საქმე N 010100122006029565
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1222აპ-23 17 იანვარი, 2024 წელი
ჩ–ი ი. №1222აპ-23 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივნისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას, ასევე მსჯავრდებულ ი. ჩ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის ე. ნ–სს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ი. ჩ–სი (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის ) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი)), საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი)), საქართველოს სსკ-ის 111,3811 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
2022 წლის 26 ივნისს, დილის საათებში, ქალაქ ბ–ში, გ–ს ქუჩის ..-ში მდებარე დროებით საცხოვრებელ სახლში ყოფნისას ი. ჩ–მა ხელების მხრებზე მოჭერითა და ხელის თავის არეში დარტყმით იძალადა მის ოჯახის წევრზე – დედაზე, გ. ჩ–ზეე, რის გამოც, გ. ჩ–ზეამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2022 წლის 26 ივნისს, დილის საათებში, ქალაქ ბ–ში, გ–ს ქუჩის ..-ში მდებარე დროებით საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ი. ჩ–სი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისი ოჯახის წევრს, დედას – გ. ჩ–ას, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2022 წლის 3 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქალაქ ბ–ში, გ–ს ქუჩის ..-ში მდებარე დროებით საცხოვრებელ სახლში ყოფნისას ი. ჩ–მა ხელების თავზე მოჭერითა და სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დარტყმით იძალადა მის ოჯახის წევრზე - დედაზე, გ. ჩ–ე, რის გამოც, გ. ჩ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2022 წლის 3 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქალაქ ბ–ში, გ–ს ქუჩა ..-ში მდებარე დროებით საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ი. ჩ–სი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისი ოჯახის წევრს, დედას – გ. ჩ–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2022 წლის 26 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ, ი. ჩ–ს მიმართ 30 დღის ვადით გამოცემულ იქნა N........ შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას, როგორც მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან, თავის ოჯახის წევრთან, დედასთან – გ. ჩ–სთან ყოველგვარი კომუნიკაცია, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, ასევე იმ სახლთან მიახლოება, სადაც გ. ჩ–ა ცხოვრობს. მიუხედავად შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული აკრძალვისა, ი. ჩ–სი 2022 წლის 28 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით დროის პერიოდში იმყოფებოდა ქალაქ ბ–ში, გ–ს ქუჩა ..-ში მდებარე გ. ჩ–ს დროებით საცხოვრებელ სახლში, მასთან ამყარებდა კომუნიკაციას, რომლითაც დაირღვა შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ი. ჩ–სის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედებების ნაწილის: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე გათვალისწინებული შედეგი (2022 წლის 26 ივნისის ეპიზოდი), ბ) სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (2022 წლის 26 ივნისის ეპიზოდი), გ) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე გათვალისწინებული შედეგი (2022 წლის 3 ივლისის ეპიზოდი), დ) სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (2022 წლის 3 ივლისის ეპიზოდი) – ჩადენის ფაქტს, ხოლო უტყუარად დადასტურდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 სექტემბრის განაჩენით, ი. ჩ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველო სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველო სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებით.
ი. ჩ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 31 მარტის განჩინებით 2021 წლის 11 იანვრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა პირობითი მსჯავრი - 2 წელი და 3 თვე, 2 წლის და 3 თვის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 3 თვის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით ი. ჩ–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით, რაც 2022 წლის 12 აპრილის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის გამოყენებით შეუმცირდა 45 დღით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 თვის და 15 დღის ვადით.
2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 სექტემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ანა როყვამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა, წარდგენილ ბრალდებებით ი. ჩ–ს სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივნისის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობროვ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 სექტემბრის განაჩენში ი. ჩ–ს მიმართ შეტანილ იქნა ცვლილება.
ი. ჩ–სი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 26 ივნისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 26 ივნისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 3 ივლისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 3 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებით.
ი. ჩ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 31 მარტის განჩინებით, 2021 წლის 11 იანვრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 3 თვის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით, ი. ჩ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 1 წლის და 3 თვის ვადით, რაც 2022 წლის 12 აპრილის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის გამოყენებით, შეუმცირდა 45 დღით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 1 თვის და 15 დღის ვადით.
3.2. 2023 წლის 19 ივლისს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ანა როყვამ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივნისის განაჩენის შეცვლა, კერძოდ, ი. ჩ–ს წარდგენილი ბრალდებებით სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3.3. დაცვის მხარემ – ადვოკატმა ე. ნ–სმ 2023 წლის 26 ივლისს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოითხოვა, ი. ჩ–სის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. ბრალდების მხარის პოზიციით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით სრულად დადასტურდა ი. ჩ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა. მართალია დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე შეცვალა გამოძიების ეტაპზე მიცემული ინფორმაცია და უარყო მისი შვილის მხრიდან ძალადობის და მუქარის ფაქტები, თუმცა სხვა წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს ი. ჩ–სის ბრალეულობას, კერძოდ, მოწმე პავლოს კრომლიდისის და მოწმე პოლიციელთა გამოკითხვის ოქმები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და შემაკავებელი ორდერი ქმნის მტკიცებულებათა იმ ერთობლიობას, რაც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
4.2. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივნისის განაჩენი არის არასამართლიანი, რაც არ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას. გასათვალისწინებელია, რომ ი. ჩ–სმა მოიხადა სასჯელი, დაუბრუნდა ოჯახს და დედასთან აქვს იდეალური ურთიერთობა. ი. ჩ–ს დედა არის მოხუცი, ავადმყოფი და მისი ერთადერთი მარჩენალი არის მსჯავრდებული. ამასთან, წარმოდგენილი ნოტარიულად დადასტურებული დოკუმენტით დასტურდება, რომ გ. ჩ–ს ი. ჩ–ს მიმართ პრეტენაზია არ გააჩნია.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს ი. ჩ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 26 ივნისის ეპიზოდი), გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. ამ ეპიზოდთან დაკავშირებით დაზარალებულმა გ. ჩ–მ განმარტა, რომ 2022 წლის 26 ივნისს, დილით, მისი შვილი ი. ჩ–ი იყო ნასვამი. მათთან მოვიდა სახლის მეპატრონე, რომელმაც უთხრა, რომ ი–ს აკრძალული ჰქონდა ამ სახლში ყოფნა, აღნიშნულის თაობაზე მან არაფერი იცოდა. მას შეეშინდა, რომ ი. ჩ–სს დააკავებდა პოლიცია და სთხოვა სახლიდან წასვლა, რაზეც მოუვიდათ კამათი. თუმცა ი. ჩ–ს მისთვის არაფერი დაუშავებია, ხელი არ დაურტყამს. სხეულზე არსებული ჩალურჯებები მან მიიღო ადრე. დაზარალებულმა სასამართლო სხომაზე უარყო 2022 წლის 26 ივნისის გამოკითხვის ოქმში მითითებული ი. ჩ–ს მიერ მასზე ფიზიკური ძალადობის და სიცოცხლის მუქარის შესახებ ინფორმაცია.
5.3. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ მოწმე პ–ს კ–ს და მოწმე პოლიციელთა გამოკითხვის ოქმებზე და განმარტავს, რომ აღნიშნული მოწმეები არ არიან ფაქტის შემსწრე პირები და როგორც სიცოცხლის მოსპობის მუქარასთან, ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს. იმ პირობებში კი, როდესაც დაზარალებულმა გ. ჩ–მ სასამართლოში ჩვენების მიცემისას არ დაადასტურა შვილის მხრიდან მის მიმართ მუქარის და ძალადობის ფაქტი, ამ ეპიზოდთან დაკავშირებით მათი ჩვენებები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების გათვალისწინებით ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, ხოლო პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ი. ჩ–ს მხრიდან 2022 წლის 26 ივნისს დაზარალებულის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას და ოჯაში ძალადობას - წარმოდგენილი არ არის.
5.4. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N...... დასკვნიის მიხედვით, გ. ჩ–ას სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას (27.06.2022 წ.) მარჯვენა ზედა კიდურზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს. მართალია, აღნიშნული დასკვნით დადასტურდა დაზიანების არსებობა, თუმცა სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანება გ. ჩ–ს მიაყენა ი. ჩ–მა წარმოდგენილი არ არის, რადგან თავად დაზარალებულმა სასამართლოს სხდომაზე ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ დაზიანება მიიღო სხვა დროს.
5.5. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ი. ჩ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 26 ივნისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 26 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არც 2022 წლის 3 ივლისის ეპიზოდთან დაკავშირებით იქნა წარმოდგენილი იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. კერძოდ, დაზარალებულმა გ. ჩ–მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არ ახსოვს თუ რა მოხდა 2022 წლის 3 ივლისს. მან უარყო 2022 წლის 3 ივლისის გამოკითხვის ოქმში მითითებული ი. ჩ–სის მიერ მასზე ფიზიკური ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის შესახებ ინფორმაცია, ხოლო სხვა პირდაპირი მტკიცებულება რაც დაადსტურებდა ი. ჩ–სის ბრალეულობას სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.
5.7. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.
5.8. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
5.9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 აგვისტოს განაჩენით ი. ჩ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით. ამდენად, ვინაიდან ი. ჩ–მა საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა – ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში - ადგილი აქვს დანაშაულის რეციდივს, რისი მხედველობაში მიღებითაც, სასჯელის დანიშვნისას სავალდებულო იყო საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესის გამოყენება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 58-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ი. ჩ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში განსაზღვრული სასჯელი სანქციის ფარგლებშია და საბოლოო სასჯელის განსაზღვრის წესიც სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რომლებსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.12. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას, ასევე მსჯავრდებულ ი. ჩ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ე. ნ–სს საკასაციო საჩივრები.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე