არასასურველი კომუნუკაციის შინაარსი საზოგადოდ უარყოფითი ემოციის შემცველია თუ არა. არასურველი პირისგან ერთი შეხედვით სისტემატურმა უწყინარმა კომუნიკაციამ შესაძლოა გამოიწვიოს პირის ფსიქიკური ტანჯვა. ამდენად, არასასურველი კომუნიკაცია ყველა შემთხვევაში უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად, საქმის გარემოებებიდან გამომნდინარე, და ცალსახად იმის თქმა, რომ კომუნიკაცია არასასურველად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ მაშინ, როცა მისი შინაარსი საზოგადოდ უარყოფითი ემოციის შემცველია, იმთავითვე არასწორია.

5.15. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის პოზიციას ს. ყ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით, ასევე მსჯავრდებულ ს. ყ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის – კ. გ–სის პოზიციას ს. ყ–სის მიმართ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება და ცვლილება შეიტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დანიშნულ სასჯელში.

5.16. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ს. ყ–სეს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს.

5.18. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.19. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.20. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.21. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გურჯან ტაბეშაძისა და მსჯავრდებულ ს. ყ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. გ–ს საკასაციო საჩივრები.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე