Facebook Twitter

საქმე N 010100123006760265

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№974აპ-23 ქ. თბილისი

ა–ო ს., 974აპ-23 4 დეკემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ივნისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ აკაკი მოქერიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა აკაკი მოქერიამ, რომელიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ს. ა–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ნ. კ–მა სასამართლოს არ მისცა ჩვენება, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო სწორედ დაზარალებულის შეტყობინების საფუძველზე, რომლის თანახმად, მას სცემა იმ პირმა, ვისთან ერთადაც ცხოვრობდა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქმის სასამართლო განხილვის დროს, ჩვენების მიცემაზე დაზარალებულის უარი არ უნდა გახდეს ს. ა–ს პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების უპირობო საფუძველი, რამეთუ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მისი ბრალეულობა.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ს. ა–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად დაედო ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ჩადენილი ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. 2022 წლის 17 დეკემბერს, ღამის საათებში, ქ. ბ–ში, .......ის ქ. №..-ში მდე ბარე „ო–ს“ საცხოვრებელ კომპლექსში არსებულ №.... ბინაში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ს. ა–მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი ოჯახის წევრს – ნ. კ–ის (ვისთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას), კერძოდ, ძლიერად დაარტყა ხელი სახესა და მარცხენა თვალის არეში, დააგდო ძირს, მოქაჩა თმა და გაათრია

იატაკზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

3. ს. ა–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 მარტის განაჩენით ს. ა–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა აკაკი მოქერიამ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ს. ა–სს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ივნისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის არგუმენტებს, რომელთა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც, თითქოსდა, ქმნიან უტყუარ და საკმარის საფუძველს ს. ა–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რამეთუ, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ ვერ დადგინდა ს. ა–ს ბრალეულობა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს სასამართლოში წარმოდგენილი სამხილების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებიდან, კერძოდ: დაზარალებულმა ნ. კ–მა სასამართლოს არ მისცა ჩვენება ს. ა–ს წინააღმდეგ და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ხოლო საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები – სამედიცინო ექპერტიზის დასკვნა (რომლითაც დაზარალებულს დაუდგინდა ჯანმრთელობის მსუბიქი ხარისხის დაზიანება); შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი (რომლითაც ირკვევა, რომ ქ. ბ–ში, ......ის ქ. №...-ში მდე ბარე „ო–ს“ საცხოვრებელ კომპლექსში არსებულ №... ბინაში აღმოჩენილია სისხლის კვალი) და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად გამოცემული შემაკავებელი ორდერი – ვერ ქმნიან მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისია ს. ა–სათვის ბრალადწარდგენილი კონკრეტული ქმედების უტყუარად დასადასტურებლად.

10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ აკაკი მოქერიას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი