Facebook Twitter

საქმე # 210100121004457148

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№926აპ-23 ქ. თბილისი

გ–ი გ., 926აპ-23 4 დეკემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ცუცქირიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ანა ცუცქირიძემ, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და გ. გ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოადგინა მტკიცებულებების ერთობლიობა – მოწმეთა ჩვენებები, საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრიდან მიღებული შეტყობინება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება – რომელიც, იმის გათვალისწინებით, რომ გ. გ–ი ოჯახური დანაშაულისათვის ნასამართლევი და პირობით მსჯავრდებული პირის, საკმარისია მისი ბრალეულობის გონივრულ ეჭვს მიღმა დასადასტურებლად.

2. გამართლებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ტ–ი, საკასაციო შესაგებლით ითხოვს, სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ცუცქირიძის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. გ–ს, – დაბადებულს 1... წელს, – ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგით:

3.1. 2021 წლის 30 იანვარს, ღამით, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის განაჩენით ოჯახური დანაშაულისათვის ნასამართლევმა და პირობით მსჯავრდებულმა, ალკოჰოლით მთვრალმა გ. გ–მა, დ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ზ–ში მდებარე მამის, ო. გ–ს საცხოვრებელ სახლში მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, საწოლზე მწოლიარე მამას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუწყო ცემა, კერძოდ, სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, რითაც მიაყენა ფიზიკური ტკივილი და ჯანმრთელობის დაზიანება.

4. გ. გ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით.

5. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 სექტემბრის განაჩენით გ. გ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

6. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, თორნიკე მახათაძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. გ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ ვერ დადგინდა გ. გ–ს მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა; დაზარალებულმა ო. გ–მა სასამართლოს არ მისცა თავისი შვილის საწინააღმდეგო ჩვენება და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; მოწმეების: ა. ბ–ს, დ. ე–ს, ი. თ–სა და ხ. ლ–ს – ჩვენებები, ბრალადშერაცხილ ქმედებასთან მიმართებით ირიბია და ისინი ვერ დაედება საფუძვლად გ. გ–ს მსჯავრდებას, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული გატეხილი მურაბის ქილის ნამსხვრევები ვერ გახდება იმის მტკიცების უპირობო საფუძველი, რომ გ. გ–ი ოჯახის წევრზე ფიზიკურად ძალადობდა; მართალია პაციენტის სამედიცინო ბარათისა და მოწმის სახით დაკითხული ექიმის, ხ. ლ–ს, ჩვენების მიხედვით, ო. გ–ს შემთხვევის დღეს, სახის არეში აღენიშნებოდა წვრილწერტილოვანი სისხლჩაქცევები, მაგრამ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საექსპერტო კვლევისათვის წარდგენილი სამედიცინო ბარათის მონაცემებით, ოთარ გიგაურს სხეულზე დაზიანების ობიექტური ნიშნები არ გამოვლენია, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში ვერ წარმოადგინა უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ცუცქირიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი