საქმე N 020100121004872769
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1097აპ-23 31 იანვარი, 2024 წელი
ც. მ. , №1097აპ-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივლისის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. ც. (პირადი ნომერი: .........) და მ. ს. (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნენ ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (უსაფრთხოების წესის დარღვევა სამუშაოს წარმოებისას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც გამოიხატა შემდეგით:
2019 წლის 22 თებერვალს მ. ს-სა და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ (წარმოდგენილი დ. თ-ს სახით) შორის გაფორმებული ხელშეკრულების, ასევე, 2019 წლის 22 თებერვალს მ. ც-სა და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ (წარმოდგენილი დ. თ-ს სახით) შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და 2019 წლის 22 თებერვალს ი. ბ-სა და სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ (წარმოდგენილი დ. თ-ს სახით) შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მ.ს-ძე, მ. ც-ძე და ი. ბ-ძე დაინიშნენ სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ შემავალი მშენებლობისა და რემონტების დეპარტამენტში, რომლის თანახმადაც, ევალებოდათ ელექტროგადამცემი ხაზი (ე.გ.ხ.) „ჯვარი-ხორგაზე“ არსებულ 20 კრიტიკულ ლოკაციაზე სამონტაჟო სამუშაოების ჩატარება, კერძოდ: საპროექტო ტრასაზე ანძის დადგმის წერტილებზე შეტანილი ანძებისა და ანძების პაკეტების აწყობა-მონტაჟი.
სამუშაოთა უსაფრთხო წარმოებაზე პასუხისმგებელი პირები განისაზღვრა განწესი-გაშვება №4-ით, რომლის თანახმადაც, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სამუშაოს ხელმძღვანელად განისაზღვრა მ. ც-ძე, ხოლო სამუშაოს მწარმოებლად მ. ს-ძე, ბრიგადის ერთ-ერთ წევრად კი ი. ბ-ძე, როგორც მემონტაჟე (მემაღლივე). აღნიშნული განწესი-გაშვება №4-ის თანახმად, სამუშაოები უნდა შესრულებულიყო 2019 წლის 1 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით პერიოდში, რომლის ფარგლებშიც მათ ევალებოდათ ელექტროგადამცემი ხაზების სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება, კერძოდ, 220 კვ-ის ძაბვის, ე.გ.ხ. „ოდიში - 1; 2“-ის №35, №44; №163 და №168 ანძების მონტაჟი.
2019 წლის 11 მაისს წ-ს დასახლებაში, სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მშენებლობისა და რემონტების დეპარტემანეტის, ელექტროგადამცემი ხაზების სამშენებლო სარეაბილიტაციო სამსახურის მიერ 220 კვ-ის ძაბვის, ე.გ.ხ. „ო-ი - 1; 2“-ის №44 საყრდენის მონტაჟის სამუშაოს წარმოებისას ანძიდან ჩამოვარდა აღნიშნულ ობიექტზე მემონტაჟედ (მემაღლივე) დასაქმებული პირი - ი. ბ-იძე, რადგან მ. ს-სა და მ. ც-ს მიერ არ იყო დაცული შრომის უსაფრთხოების წესები. კერძოდ, ი. ბ-ე, რომელიც მაღალი ძაბვის ანძაზე ახორციელებდა სამუშაოს აღჭურვილი იყო სამუშაო ადგილისათვის განკუთვნილი დამცავი სარტყელით და არ ჰქონდა დამატებითი დამცავი საშუალება (ბაგირი), რომელიც მას გადაადგილებისას დაიცავდა. შესაბამისად, ვინაიდან სამუშაო პროცესიდან გამომდინარე ი. ბ. უნდა გადაადგილებულიყო და არ იყო აღჭურვილი დამატებითი, სხვა დამცავი საშუალებით (ბაგირი), გადაადგილებისას ჩამოვარდა ანძიდან, რის შედეგადაც მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და იგი მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა - 2019 წლის 28 ივნისს.
მ. ს-სა და მ. ც-ს ევალებოდათ შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა, ყველა სხვა დასაქმებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გაფრთხილება, სამშენებლო ობიექტის უსაფრთხოების გეგმის შემუშავება, ობიექტზე დასაქმებული მუშა-პერსონალისათვის შესაბამისი ინსტრუქციის ჩატარება, სამშენებლო ობიექტის აღჭურვილობისა და სამუშაო პროცესის მუდმივი მონიტორინგი და შესასრულებლად აუცილებელი შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა, რაც გულისხმობს, როგორც ობიექტის სათანადო გამაფრთხილებელი ნიშნებით აღჭურვას, ისე მუშა-პერსონალის მხრიდან შესაბამისი აღჭურვილობის გამოყენებასა და სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დაცვას.
მ. ს-სა და მ. ც-ს მიერ დაირღვა სამშენებლო ნორმები და снип III-4-80 „უსაფრთხოების წესები მშენებლობაში“ პუნქტი 12.11.-ში მითითებული მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია მემონტაჟის გადასვლა დაყენებულ კონსტრუქციებზე და მის ელემენტებზე (ფერმები, რიგელები და მათი მსგავსი) სპეციალური დამზღვევი აღჭურვილობის გამოყენების გარეშე. მ. ს-ემ და მ. ც-მ არ განახორციელეს მონიტორინგი, არ გასცეს უსაფრთხოების ზომების მიღებისათვის შესაბამისი რეკომენდაციები და არ შეიმუშავეს სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების გეგმა, რის გამოც ი. ბ. ჩამოვარდა ანძიდან და მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და იგი მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა 2019 წლის 28 ივნისს.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ. ც-სა და მ. ს-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
2.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის განაჩენით მ. ც. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
მ. ს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა - მარიამ ქორიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მ. ც. და მ.ს-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა და მათთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივლისის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2023 წლის 18 აგვისტოს ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ქორიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივლისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მ. ც-სა და მ.ს-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა და მათთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ მ. ც-სა და მ. ს-ს ბრალეულობას, კერძოდ, დაზარალებულის უფლებამონაცვლემ - თ. მ-მა და გარდაცვლილის ძმამ - ვ. ბ-მ ჩვენების მიცემისას განმარტეს, რომ ი. ბ-ს გარდაცვალების მიზეზი იყო უსაფრთხოების წესების დარღვევა. მოწმეების - ი. დ-ს, გ. ბ-ს, გ. მ-ს, ზ. გ-ს ჩვენებებით კი დადასტურდა, რომ ისინი 2019 წლის 11 მაისს ასრულებდნენ მაღალი ძაბვის ლითონის კონსტრუქციის ანძების აწყობის სამუშაოებს, რა დროსაც მათ და ი. ბ-ს ეკეთათ უსაფრთხოების ღვედები, რომელსაც ჰქონდა ლითონის ორი კაუჭი, რომლებითაც ეკიდებოდნენ და თავს იმაგრებდნენ ანძებზე, ასევე ეხურათ ჩაფხუტი. სხვა აღჭურვილობა არ ჰქონდათ. მათივე განმარტებით, უსაფრთხოების წესების დაცვაზე პასუხისმგებლები იყვნენ მ. ს-ე და მ. ც. მათთან მემაღლივედ დასაქმებული იყო ი.ბ.. მოწმე გ. ბ-მა კი განმარტა, რომ მან მუშაობის პროცესში დაინახა, რომ ანძაზე ყოფნისას ი. ბ. დააპირა თოკის ზემოთ აწევა, რის გამოც მოუწია დამცავ ღვედზე გამობმული კაუჭის ანძიდან მოხსნა, რამაც მისი ანძიდან ვარდნა გამოიწვია. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით კი დგინდება, რომ ი. ბ-ს სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლულობა, განვითარებული აბერენტული (ანომალური) მარჯვენა ლავიწქვეშა არტერია - ლუზორიასა და საყლაპავს შორის არსებული ფისტულიდან და კუჭის ეროზიებიდან განვითარებული გასტოდუოდენური სისხლდენის შედეგად. ი. ბ-ს გვამს გამოკვლევისას აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად. ერთად აღებულნი განეკუთვნებიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. დასკვნის თანახმად, სიკვდილის მიზეზის ტრავმასთან მიზეზობრივი კავშირის დასადგენად საჭირო იყო ექსპერტიზის შესაბამისი დარგის სპეციალისტების მონაწილეობით დანიშვნა, რაც დაინიშნა კიდეც, მაგრამ იმის გამო, რომ კომისიური სამედიცინო ექსპერტიზა დასრულებული არ იყო დასკვნის წარმოდგენა ვერ მოხერხდა. კასატორი ასევე უთითებს, რომ ექსპერტ ი. ბ-ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2019 წლის 11 მაისს წ-ს დასახლებაში N44 მაღალი ძაბვის საყრდენის მონტაჟის სამუშაოს წარმოებისას, რა დროსაც გადმოვარდა ი. ბ-ძე, დაცული არ იყო უსაფრთხოების მოთხოვნები, სამშენებლო ნორმები და снип III-4-80 ,,უსაფრთხოების წესები მშენებლობაში“ პუნქტი 12.11.-ში მითითებული მოთხოვნები, სადაც მითითებულია, რომ დაუშვებელია მემონტაჟის გადასვლა დაყენებულ კონსტრუქციებსა და მის ელემენტებზე (ფერმები, რიგელები და მათი მსგავსი) სპეციალური დამზღვევი აღჭურვილობის გამოყენების გარეშე. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული მოთხოვნები უნდა გაეთვალისწინებინათ სამუშაოს ხელმძღვანელ - მ. ც-სა და სამუშაოს მწარმოებელ - მ. ს-აძეს. ექსპერტმა ასევე განმარტა, რომ განწესი N4-ის მიხედვით მ. ც. და მ. ს. ვალდებულნი იყვნენ ეზრუნათ უსაფრთხოებაზე, რადგან სწორედ ისინი იყვნენ ამ პოზიციაზე დანიშნულნი. ი. ბ-ს უნდა ჰქონოდა დამატებითი დამცავი ბაგირი, რომელსაც ზემოდან გამოაბამდა ანძას, რითიც მისი უსაფრთხოება დაცული იქნებოდა. მოცემულ შემთხვევაში, ი. ბ-ს აღჭურვილობა სიმაღლეზე ერთი სამუშაო ადგილიდან მეორეზე გადასასვლელად არ იყო უსაფრთხო. ამასთან, ანძის მშენებლობა და ი. ბ-ს სამუშაო სპეციფიკა მოიცავდა ანძაზე გადაადგილებას და თუ ი. ბ-ს არ ექნებოდა დამატებითი დამცავი ბაგირი, მაშინ იგი მ. ც-სა და მ. ს-ს ანძაზე არ უნდა აეშვათ. სასამართლომ არ გაიზიარა ექსპერტიზის დასკვნა და მიუთითა, რომ იგი არ იყო სრულყოფილად ჩატარებული, თუმცა აღსანიშნავია, რომ ექსპერტის განმარტებით, მ. ც-სა და მ. ს-ს შეეძლოთ ესარგებლათ ამწეთი, ან უზრუნველეყოთ ბაგირის მაღლა მიმაგრება. ექსპერტს სრულად წარედგინა სამუშაო პროცესის მიმდინარეობის ამსახველი მასალა, სადაც ასევე მითითებული იყო, რომ ხდებოდა კონსტრუქციის აგება და ანძის ზემოდან დაშენება. აღნიშნულის მიუხედავად, ექსპერტმა დაადგინდა უსაფრთხოების წესის დარღვევა. დაცვის მხარის განმარტებით, ანძის აშენება ხდებოდა მიუვალ ადგილზე, რის გამოც იქ ამწეს ვერ მიიყვანდნენ, თუმცა აღანიშნული ეწინააღმდეგება მოწმე ო. მ-ს ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ იგი არის ტრაქტორის მძღოლი და იმ დროს, როდესაც ი. ბ-ე ჩამოვარდა ანძიდან იჯდა იქვე, ტრაქტორში. ამასთან, სასწრაფოს ექიმ დ. კ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ ადგილზე მივიდა სასაწრაფო დახმარების მანქანაც. შესაბამისად, ადგილი, სადაც მიმდინარეობდა მაღალი ძაბვის ანძების მშენებლობა არ იყო მიუვალი და ადგილზე ამწის მიყვანა სირთულეს არ წარმოადგენდა. აღნიშნული კი ადასტურებს, რომ მ. ც-მ და მ. ს-მ სათანადოდ არ შეაფასეს უსაფრთხოების ნორმები, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ი. ბ-ს სიმაღლიდან ვარდნა და გარდაცვალება. მ. ც-მ და მ. ს-მ განმარტეს, რომ არ არსებობდა დამატებითი ბაგარის გამოყენების საჭიროება და რომც ყოფილიყო ვერ გამოიყენებდნენ, რადგან ადგილზე შექმნილი ვითარება არ იძლეოდა დამატებითი ბაგირის დამაგრების შესაძლებლობას. თუმცა აღსანიშნავია, რომ ფიზიკურად მართლაც შეუძლებელი რომ ყოფილიყო ბაგირის ან სხვა დამცავი საშუალების გამოყენება, ეს მ. ც-სა და მ. ს-ს არ აძლევდათ იმის უფლებას, რომ გაერისკათ და იქ მომუშავე პირთათვის არაუსაფრთხო სამუშაო პირობებში ანძაზე ასვლის ნება დაერთოთ. ისინი იმიტომ იყვნენ ამ პოზიციაზე დანიშნულნი, რომ უზრუნველეყოთ უსაფრთხო გარემოს შექმნა და შეეფასებინათ ადგილზე შექმნილი ვითარება აკმაყოფილებდა თუ არა სტანდარტებს და თუ ობიექტურად შეუძლებელი იყო უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეეწყვიტათ სამუშაო პროცესი. ექსპერტმა განმარტა, რომ მ. ც-სა და მ. ს-ს არ ჰქონდათ უფლება უსაფრთხოების რისკის ხარჯზე მემაღლივე აეშვათ ანძზე. ამდენად, ექსპერტიზის დასკვნა იყო კატეგორიული და ცალსახა. ბრალდების მხარე მ. ც-სა და მ. ს-ს არ ედავება სამუშაოს მიმდინარეობისას უნდა ყოფილიყვნენ თუ არა ადგილზე, არამედ ედავება იმას, რომ მათ დასაქმებული პირებისათვის ვერ შექმნეს უსაფრთხო გარემო. მართალია მოწმე მ. კ-მა მომხდარი შეაფასა უბედურ შემთხვევად, თუმცა აღსანიშნავია, რომ იგი არ არის ექსპერტი და სპეციალური ცოდნის მქონე პირი, იგი არის სახელმწიფო ელექტროსისტემაში დასაქმებული პირი, უსაფრთხოების ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი. შესაბამისად, მისი ჩვენება ნაკლებ სარწმუნოა და არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს. მართალია ამ ეტაპზე კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ბრალდების მხარეს არ მიუღია და უცნობია გარდაცვალებასა და მიღებულ ტრამვას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა, თუმცა დადგენილია, რომ გარდაცვლილის სხეულზე არსებული დაზიანებები განეკუთვნებოდა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანებას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილი. შესაბამისად, ი. ბ-მ ანძიდან ჩამოვარდნისას მიიღო სიცოცხლისათვის მძიმე დაზიანება, რის შემდეგაც გარდაიცვალა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. ც-ისა და მ. ს-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბარალდებებში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მ. ც-ისა და მ. ს-ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.
5.4. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს „ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბერის №340 დადგენილების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმადაც სამუშაოს ხელმძღვანელი პასუხს აგებს განწესში მითითებული უსაფრთხოების ღონისძიებების სრული მოცულობით შესრულებაზე, მის მიერ დამატებით განხორციელებულ უსაფრთხოების ღონისძიებებზე, ბრიგადისათვის მის მიერ, აგრეთვე დამშვებისა და სამუშაოს მწარმოებლის მიერ ჩატარებული მიზნობრივი ინსტრუქტაჟის სისრულეზე და ხარისხზე, აგრეთვე უსაფრთხო მუშაობის ორგანიზებაზე. იმავე დადგენილების მე-7 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, სამუშაოს მწარმოებელი პასუხისმგებელია: მომზადებული სამუშაო ადგილის შესაბამისობაზე განწესში მითითებულთან და სამუშაოს შესრულების პირობებიდან გამომდინარე მის მიერ განხორციელებულ უსაფრთხოების დამატებით ღონისძიებებზე; ბრიგადის წევრებთან ინსტრუქტაჟის მკაფიოდ და სრულად ჩატარებაზე; აუცილებელი დამცავი საშუალებების, ინვენტარის, ინსტრუმენტების და სამარჯვების გამართულობაზე და სწორად გამოყენებაზე; სამუშაო ადგილზე შემოღობვების, უსაფრთხოების პლაკატებისა და ნიშნების, დამიწებების, ჩამკეტი მოწყობილობების დაცულობაზე; სამუშაოს უსაფრთხოდ ჩატარებაზე და ბრიგადის წევრებისა და მის მიერ წინამდებარე წესების დაცვაზე; ბრიგადის წევრებზე მუდმივი კონტროლის განხორციელებაზე.
5.5. 2019 წლის 22 თებერვლით დათარიღებული შრომის ხელშეკრულებებით დგინდება, რომ ი. ბ., მ. ს. და მ. ც. დასაქმებულნი იყვნენ სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექსტროსისტემაში“ და ევალებოდათ შემდეგი სამუშაოების შესრულება: ელექტროგადამცემი ხაზი „ჯვარი-ხორგაზე“ არსებულ 20 კრიტიკულ ლოკაციაზე სამონტაჟო სამუშაოების ჩატარება. კერძოდ, საპროექტო ტრასაზე არსებულ ანძის დადგმის წერტილებზე შეტანილი ანძებისა და ანძების პაკეტების აწყობა და მონტაჟი. ამასთან, საქართველოს სახელმწიფო ელექტორსისტემის ელექტროგადამცემი ხაზების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამსახურის განწესი - დაშვება №4-ით ირკვევა, რომ მუშაობა უნდა დაწყებულიყო 2019 წლის 1 მაისს და დასრულებულიყო 2019 წლის 15 მაისს. სამუშაოს ხელმძღვანელი იყო მ. ც., სამუშაოს მწარმოებელი კი - მ. ს.
5.6. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მ. ც-ს ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ იგი იყო სამუშაოს ხელმძღვანელი და აკონტროლებდა მუშების სამუშაოს ხარისხს. ამასთან, ყოველ დილით ამოწმებდა მათ, აფრთხილებდა და უტარებდა ინსტრუქტაჟს, რასაც მუშები ადასტურებდნენ ხელის მოწერით. ი. ბ. აღჭურვილი იყო უსაფრთხოების ღვედით, რომელსაც ჰქონდა ორი კაუჭი და ,,რემენი“, მასვე ჰქონდა ქანჩების ნაკრები, ხელთათმანი და ჩაჩქანი. მ. ც-ს განმარტებით, მემაღლივეს დამატებითი ბაგირი არასდროს დასჭირვებია. მ. ს-მ კი განმარტა, რომ იგი იყო სამუშაოს მწარმოებელი, რის გამოც ყოველ დილით აკონტროლებდა და ამოწმებდა მუშებს, რათა ხელსაწყოები ჰქონოდათ მწყობრში, არ ყოფილიყვნენ ნასვამი და უტარებდა ინსტრუქტაჟს. მათ დამატებითი ბაგირი არასდროს გამოუყენებიათ. ყოველივე ზემოაღნიშნული თანხვედრილია შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შრომის დაცვის შესავალი ინსტრუქტაჟის რეგისტრაციის ჟურნალის ჩანაწერებთან, რომლითაც დგინდება, რომ მემაღლივე ი. ბ-ს უტარდებოდა ინსტრუქტაჟი, რასაც იგი ხელმოწერით ადასტურებდა.
5.7. მ. ც-ისა და მ. ს-ის ჩვენებები გამყარებულია მოწმეების - გ. ბ-ს, ი. დ-ს, გ. მ-ასა და ზ. გ-ს ჩვენებებით, რომლებმაც განმარტეს, რომ მუშაობენ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში მემაღლივედ. 2019 წლის 11 მაისს ასრულებდნენ მაღალი ძაბვის ლითონის კონსტრუქციის ანძების აწყობასთან დაკავშირებულ სამუშაოს. მათი ხელმძღვანელი იყო მ. ს., რომელიც იყო მათთან ერთად და აკონტროლებდა მათ მიერ ჩატარებულ სამუშაოებს. მუშაობის დაწყებამდე მათ მ.ს-მ ჩაუტარა ინსტრუქტაჟი. სამუშაოს შესრულებისას მათ ეკეთათ უსაფრთხოების ღვედები, რომელსაც აქვს ლითონის ორი ცალი კაუჭი, რომლითაც ეკიდებოდნენ და თავს იმაგრებდნენ ანძებზე, ასევე ეხურათ ჩაფხუტები. მოწმე ი.დ-მ დამატებით განმარტა, რომ მათ სხვა დამატებითი დამცავი ბაგირი არასდროს ჰქონიათ. შემთხვევის დღეს მან ი. ბ-ს მხოლოდ დაცემის მომენტი დაინახა. მოწმე გ. ბ-მა კი განმარტა, რომ მან მუშაობის პროცესში დაინახა, რომ ი.ბ-მ დააპირა თოკის ზემოთ აწევა, რის გამოც მოუწია დამცავ ღვედზე გამობმული კაუჭის ანძიდან მოხსნა, რა დროსაც გადავარდა ანძიდან.
5.8. ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების გარდა გასათვალისწინებელია მოწმე თ. გ-ს ჩვენება, რომლითაც დასტურდება, რომ 2019 წლის 11 მაისს იგი ასრულებდა მაღალი ძაბვის ლითონის კონსტრუქციის ანძების აწყობასთან დაკავშირებულ სამუშაოს, სადაც უსაფრთოხების ნორმების დაცვას ამოწმებდნენ მ. ს. და მ. ც. გარდა ამისა, ცალკე იყო უსაფრთხოების სამსახურიც, რომლის თანამშრომელი ჟ-ც მიდიოდა ხოლმე მათთან და უტარებდა ინსტრუქტაჟს. მ. ს. კი მათ ყოველი სამუშაოს დაწყების წინ აფრთხილებდა დაეცვათ უსაფრთხოების წესები. მოწმის განმარტებით, ი. ბ-ს ვარდნა გამოიწვია მისივე უყურადღებობამ, რადგან როდესაც ანძაზე ადიოდა ი-მ ჩახსნა ღვედი და გადააადგილა, რა დროსაც ჩამოვარდა.
5.9. მოწმე თ. გ-ს ჩვენება უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით თანხვედრილია მოწმე მ.კ-ს ჩვენებასთან, რომლითაც დადგენილია, რომ იგი სახელმწიფო ელექტროსისტემაში მუშაობს უსაფრთხოების ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელად. 2019 წლიდან წალენჯიხის რაიონის ზ-ს დასახლებაში მდებარე 44-ე ანძის ლოკაციაზე მიმდინარეობდა სამუშაოები, რაც დასრულდა 2023 წელს. ანძას აშენებდნენ ზედდაშენების პრინციპით და სამუშაოები მიმდინარეობდა განწესით. სამუშაოთა ხელძღვანელი იყო მ. ც., სამუშაოთა მწარმოებელი კი - მ. ს. ვალდებულებები გაწერილი იყო მთავრობის №340 დადგენილებით. სამუშაოთა ხელმძღვანელს ევალებოდა უსაფრთხო წარმოების ორგანიზება, სამუშაოთა მწარმოებელს კი - ტექნოლოგიური პროცესის კონტროლი. ი. ბ. იყო პირველი კატეგორიის მემაღლივე, რომელსაც ჰქონდა აღნიშნული სამუშაოების გამოცდილებაც და პრაქტიკაც. ყოველი სამუშაოს დაწყების წინ ტარდება ინსტრუქტაჟი. მან მოიკვლია აღნიშნული ფაქტი და მოისმინა ახსნა-განმარტებები. ვინაიდან დოკუმენტალურად მ. ც-სა და მ. ს-ს შესრულებული ჰქონდათ სამუშაოები და დარღვევები არ გამოვლინდა, ი. ბ-ს ანძიდან ვარდნა შეაფასეს, როგორც უბედური შემთხვევა.
5.10. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებული მოწმის - ო. მ-ს ჩვენებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ იგი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში მუშაობს ტრაქტორის მძღოლად. 2019 წლის 11 მაისს წ-ში ასრულებდნენ მაღალი ძაბვის ლითონის კონსტრუქციის ანძების აწყობასთან დაკავშირებულ სამუშაოს. მათ ხელმძღვანელი - მ. ს. ყოველ დილით უტარებდა ინსტრუქტაჟს. უსაფრთხოების უფროსი იყო ქალბატონი, რომელიც პერიოდულობით დადიოდა და ამოწმებდა მათ. ი. ბ-ს ანძიდან ჩამოვარდნისას იგი იჯდა ტრაქტორში. ვარდნის შემდეგ ი-ის ფეხი ჰქონდა მოტეხილი და ხროტინებდა. მათ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მოწმე დ. კ-მ კი დაადასტურა, რომ 2019 წლის 11 მაისს გამოცხადდნენ ზ-ს დასახლებაში, სადაც მუშა სიმაღლიდან იყო ჩამოვარდნილი და იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში. პაციენტს ეკეთა უსაფრთხოების ქამარი, რომელიც დროულად მოხსნის მიზნით შემოაჭრა მაკრატლით. მოწმის განმარტებით, პაციენტს ადგილზე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც იგი გადაიყვანეს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, სადაც გაუწიეს სათანადო სამედიცინო დახმარება. ექსპერტ პ. ჯ-სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტრასოლოგიური ექსპერტიზის №.../ტ დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი უსაფრთხოების ქამრის დამცავ ღვედებზე არსებული ირიბად განლაგებული დაზიანება გადაჭრის სახით, თავისი ფორმით და განვითარების ხასიათით წარმოქმნილია რაიმე მჩხველტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად, როგორიც შესაძლოა იყოს დანა, ლანცეტი და სხვა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, კი ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს წ-ის რაიონის სოფელ ზ-ს დასახლებაში, სადაც მიმდინარეობდა 44-ე მაღალი ძაბვის საყრდენის მონტაჟი, რომელიც შედგება ლითონის კონსტრუქციისგან. საყრდენი არის აწყობის პროცესში და არ არის დასრულებული. მიწაზე განთავსებულია მაღალი ძაბვის საყრდენის ასაწყობად საჭირო ლითონის კონსტრუქცია, ჭანჭიკები და ყუთები. მიწაზე აღინიშნება სისხლისმაგვარი ლაქა. იქვე დევს უსაფრთხოების ქამარი გაჭრილ მდგომარეობაში, ჩაფხუტი წარწერით - ი. და ერთი წყვილი ხელთათმანი. მაღალი ძაბვის საყრდენის ლითონის კონსტრუქციის ზედა ნაწილში სიმაღლეზე ორ ადგილზე დამაგრებულია თოკი და მათგან რამდენიმე მეტრით დაბალ სიმაღლეზე ასევე დამაგრებულია თოკი. სამივე თოკის ბოლო ნაწილები ეშვება დაბლა და დევს მიწაზე, ისე, რომ მეორე ბოლოები არ არის სადმე მიმაგრებული.
5.11. მოწმე ი. პ-ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2019 წლის 11 მაისს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ი.ბ. მოწმე მ.ა ვ-ს განმარტებით, იგი მედდად მუშაობს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის შოკის დარბაზში. 2019 წლის 11 მაისს შეიყვანეს პაციენტი ი. ბ., რომელიც იყო შოკურ, უგონო მდომარეობაში. მოწმე გ. ჯ-ს ჩვენებით კი ირკვევა, რომ იგი მუშაობს შპს ,,აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ რეანიმატოლოგად. საავადმყოფოში შესვლისას ი. ბ-ს მდგომარეობა იყო კრიტიკული და იგი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. მათ დაიწყეს შესაბამისი მკურნალობა, თუმცა დადებით დინამიკას მალევე მოჰყვა უარყოფითი დინამიკა, რაც გამოიხატა სისხლდენაში. პაციენტს დასჭირდა ოპერაციები ანგიოქირურგიის მიმართულებით, მაგრამ მდგომარეობის დასტაბილურება და პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
5.12. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმე ქ. ბ-ს ჩვენებასა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №....... დასკვნაზე, რომლითაც ირკვევა, რომ ი. ბ-ს სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული აბრენტული (ანომალური) მარჯვენა ლავიწქვეშა არტერია-ლუზორიასა და საყლაპავს შორის არსებული ფისტულიდან და კუჭის ეროზიებიდან განვითარებული გასტროდუოდენური სისხლდენის შედეგად. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით, სიკვდილი დადგა 2019 წლის 28 ივნისს, 23:30 საათზე. გვამის გამოკვლევის მონაცემები არ ეწინააღმდეგება აღნიშნულ დროს. ი. ბ-ს გამოკვლევისას აღენიშნებოდა სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები: სხეულის ბლაგვი პოლიტრავმა, თავის ტვინში მარცხენა გვერდითი პარკუჭის მიმდებარედ რბილ გარსებში და ტვინის ნივთიერებაში მოჟანგისფრო ფერის სისხლჩაქცევები, მარცხენა წინა ტერფის I ძვლის საპროექციოდ პროქსიმალურად ძვლოვანი კორძი და ნაწიბური (სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით, მარცხენა ტერფის ძვლების ღია ამოვარდნილობა-მოტეხილობა, აღნიშნულ მიდამოში ჭრილობა). სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით, ი. ბ-ს აღენიშნებოდა: ორივე ფილტვში სხვადასხვა ზომის კონტუზიური უბნები, ქვედა ყბის ძვლის მოტეხილობა, ჰემატომა ქვედა ყბის არეში, სხეულზე მრავლობითი ექსკორიაციები. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და განეკუთვნებიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემობაში მითითებულ თარიღს. ი. ბ-ს გვამს გამოკვლევისას ნიკაპზე აღენიშნებოდა დაზიანებანი ნაჭდევების სახით, რომლებიც განვითარებული უნდა იყოს რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით ან მჭრელი კიდის მქონე საგნის ტანგენციური (შემხები) მოქმედების (შესაძლოა გაპარსვის) შედეგად, სიკვდილის დადგომამდე ახლო პერიოდში, ცოცხალ პირთა ექსერტიზის შემთხვევაში მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე და დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება. ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ სიკვდილის მიზეზის ტრავმასთან მიზეზობრივი კავშირის დასადგენად საჭიროა დაინიშნოს ექსპერტიზა შესაბამისი დარგის სპეციალისტ(ებ)ის მონაწილეობით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან წარმოდგენილი არ არის კომისიური ესპერტიზის დასკვნა, უტყუარად იმის მტკიცება, რომ ირაკლი ბერდელიძის გარდაცვალება მიზეზობრივ კავშირშია მიღებულ ტრავმასთან მოკლებულია საფუძველს.
5.13. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის №...... დასკვნით დადგენილია, რომ წარმოდგენილი მასალების მიხედვით, 2019 წლის 11 მაისს წ-ს რაიონის ზ-ს დასახლებაში №44 მაღალი ძაბვის საყრდენის მონტაჟის სამუშაოების წარმოებისას, რა დროსაც გადმოვარდა ი. ბ. არ იყო გათვალისწინებული უსაფრთხოების წესების მოთხოვნები. არ იყო გათვალისწინებული სამშენებლო ნორმები და წესები СНиП III-4-80 - „უსაფრთხოების წესები მშენებლობაში“ პუნქტი 12.11-ში მითითებული მოთხოვნები - ...დაუშვებელია მემონტაჟეს გადასვლა დაყენებულ კონსტრუქციებზე და მის ელემენტებზე (ფერმები, რიგელები და მათი მსგავსი), ...სპეციალური დამზღვევი აღჭურვილობის გამოყენების გარეშე... აღნიშნული მოთხოვნები უნდა გაეთვალისწინებინა სამუშაოს ხელმძღვანელს - მ. ც-ს და სამუშაოს მწარმოებელს - მ. ს-ს. მოწმე ი. ბ-მ დაადასტურა დასკვნის სისწორე და შინაარსი და განმარტა, რომ მ. ც. და მ. ს. ,,განწესის“ მიხედვით, ვალდებულნი იყვნენ ეზრუნათ უსაფრთხოებაზე, ხოლო თუ დამატებითი დამცავი ბაგირი არ ექნებოდათ, შეეძლოთ მემაღლივე არ აეშვათ ანძაზე. ი. ბ-ს უნდა ჰქონოდა დამატებითი დამცავი ბაგირი, რომელსაც ანძას ზემოდან გამოაბამდა და მისი უსაფრთხოება დაცული იქნებოდა. მათ შეეძლოთ უსაფრთხოების დასაცავად იმ ადგილზე მიეყვანათ ამწეც. თუმცა აღსანიშნავია, რომ დამატებით დასმულ შეკითვებზე მოწმე ი. ბ-მ განმარტა, რომ მან იხელმძღვანელა საქმის მასალებით და არ იცოდა, რომ სამუშაოები ამწისთვის მიუვალ ადგილზე მიმდინარეობდა. მისთვის ასევე უცნობი იყო, რომ ანძის მშენებლობა ე.წ. „ზედ დაშენების“ მეთოდით მიმდინარეობდა და მემაღლივე დამცავ დამატებით ბაგირს მაღლა ჰაერში ვერ გამოაბამდა. შესაბამისად, აღნიშნული მოწმის ჩვენების საფუძველზე საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას და მიაჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა, რომ მ.ნ ც-მ და მ. ს-მ ელექტროგადამცემი ხაზის სამონტაჟო სამუშაოების წარმოებისას დაარღვიეს უსაფრთხოების წესი.
5.14. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება მ. ც-სა და მ. ს-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს მათ სასარგებლოდ.
5.15. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.17. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.18. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე