Facebook Twitter

საქმე N 050100121005177868

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1088აპ-23 16 იანვარი, 2024 წელი

ჯ–ი გ., №1088აპ-23 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 აპრილის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის შოთა ჩხაიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. ჯ–ი (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

2021 წლის 17 აგვისტოს, დაახლოებით 21:15 საათზე, დანით შეირაღებული გ. ჯ–იი ყაჩაღურად თავს დაესხა ქ. ლ–ში, ........ას ქუჩა №...-ში მდებარე სპს „........ი“-ს აფთიაქის შენობაში ფარმაცევტ ი. ო–ს, რომელსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დანის დემონსტრირებით, დახლის უჯრიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გასტაცა სპს „.........სი“-ს კუთვნილი, 10 ლარად ღირებული პლასტმასის კოლოფი და მასში მოთავსებული ნავაჭრი თანხა – 105 ლარი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის განაჩენით გ. ჯ–იი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, დარჩენილი 2 წელი ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. 2022 წლის 12 აპრილის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოსახდელი სასჯელის ვადა გ. ჯ–ის შეუმცირდა 75 დღით.

2.2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, მამუკა ნადირაძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 აპრილის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. 2023 წლის 16 მაისს ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ჩხაიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. ჯ–იის მიმართ დანიშნული სასჯელის სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა გ. ჯ–იის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი, მოტივი, ის ფაქტი, რომ იგი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა და მხილებული იქნა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია ბრალის აღიარებით გამოხცხადებას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ გ. ჯ–ის დანაშაულის ჩადენის დროს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა გირაო და პასუხისგებაში იყო მიცემული საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი), რაც აშკარად მიუთითებს, რომ იგი მიდრეკილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისაკენ და მომეტებულ საფრთხეს წარმოადგენს სხვა პირთათვის. შესაბამისად, მას დანიშნული სასჯელი უნდა განესაზღვროს სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, რაც უზრუნველყოფს მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და შეამცირებს მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენის რისკს.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება და უცვლელად დატოვა გ. ჯ–სთვის განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.3. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ. ჯ–სთვის სასჯელის განსაზღვრისას იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები და განუსაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

5.4. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენში განვითარებულ მსჯელობას და მსჯავრდებულის პიროვნებისა და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ არსებობდა მსჯავრდებულ გ. ჯ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილის, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით პირობით ჩათვლის საფუძველი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირობითი მსჯავრი წარმოადგენს სასჯელის მოხდის ფორმას, რომელსაც თან სდევს გამოსაცდელი ვადა და რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მას ნამდვილად გააჩნია მსჯავრდებულზე ინდივიდუალური ზემოქმედებისა და კერძო პრევენციის ეფექტი, რადგან, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში განმეორებითი განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დანიშვნის საფუძველს. ამდენად, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით, პირობითი მსჯავრის არაეფექტიანობის შესახებ არგუმენტი საფუძველს მოკლებულია.

5.5. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.

5.6. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.

5.7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის შოთა ჩხაიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე