საქმე # 330100120004083466
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №966აპ-23 ქ. თბილისი
გ–უ უ., 966აპ-23 26 დეკემებრი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ივნისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და უ. გ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტითა და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში, იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობაც, სრულიად საკმარისი იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად და აკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებით სტანდარტს.
2. უ. გ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ჭ–ე საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, უ. გ–ს ბრალად ედება: გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
უ. გ–უს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü 2018 წლიდან 2020 წლის გაზაფხულის ჩათვლით დროის შუალედში, უ. გ–უ მეუღლეს – მ. ნ–ს, სისტემატურად, თავიანთი არასრულწლოვანი შვილის – თ. გ–ს თანდასწრებით, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, რამაც გამოიწვია მ. ნ–ს ტანჯვა. 2020 წლის გაზაფხულზე, საღამოს საათებში, თ–ში, ფ–ს ქ.№.., ბინა №..-ში, უ. გ–მ მეუღლეს – მ. ნ–ს, მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, უ. გ–უ, გენდერული სტერეოტიპების გავლენით, მეუღლეს მიიჩნევდა საკუთრებად და სრულად აკონტროლებდა მის ქცევას, პირად ცხოვრებას, ამასთანავე, მისი, როგორც ქალის, უპირობო მოვალეობად მიიჩნევდა ბავშვების აღზრდასა და საოჯახო საქმეების კეთებას. როდესაც აღნიშნულის გამო მ. ნ–მ მიიღო სახლიდან წასვლის გადაწყვეტილება, უ. გ–მ მას გადაუგრიხა ხელები და დააგდო საწოლზე, რის შედეგადაც, მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ü უ. გ–უ, გენდერული სტერეოტიპების გავლენით, მეუღლეს მიიჩნევდა საკუთრებად და სრულად აკონტროლებდა მის ქცევას, პირად ცხოვრებას, ამასთანავე, მისი, როგორც ქალის, უპირობო მოვალეობად მიიჩნევდა ბავშვების აღზრდასა და საოჯახო საქმეების კეთებას. როდესაც აღნიშნულის გამო, 2020 წლის გაზაფხულზე, საღამოს საათებში, მ. ნ–მ მიიღო სახლიდან წასვლის გადაწყვეტილება, თ–ში, ფ–ს ქ. №.., ბინა №25-ში, უ. გ–უ მეუღლეს – მ. ნ–ს, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ, მოუღერა მუშტი და დაემუქრა, რომ „სახეს დაულეწავდა“, რის შედეგადაც მას გაუჩნდა ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ნოემბრის განაჩენით უ. გ–უ, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 200 (ორასი) საათით, ხოლო ამავე კვალიფიკაციით წარდგენილ ფიზიკური ძალადობის ნაწილში გამართლდა.
უ. გ–უ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 190 (ას ოთხმოცდაათი) საათით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი) შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და უ. გ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე, უ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2020 წლის 28 სექტემბრიდან 2020 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათით.
გაუქმდა უ. გ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ü მსჯავრდებულ უ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. ჭ–მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება უ. გ–ს დამნაშავედ ცნობის ნაწილში და მის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
ü თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, უ. გ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ივნისის განაჩენით თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულ უ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ – დ. ჭ–ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
უ. გ–უ ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტითა და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
უ. გ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია. გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ბრალდების მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და კასატორს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა.
10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, ასევე, რომ თითქოს, გასაჩივრებული განაჩენით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად არასწორად შეფასდა. სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულყოფილად, ამომწურავად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, ამასთან, ნათლად მიუთითა იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უ. გ–უ ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტითა და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი, შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად ვერ ადასტურებს უ. გ–უს მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი