საქმე N 110100122006116544
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1198აპ-23 23 იანვარი, 2024 წელი
შ–ე ვ., №1198აპ-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. შ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ს. ქ–სა და რ. ჭ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ვ. შ–ე (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის განაჩენით ვ. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა - 1 წელი.
ოჯახში ძალადობისათვის პირობით მსჯავრდებულმა ვ. შ–მ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, იძალადა მეუღლეზე - ლ. ბ–სზე. კერძოდ, 2022 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, უმიზეზოდ განაწყენებულმა ვ. შ–სემ ხელი სამჯერ დაარტყა ლ. ბ–ს კეფის არეში, ხოლო მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი გამოიქცა სახლიდან, დაიჭირა ეზოში, თმით დაითრია და ხელი დაარტყა ჯერ ბეჭის არეში, შემდეგ კი სამჯერ დაარტყა თავში. ასევე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სტერეოტიპების გავლენით - ოჯახში თავისი უპირატესი მდგომარეობის დემონსტრირების, მეუღლეზე გავლენისა და მისი შიშის ქვეშ მოქცევის მიზნით, ვ. შ–სე ძალადობს მეუღლეზე, კერძოდ, ლ. ბსს არ შეუძლია მობილური ტელეფონით სარგებლობა, რომელიც უხმო რეჟიმით აქვს შენახული სახლში, რადგან თუ მეუღლემ ტელეფონით დაინახა, ეჭვიანობს და ეჩხუბება.
ოჯახში ძალადობისათვის პირობით მსჯავრდებულმა ვ. შ–მ იძალადა მეუღლის მამაზე - კ. ბ–ზე. კერძოდ, 2022 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 02:00 საათზე, ას მუნიციპალიტეტის სოფელ ნ–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, უმიზეზოდ განაწყენებულმა ვ. შ–მ, მარცხენა მტევნის მეორე თითზე უკბინა კ. ბ–ს, ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი (17 წლის) შვილის - ნ. ბ–ს თანდასწრებით. ვ. შ–ს ძალადობრივი ქმედების შედეგად კ. ბ–სმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ვ. შ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენას. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, როომ ვ. შ–მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
ოჯახში ძალადობისათვის პირობით მსჯავრდებულმა ვ. შ–მ ეჭვიანობისა და საყოფაცხოვრებო საკითხებზე შეუთანხმებლობის ნიადაგზე იძალადა მეუღლეზე - ლ. ბ–სზე. კერძოდ, 2022 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ვ. შ–მ ლ. ბ–ს ხელი სამჯერ დაარტყა კისრის არეში, ხოლო მას შემდეგ რაც ეს უკანასკნელი გამოიქცა სახლიდან, დაიჭირა ეზოში, თმით დაითრია და ხელი რამდენჯერმე დაარტყა მხრის, ბეჭისა და თავის არეში.
ოჯახში ძალადობისათვის პირობით მსჯავრდებულმა ვ. შ–მ იძალადა მეუღლის მამაზე - კ. ბ–სზე. კერძოდ, 2022 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 02:00 საათზე, ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ვ. შ–მ მარცხენა მტევნის მეორე თითზე უკბინა კ. ბ–ს, ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი (17 წლის) შვილის - ნ. ბ–ს თანდასწრებით. ვ. შ–ს ძალადობრივი ქმედებით კ. ბ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის განაჩენით, ვ. შ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ვ. შ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ცაგერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 11 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ვ. შ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ვ. შ–მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ს. ქ–მ და რ. ჭ–მა, რომლებმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება, ვ. შ–ს წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის განაჩენით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2023 წლის 19 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ვ. შ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ს. ქ–მ და რ. ჭ–მა, რომლებმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად ვ. შ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3.3. 2023 წლის 27 ოქტომბერს ამბროლაურის რაიონულმა პროკურორმა ზურაბ ლორიამ საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორთა არგუმენტები:
4.1. კასატორთა პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი ვ. შ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის ნაწილში არის უკანონო, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ ვ. შ–ს ბრალეულობას. ვ. შ–ს მიერ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ წარმოადგინა მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულ ლ. ბ–ს ჩვენება, რომელიც ეწინააღმდეგება მის მიერ გამოკითხვისას მიწოდებულ ინფორმაციას, სადაც იგი განსხვავებულად აღწერს მასზე ძალადობისა და დაზიანებების მიღების ფაქტს. ამასთან, გამოკითხვის ოქმში მითითებულია, რომ მას მეუღლემ სამჯერ დაარტყა თავის არეში, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. სასამართლო სხდომაზე კი განაცხადა, რომ მას ზურგზეც ჰქონდა დაზიანებები მიყენებული, თუმცა ექსპერტიზის დასკვნაში არაფერია ნათქვამი თავის ან კეფის არეში და ზურგზე არსებული დაზიანებების შესახებ. კასატორი ასევე უთითებს, რომ სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელზეც ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ არის ვითარების აღდგენის ოქმი, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ვითარების აღდგენას, როგორც საგამოძიებო მოქმედებას არ იცნობს. ამასთან, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას გამოძიებას უნდა ეხელმძღვანელა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ზოგადი წესით და კერძო საკუთრებაში საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად უნდა ჰქონოდა სასამართლოს განჩინება ან მფლობელის/მესაკუთრის წერილობითი თანხმობა. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა ლ. ბ–სმა განმარტა, რომ მან ხელი მოაწერა ვითარების აღდგენის ოქმს და მიუთითა, რომ თანახმა იყო მის საკუთრებაში ჩატარებულიყო საგამოძიებო მოქმედება, რაც არის სიცრუე, რადგან ასეთი გრაფა აღნიშნულ ოქმს არ აქვს. მანვე, განაცხადა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე მისთვის გამომძიებელს არ წაუკითხავს გამოკითხვის ოქმი, ისე მიანიშნა იმ ადგილებზე, სადაც მასზე იძალადა მეუღლემ, რაც ასევე წარმოადგენს დარღვევას. რაც შეეხება კ. ბ–ზე ძალადობის ეპიზოდს, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ წარმოადგინა კ. ბ–ს, ლ. ბ–სისა და ნ. ბ–სის ჩვენებები, რომლებიც ეწინააღმდეგება როგორც ერთმანეთს, ასევე მათ მიერ გამოკითხვისას მიწოდებულ ინფორმაციასა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას. მოწმე ა. ბ–ი კი პირადად არ შესწრებია მომხდარს და გადმოსცემს მისთვის ლ–ა, ნ. და კ. ბ–ების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ნ. ბ–სის განმარტებით, იგი სასამართლოში ჩვენების მიცემამდე დაიბარეს ა–ში, სადაც თავიდან გააცნეს გამოკითხვის ოქმი, შემდეგ კი სახლიდან სასამართლომდე მოიყვანა გამომძიებელმა, ყოველივე ზემოაღნიშნული კი მიუთითებს, რომ იგი დაარიგეს ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით. კასატორები ასევე უთითებენ, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნით, გამომძიებელთა ჩვენებებითა და სამედიცინო შემოწმების ცნობით უტყუარად დასტურდება, რომ ვ. შ–ს დაკავებისას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, რომელიც მიიღო სიმამრისა და ცოლის ძმის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფისას, რა დროსაც ისინი მას ურტყამდნენ მუშტებს, ამასთან, კ. ბ–ი მას ხელს აფარებდა პირზე, რა დროსაც სიმწრისგან, თავდაცვის მიზნით, უკბინა თითზე. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ადასტურებს, რომ ვ. შ–ე ჯგუფური თავდასხმისას მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. კასატორები ასევე უთითებენ, რომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ უნდა დაედოს შემაკავებელი ორდერები, ვინაიდან მათში ასახულ–ა დაზარალებულების მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ ასაბუთებენ საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვ. შ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.
5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ვ. შ–სის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენას.
5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორთა პოზიციას ვ–ს შ–ს უდანაშაულობის შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს №......... შეტყობინებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ კ. ბ–სმა დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ ა–ს რაიონის სოფელ ნ–ში, შ–ების უბანში მცხოვრებმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვ. შ–სემ სცემა ცოლს და სხვებსაც შეეხო ხელით. დაზარალებულ ლ. ბ–ს ჩვენებით კი დგინდება, რომ 2022 წლის 24 ივნისს მეუღლესთან - ვ. შ–სთან და ორ შვილთან ერთად იმყოფებოდა ა–ს რაიონის სოფელ ნ–ში და ბავშვებს უკეთებდა საჭმელს. მას ნასვამმა ვ. შ–მ უთხრა, რომ ბავშვებს თვითონ გაუკეთებდა საჭმელს, თორემ ცხელ საჭმელს შეასხამდა სახეში და ხელით გაიწია მისკენ. იგი გავიდა გარეთ, სადაც მას გაჰყვა ვ. შ–ც, რომელმაც დაიჭირა ეზოში, მოქაჩა თმა და სამჯერ ჩაარტყა ბეჭისა და სახის არეში, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. ვ–ს სახლიდან გასვლის შემდეგ მან დაურეკა დას - ა. ბ–ს, რომელსაც უამბო, რომ ნასვამმა მეუღლემ სცემა და სთხოვა მის წასაყვანად მამა და ძმა მისულიყვნენ. ცოტა ხანში მასთან სახლში მივიდნენ მამა - კ. ბ–სი და ძმა - ნ. ბ–სი. ამ დროს ვ. შ–სე იმყოფებოდა სახლის პირველ სართულზე, თვითონ კი - მეორეზე. შემდეგ ყველანი ავიდნენ მეორე სართულზე. აღნიშნულ პირთა დანახვაზე, ასევე იმაზე, რომ მამა აპირებდა მის სახლში წაყვანას, ვ–სი ძალიან გაღიზიანდა და დასარტყმელად გაიწია მისკენ, რა დროსაც მათ შორის ჩადგა ნ. ბ–ი, რომელსაც მოხვდა ვ–სის მიერ მეუღლისთვის მოქნეული ხელი, თუმცა ნ–მაც მოუქნია თუ არა ვ–სს ხელი არ დაუნახავს. კ. ბ–სი ცდილობდა მათ გაშველებას. კონფლიქტის დასრულების შემდეგ ვ–სს სხეულზე, ან ტანსაცმელზე დაზიანებები არ აღენიშნებოდა. თვითონ კი დაზიანებები მიიღო ბეჭზე, სახესა და მკლავზე. ნასვამი ვ–სი ეჭვიანობდა ტელეფონს რომ იყენებდა და მისი მხრიდან ძალადობის ფაქტებს ადრეც ჰქონია ადგილი, მაგრამ 112-ში ვერ რეკავდა, რადგან ეშინოდა ვ–სის რეაქციის. დაზარალებულმა დაადასტურა გამოკითხვის ოქმის ის ნაწილი, სადაც მითითებულ–ა, რომ ძალადობის დასაწყისში მას ვ–სმა სამჯერ დაარტყა კეფის არეში. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ მისი მონაწილეობითა და თანხმობით, ვითარების აღდგენის მიზნით მის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება, რაზეც გამომძიებელმა შეადგინა შესაბამისი ოქმი, რომელსაც გაეცნო და მოაწერა ხელი.
5.5. ის ფაქტი, რომ დაზარალებულ ლ. ბ–სს ნამდვილად აღენიშნებოდა დაზიანებები დასტურდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 29 ივნისის №........ ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც ირკვევა, რომ 2022 წლის 25 ივნისს, 13:07-დან 13:20 საათამდე პერიოდში ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ლ. ბ–სს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, კერძოდ, მარჯვენა მხრის უკანა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მომწვანო ფერის 3 სისხლნაჟღენთი ზომებით: 2,5×1,0 სმ, 1,5×1,0 სმ და 1,0×0,5 სმ. კისრის მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 2,5×0,8 სმ. კისრის წინა ზედაპირზე - მარჯვნივ ქვედა მესამედში აღენიშნება დასწვრივად მდებარე ზოლისებრი ფორმის ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 2,0×0,5 სმ. მარჯვენა მხრის შიგნითა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 8,0×1,5 სმ. გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარჯვნივ, ბეჭის საპროექციო მიდამოში აღენიშნება დასწვრივ-ირიბად მდებარე ზოლისებრი ფორმის ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 3,0×0,4 სმ. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიუკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, დაზიანებები მარჯვენა მხარის უკანა ზედაპირზე ქვედა მესამედში არსებული სისხლნაჟღენთების სახით ხანდაზმულობით არ შეესაბამებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
5.6. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორთა პოზიციას, რომ დაზარალებულის მიერ მითითებული დაზიანებები ზოგ შემთხვევაში საერთოდ არ არის მითითებული ექსპერტიზის დასკვნაში, ან ეწინააღმდეგება მას. ის, რომ დაზარალებული ზუსტად და თანმიმდევრულად ვერ უთითებს დაზიანებების ადგილებს არ გამორიცხავს ვ. შ–სის ბრალეულობას. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ შემთხვევიდან სასამართლოში ჩვენების მიცემამდე გავიდა გარკვეული დრო, ამასთან, მისი ემოციური მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, სრულიად შესაძლებელია მას სრულყოფილად აღარ ახსოვდა შემთხვევის დროს განვითარებული მოვლენები და მიყენებული დაზიანებები, თუმცა დაცვის მხარის მიერ გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნების შემდეგ მან დაადასტურა, რომ ძალადობის დასაწყისში მას ვ. შ–მ სამჯერ ჩაარტყა კეფის არეში. შესაბამისად არ არსებობს კასატორთა მიერ მითითებული დაზარალებულ ლ. ბ–სა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გაუზიარებლობის საფუძველი.
5.7. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულ ლ. ბ–ს ჩვენება თანხვდენილია დაზარალებულ კ. ბ–სა და მოწმე ნ. ბ–ს ჩვენებებთან, რომლებითაც ირკვევა, რომ 2022 წლის 25 ივნისს, ღამით, ა. ბ–სს დაურეკა დამ - ლ. ბ–სმა და უთხრა, რომ სცემა მეუღლემ და გააგდო გარეთ. მათ მომხდარის შესახებ უამბო ანამ, რის შემდეგაც ისინი დაახლოებით ღამის ორ საათზე მივიდნენ ლ. ბ–სთან ოჯახში, რა დროსაც ნასვამი ვ. შ–სე იმყოფებოდა პირველ სართულზე, ლ–ა კი ბავშვთან ერთად იყო სახლის მეორე სართულზე. კ. ბ–სმა ვ–სს ჰკითხა როდემდე უნდა გაეგრძელებინა ასე, რაზეც ვ–სმა უპასუხა, რომ ლ–ა იყო მისი ცოლი და რასაც უნდოდა იმას იზამდა. ამასთან, ილანძღებოდა, იგინებოდა, იძახდა უწმაწურ სიტყვებს და ეუბნებოდა წასულიყვნენ მისი სახლიდან, ლ–ა კი ითხოვდა შველას. როდესაც ვ–სმა გაიგო რომ ისინი აპირებდნენ ლ–ს წაყვანას, გაბრაზდა და ლ–სკენ დასარტყმელად გაიწია. ამ დროს მათ შორის ჩადგა 17 წლის ნ. ბ–ი, რომელსაც ვ–სის მიერ მოქნეული ხელი მოხვდა სახეში, ყბაში, მაგრამ არ სტკენია. ინსტიქტურად თვითონაც მოუქნია ხელი ვ–სს, მაგრამ მოხვდა თუ არა, არ იცის. დაზარალებულმა კ. ბ–მა ასევე განმარტა, რომ ნ-ს ხელებით ჰყავდა შებოჭილი ვ. შ–ე. თვითონ კი ცდილობდა მათ გაშველებას, რა დროსაც ერთი ხელი შვილს მოჰკიდა, მეორე ხელი კი შემთხვევით სახეზე მოჰკიდა ვ–ს, რომელმაც მას თითზე უკბინა, რის გამოც გამწარდა და იგრძნო ტკივილი. ვ–ი კვლავ აგრძელებდა ლანძღვა-გინებას და არ ჩერდებოდა, რის გამოც მან დარეკა 112-ში. ამ დროს იქნებოდა დაახლოებით დილის ხუთი საათი. 10-15 წუთში მისულ პოლიციის თანამშრომლებს ვ. შ–ე დახვდათ ადგილზე. ვ. შ–ს თვალი ჰქონდა თუ არა ჩალურჯებული არ ახსოვს, კისერზე არსებული დაზიანება კი შესაძლოა იმიტომ ჰქონდა, რომ ნ–მა მოუჭირა ხელი. მათვე დაადასტურეს, რომ ლ. ბ–სს დალურჯებები ეტყობოდა კისერსა და გვერდზე, ასევე, ლოყა ჰქონდა გაწითლებული, რომელიც მისივე განმარტებით, იმ დღეს მიაყენა ვ. შ–სემ. დაზარალებულთა და მოწმე ნ. ბ–სის ჩვენებები გამყარებულია მოწმე ა. ბ–სის ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა, რომ 2022 წლის 25 ივნისს, ღამის სამ საათზე, მას დაურეკა დამ - ლ. ბ–სმა, რომელმაც უთხრა, რომ მასზე ფიზიკურად ძალადობდა მეუღლე - ვ. შ–სე და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მან გააღვიძა მამა და ძმა და სთხოვა წასულიყვნენ ლ–ას დასახმარებლად. მომხდარის შესახებ გაიგო დილით. ლ. ბ–სს ეტყობოდა რომ იყო ძალადობის მსხვერპლი, რადგან სახეზე - ლოყაზე, ყელსა და მკლავზე ჰქონდა დალურჯებები. მას ნ. ბ–სმა უამბო, რომ იმ დროს, როდესაც ვ–სმა ხელი აღმართა ლ–ზე, იგი ჩადგა მათ შორის და ვახომ მას დაარტყა. ნ–მა კი თავდაცვის მიზნით ერთხელ დაარტყა ხელი ვ–სს. კ. ბ–სი კი აშველებდა მათ, რა დროსაც მას თითზე უკბინა ვ. შ–მ.
5.8. ის, რომ კ. ბ–სს აღენიშნებოდა დაზიანება დასტურდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 29 ივნისის №.......... ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც ირკვევა, რომ 2022 წლის 25 ივნისს, 13:25-საათიდან 13:40 საათამდე პერიოდში ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე კ. ბ–სს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით. კერძოდ, მარცხენა ბარძაყის წინა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნება განივად მდებარე ხაზოვანი ფორმის, მოყავისფრო ფერის, მშრალი, სქელი ფუფხით დაფარული მიმდებარე კანის დონიდან მაღლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით: 4,0×0,3 სმ. მარცხენა მტევნის მეორე თითის საფრჩხილე ფალანგის უკანა ზედაპირზე აღენიშნება განივად მდებარე ხაზოვანი ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით: 0,6×0,2სმ. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიუკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანება მარცხენა ბარძაყის წინა ზედაპირზე ზედა მესამედში არსებული ნაჭდევის სახით ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო დაზიანება მარცხენა მტევნის მეორე თითის საფრჩხილე ფალანგის უკანა ზედაპირზე არსებული ნაჭდევის სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. მოწმე მ. ნ–მ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნები და დამატებით განმარტა, რომ ადამიანის კბილი არის მკვრივი ბლაგვი საგანი.
5.9. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს №..... და N..... შემაკავებელ ორდერებსა და მათ ოქმებზე, რომლებითაც ირკვევა, რომ 2022 წლის 25 ივნისს ამბროლაურის რაიონის სოფელ ნ–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ვ. შ–მ მეუღლეს - ლ. ბ–სა და მის მამას - კ. ბ–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
5.10. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმეების - გ. ყ–სა და შ. ბ–ლ–ა–ს ჩვენებებზე, რომლებითაც დგინდება, რომ ვ. შ–სეს თვალზე ჰქონდა სილურჯე, მკლავზე კი სისხლჩაქცევა. ვ. შ–სის სხეულზე დაზიანებების არსებობა ასევე დასტურდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 30 ივნისის №.......... ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დგინდება, რომ დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. მართალია, აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურდა ვ. შ–სის სხეულზე დაზიანებათა არსებობა, თუმცა გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარადაა დადგენილი, რომ კ. ბ–სი ცდილობდა ნ. ბ–სის, რომელიც ვ. შ–სისგან დის დასაცავად ჩადგა მეუღლეებს შორის და ვ. შ–სის გაშველებას, რა დროსაც ამ უკანასკნელმა უკბინა ხელზე. ყოველიუვე ზემოაღნიშნული კი ადასტურებს, რომ აღნიშნული პირები ცდილობდნენ ვ. შ–სგან მომდინარე საფრთხის შეჩერებას, რაც გამორიცხავს მსჯავრდებულის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნას.
5.11. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორთა პოზიციას, რომ მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებები ეწინააღმდეგება ერთმანეთს და მათ მიერ გამოძებაში გამოკითხვისას მიწოდებულ ინფორმაციას. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. შესაბამისად, სასამართლო შეფასებას აძლევს სწორედ სასამართლო სხდომაზე მოწმეთა მიერ მიცემულ ჩვენებებს. ამასთან, შესაძლოა მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებში არის გარკვეული ხასიათის ცდომილებები, თუმცა არა იმ შინაარსის, რაც მათი ჩვენებების გაზაირებაზე უარის თქმას დაედებოდა საფუძვლად. მოწმეთა ჩვენებებში მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების საგანთან დაკავშირებით, არ არის არსებით წინააღმდეგობაში ერთმანეთთან და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებიდან სასამართლოში ჩვენებების მიცემამდე გავიდა გარკვეული პერიოდი, რის გამოც სრულიად შესაძლებელია მათ არ ახსოვდეთ გარკვეული დეტალები, მაგრამ მათ დეტალურად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერეს ადგილზე განვითარებული მოვლენები.
5.12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი ზემოხსენებული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ვ. შ–სის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
5.13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ვ. შ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატების ს. ქ–სისა და რ. ჭ–სის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე