Facebook Twitter

საქმე # 010100123006702220

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №977აპ-23 ქ. თბილისი

დ–ე მ., 977აპ-23 25 დეკემებრი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მ. დ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგი არგუმენტებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან არ ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; მართალია, დაზარალებულმა ქ. დ–მ სასამართლოში მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, მაგრამ მისი ჩვენების გარდა, არსებობდა სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ, პოლიციის თანამშრომლების გამოკითხვის ოქმები, დანაშაულის შესახებ შეტყობინება, დაზარალებულის მ. დ–ს მიმართ გამოცემული შემაკავებელ ორდერი და სხვა, რომელთა ერთობლიობითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მ. დ–ს ბრალეულობა.

2. მ. დ–ს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალად ედება გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი).

მ. დ–სის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ü 2022 წლის 25 ნოემბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ. ბ–ში, ..........ის ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალის დაქვემდებარებული როლისა და მასზე მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, მ. დ–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს, მეუღლეს – ქ. დ–ს, რის შედეგადაც, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ü 2022 წლის 25 ოქტომბერს, ქ. ბ–ში, ........ის ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალის დაქვემდებარებული როლისა და მასზე მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, კერძოდ, იმის გამო, რომ ქ. დ–მ გამოთქვა გაშორების სურვილი, მ. დ–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს, მეუღლეს – ქ. დ–ს, რის შედეგადაც, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მარტის განაჩენით მ. დ–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

გაუქმდა მ. დ–ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით და დამატებითი ვალდებულება (აეკრძალოს ბრალდებულს დაზარალებულთან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია დაზარალებულის თანხმობის გარეშე). ყადაღა უნდა მოეხსნას მ. დ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს თანხის – 4000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით, დაყადაღებულ ნ. ე–სის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების – 4000 ლარის ღირებულების წილს.

მ. დ–ს განემარტა, რომ მას, როგორც გამართლებულს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მ. დ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივებს მ. დ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ მან ჩაიდინა მითითებული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები, კერძოდ:

9. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა პირმა, ქ. დ–მ, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება, რომლის თანახმად, მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს და საკუთარი ახლო ნათესავის, მეუღლის – მ. დ–ს, წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესის თანახმად, ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც სხვა პირებთან ერთად, მითითებულია მეუღლეც. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებული ქ. დ–ე არის ის პირი, რომელსაც შესაძლოა, სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაცია, მაგრამ არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით.

10. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულის მიერ ზემოაღნიშნული უფლების რეალიზება, იმთავითვე არ ნიშნავს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას, თუმცა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება სასამართლოსთვის არ წარმოადგენს მტკიცებულებას და მასში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები ვერ დაადასტურებს დანაშაულის ჩადენის ფაქტს, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“. შესაბამისად, დაზარალებულის მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაციას ვერ მიენიჭება წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა და სასამართლო მას ვერ გამოიყენებს მტკიცებულებად. ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოება, რის გამოც, სასამართლო დაზარალებულის მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.

11. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ მოცემული კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკის გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს ეკისრება ვალდებულება, უფრო მეტი ძალისხმევით მოიპოვოს და შეკრიბოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას, რათა, ერთი მხრივ, წარდგენილი ბრალდების დასაბუთებულობა არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე და, მეორე მხრივ, არ გამოიწვიოს დაზარალებულთა მეორეული ვიქტიმიზაცია და უნდობლობა არსებული სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანობისადმი, არ იწვევდეს დაუსჯელობის განცდას (იხ., A. v. Croatia, no. 55164/08, § 67, ECtHR, 14/10/2010; Ž.B. v. Croatia, no. 47666/13, § 50, ECtHR, 11/07/2017; Volodina v Russia, no. 41261/17, §78, ECtHR,09/07/2019).

12. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება სხვა უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ. დ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას, კერძოდ, როგორც ზემოთაც აღინიშნა, დაზარალებულმა უარი განაცხადა საკუთარი ახლო ნათესავის, მეუღლის მ. დ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს: მოწმეები – გ. ბ–ე და ი. ბ–ე არ არიან ფაქტის თვითმხილველი, ისინი გადმოსცემენ მხოლოდ დაზარალებულისგან მიღებულ ინფორმაციას, რომელმაც სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბია, რის გამოც ისინი ასევე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, ხოლო დანაშაულის შესახებ შეტყობინებასა და შემაკავებელ ორდერში მითითებული ინფორმაცია, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში დაზარალებული არ დაკითხულა და სასამართლოსთვის არ დაუდასტურებია შემაკავებელი ორდერსა და შეტყობინებაში ასახული ინფორმაცია, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს წერილობით მტკიცებულებებში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე, რამდენადაც ვერ ხერხდება აღნიშნული გარემოებების გადამოწმება ინფორმაციის გამავრცელებელ პირველწყაროსთან - დაზარალებულთან. გარდა ამისა, დანაშაულის შესახებ შეტყობინება და შემაკავებელი ორდერი ვერ ჩაითვლება ისეთ საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობად, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს გამართლებულის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი