Facebook Twitter

საქმე # 330100122006478089

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №938აპ-23 ქ. თბილისი

დ-ი ვ., 938აპ-23 5 დეკემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. დ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. დ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ნ–მა. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს ვ. დ–ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას. ალტერნატივის სახით, იმ შემთხვევაში, თუკი საკასაციო სასამართლო არ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულის უდანაშაულობის ნაწილში, მაშინ მინიმალური სასჯელის შეფარდებას, შემდეგი ძირითადი არგუმენტებით: განაჩენი ემყარება დაზარალებულად მიჩნეული 10 წლის ბავშვის ძალზე საეჭვო, ალოგიკურ და დაუსაბუთებელ ჩვენებას; აღნიშნული არასანდო ჩვენების გარდა, არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი, თუ ირიბი მტკიცებულება, რომელიც ვ. დ–ს ბრალეულობას დაადასტურებდა; ვიდეოთვალის ჩანაწერებით, რომლებშიც ჩანს მხოლოდ პირის სილუეტი, არ დასტურდება, რომ დაზარალებულის მიერ ამოცნობილი პირი ვ. დ–ა; საქმეზე არ ჩატარებულა არც დაქტილოსკოპიური, არც ჰაბიტოსკოპიური და არც ბიოლოგიური ექსპერტიზები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადარბაზოს ბაქანზე ნახევარი საათის განმავლობაში მყოფი პირი ნამდვილად ვ. დ–ი იყო; ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანი დაზარალებული და მისი ოჯახის წევრებიც აცხადებდნენ, რომ ვ. დ–სთვის მოსამართლეს მინიმალური სასჯელი შეეფარდებინათ, მით უმეტეს, დანაშაულს არავითარი მძიმე შედეგი არ მოჰყოლია, სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელის უმაღლესი ზომა შეუფარდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 აპრილის განაჩენით ვ. დ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი – 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით და განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. დ–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.

ვ. დ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2022 წლის 26 ოქტომბრიდან.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. დ–მა ჩაიდინა: ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

ვ. დ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ü 2022 წლის 25 ოქტომბერს, დაახლოებით 18:30 საათიდან 19:00 საათამდე დროის პერიოდში, ვ. დ–სი იმყოფებოდა ქ. თ–ში, ა–ს ქუჩის N..-ში, საცხოვრებელი ბინა N..-ის კარის წინ და კარზე ხელისა და ფეხის დარტყმით აიძულებდა ბინაში მყოფ არასრულწლოვან ა. ქ–ს, გაეღო კარი.

ü 2022 წლის 25 ოქტომბერს, დაახლოებით 18:30 საათიდან 19:00 საათამდე დროის პერიოდში, ქ. თ–ში, ა–ს ქუჩის N..-ში, საცხოვრებელი ბინა N..-ის, საცხოვრებელი ბინა N..-ის კარის წინ და დაემუქრა ბინაში მყოფ არასრულწლოვან ა. ქ–ს, ქონების განადგურებით, კერძოდ, კარის დამტვრევით, რაც ა. ქ–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. დ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ნ–მა. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ვ. დ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ–ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ცვლილებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 აპრილის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

ვ. დ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და გაუერთიანდა ამავე მუხლით წარდგენილ ბრალდებას.

ვ. დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 8 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი – 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

ვ. დ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო – 2022 წლის 26 ოქტომბრიდან.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ვ. დ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: არასრულწლოვანი დაზარალებულის, ა. ქ–ს ჩვენებით, მოწმეების: ზ. ქ–ს, ქ. ქ–ს, ი. ბ–ს, ა. ბ–სა და რ. ბ–ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, არასრულწლოვან ა. ქ–სის მონაწილეობით ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობის 2022 წლის 26 ოქტომბრის ოქმით, ვ. დ–სგან ტანსაცმლის ამოღების 2022 წლის 26 ოქტომბრის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულებების – ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების გახსნისა და დათვალიერების 2022 წლის 9 ნოემბრის ოქმებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

9. უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოსაზრება, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება მხოლოდ 10 წლის დაზარალებულის საეჭვო და ძალზე არადამაჯერებელ ჩვენებას. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ დაზარალებულის ჩვენების არაგულწრფელობა, დაინტერესება, მიკერძოება, მის მიერ ფაქტის აღქმის, დამახსოვრების ან/და გადმოცემის უნარის ნაკლებობა საქმის მასალებით არ იკვეთება. არასრულწლოვან ა. ქ–ს ჩვენება დეტალური, დამაჯერებელი და თანმიმდევრულია, ამასთან იგი სრულად შეესაბამება საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს. დაზარალებულმა დაწვრილებით გადმოსცა ფაქტობრივი გარემოებები და მისი ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია.

10. ამასთან, დაზარალებულის ჩვენება სრულად დასტურდება, როგორც მისი ოჯახის წევრების – ზ. ქ–ს, ქ. ქ–სა და ი. ბ–ს ჩვენებებით, ასევე შემთხვევის ადგილზე გარკვეული პერიოდით მყოფი პირების – ა. ბ–სა და რ. ბ–ს – გამოკითხვის ოქმებით. ა. ბ–მ და რ. ბ–სმა დაადასტურეს დაზარალებულის ჩვენების ის ნაწილი, რომლის შესაბამისად, ა. ქ–ს ბინის კარის წინ ნამდვილად ნახეს კარის წინ ჩაცუცქული ახალგაზრდა მამაკაცი. ბინის კარიდან იყურებოდა მათთვის ასევე უცნობი პატარა ბიჭი, რომელმაც თქვა: – „ეს კაცი ცუდად არის და სასწრაფოს დაუძახეთო“. რ. ბ–სი მართლაც მივიდა ამ მამაკაცთან და ჰკითხა, როგორ გრძნობდა თავს, მან უპასუხა, რომ კარგად იყო და არაფერი უნდოდა. ამის შემდეგ, ახალგაზრდა მამაკაცმა ბიჭს სთხოვა სახლში შეშვება და მალე წავიდოდა. ბიჭმა კი უპასუხა, რომ ვერ შეუშვებდა, რადგან სახლში მარტო იყო.

11. ა. ქ–ის ჩვენება ასევე სრულად დასტურდება ვიდეოკამერების ჩანაწერებით, რომელშიც ჩანს ვ. დ–ს გადაადგილება სადარბაზოსა და კიბის უჯრედში. ამასთან, დაზარალებულმა ასევე მიუთითა დამნაშავის ჩაცმულობაზე და განმარტა, რომ ამ პირს ეცვა შავი „ჰუდი“ წითელი დეტალებით, რაც ასევე ასახულია ვიდეოჩანაწერებზეც, ხოლო 2022 წლის 26 ოქტომბრის ამოღების ოქმის მიხედვით, გამომძიებელმა სწორედ ასეთი „ჰუდი“ ამოიღო ვ. დ–სგან.

12. ამ მტკიცებულებების თანახმად, უტყუარად დგინდება, რომ ა. ქ–ს საცხოვრებელი ბინის კართან ნამდვილად იდგა დაზარალებულისთვის უცნობი პირი, რომელიც სხვადასხვა ხერხით, მოტყუებით, მუქარით, კარზე ბრახუნით აიძულებდა დაზარალებულს კარის გაღებას. არასრუწლოვანმა ა. ქ–მ შეძლო მისი დამახსოვრება და ამოიცნო კიდეც ფოტოსურათებით ჩატარებული ამოცნობის დროს; დაზარალებულმა მიუთითა, რომ სწორედ ვ. დ–ი იყო ის პირი, რომელიც ცდილობდა ბინაში იძულებით შესვლას. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა, სრულიად საკმარისია ვ. დ–ის ბრალელობის ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

13. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ ვ. დ–სათვის უფრო მსუბუქი სასჯელის განსაზღვრის შესახებ დაცვის მხარის მიერ მითითებულ მოტივებსაც არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. ამასთან, რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, ბრალდების მხარე საჩივარში არ უთითებს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას – მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

14. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ვ. დ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი