საქმე N 330100121005223965
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე№1091აპ-23 23 იანვარი, 2024 წელი
ც–ი უ., №1091აპ-23 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ივნისის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კონტრტერორისტულ ცენტრში, შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის მაია სილაგაძისა და მსჯავრდებულების უ. ც–სისა და მ. მ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ა. ლ–სის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. მ–სი (პირადი ნომერი: ..........), რ. ქი (პირადი ნომერი: ............), ჰ. ბ–ი (პირადი ნომერი: ..........) და რ. მ–ი (პირადი ნომერი: ..............) ცნობილ იქნენ ბრალდებულებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 327-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა), ხოლო უ. ც–ი (პირადი ნომერი: ..........) – საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1999 წლის 15 ოქტომბრის N...., 2011 წლის 17 ივნისის N... და 2014 წლის 24 სექტემბრის N... რეზოლუციების თანახმად, ს–ა-ე–ს ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტულ ორგანიზაცია „ე–სა და ლ–ს ი–ი სახელმწიფო“, იგივე „ი–ი სახელმწიფო“ აღიარებული იქნა საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციად. ს–ს მოქალაქე, ა–ს რაიონის სოფელ დ–ში მცხოვრები უ. ც–ი ტერორისტული ორგანიზაცია „ი–ი სახელმწიფოსათვის“ ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მიზნით გაერთიანდა ამავე ორგანიზაციაში. უ. ც–ი გახდა რა ზემოხსენებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრი, თანამოაზრეებთან აცხადებდა, რომ იყო ტერორისტული ორგანიზაცია „ი–ი სახელმწიფოს“ წარმომადგენელი ს–ში და არჩეული იყო ს–ს (ვ–ს) ემირად. იგი სისტემატიურად აწყობდა კონსპირაციულ შეხვედრებს, განიხილავდა სირია-ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს, ხსენებული ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭარისა და ს–სთან მიმართებაში არსებულ სამომავლო გეგმებს, მათ შორის, აფეთქების გზით ტერორისტული აქტების მოწყობას. უ. ც–ს დახმარებით ჰ. ბ–სი, რ. ქ–სი, მ. მ–სი და რ. მ–სი გაწევრიანდნენ რა ტერორისტულ ორგანიზაცია „ი–ი სახელმწიფოს“ რიგებში, 2021 წლის გაზაფხულზე დროებით გაემგზავრნენ თ–ს რესპუბლიკაში, რა დროსაც ოთხივე მათგანმა ტერორისტული ორგანიზაცია „ი–ი სახელმწიფოს“ ამჟამინდელი ლიდერის – შ. ა. ი. ა. ა–ს წინაშე დადო ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი), რაც გულისხმობდა ტერორისტული ორგანიზაციის სასარგებლოდ მისი ლიდერების ნებისმიერი დავალების შესრულებას. უ. ც–სის კოორდინაციით ჰ. ბ–სი, რ. ქ–სი, მ. მ–სი და რ. მ–სი გეგმავდნენ თ–ს გავლით ს–ში გამგზავრებას, სადაც მონაწილეობას მიიღებდნენ ტერორისტული ორგანიზაცია „ი–ი სახელმწიფოს“ მიერ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. თუმცა აღნიშნული მათ იმ დროისთვის ვერ შეძლეს და დაბრუნდნენ ს–ში, საიდანაც ჰ. ბ–სი, რ. ქ–სი, მ. მ–სი და რ. მ–სი, უ. ც–სის დახმარებით კვლავ აპირებდნენ ს–ს ტერიტორიის დატოვებას თ–ს რესპუბლიკის გავლით, ს–ს ტერიტორიაზე გადასვლას და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებას. აღნიშნულის შესახებ სისტემატიურად ესაუბრებოდნენ ერთმანეთს აპლიკაცია „ტ–ს“ მეშვეობით, განიხილავდნენ ს–ში გამგზავრებისა და ტერორისტული ორგანიზაცია „ი–ი სახელმწიფოს“ მხარდაჭერის გეგმებს, მათ შორის, აფეთქების გზით ტერორისტული აქტების მოწყობას და ტერორისტული ორგანიზაციის მხარდასაჭერად დიდი რაოდენობით იარაღის მოძიებას. ამასთან, მ. მ–სი ტერორისტულ ორგანიზაცია „ი–რ სახელმწიფოში“ გაწევრიანების შემდეგ, 2021 წლის აპრილში, იმყოფებოდა ქ. ბ–ში და ქუჩაში გადაადგილებისას ხშირად ატარებდა მუსლიმურ სამოსს „ყ–ს“, რომელზეც გამოსახული იყო ტერორისტული ორგანიზაცია „ი–ი სახელმწიფოს“ სიმბოლიკა. კერძოდ, ამ ორგანიზაციის დროშა არაბულენოვანი წარწერით – „არ არის ღმერთი გარდა ალაჰისა, ალაჰის მოციქული, მუჰამედი.“ აღნიშნულით იგი საჯაროდ გამოხატავდა ამავე ტერორისტული ორგანიზაციისადმი მხარდაჭერას და ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკიან ტანისამოსში გადაღებულ ფოტოებს ხშირად აზიარებდა სოციალურ ქსელ „ფ–ზე.“
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 მაისის განაჩენით:
უ. ც–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის პირველი მუხლის საფუძველზე შეუმცირდა 75 დღით და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა 11 წლით, 9 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
რ. ქ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის პირველი მუხლის საფუძველზე შეუმცირდა 75 დღით და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა 9 წლით, 9 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
მ. მ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა 75 დღით და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა 9 წლით, 9 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ჰ. ბ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა 75 დღით და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა 9 წლით, 9 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
რ. მ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა 75 დღით და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა 9 წლით, 9 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: მსჯავრდებულმა რ. მ–სმა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ქ–მა; მსჯავრდებულების რ. ქ–სა და ჰ. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მ. ბ–მ და ტ. კ–მ და მსჯავრდებულების უ. ც–სა და მ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მ. კ–მა და ა. ლ–მა, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 მაისის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ივნისის განაჩენით: მსჯავრდებულების უ. ც–ს და მ. მ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატების მ. კ–სა და ა. ლ–სის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულ რ. მ–სის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. ქ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულების რ. ქ–სის და ჰ. ბ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატების მ. ბ–ს და ტ. კ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება: უ. ც–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა 75 დღით და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა – 10 წლით, 9 თვითა და 15 დღით.
3.2. 2023 წლის 20 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ივნისის განაჩენი, საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მაია სილაგაძემ, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულ უ. ც–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის, კერძოდ, 12 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
3.3. მსჯავრდებულების უ. ც–სა და მ. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ლ–სმა 2023 წლის 21 ივლისს, საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და მოითხოვა უ. ც–სა და მ. მ–ს უდანაშაულოდ ცნობა.
3.4. მსჯავრდებულ უ. ც–სა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ლ–სმა, ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც (მისი საკასაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში) ითხოვა უ. ც–სის მიმართ დანიშნული სასჯელის უცვლელად დატოვება.
4. კასატორთა არგუმენტები:
4.1. კასატორის, პროკურორ მაია სილაგაძის პოზიციით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები, ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასჯელის დანიშვნის დროს გასათვალისწინებელი დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე შეუმცირა სასჯელი უ. ც–ს. მხედველობაში არ იქნა მიღებული ის გარემოება, რომ უ. ც–სმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული და საქმე ეხებოდა მომეტებული საფრთხის შემცველ ქმედებებს, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას, როგორც ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ასევე სახელმწიფოს ნორმალურ ფუნქციონირებას. შესაბამისად, მსჯავრდებულ უ. ც–სათვის შემცირებული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, რის გამოც, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და უ. ც–სს სასჯელად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა განესაზღვროს.
4.2. კასატორის, მსჯავრდებულების უ. ც–ს და მ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ა. ლ–სის პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ივნისის განაჩენი უკანონოა უ. ც–სა და მ. მ–ს მსჯავრდების ნაწილში, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქმე განიხილა მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევით. განაჩენი არ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას და იგი აგებულია ვარაუდებზე. პალატა დაეყრდნო მხოლოდ დაინტერესებული პირების ლ. თ–ს, ი. ს–ს, თ. გ–ს, დ. ხ–ს, ა. ბ–ს, ა. ფ–ს, შ. გ–ს, ვ. ლ–ს ჩვენებებს - რომლებიც არ არის გასაზიარებელი, ვინაიდან ისინი არიან სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები და, შესაბამისად, დაინტერესებულნი საქმის შედეგით. ამასთან მათ მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია ზოგ შემთხვევაში შეიცავდა ოპერატიული წყაროს მიერ მათთვის გადაცემულ ინფორმაციას, ხოლო ზოგიერთმა მათგანმა დაადასტურა მის მიერ/მისი მონაწილეობით შედგენილი საგამოძიებო/საპროცესო ოქმების სინამდვილე. მსჯავრდებული მ. მ–სი სხვა პირებთან ერთად, ნამდვილად იმყოფებოდა თ–ს რესპუბლიკაში, სეზონურ სამუშაოზე, ჩაის საკრეფად, რაც დასტურდება საქმეზე გამოკითხული მოწმეების: ა. შ–სა და ვ. ბ–ს ჩვენებებით. კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად შეაფასა მოწმე ა. ღ. მ ა. ა–ს ჩვენება, რომლის თანახმადაც, დაადგინა, რომ მოწმემ პირადად ნახა მ. მ–სის ტანსაცმელზე გამოსახული წარწერა „არ არის ღვთაება გარდა ერთისა და მ–ი არის მოციქული მისი“. მოწმემ სასამართლოზე ჩვენების მიცემისას დაადასტურა, რომ რეალურად მ. მ–სი პირველად სასამართლოზე დაკითხვის დღეს დარბაზში ნახა. ასევე, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მ. მ–სი ბ–ს ქუჩებში ინტენსიურად გადაადგილდებოდა ყამისით. სინამდვილეში მ. მ–სს ყამისი ეცვა მხოლოდ ერთ დღეს, რაც უდავოდ დადასტურებულია „.....ი ბანკის“ ჩანაწერებით. იმ შემთხვებაში კი, თუ მ. მ–სი ამ ტერორისტული იდეოლოგიის მატარებელია, მას აღნიშნული სამოსი უნდა სცმოდა უწყვეტად, საჯაროდ და მოურიდებლად, რასაც საქმეში წარმოდგენილი ვერცერთი მოწმე ადასტურებს. კასატორის პოზიციით, სასამართლომ ასევე არასწორად შეაფასა სხდომაზე თარჯიმან გ. ვ–სის მონაწილეობით გამოკვლეული ვიდეოჩანაწერები და დაადგინა, რომ ვიდეოჩანაწერზე ასახული პირები არიან მსჯავრდებულები, რომლებიც დებენ ფიცს .....ი სახელმწიფოს მეორე ლიდერის მუსლიმთა შეიხის შ. ა. ი. ა. ა–ს წინაშე. აღნიშნულ ჩანაწერში არ არიან მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები, ამასთან საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ვიდეოჩანაწერში ჩანს მ. მ–სი. ამასთან, კასატორის პოზიციით თარჯიმან გ. ვ–ს მიერ შესრულებული თარგმანი ნაკლებად სარწმუნოა, ვინაიდან ვიდეოში წარმოთქმული სიტყვების თარგმნა, მათი სირთულიდან და სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ვერ შეძლეს მისმა წინამორბედებმა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასება:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია უ. ც–სისა და მ. მ–სის გამართლების მოთხოვნით, ხოლო ბრალდების მხარის მიერ - მხოლოდ უ. ც–სის მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილში, შესაბამისად, სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ მხარეთა მიერ საკასაციო საჩივრებში მითითებულ სადავო ასპექტებზე.
5.3. საკასაციო სასამართლო ქრონოლოგიურად მიჰყვება დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებს და მიუთითებს, თუ რატომ არ აკმაყოფილებს მის მიერ წარმოდგენილი საჩივარი საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
5.4. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ საფუძვლად უთითებს გამოკვლეულ მტკიცებულებათა არასათანადო და არასწორი შეფასების, ასევე საქმის მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევით განხილვის შედეგად სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უკანონობაზე.
5.5. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობა გულისხმობს საპროცესო კოდექსის ისეთ დარღვევას, რაც არსებით გავლენას ახდენს საქმის შედეგსა და მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობაზე. არსებითი დარღვევა შესაძლოა ვლინდებოდეს ისეთი საპროცესო დანაწესის დარღვევაში, რასაც მოიცავს სამართლიანი სასამართლოს უფლება, მათ შორის, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობის არარსებობა, მტკიცებულებათა შეფასებისას ყოველგვარი ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის („in dubio pro reo“) პრინციპის, მტკიცებულებათა უტყუარობისა და დასაშვებობის სტანდარტების დარღვევა და სხვა.
5.6. მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილი არ არის, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით განხილვის ფაქტი, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ამასთან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე წონადი არგუმენტი არც დაცვის მხარეს მიუთითებია და მხოლოდ ზოგადი განმარტებით შემოიფარგლა საკასაციო საჩივარში.
5.7. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოწმეთა – ლ. თ–ს, ი. ს–ს, თ. გ–ს, დ. ხ–ს, ა. ბ–ს, ა. ფ–ს, შ. გ–ს, ვ. ლ–ს ჩვენებები შინაარსობრივად არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს და სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით შესაბამისობაშია, როგორც ერთმანეთთან, ისე – საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, ისეთებთან, როგორიცაა მაგ.: საზღვრის კვეთის მონაცემები, მსჯავრდებულების მობილური ტელეფონებიდან გამოთხოვილი, ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ინფორმაცია, რის გამოც, დაცვის მხარის პოზიცია ხსენებულ მოწმეთა ჩვენებების არასანდოობის შესახებ - საფუძველს მოკლებულია. მართალია მტკიცებულებათა ნაწილი მათ მიერ/მათი მონაწილეობითაა მოპოვებული, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად მათ მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციის განხილვა, როგორც არასანდო და ამ გზით მათ სანდოობაში ეჭვის შეტანა, იმთავითვე უსაფუძვლოა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს რაიმე წინასწარ დადგენილი სტანდარტი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა ჩვენებებისადმი მცირე ან თუნდაც გადაჭარბებული მნიშვნელობის მისანიჭებლად.
5.8. უსაფუძვლოა ასევე დაცვის მხარის მითითება იმის თაობაზე, რომ გამამტყუნებელი განაჩენი, თითქოსდა ემყარება მოწმე – ლ. თ–ს ჩვენებასა და მის მიერ შედგენილ პატაკს. სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ მიცემული ჩვენებები ადასტურებენ მათ მიერ ან მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორეს და არა - სადავო ფაქტობრივ გარემოებებს. ცალკე აღებული მათი ჩვენებები საკმარისი არ და ვერ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად სავალდებულო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტის დასადასტურებლად, რის გამოც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორედ ამ არგუმენტაციაზე დაყრდნობით არ დაუდეს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს მხოლოდ მათი ჩვენებები და ერთობლიობაში საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად შეაფასეს ისინი.
5.9. საკასაციო სასამართლო, ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას იმის თაობაზე, რომ მ. მ–სს ბ–ს ქუჩებში ყამისი ეცვა მხოლოდ ერთხელ და რომ აღნიშნული ჩანს მხოლოდ „.......... ბანკიდან“ გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერში. პალატა თავდაპირველად აღნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ის ფაქტობრივი გარემოება კი არ არის ატარებდა თუ არა მ. მ–სი ყამისს, არამედ ის - იყო თუ არა მასზე გამოსახული ტერორისტული ორგანიზაცია „ი–ი სახელმწიფოს“ სიმბოლიკა და ამით საჯაროდ გამოხატავდა თუ არა ამავე ტერორისტული ორგანიზაციისადმი მხარდაჭერას. ის ფაქტი, რომ იგი ქუჩაში ტერორისტული ორგანიზაცია „ი–ი სახელმწიფოს“ სიმბოლიკის მქონე ტანისამოსით გადაადგილებოდა და საჯაროდ გამოხატავდა ამავე ტერორისტული ორგანიზაციისადმი მხარდაჭერას, დასტურდება როგორც მოწმეების - ა. ღ. მ ა. ა–ს, ა.შ–ს, თ. ქ–ს ჩვენებებით, მ. ს–ს გამოკითხვის ოქმით, ასევე საქმეში წარდგენილი და გამოკვლეული ფოტოსურათის დათვალიერების ოქმებით. ამასთან, მ. მ–სის „......“ გვერდიდან, სს „......... ბანკის“ სათვალთვალო კამერებიდან და ფარული ფოტო და ვიდეოგადაღების შედეგად მოპოვებულ ვიდეოფაილებსა და ფოტოსურათებში ჩანს მ. მ–სი, რომელსაც აცვია ტერორისტული ორგანიზაცია „ი–ი სახელმწიფოს“ სიმბოლიკიანი ტანსაცმელი და გადაადგილდება ქალაქ ბ–ს ქუჩებში, შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას გაიზიაროს დაცვის მხარის განმარტება.
5.10. ასევე პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ვიდეოჩანაწერი არ წარმოადგენს ფიცის დადების ცერემონიას და ხსენებულის ამგვარად წარმოჩენა გამოიწვია გ. ვ–ს არაკომპეტენტურმა თარგმანმა. პალატა განმარტავს, რომ გ. ვ–ე საქრთველოს სსკ-ის 370-ე მუხლის საფუძველზე ხელწერილით გაფრთხილებული იქნა განზრახ არასწორი თარგმანისათვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე. საქმეში, კი არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც საეჭვოს გახდიდა მის კომპეტენციას და ეჭვქვეშ დააყენებდა მის მიერ შესრულებულ თარგმანს. ამასთან, აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ გ. ვ–სე მხოლოდ თარგმნიდა ა–ი ენიდან ქ–ლ ენაზე და ფაქტი, რომ მ. მ–ს მიერ შესრულებული ქმედებები წარმოადგენდა ფიცის დადების ცერემონიას დასტურდება არა მხოლოდ მის მიერ შესრულებული აღნიშნული ვიდეოჩანაწერის თარგმანით, არამედ სპეციალური ცოდნის მქონე პირის, უსაფრთხოების მიმართულების მკვლევარის და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის გ. გ–ს ჩვენებითა და გ. გ–ს მონაწილეობით 2021 წლის 29 ივნისს ჩატარებული ვიდეოჩანაწერის დათვალიერებისას მიწოდებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ვიდეოჩანაწერის ტექსტი წარმოადგენს ერთგულების ფიცს - „ბ–ს“, რომელიც დადებულია ა–ს წინაშე ხ–ს მიმართ და ჰპირდება მას ერთგულებას ნებისმიერ სიტუაციაში, ხოლო, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის აწევით, ისინი აჩვენებენ და ადასტურებენ ერთღმერთიანობის იდეისადმი ერთგულებას.
5.11. გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებებისა, მ. მ–სა და უ. ც–სის მიმართ მსჯავრად შერაცხული დანაშაულები, ასევე დასტურდება მსჯავრდებულების მობილური ტელეფონებიდან ინფორმაციის მოხსნა-ფიქსაციის შედეგად მოპოვებული მათ შორის არსებული მიმოწერებით, ხმოვანი შეტყობინებებითა და ვიდეოჩანაწერებით. პირად საუბრებში ისინი განიხილავენ ს–ში, კერძოდ, ქალაქ ი–ში ჩასვლას, იარაღის მოძიებას და ტერორისტული ორგანიზაციის ქმედებების მხარდასაჭერად აფეთქების მოწყობას. შეტყობინებებით დადასტურებულია, რომ უ. ც–სი ახდენს მ. მ–სისა და სხვა მსჯავრდებულების მობილიზაციას, ცდილობს მათ დაკავშირებას სხვა პირებთან, რათა ქ. ი–ში ჩასვლასთან ერთად ხელი შეუწყოს მათ გაწევრიანებას ტერორისტულ ორგანიზაციაში. ამასთან, თავად ტერორისტული ორგანიზაციის დასახმარებლად გეგმავს კორპუსში გაზის გაშვებას და ამ გზით მის აფეთქებას.
5.12. პალატა აღნიშნავს, რომ სატელეფონო საუბრების ამსახველი ჩანაწერები მაღალი მტკიცებულებითი ძალის მქონეა, ვინაიდან კომუნიკაციის მონაწილენი ნებაყოფლობით აჟღერებენ და აწვდიან ერთმანეთს გარკვეულ ინფორმაციას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ ასევე წარმოდგენილია მსჯავრდებულების მობილური ტელეფონებიდან ინფორმაციის მოხსნა-ფიქსაციის შედეგად მოპოვებული მათ შორის არსებული მიმოწერები, ხმოვანი შეტყობინებები და ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც მსჯავრდებულები ესაუბრებიან ერთმანეთს და სხვა პირებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია სხვადასხვა სახის მტკიცებულებით, რაც თითოეული ქმედების ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს და ქმნის ერთიან სურათს. ამასთან, მონაწილე პირების იდენტიფიცირება შესაძლებელია ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებითა და ზოგ შემთხვევაში ტელეფონის ნომრების მსჯავრდებულებისადმი კუთვნილებით.
5.13. ამასთან, საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მ. მ–სი თ–ს რესპუბლიკაში იმყოფებოდა სეზონურ სამუშაოზე - ჩაის საკრეფად. კასატორის პოზიციით, ამას სარწმუნოდ ადასტურებენ საქმეზე გამოკითხული მოწმეები: ა.შ. და ვ. ბ-ი. სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მოწმეთა ჩვენებები ამ ფაქტთან მიმართებით ეფუძნება მ. მ–სის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, ისინი უშუალოდ არ იმყოფებოდნენ მ. მ–სთან ერთად თ–ში, შესაბამისად, მათი ჩვენებებით უტყუარად იმის დადგენა, რომ მ. მ–სი თ–ში იმყოფებოდა სამუშაოდ - საფუძველსაა მოკლებული, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აღნიშნულის საპირისპიროდ საქმეზე წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის 2021 წლის 12 ივლისის დათვალიერების ოქმი, რომლითაც დასტურდება, რომ მ. მ–სი თ–ში სამუშაოდ არ ყოფილა, სინამდვილეში იგი ელოდებოდა მითითებებს უსუფისგან და კონკრეტულ ადგილზე წასვლას.
5.14. ამდენად, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ მ. მ–სისა და უ. ც–ს მიმართ მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენის ფაქტს. ამასთან, კასატორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა. სააპელაციო სასამართლომ, კი თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც, მიიჩნია, რომ არსებობდა მ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით და უ. ც–ს საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი.
5.15. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. მ–სა და უ. ც–ს ქმედებების კვალიფიკაციასთან ფაქტებისა და გარემოებების მისადაგებისას, არ გამოვლენილა ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან ან თუნდაც, სავარაუდოს გახდიდა არსებული პრაქტიკის გადახედვის საჭიროებას.
5.16. რაც შეეხება ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარს მსჯავრდებულ უ. ც–სისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით - საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ შეამცირა უ. ც–სის მიმართ დანიშნული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.17. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
5.18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, მსჯავრდებულ უ. ც–სის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მას კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ უ. ც–სის მიმართ განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მის პიროვნულ მახასიათებელს. დანიშნული სასჯელი სამართლიანია, რამდენადაც შეესაბამება მოცემული საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების ხარისხს და წარმოადგენს სასჯელის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებას. პროკურორის საკასაციო საჩივარი, კი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა წინაპირობები არსებობს დანიშნული სასჯელის დამძიმებისა და მითითებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შესაცვლელად.
5.19. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.20. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.21. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.22. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კონტრტერორისტულ ცენტრში, შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის მაია სილაგაძისა და მსჯავრდებულების უ. ც–სისა და მ. მ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ა. ლ–სის საკასაციო საჩივრები.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე