Facebook Twitter

საქმე N 330100122006338287

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№939აპ-23 ქ. თბილისი

ა–ი ზ., №939აპ-23 4 დეკემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ივნისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ანა ლეკიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა, ანა ლეკიაშვილმა, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და ზ. ა–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რაც დაკავშირებული იქნება მის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან; კასატორი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან, ერთი მხრივ, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ვ. გ–სა და ზ. ა–ს შორის კონფლიქტის არსებობა, რა დროსაც დაზარალებულმა გამოიყენა ხელკეტი, ხოლო მსჯავრდებულმა ისროლა ქვები, თუმცა, უტყუარად იმის დადგენა, იცავდა თუ არა ქვების სროლის დროს ზ. ა–ი თავს, სასამართლომ შეუძლებლად მიიჩნია, მაშინ, როდესაც წარმოდგენილი მტკიცებულებების ობიექტური შეფასება ცხადყოფს, რომ ზ. ა–ი ვ. გ–სათვის ფიზიკური დაზიანების მიყენების, ისევე, როგორც – მისი ავტომანქანის დაზიანების დროს, აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში არ ყოფილა, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლომ ზ. ა–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, საზოგადოებრივ საშიშროებასა და დაზარალებულის პოზიციას, რომელიც არ შერიგებია მსჯავრდებულს და ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით აქვს მასთან პრეტენზია.

2. მსჯავრდებულ ზ. ა–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. გ–ე საკასაციო შესაგებლით ითხოვს თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ანა ლეკიაშვილის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვებას, რომელიც დაცვის მხარის პოზიციით, კანონიერი და დასაბუთებულია, ხოლო ზ. ა–სათვის შეფარდებული სასჯელი, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულმა თავი დამნაშავედ ცნო და გულწრფელად მოინანია დანაშაული – სამართლიანი.

3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ. ა–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად დაედო: სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგით:

3.1. 2022 წლის 6 თებერვალს, დღის საათებში, ქ. თ–ში, ........ის ქუჩის №..-ში არსებული №.. კორპუსის მიმდებარედ, ზ. ა–მა ქვა ესროლა ვ. გ–ს, რის შედეგადაც, დაზარალებულს დაუზიანდა თითი და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3.2. 2022 წლის 6 თებერვალს, დღის საათებში, ქ. თ–ში, .........ის ქუჩის №..-ში არსებული №.. კორპუსის მიმდებარედ, ზ. ა–მა დააზიანა ვ. გ–ს კუთვნილი „ჰონდა ფიტის“ მოდელის ავტომანქანის (სახ. ნომრით ........) 150 ლარად ღირებული საქარე მინა და 50 ლარად ღირებული საბარგულის უკანა მარჯვენა სტაციონალური მინა, რამაც გამოიწვია 200 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

4. ზ. ა–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 თებერვლის განაჩენით ზ. ა–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა – ჯარიმა – 1000 ლარი.

6. სასამართლომ დაადგინა, რომ ზ. ა–მა ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, მაგრამ უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ ვ. გ–ზე სხვაგვარი ძალადობისას იგი მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებდა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას, ზ. ა–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენის გამო და სასჯელის გამკაცრებას.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

11. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ზ. ა–ს უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში – უკანონო, ხოლო – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელის ნაწილში – უსამართლოა, ვინაიდან განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, ერთი მხრივ, სარწმუნოდ ვერ დადგინდა ზ. ა–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით განესაზღვრა – ჯარიმა – 1000 ლარი.

12. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1-ელი აგვისტოს განაჩენით, განსახილველ საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ვ. გ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და, დანაშაულთა ერთობლიობით, მიესაჯა ჯარიმა – 1000 ლარი, რასაც საფუძვლად დაედო 2022 წლის 6 თებერვალს, დღის საათებში, ქ. თ–ში, ..............ის ქუჩის №..-ში არსებული №.. კორპუსის მიმდებარედ, ზ. ა–სა და მისი ოჯახის წევრების მიმართ ძალადობის, მუქარისა და ავტომანქანის დაზიანების ფაქტები. სასამართლომ დაადგინა, რომ ზ. ა–ზე ძალადობისას ვ. გ–მა ხელკეტი (ბეისბოლის ე.წ. ,,ბიტა“) ჩაარტყა მას თავში, რამაც დაზარალებულის ტკივილი გამოიწვია.

13. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდების მხარე ზ. ა–ს ედავება 2022 წლის 6 თებევალს ვ. გ–ზე სხვაგვარ ფიზიკურ ძალადობას, კერძოდ, ქვის სროლით ხელის თითის დაზიანებას, რამაც დაზარალებულის ტკივილი გამოიწვია, მაგრამ ხაზგასასმელია, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, მათ შორის – ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის სარწმუნოდ დამტკიცების ვალდებულება, სასამართლოში ვერ წარმოადგინა უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გააქარწყლებდა ეჭვებს ზ. ა–ს ქმედებაში მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოების – აუცილებელი მოგერიების – შესაძლო არსებობის თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაპირისპირებული მხარეების – დაზარალებულ ვ. გ–სა და მსჯავრდებულ ზ. ა–ს – ურთიერთსაპირისპირო განმარტებების გათვალისწინებითა და იმის მხედველობაში მიღებით, რომ საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი არცერთი ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას ობიექტურად დაედგინა: ზ. ა–სი ქვით დაესხა თავს ვ. გ–ს და მიაყენა მას დაზიანება (როგორც ამას ბრალდების მხარე ამტკიცებს), თუ ზ. ა–მა ვ. გ–ს მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის დროს, მოიგერია ბეისბოლის ე.წ. ,,ბიტით“ შეიარაღებული თავდამსხმელი, რა დროსაც ქვით დააზიანა იგი (როგორც ამაზე დაცვის მხარე მიუთითებს), სამხილების შეფასების დროს გაჩენილი ეჭვები კი, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo-პრინციპის საფუძველზე, მართებულად გადაწყდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

14. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

15. კასატორის მიერ სადავოდ გამხდარ სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისებრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43), რომლის კვალდაკვალ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ზ. ა–ს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომლის გამკაცრება, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, დამნაშავის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ასევე – დამნაშავის წარსულ ცხოვრების მხედველობაში მიღებით, სასჯელის მიზნების მისაღწევად, მოცემულ შემთხვევაში არ არის აუცილებელი. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ მსჯავრდებულის მისწრაფება, აანაზრაუროს ზიანი ან/და შეურიგდეს დაზარალებულს, წამახალისებელი ნორმებია, რაც შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემსუბუქებისას და არასწორია საპირისპიროს პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა.

16. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ანა ლეკიაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი