საქმე # 330100122006662547
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №916აპ-23 ქ. თბილისი
ბ–ი შ., 916აპ-23 5 დეკემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივნისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ ანა ლეკიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, შ. ბ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაშიც და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, შემდეგი ძირითადი მოტივებით: დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, იმთავითვე არ ნიშნავს, რომ ბრალდებულს დანაშაული არ ჩაუდენია; მართალია, დაზარალებულმა უარი განაცხადა შ. ბ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, მაგრამ საქმის მასალებითა და თვითონ შ. ბ–ის ქმედების გათვალისწინებით, კერძოდ, არასრულწლოვანი მოწმის მ. ბ–სა და პატრულ-ინსპექტორების გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შ. ბ–მა მეუღლეს დანა მოუღერა, შემდეგ მაგიდაში ჩაარჭო, ასევე, უთხრა, რომ მოკლავდა, რის შედეგადაც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის ქმედება ნამდვილად ჰგავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კლასიკურ საქციელს, რამაც განაპირობა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმით პოზიციის რადიკალური ცვლილება; პროკურორს ასევე მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება მის პიროვნებას და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, შ. ბ–ს ბრალად ედება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
შ. ბ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü 2022 წლის 27 ნოემბერს, დილის საათებში, თ–ში, ი–ს ქ. №..-ში, შ. ბ–მა, კონკრეტული მიზეზის გარეშე, არასრულწლოვანი შვილის – მ. ბ–ს თანდასწრებით, მეუღლეზე – ხ. ქ–ზე ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახეში, რის შედეგადაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ü 2022 წლის 27 ნოემბერს, დილის საათებში, თ–ში, ი–ს ქ. №..-ში, შ. ბ–ი, კონკრეტული მიზეზის გარეშე, მეუღლეს – ხ. ქ–ს, დანის დემონსტრირებითა და ყელის არესთან მიტანით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ „ყელს გამოსჭრიდა“, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენით შ. ბ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
შ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, შ. ბ–ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელი ჩაითვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
შ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2022 წლის 27 ნოემბრიდან 2023 წლის 10 იანვრის ჩათვლით.
გაუქმდა შ. ბ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და გირაოს თანხა, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში, უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
არასაპატიმრო სასჯელის აღსრულებაზე და მსჯავრდებულ შ. ბ–ს ყოფაქცევაზე კონტროლი უნდა განახორციელოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის პროკურატურის პროკურორმა, ანა ლეკიაშვილმა საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, შ. ბ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაშიც.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და მიუთითებს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით შ. ბ–ს დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
9. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზარალებულმა ხ. ქ–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და სასამართლოს არ მისცა თავისი ახლო ნათესავის, მეუღლის – შ. ბ–ს წინააღმდეგ ჩვენება.
10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულის მხრიდან ზემოაღნიშნული უფლების რეალიზება არ ნიშნავს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას, თუმცა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება სასამართლოსთვის არ წარმოადგენს მტკიცებულებას და მასში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები სასამართლოსთვის ვერ დაადასტურებს დანაშაულის ჩადენის ფაქტს, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, შესაბამისად, დაზარალებულ ხ. ქ–ს მიერ გამოძიების ეტაპზე გავრცელებულ ინფორმაციას ვერ მიენიჭება წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა და სასამართლო ვერ მიიჩნევს მტკიცებულებად.
11. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, ერთადერთი მტკიცებულება, რომელშიც საუბარია შ. ბ–სის მხრიდან ხ. ქ–ზე დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობის მუქარასა და შიშის განცდის ფაქტზე, ეს არის მოწმე მ. ბ–ს გამოკითხვის ოქმი, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდაა ცნობილი. მოწმე განმარტავს, რომ 2022 წლის 27 ნოემბერს, შ. ბ–სმა ხ. ქ–სზე ფიზიკურად იძალადა და, ასევე, დანის დემონსტრირებით დაემუქრა ყელის გამოჭრით. მოწმე უთითებს, რომ, როგორც შეატყო, დედას შეეშინდა მუქარის. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში, პატრულ-ინსპექტორების – ი. ქ–სა და დ. ბ–ს გამოკითხვის ოქმებში არაფერია მითითებული იმის შესახებ, აღიქვა თუ არა მუქარა რეალურად და განიცადა თუ არა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში დაზარალებულმა. შ. ბ–ს მიმართ გამოცემულ შემაკავებელ ორდერში, ისევე, როგორც დანაშაულის შესახებ შეტყობინების ოქმში, საერთოდ ნახსენებიც კი არ არის მუქარის ფაქტი. ამდენად, მხოლოდ მოწმე მ. ბ–ს გამოკითხვის ოქმი, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც მოწმის განმარტებითაც (როგორც შეატყო, დედას შეეშინდა მუქარის), უტყუარად არ დგინდება მუქარის შედეგად ხ. ქ–ს მიერ საფუძვლიანი შიშის განცდის ფაქტი, საკმარისი არ არის მუქარის ნაწილში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით შ. ბ–ს დამნაშავედ ცნობისათვის. საფუძვლიანი შიშის განცდა კი მუქარის დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
13. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ შ. ბ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შესახებ ბრალდების მხარის მიერ მითითებულ მოტივებს არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. ამასთან, რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, ბრალდების მხარე საჩივარში არ უთითებს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას – მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის პროკურორ ანა ლეკიაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი