საქმე # 050100121004585191
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №956აპ-23 ქ. თბილისი
გ–ე თ., 956აპ-23 11 დეკემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ივნისის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ჩხაიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ჩხაიძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, თ. გ–ის, ე. გ–სა და გ. გ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და მათთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, შემდეგ მოტივებზე მითითებით: პროკურორს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება თ. გ–ს, ე. გ–სა და გ. გ–ს ბრალეულობა მათ მიმართ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებშიც; საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულების: მ. ბ–ს, ვ. ბ–სა და გ. ბ–ს ჩვენებები, რომლებიც, ავტომანქანის დაზიანების გარდა, მუქარასა და ფიზიკურ ძალადობაშიც ამხელენ მსჯავრდებულებს; ისინი დამარწმუნებლად გადმოსცემენ ფაქტებსა და გარემოებებს, რაც ასევე დასტურდება მოწმეთა ჩვენებებითა და აუდიოჩანაწერებით.
2. მსჯავრდებულების: თ. გ–ს, ე. გ–ს და გ. გ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი შ. მ–ე საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან იგი არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მოთხოვნებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი საკასაციო სასამართლო მაინც მიიჩნევს, რომ საქმე არსებითად უნდა განიხილოს, მსჯავრდებულების მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ. გ–ს, ე. გ–სა და გ. გ–ს ბრალად ედებათ: სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი – ჯგუფურად; ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი – ჯგუფურად, ორი პირის მიმართ.
თ. გ–ს, ე. გ–სა და გ. გ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
2020 წლის 7 მაისს, დაახლოებით 11:00 საათზე, ო–ს მუნიციპალიტეტის დაბა ლ–ში, თ. გ–სე საცხოვრებელი სახლის წინ ესაუბრებოდა „ვაზ 2105“ მოდელის ავტომანქანაში მყოფ ნაცნობს, ა. გ–ს. ამ დროს მათ მიუახლოვდა გ. ბ–ს კუთვნილი, „FORD TRANZIT-ის“ მარკის, ......... სახელმწიფო ნომრის მქონე მიკროავტობუსით მოძრავი ვ. ბ–ე, რომელიც მამასთან, მ. ბ–სთან ერთად ბრუნდებოდა სახლში. ვინაიდან ვ. ბ–მ ვერ შეძლო ა. გ–ს ავტომობილისათვის გვერდის ავლა, გამოიყენა ხმოვანი სიგნალი. აღნიშნულ დროს იქვე მივიდნენ თ. გ–ს შვილები: ე. და გ. გ–ები. ე. გ–ე, თ. გ–ე და გ. გ–ე განაწყენებულები იყვნენ მ. ბ–ზე და მისი ოჯახის წევრებზე, თ. გ–სთან გარკვეული პერიოდით ადრე მომხდარი დაპირისპირების გამო, ამიტომ, ანგარიშსწორების მიზნით, ე. გ–მ და გ. გ–მ ,,ჯიპის“ მარკის ავტომანქანიდან გადმოიტანეს ხელკეტები და თ. გ–სთან ერთად, რომელსაც ხელში ეჭირა ცული, მივიდნენ ვ. ბ–ს მართვის ქვეშ მყოფ, „FORD TRANZITI"-ს მარკის, ........ სახელმწიფო ნომრის მქონე მიკროავტობუსთან და განზრახ დააზიანეს იგი, კერძოდ, ჩაუმსხვრიეს წინა და გვერდითა საქარე მინები, ძარის სახურავი და მარცხენა კარის ჩარჩოს ზედა ნაწილი, რის შედეგადაც, გ. ბ–ს მიადგა 340 (სამას ორმოცი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. ასევე, კონფლიქტის დროს, ე. გ–ე, თ. გ–ე და გ. გ–ე, ჯგუფურად, სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრნენ ვ. და მ. ბ–ებს, რის გამოც, მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამავე კონფლიქტისას, თ. გ–მ, ე. გ–მ და გ. გ–მ ჯგუფურად, ხელებით სცემეს ვ. და მ. ბ–ებს, ხოლო ამ უკანასკნელს დაუზიანეს კუთვნილი პულოვერი. თ. გ–ს, ე. გ–ს და გ. გ–ს მიერ დაზარალებულების ჯგუფურად ცემის შედეგად, ვ. ბ–მ და მ. ბ–მ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
4. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განაჩენით:
4.1. თ. გ–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.
თ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4.2. ე. გ–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში;
ე. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4.3. გ. გ–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.
გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
გაუქმდა ე. გ–ს, თ. გ–ს და გ. გ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო; თ. გ–ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას უნდა მოეხსნას ყადაღა.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, როგორც ბრალდების, ისე – დაცვის მხარემ.
ü ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ჩხაიძემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული, ნაწილობრივ გამამართლებელი, განაჩენის გაუქმება, თ. გ–ს, ე. გ–ს და გ. გ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და მათთვის, სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთის შეფარდება, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად.
ü მსჯავრდებულების: თ. გ–ს, ე. გ–სა და გ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. მ–მ, სააპელაციო საჩივრით მოითხოვა სამივე მსჯავრდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ივნისის განაჩენით ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ჩხაიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულების: თ. გ–ს, ე. გ–სა და გ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. მ–ს, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:
6.1. თ. გ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.
თ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
6.2. ე. გ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.
ე. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 160 (ას სამოცი) საათით.
6.3. გ. გ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.
გ. გ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 160 (ას სამოცი) საათით.
გაუქმდა ე. გ–ს, თ. გ–ს და გ. გ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და თ. გ–ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას უნდა მოეხსნას ყადაღა.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც, საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ბრალდების მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და კასატორს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა.
10. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებებს, სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ე. გ–ს, თ. გ–ს და გ. გ–ს ბრალეულობას მათთვის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებების კუთხით და აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთეს მიღებული გადაწყვეტილება. ამასთან, სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ მითითებულ მოტივებს არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო, რაიმე სხვა გარემოებაs, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, პროკურორი საჩივარში არ უთითებს. ამდენად, გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული, ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ჩხაიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი