Facebook Twitter

¹ბს-1616-1190(კ-05) 21 ივნისი, 2006 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი - გ. ილინა

კასატორი – სს ,,გ... – 93”; წარმომადგენელი – ც. ჯ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები – შპს ,,ო...ი”, წარმომადგენელი – თ. ე-ე; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირი – ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 27 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი – საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 1 აპრილს სს “გ... 93-მა" სარჩელით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - თბილისის ტექინვენტარიზაციის სამსახურის, თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის, შპს “ო...ის", მესამე პირის - თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა: დაევალოს თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროს ქ. თბილისში, რიყის ტერიტორიაზე მდებარე “საჭაშნიკე გ...ს" შენობა-ნაგებობის აღრიცხვა 1999 წლიდან სს “გ... 93-ის" სახელზე; ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ საჯარო რეესტრში შპს “ო...ის" სახელზე ქ. თბილისში, რიყის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებაზე განხორციელებული რეგისტრაცია; დაევალოს შპს ,,ო...ს" ქ. თბილისში, რიყის ტერიტორიაზე მდებარე “საჭაშნიკე გ...ს" კუთვნილი შენობის სათავსის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა და მისი მესაკუთრისათვის - სს “გ... 93-სათვის" დაბრუნება.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ქ. თბილისში, რიყის ტერიტორიაზე მდებარე ,,საჭაშნიკე გ...’’. 1983 წელს იქნა აშენებული გ...ს სამრეწველო სარეალიზაციო ფირმა “გ...ს" მიერ, რომლის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს სს “გ... 93", საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 17 მაისის განკარგულების საფუძველზე.

საფირმო მაღაზია საჭაშნიკე “გ..." თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 3 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გამოთხოვილ იქნა ამჟამინდელი თანამშრომლების უკანონო მფლობელობიდან და გადაეცა მის კანონიერ მესაკუთრეს - სს ,,გ... 93-ს". ასევე, კანონიერ ძალაში შესული თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით საფირმო მაღაზია “საჭაშნიკე გ..." დაუბრუნდა სს “გ... 93-ს" და გაუქმდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ს/გ “სამტრესტის" ბრძანებები, რომლებითაც “საჭაშნიკე გ..." ს/გ “სამტრესტის" განკარგულებაში იყო გადაცემული 1999 წლის ივლისში. ტექინვენტარიზაციის ბიუროში წარადგინეს სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 2 ივლისის ¹07-380/7-9 წერილი და მოითხოვეს რიყის ტერიტორიაზე მდებარე “საჭაშნიკე გ...ს" აღრიცხვა სს “გ... 93-ის" სახელზე. ტექბიუროს 2004 წლის 25 თებერვლის ¹24-204 წერილით უარი ეთქვათ შენობის რეგისტრაციაში გატარებაზე, რადგან იგი 1999 წლის 7 ივლისიდან “ს...ე" სამტრესტის სახელზე იყო ექსპლუატაციაში მიღებული, ხოლო მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია შპს “ ო...ის" სახელზე.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ “საჭაშნიკე გ...ს" სათავსების შპს “ო...ის" სახელზე აღრიცხვა უკანონოა, რადგან რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული მუნიციპალიტეტის 1997 წლის 17 ივნისის ¹12.137.791 დადგენილება არ ითვალისწინებს ასეთს. აღნიშნული დადგენილება არ არის შპს “ო...ისათვის" მიწის ტერიტორიის გამოყოფის შესახებ დადგენილება. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს კოლეგიის 1994 წლის დეკემბრის ¹1902222 დადგენილებით რესტორანი “ო...ი" პრივატიზებულია შრომითი კოლექტივის ამხანაგობის მიერ. შენობაში ფუნქციონირებს საზკვების ობიექტი “ო...ი". ამავე დადგენილების მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, მოცემული დადგენილების მე-2 და მე-3 პუნქტებში ჩამოთვლილ ორგანიზაციებს (მე-3 პუნქტში არიან “საჭაშნიკე გ..." და შპს “ო...ი") მიწის ნაკვეთის მოვლა-პატრონობასა და მათ ფაქტობრივ სარგებლობაზე უნდა გაეფორმებინათ ხელშეკრულება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტთან. მესამე პირმა შეცვალა მიწის ნაკვეთის გეგმა და 2003 წლის 14 აპრილს საკადასტრო რუკა შეადგინა. შეცვლილი გეგმის შესაბამისად, ტექბიუროს სამსახურის მიერ შპს “ო...ის" პრივატიზების პროცესში 1994 წლის 12 ნოემბერს გაიცა გენგეგმა, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს “ო...ს" ეკუთვნის 956 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მათ შორის - შენობით დაკავებული 227 კვ.მ, ეზოს ფართი 729 კვ.მ, რაც მუნიციპალიტეტის 1997 წლის 16 ივლისის დადგენილების შესაბამისად უნდა დამაგრებოდა შპს “ო...ს", მაგრამ საჯარო რეესტრში შპს “ო...ს" რეგისტრირებული აქვს 1800 კვ.მ-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, ხოლო შენობა - 827 კვ.მ.

რაიონულ სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სს “გ... 93-ის" წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შპს ,,ო...ის” სახელზე ქ. თბილისში, რიყის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის 60 კვ.მ შენობის ნაწილში საკუთრების უფლებით განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა, ასევე მოითხოვა შპს “ო...ის" დავალდებულება სადავო შენობა-ნაგებობის, ორი კუპისა და დამხმარე სათავსის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანისა და მისი მესაკუთრისათვის დაბრუნების თაობაზე.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სს ,,გ... 93-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სს ,,გ... 93-ის” მოთხოვნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შპს ,,ო...ის” სახელზე ქ. თბილისში, რიყის ტერიტირიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის 60 კვ.მ შენობის ნაწილში საკუთრების უფლებით განხორციელებული რეგისტრაციის ბათილობის, შპს ,,ო...ზე” სადავო შენობა-ნაგებობის, კერძოდ, ორი კუპის და დამხმარე სათავსის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის დავალების და სს “გ... 93-სათვის” დაბრუნების შესახებ ეთქვა უარი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სს “გ... 93-მა", რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით სს “... 93-ის" სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სს “გ... 93-ის" სარჩელის საგანს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შპს “ო...ის" სახელზე ქ. თბილისში, რიყის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის, 60 კვ.მ. შენობის ნაწილში საკუთრების უფლებით განხორციელებული რეგისტრაციის ბათილობა, შპს “ო...ზე" სადავო შენობა-ნაგებობების, კერძოდ, ორი კუპისა და დამხმარე სათავსის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის დავალდებულება და მისი სს “გ... 93-სთვის" დაბრუნება. სს “გ... 93" მოთხოვნას აფუძნებდა იმ გარემოებაზე, რომ შპს “ო...ს” კანონდარღვევით ჰქონდა მიკუთვნებული მიწის ნაკვეთი, რაზედაც განთავსებულია სადავო ფართი, რომ შპს “ო...ისათვის" აღნიშნული მიწის ნაკვეთის გადაცემა დადასტურებულია მხოლოდ 22.08.1997წ. არქიტექტურის მიერ შედგენილი მიწის ნაკვეთის გეგმით, რომელშიც უკანონოდაა შეტანილი იმ დროს მათ სარგებლობაში არსებული სადავო ქონება. სადავო ქონება რეგისტრირებულია სს “გ... 93-ის" სახელზე და 2002 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე სს “გ... 93-ს" დაუბრუნდა სადავო ქონება.

სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილია საჯარო რეესტრის ამონაწერი, რეგისტრაციის ¹1307/2003, რომლის თანახმადაც ისნის სექტორში, ნაკვეთი ¹65/1, ფართობი 1854 კვ.მ. წარმოადგენს შპს ,,ო...ის” საკუთრებას. უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტებად მითითებულია “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" საქართველოს კანონი, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზაციის დეპარტამენტის მიერ 1996 წლის 14 მაისს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹23/785-პ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 17 ივნისის ¹12,137,791 დადგენილება, ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ 1998 წლის 17 ივნისს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმა; ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 1997 წლის 22 აგვისტოს ¹10.25.135 და 1999 წლის 23 ივნისის ¹08.23.111 გადაწყვეტილებები; ამავე რაიონის გამგეობის 2001 წლის 27 ივნისის ¹07-117 დადგენილება და ქ. თბილისის ტექაღრიცხვის სამსახურის 2003 წლის 18 აპრილის წერილი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში ასევე წარმოდგენილია ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ 1998 წლის 17 ივნისს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმა, რომლის თანახმადაც, ქ. თბილისში, ისნის რაიონში, რიყის ტერიტორიაზე პრივატიზებული საზკვების ობიექტ “ო...ს" დაკავებული აქვს 1820 კვ.მ მიწის ფართობი და სადავო ფართი მოქცეულია ამ მიწის ნაკვეთში. საქმის მასალების მიხედვით, აღნიშნული გეგმა ძალაშია. ასევე, ძალაშია თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, კერძო სამართლის იურიდიულ პირს შპს “ო...ს" მიენიჭა საკუთრების უფლება მის სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1854 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. ამდენად, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია სს “გ... 93-ის" მოთხოვნა შპს “ო...ის" სახელზე ამ ფართის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ. ამასთან, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 03.11.1999 წლის და თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 06.08.1998 წლის გადაწყვეტილებებით დადასტურებულია სს “გ... 93-ის" საკუთრების უფლება სადავო შენობა-ნაგებობებზე, ორ კუპესა და დამხმარე სათავსოზე.

სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს ,,გ... 93-ის" შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და მაღაზია “ს...ე", მდებარე ქ. თბილისში, რიყის ტერიტორიაზე, გამოთხოვილ იქნა იმჟამინდელი თანამშრომლების უკანონო მფლობელობიდან და გადაეცა მფლობელობაში სს “გ... 93"-ის კანონიერ მესაკუთრეს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 01.12.1994 წლის ¹23.10.558 დადგენილებით რიყეზე არსებული ობიექტი “საჭაშნიკე გ..." ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა გ...ს სამრეწველო სარეალიზაციო ფირმა “გ...ს". ქალაქ თბილისის ისნის რაიონის გამგეობის 26.02.1999 წლის ¹03.13.28 გადაწყვეტილებით, საფირმო მაღაზია “ს...ს" ნება დაერთო კუთვნილ ტერიტორიაზე აეშენებინა დროებითი დამხმარე ნაგებობა. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ისნის რაიონის სასამართლოს 06.08.1998 წლის გადაწყვეტილებით მითითებული საფირმო მაღაზია “საჭაშნიკე გ..." დაუბრუნდა სს “გ... 93-ს" და გაუქმდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ს/გ “სამტრესტის" ბრძანებები, რომლებითაც “საჭაშნიკე გ..." ს/გ “სამტრესტის" განკარგულებაში იყო გადაცემული.

ამდენად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო ფართზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, სს “გ... 93"-ის საკუთრების უფლება დადასტურებული არ არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმადაც “მესაკუთრეს შეუძლია კანონიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით) და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა" შპს “ო...ის" კანონიერი უფლებების შეზღუდვის მოთხოვნით სს “გ... 93-ის სარჩელი, სააპელაციო პალატის აზრით, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

აღნიშნული განჩნება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სს “გ... 93-მა", რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

კასატორი მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა აპელანტის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით. შეტყობინება არ მიუღია ასევე მათ წარმომადგენელს, რომლის მინდობილობაც საქმეშია.

კასატორის განმარტებით, სასამართლო ვალდებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით მხარისა და მისი წარმომადგენლისათვის ეცნობებინა სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათ შეტყობინება არ მიუღიათ.

ზემოაღნიშნული დარღვევა კასატორის აზრით, არის ძირითადი საფუძველი იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებათა შეკრება-შეფასების გარეშე გამოიტანა განჩინება, რითაც დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლი.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1515-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, ერთიანი საჯარო რეესტრის შექმნამდე საჯარო რეესტრის ფუნქციებს ახორციელებდა ტექინვენტარიზაციის ბიურო, სადაც მათი საკუთრების უფლება რეგისტრირებულია დღემდე და არავინ ედავება, მაგრამ ამ ფაქტს სასამართლომ არ მისცა შეფასება.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოში მათ განცხადებასთან ერთად წარადგინეს მუნიციპალიტეტის 01.12.94 წლის ¹23.10.538 დადგენილება, რომელშიც მითითებული ცნობები სააპელაციო პალატას არ შეუფასების და არც მათ მისცემიათ შესაძლებლობა მიეცათ ახსნა-განმარტება ამ ფაქტობრივ გარემოებაზე, რადგან სასამართლო პროცესის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს “გ... 93-მა" მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს ,,გ... 93-ის” საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორი გადაწყვეტილების გაუქმების სხვა საფუძვლებთან ერთად მიუთითებს გადაწყვეტილების გუქმების აბსოლუტურ საფუძველზე და თვლის, რომ სასამართლომ საქმე განიხილა მისი დასწრების გარეშე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ბ" პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით.

იმის გათვალისწინებით, რომ მითითებული საპროცესო დარღვევა თვით კანონმდებლობის მიერ შეფასებულია ისეთი ტიპის დარღვევად, რომელიც უცილობლად იწვევს გადაწყვეტილების გაუქმებას და აღნიშნული დამოკიდებული არ არის სასამართლოს შეხედულებაზე, საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს ზემოაღნიშნული გარემოების გამოკვლევა-დადგენას.

საქმეში _ ს.ფ. 283-ზე წარმოდგენლია თბილისის საოლქო სასამართლოს გზავნილი რომლითაც მხარეს (კატორს) ეცნობა სასამართლო სხდომის ჩატარების თარიღი. გზავნილს (გადასაცემად) ხელს აწერს შპს ,,ს...ს” მოლარე მ. ჭ...ე. იმავე საქმეში ს.ფ. 288-ზე დაცულია მ. ჭ...ის განცხადება, რომელშიც ეს უკანასკნელი მიუთითებს, რომ ვერ ახერხებს გზავნილის გადაცემას, რის გამოც გზავნილს, ადრესატისათვის ჩაუბარებლად, უბრუნებს სასამართლოს. განცხადება საოლქო სასამართლოში შესულია 24.10.05წ.

საგულისხმოა, რომ თბილისის საოლქო სასამართლომ 2005 წლის 27 ოქტომბერს ისე ჩატარდა პროცესი და მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ შეუმოწმებია და არ გამოუკვლევია სს ,,გ... 93-ის” წარმომადგენლებისათვის გზავნილის ჩაბარების ფაქტი.

კასატორი, მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით, წარმოადგენს საკასაციო პრეტენზიას. მოწინააღმდეგე მხარემ, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვერ მოახდინა აღნიშნული პრეტენზიის უარყოფა, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მოთხოვნა მიიჩნიოს დასაბუთებულად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ფოსტით ან დამტარებლის მეშვეობით. ადრესატისათვის უწყების ჩაბარების დრო აღინიშნება მის მე-2 ეგზემპლარზე, რომელიც სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს სათანადო თანამდებობის პირს, რომელიც ასევე ხელს აწერს უწყების მეორე ეგზემპლარს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ნორმის შინაარსს და განმარტავს, რომ უწყება ჩაბარებულად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ უწყების მე-2 ეგზემპლარზე, რომელსაც ხელს აწერს ადრესატი, აღნიშნულია მისი ჩაბარების დრო და იგი დაბრუნებულია სასამართლოში.

როგორც საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, უწყება მხარეს არ ჩაბარებია, რის შესახებაც სასამართლოსათვის ცნობილი იყო სასამართლო სხდომის ჩატარების დღეს. აღნიშნული უდავოდ ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ზემოაღნიშნული მუხლის დარღვევას და საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით.

საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს რა ადმინისტრაციული პროცესის თავისებურებას, რომელიც შეიცავს ინკვიზიციურობის გარკვეულ ელემენტებს, აღნიშნავს, რომ ამავე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე მკაცრადაა დაცული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, რაც ნიშნავს იმას, რომ მოდავე მხარეები სარგებლობენ თანაბარი შესაძლებლობებით, განკარგონ პროცესუალური საშუალებები, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადგენა-დადასტურების მიზნით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ მითითებული პრინციპის დაცვას ემსახურება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “გ" პუნქტი, რომლის დარღვევის ფაქტიც უდავოდ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე და რომლის გათვალისწინებითაც საკასაციო სასამართლო ვალდებულია, გააუქმოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს ,,გ... 93-ს” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატას.;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.