Facebook Twitter

საქმე N 010100123006962349

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1133აპ-23 15 იანვარი, 2024 წელი

ე–ი ე., №1133აპ-23 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივლისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ე. ე–ი (დაბადებული ........... წ.) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

2023 წლის 2 თებერვალს, საღამოს საათებში, ქ–ს მუნიციპალიტეტის დაბა ჩ–ში, ა–ს გამზირი №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ე. ე–მა თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა მუქარა, კერძოდ, მეუღლეს - რ. ე–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც რ. ე–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები, რომ ე. ე–მა ჩაიდინა ბრალადწარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება.

2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 მაისის განაჩენით, ე. ე–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით.

2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 მაისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ე. ე–ს დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივლისის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. 2023 წლის 31 ივლისს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივლისის განაჩენის გაუქმება და ე. ე–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დამნაშავედ ცნობა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს ე. ე–ს ბრალეულობას. კერძოდ, მოწმე თ. ჯ–ს უდავოდ მიჩნეული ჩვენებით დადგინდა, რომ მას დაუკავშირდა რ. ე–ი, რომელიც ტიროდა, იყო შეშინებული და უთხრა, რომ მისი მეუღლე იყო მთვრალი, მის მიმართ აგრესიული, რის გამოც სთხოვა სასწრაფო სამედიცინო დახმარების და პოლიციის გამოძახება. ასევე მნიშვნელოვანია პოლიციის თანამშრომლების ზ. შ–ს და მ. მ–ს ასევე უდავოდ მიჩნეული ჩვენებები, რომლებიც აღწერენ რ. ე–ს პირველად ემოციურ მდგომარეობას, რაც სრულ თანხვედრაშია რ. ე–ს და თ. ჯ–ს გამოკითხვის ოქმებში ასახულ ინფორმაციასთან. ზემოხსენებული მტკიცებულებები, კი ქმნის იმ ერთობლიობას, რომელიც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ე. ე–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბარალდებით გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. დაზარალებულმა რ. ე–მა უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ე. ე–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.

5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ე. ე–ს მიერ ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შეტყობინებასა და მოწმე თ. ჯ–ს გამოკითხვის ოქმზე, რომლითაც დგინდება, რომ 2023 წლის 02 თებერვალს, დაახლოებით, 18:30 საათზე, მას მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა რ. ე–ი, რომელიც იყო შეშინებული და ტიროდა. როგორც რ–ს საუბრიდან გაიგო, მისი მეუღლე იყო მთვრალი და აგრესიული. რ–მა მას სთხოვა გამოეძახებინა პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება. იგი მაშინვე დაუკავშირდა 112-ის ოპერატორს და ითხოვა დახმარება. ამის შემდეგ დაურეკა რ. ე–ს და ჰკითხა, თუ სად იყო, რაზეც მან უპასუხა, რომ გამოიქცა სახლიდან, რადგან მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მეუღლე ეჭვიანობის ნიადაგზე უპირებდა მოკვლას. რ–ი შიშისაგან გამართულად ვერ საუბრობდა. ბოლოს მან უთხრა, რომ მასთან მივიდნენ პოლიციის მუშაკები, რომლებსაც ჩაუჯდა ავტომანქანაში, ხოლო მოწმე პოლიციელების მ. მ–ს და ზ. შ–ს გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ ისინი მუშაობენ ქ–ს რაიონული სამმართველოს ჩაქვის პოლიციის განყოფილებაში. 2023 წლის 02 თებერვალს იმყოფებოდნენ სამსახურში, რა დროსაც განყოფილებაში შევიდა თ. ჯ–სის შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, დაბა ჩ–ში, ა–ს ქ. №..-ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე მეუღლის მიმართ ძალადობდა და იყო კონფლიქტი. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე, ისინი გავიდნენ შემთხვევის ადგილზე და როდესაც დასახელებულ მისამართს მიუახლოვდნენ, საერთო საცხოვრებელი ბინების შესასველელიდან ჩქარი ნაბიჯებით გამოვიდა ქალბატონი, რომელმაც მათ ხელი დაუქნია. აღნიშნული ქალბატონი გაეცნო, როგორც რ. ე–ი. იგი ტიროდა, იყო შეშინებული და მათ უთხრა, რომ მეუღლე - ე. ე–ი, უმიზეზოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე უპირებდა მოკვლას. მოცემულ შემთხვევაში, მოწმეთა ჩვენებები სიცოცხლის მოსპობის მუქარასთან დაკავშირებით წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რადგან ისინი გადმოსცემენ დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, ამ უკანასკნელმა კი სასამართლოში ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. შესაბამისად, ამ ნაწილში მათი ჩვენებები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, ხოლო პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ე. ე–იის მხრიდან დაზარალებულზე სიცოცხლის მოსპობის მუქარას წარმოდგენილი არ არის, თავად დაზარალებულს კი სასამართლოში ჩვენება არ მიუცია.

5.5. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორე რ. ე–მა სასამართლოში არ დაადასტურა. ასევე არ დადასტურდა მუქარის სავალდებულო ნიშანი. კერძოდ, ე. ე–ს მხრიდან მეუღლის მიმართ მუქარამ, ამ უკანასკნელში გამოიწვია მუქარის გახორციელების საფუძვლიანი შიში თუ – არა. როგორც უკვე აღინიშნა, დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, შესაბამისად, რთულია მისი ჩვენების გარეშე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდეს მისი მხრიდან მუქარის რეალურად აღქმის ფაქტიც.

5.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.8. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ე. ე–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.11. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე