საქმე # 330100122006002498
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №929აპ-23 ქ. თბილისი
ბ.ჰ. ი–მ, 929აპ-23 5 დეკემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივლისის განაჩენზე ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ პაპავამ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ჰ.ი. ბ–სათვის თავისუფლების აღკვეთის სახით უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან განსაზღვრული სასჯელი არის დამნაშავის პიროვნებასთან და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების საზოგადოებრივ საფრთხესთან, ასევე დაზარალებულისათვის დამდგარ მძიმე მატერიალურ შედეგთან შეუსაბამო.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 მარტის განაჩენით ჰ.ი. ბ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარი; სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმა 700 (შვიდასი) ლარი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის შეფარდებული თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჰ.ი. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 700 (შვიდასი) ლარი, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2023 წლის 20 თებერვლიდან - იმავე წლის 21 მარტის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 500 (ხუთასი) ლარი.
გაუქმდა ჰ.ი. ბ–ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული – პატიმრობა.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჰ.ი. ბ–მა ჩაიდინა: ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ჰ.ი. ბ–სის მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგით:
2022 წლის 26 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, თ–ში, .......ის ქუჩის N..- ში მდებარე ბარში, მომსახურების საფასურით უკმაყოფილო თ–ს მოქალაქე ჰ.ი. ბ–სმა, ხ. ო–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, არყის მინის ბოთლი ჩაარტყა თავის არეში, რის შემდგომაც, აღნიშნული ბოთლი გადაამტვრია მაგიდაზე და, როდესაც ხ. ო–მა სცადა მისი ხელის გაკავება, დამტვრეული ბოთლით ხელის გულზე მიაყენა ნაკვეთი დაზიანება, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შემდეგ, განაწყენებულმა ჰ.ი. ბ–მა, განზრახ გაანადგურა ხ. ო–ს კუთვნილი 334 ლარად ღირებული ბარის ჭურჭელი, კერძოდ, სხვადასხვა დიამეტრის – 15 თეფში, სხვადასხვა დანიშნულების – 24 ჭიქა, მინის 4 გრაფინი, მინის 2 სასალფეთქე, მინის 2 სამარილე და პლასტმასის ლანგარი, რითაც დაზარალებულ ხ. ო–ს მიდგა 334 (სამას ოცდათოთხმეტი) ლარის, მნიშვნელოვანი ზიანი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ პაპავამ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და ჰ.ი. ბ–სისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას არგუმენტებს სასჯელის გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულ ჰ.ი. ბ–სათვის სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინეს საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი, დანაშაულების ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება, მსჯავრდებულის პირადი და ეკონომიკური პირობები, ჰ.ი. ბ–ს კანონის შესაბამისი და ეთიკური ქცევა სასამართლო განხილვის დროს, მათ შორის – ის გარემოებები, რომ მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, გააცნობიერა მის მიერ ჩადენილი ქმედებების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. გამოთქვა მზაობა, რომ დაზარალებულს სრულად აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი. აგრეთვე, ის გარემოებაც, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს. ყოველივე ზემოხსენებულის მხედველობაში მიღებით, სასამართლომ ჰ.ი. ბ–ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე – მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და სიმძიმეს; იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით მიჩნეული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორებიცაა: ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი