საქმე # 190100119003339881
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №927აპ-23 ქ. თბილისი
ბ–ე ბ., 927აპ-23 5 დეკემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივლისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილე ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილემ, ზურაბ კოჭლამაზაშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ბ. ბ–სა და კ. გ–ს დამნაშავეებად ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და მკაცრი სასჯელის შეფარდებას, შემდეგი არგუმენტებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. ბრალდების მხარემ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულება (მათ შორის, დაზარალებულის ჩვენება, მის მიმართ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ამოცნობის ოქმი, დაზარალებულის ძმის ჩვენება და მოწმე ლ. კ–ს ჩვენება, რომელთა ერთობლიობითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ბ. ბ–სა და კ. გ–ს ბრალეულობა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ. ბ–სა და კ. გ–ს ბრალად დაედოთ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი ჯგუფურად.
ბ. ბ–სა და კ. გ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდებები გამოიხატა შემდეგით:
2019 წლის 22 მაისს, დაახლოებით 22:30 საათიდან 23:50 საათამდე დროის შუალედში, ქ. რ–ში, მე-.. მ/რ-ის, №.. ..........ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ. ბ–მ და კ. გ–მ, ჯგუფურად, ლ. უ–ს სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყეს მუშტები, რის შედეგადაც, მან მიიღო ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, მისი ხანგრძლივი მოშლით.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2022 წლის 11 მაისის განაჩენით ბ. ბ–ე და კ. გ–ე ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
კ. გ–სა და ბ. ბ–ს განემარტათ, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გამართლებულების – ბ. ბ–სა და კ. გ–ს დამნაშავეებად ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივლისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2022 წლის 11 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად წარმოიშვა გონივრული ეჭვი ბ. ბ–სა და კ. გ–ს ბრალეულობასთან მიმართებით, რაც, საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დეტალურად დაასაბუთა ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2022 წლის 11 მაისის გამამართლებელი განაჩენი უცვლელად დატოვა.
9. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბ. ბ–სა და კ. გ–ს მიერ ლ. უ–სათვის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებაში დამნაშავეებად ცნობისათვის, რის გამოც, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „In dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულთა სასარგებლოდ და გაამართლეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილე ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი