Facebook Twitter

საქმე N 330100121004964298

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №963აპ-23 ქ. თბილისი

ა-ი მ., 963აპ-23 25 დეკემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულების: მ. ა–ს, ბ. ა–სა და გ. ვ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ–ს, ასევე, მსჯავრდებულ მ. ა–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების: მ. ა–ს, ბ. ა–სა და გ. ვ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ბ–მ და მსჯავრდებულმა მ. ა–მა.

· მსჯავრდებულების: მ. ას, ბ. ა–ს და გ. ვ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ბ–ე საკასაციო საჩივრით მოითხოვს მსჯავრდებულების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგი ძირითადი მოტივებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან იგი არათუ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, არამედ პირის ბრალდებულად ცნობისათვის საჭირო დასაბუთებული ვარაუდის კრიტერიუმებსაც ვერ აკმაყოფილებს; განაჩენი ემყარება მხოლოდ დაინტერესებული პირების, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ჩვენებებს, რომლებიც სუბიექტური, მიკერძოებული, შაბლონური და დაზეპირებულია, ხოლო მათი ჩვენებების გარდა, საქმეში არ მოიპოვება არცერთი ნეიტრალური და უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა მ. ა–ს, ბ. ა–სა და გ. ვ–ს ბრალეულობა; მსჯავრდებულთა ქმედებებში არ იკვეთება კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის არცერთი ნიშანი, მუქარა, დაწესებულების საქმიანობისთვის ხელის სხვაგვარად შეშლა ან/და ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია;

· მსჯავრდებული მ. ა–ი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგი ძირითადი საფუძვლებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან იგი არათუ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, არამედ პირის ბრალდებულად ცნობისათვის საჭირო დასაბუთებული ვარაუდის კრიტერიუმებსაც ვერ აკმაყოფილებს; განაჩენი აგებულია მხოლოდ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების დაზეპირებულ, მიკერძოებულ და ხელოვნურად დამუშავებულ ცრუ ჩვენებებზე. მოწმეები არიან დაინტერესებული პირები და მსჯავრდებულის მიმართ „შეკერეს“ საქმე; ამასთან, მათი ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავია; მოსამართლემ სასამართლო სხდომიდან უსამართლოდ გააძევა და არ დაასწრო სხდომების ნაწილს; პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდისას, რაიმე გადაცდომაში არასოდეს ყოფილა შემჩნეული; საქმის მასალები არასრულყოფილად გადაეცა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

ü გ. ვ–ს, ბ. ა–ს, თ. მ–ს, ჯ. ზ–ს, ბ. ბ–ს და მ. ა–ს ბრალად ედებათ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, რასაც თან ახლავს ამ დაწესებულების საქმიანობისათვის ხელის სხვაგვარად შეშლა;

ü ბ. ბ–ს ბრალად ასევე ედება პენიტენციურ დაწესებულებაში ამ დაწესებულების თანამშრომლის მიმართ სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ;

ü მ. ა–ს ბრალად ასევე ედება პენიტენციურ დაწესებულებაში ამ დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა, ჩადენილი მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ;

ü მ. ა–ს, ნ. ი–სა და ბ. ბ–ს ბრალად ასევე ედებათ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის მიერ აკრძალული საგნის მოხმარება.

· გ. ვ–ს, ბ. ა–ს, თ. მ–ს, ჯ. ზ–ს, ბ. ბ–ს და მ. ა–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს განაჩენით გ. ვ–ი გასამართლებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის განაჩენით ბ. ა–ი გასამართლებულია საქართველოს სსკ-ის 111, 19, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 17 სექტემბრის განაჩენით თ. მ–ი გასამართლებულია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 24 ნოემბრის განაჩენით ჯ. ზ–ი გასამართლებულა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის განაჩენით მ. ა–ი გასამართლებულია საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მძიმე დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 24 ნოემბრის განაჩენით ბ. ბ–ი გასამართლებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მძიმე დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2021 წლის 19 აპრილს, დაახლოებით 05:10 საათზე, №.. პენიტენციური დაწესებულების ....... საცხოვრებელი კორპუსის №.. საკნიდან, სადაც მოთავსებული იყვნენ მსჯავრდებულები: მ. ა–ი, ზ. ა–ი, ბ. ა–სი, ბ. ბ–ი, ნ. ი–ი, მ. ჯ–ე, თ. მ–ი, ლ. ო–ი, გ. ვ–ი და ჯ. ზ–სი – გამოდიოდა ხმაური. დაწესებულების თანამშრომლების ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ მსჯავრდებულები მ. ა–ი და ბ. ბ–ი ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, ამასთან, საკანში იყო ალკოჰოლის სპეციფიკური სუნი. დაწესებულების გამართული ფუნქციონირებისა და სიტუაციის განმუხტვის მიზნით, საჭირო იყო საკნიდან გამოეყვანათ პატიმრები და გადაენაწილებინათ სხვადასხვა საკანში განცალკევებით. მიუხედავად არაერთი კანონიერი მოთხოვნისა, რომ ჯ. ზ–ს, გ. ვ–ს, ბ. ა–ს, თ. მ–ს, ბ. ბ–ს, მ. ა–ს დაეცვათ სამართლებრივი რეჟიმი, დამშვიდებულიყვნენ და დაეტოვებინათ მათი განთავსების საკანი, აგრეთვე ხელი არ შეეშალათ მ. ა–ს და სხვა პატიმრების საკნიდან გაყვანაში, რეაგირებდნენ უარყოფითად, არ ემორჩილებოდნენ დაწესებულების თანამშრომლების მოთხოვნას. თ. მ–ი, მ. ა–ი, ბ. ბ–ი, ბ. ა–ი, გ. ვ–ი და ჯ. ზ–ი წინააღმდეგობას უწევდნენ დაწესებულების თანამშრომლებს, კერძოდ, თანამშრომლებს არ აძლევდნენ მიახლოების საშუალებას და ხელით სწევდნენ უკან. საკანში მყოფი პირები დაწესებულების დირექტორის მოადგილეს, თ. ჯ–ს, და სხვა თანამშრომლებს უწევდნენ წინააღმდეგობას, ისინი ცდილობდნენ რომ მ. ა–ი არ გაეყვანათ საკნიდან, ხოლო დაწესებულების თანამშრომლები – თ. ჯ–ს დახმარებას, რათა საკნიდან გამოეყვანა მ. ა–ი. დაახლოებით 05:19 საათზე, ბ. ბ–ი დაწესებულების დირექტორის მოადგილეს, თ. ჯ–ს, ხელსა და მაისურზე ექაჩებოდა, რა დროსაც შემოახია მაისური. მსჯავრდებულმა მ. ა–მა კი დაწესებულების თანამშრომლებს: ჯ. ხ–სა და გ. წ–ს ხელი დაარტყა სახის არეში, ირაკლი რაქვიაშვილს ფეხი დაარტყა წვივის არეში, ჯ. კ–ს ხელი დაარტყა მხრის არეში, რის შედეგადაც, დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

ხსენებული ქმედებების შედეგად, მსჯავრდებულებს ვერ დაატოვებინეს მათი განთავსების ადგილი №.. საკანი. ამდენად, დაწესებულების თანამშრომლებს არ მიეცათ მათზე სამსახურებრივად დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულების საშუალება, რითაც ხელი შეეშალა დაწესებულების საქმიანობას.

· ბ. ბ–ს, მ. ა–სა და ნ. ი–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ქ. რ–ში, მ–ა ქუჩის №..-ში მდებარე პენიტენციური დეპარტამენტის №.. დაწესებულების .. საცხოვრებელი კორპუსის №..საკანში მოთავსებულმა მსჯავრდებულებმა: მ. ა–მა, ბ. ბ–მა და ნ. ი–მა მოიხმარეს აკრძალული საგანი – ალკოჰოლური სასმელი, ხოლო მ. ა–მა ასევე მოიხმარა ფსიქოტროპული ნივთიერება – „დიაზეპამი“, რაც გამოვლინდა 2021 წლის 19 აპრილს აღებულ შარდის ნიმუშზე ჩატარებული ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის №......... დასკვნით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 აპრილის განაჩენით:

3.1. ბ. ბ–ი, – დაბადებული 1... წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ბ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ამავე კოდექსის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და, საბოლოოდ, ბ. ბ–ს დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 24 ნოემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 2 წელი და, საბოლოოდ, ბ. ბ–ს, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

მსჯავრდებულ ბ. ბ–ს სასჯელი აეთვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მიღების დღიდან – 2022 წლის 19 აპრილიდან.

3.2. გ. ვ–ი, – დაბადებული 1... წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მოცემული განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, გ. ვ–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

მსჯავრდებულ გ. ვ–ს სასჯელი აეთვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მიღების დღიდან – 2022 წლის 19 აპრილიდან.

3.3. ბ. ა–ი, – დაბადებული 1... წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მოცემული განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, ბ. ა–ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

მსჯავრდებულ ბ. ა–სს სასჯელი აეთვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მიღების დღიდან – 2022 წლის 19 აპრილიდან.

3.4. თ. მ–ი, – დაბადებული 1..წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მოცემული განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 17 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, თ. მ–ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

მსჯავრდებულ თ. მ–ს სასჯელი აეთვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მიღების დღიდან – 2022 წლის 19 აპრილიდან.

3.5. ჯ. ზ–ი, – დაბადებული 1.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მოცემული განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 24 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, ჯ. ზ–ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

მსჯავრდებულ ჯ. ზ–ს სასჯელი აეთვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მიღების დღიდან - 2022 წლის 19 აპრილიდან.

3.6. მ. ა–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით -- თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით შეფარდებულმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის დანიშნული სასჯელები და, საბოლოოდ, მ. ა–ს, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის განაჩენით დანიშნული (ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 8 სექტემბრის განჩინებით) სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 თვე და 4 დღე. საბოლოოდ, მ. ა–ს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლით.

მსჯავრდებულ მ. ა–ს სასჯელი აეთვალა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების დღიდან – 2021 წლის 22 ივლისიდან.

3.7. ამავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორ ზურაბ კახეთელიძესა და ბრალდებულ ნ. ი–ს შორის.

ნ. ი–ი, – დაბადებული 1... წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.

აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია ბრალდებულ ბ. ბ–ს მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის მიმართ სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორმა ზურაბ კახეთელიძემ, მსჯავრდებულების: მ. ა–ს, ბ. ა–სა და გ. ვ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ბ–მ, ასევე, მსჯავრდებულების: თ. მ–ს და ჯ. ზ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. ხ–მა.

· სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ბ. ბ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაშიც.

· მსჯავრდებულების: მ. ა–ს, ბ. ა–სა და გ. ვ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ბ–მ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულების მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

· მსჯავრდებულების: თ. მ–სა და ჯ. ზ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. ხ–მა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულების უდანაშაულოდ ცნობა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და კასატორებს არ მიუთითებიათ გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრების მოთხოვნებს მსჯავრდებულების: მ. ა–ს, ბ. ა–სა და გ. ვ–ს უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ, ვინაიდან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სრულად აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობიდან. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მსჯავრდებულ მ. ა–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ბ. ა–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და გ. ვ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის შესახებ, რაც დასტურდება ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების: თ. ჯ–ს, გ. წ–ს, ჯ. კ–ს, ი. რ–სა და ჯ. ხ–ს ჩვენებებით, მოწმეების: ი. ქ–ს, ნ. ხ–ს, კ. კ–ს, ჯ. შ–ს, ნ. ნ–ს, ნ. ს–ს, შ. ჯ–სა და მ. კ–ს ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის 2021 წლის 28 მაისის დასკვნებითა და მისი გამცემი ექსპერტის ჩვენებით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის 2021 წლის 13 მაისის დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის ჩვენებით, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის 2022 წლის 18 თებერვლის დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის ჩვენებით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2022 წლის 17 თებერვლის დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის ჩვენებით, სამედიცინო ექსპერტიზის 2021 წლის 2 სექტემბრისა და იმავე წლის 9 სექტემბრის დასკვნებითა და მისი გამცემი ექსპერტის ჩვენებით, ამოღების ოქმით, ნიმუშების აღების ოქმებით, ამოღებული ვიდეოჩანაწერებით, N.. საკნის დათვალიერების ოქმით, მსჯავრდებულებისთვის უფლება-მოვალეობების გაცნობის ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

10. უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოსაზრება, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება დაინტერესებული პირების, №.. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ჩვენებებს, რომელიც სუბიექტური, მიკერძოებული და დაზეპირებულია, ვინაიდან ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევისა და არგაზიარების საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ №.. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების, დაზარალებულების: თ. ჯ–ს, გ. წ–ს, ჯ. კ–ს, ი. რ–სა და ჯ. ხ–ს ჩვენებები დეტალური, ამომწურავი, თანმიმდევრული და დამაჯერებელია. მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან/და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას; ზემოთაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებში არაა იმ ხასიათის ცდომილებები თუ უზუსტობები, რაც მათი ჩვენებების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს შექმნიდა. დაზარალებულები ჩვენებებში ზედმიწევნით თანმიმდევრულად აღწერენ მოვლენებს. ის ფაქტი, რომ №.. საკანში მოთავსებული მსჯავრდებულები არ ემორჩილებოდნენ №.. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას და არ აძლევდნენ მათ საკნიდან გაყვანის შესაძლებლობას, რა დროსაც მ. ა–ი გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიული ქცევით, გარდა დაზარალებულების ჩვენებებისა, ასევე სრულად დასტურდება მოწმეთა: ი. ქ–ს, ნ. ხ–ს, კ. კ–ს, ჯ. შ–ს, ნ. ნ–ს, ნ. ს–ს, შ. ჯ–სა და მ. კ–ს ჩვენებებითაც. დაზარალებულებიც და მოწმეებიც ცალსახად განმარტავენ, რომ ბ. ა–ი, მ. ა–ი, თ. მ–ი, ჯ. ზ–ი, ბ. ბ–ი და გ. ვ–ი წინააღმდეგობას უწევდნენ და არ ემორჩილებოდნენ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნას და ხელს უშლიდნენ საქმიანობაში, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო მ. ა–მა მიაყენათ ფიზიკური შეურაცხყოფაც. ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებს სრულად შეესაბამება საქმეზე წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს №.. პენიტენციური დაწესებულების პირველი საცხოვრებელი კორპუსის №.. საკნის მიმდებარე დერეფანში განვითარებული მოვლენები და ასევე დაწესებულების თანამშრომლის: ჯამბულ ხორავასა და მსჯავრდებულების: ბ. ბ–ს, ჯ. ზ–ს, თ. მ–ს, ნ. ი–ს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა თანახმად, მათ სხეულზე აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები. ამასთან, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების დაინტერესებისა და მსჯავრდებულთათვის დანაშაულის ჩადენის დაბრალების ფაქტს.

11. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს (მაგალითისთვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №96აპ-17), რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა არ აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანად აღებული რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და გაანალიზების შედეგად, როგორც უკვე აღინიშნა, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ არ არსებობს №.. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევისა და არგაზიარების რაიმე სამართლებრივი საფუძველი.

12. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, ასევე ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივრებში აპელირებს დაცვის მხარე, რასაც საკასაციო პალატა ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორები საჩივრებში არ უთითებენ. სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცების სტანდარტით – გონივრულ ეჭვს მიღმა და ისე მიიღო გადაწყვეტილება. შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რომელსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების: მ. ა–ს, ბ. ა–სა და გ. ვ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ–ს, ასევე, მსჯავრდებულ მ. ა–ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი