Facebook Twitter

საქმე # 200100121004259369

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №925აპ-23 ქ. თბილისი

ი–ი გ., 925აპ-23 5 დეკემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა სარიამ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გ. ი–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგი არგუმენტებით: სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ. ი–ს ბრალეულობა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ბიოლოგიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა მიხედვით, დგინდება, რომ გ. ი–ს კუთვნილი ავტომანქანის ფარზე აღმოჩენილია დაზარალებულ ლ. კ–ს სისხლის კვალი. აგრეთვე დადგენილია, რომ ავტომობილს დაზიანება მიღებული აქვს რაიმე რბილ საგანთან შეჯახებით, რაც გამორიცხავს გ. ი–სა და დაზარალებულების განმარტებებს, რომ თითქოსდა გ. ი–ს არცერთი დაზარალებულისათვის დაზიანება არ მიუყენებია.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ი–ს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ორი პირის მიმართ, არაერთგზის.

გ. ი–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით:

გ. ი–ი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 დეკემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.

2020 წლის 8 ნოემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბნის ტერიტორიაზე, საავტომობილო გზაზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა გ. ი–მა, ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვით ლ. კ–სს მაღალი სისწრაფით შეაჯახა თავისი მართვის ქვეშ მყოფი „BMW X5-ის“ მოდელის ავტომობილი, რის შედეგადაც, მან მიიღო მარცხენა ბარძაყის ძვლის დიაფიზის ღია დამსხვრეული მოტეხილობა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის დაზიანების მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. შემდეგ, გ. ი–ი გადმოვიდა ავტომობილიდან, გაეკიდა ლ. კ–თან მყოფ გ. ბ–ს და დანის გამოყენებით გულმკერდის წინა გვერდის კედლის არეში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა, რაც წარმოადგენს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

3. თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 დეკემბრის განაჩენით გ. ი–ი, – დაბადებული 19.. წელს, – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

გაუქმდა გ. ი–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. ი–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას, რომ გ. ი–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. პროკურორი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სეროლოგიური, გენეტიკური ექსპერტიზის 2021 წლის 12 ივლისის დასკვნაზე, რომლის თანახმად, გ. ი–ს „BMW-ს“ მოდელის ავტომანქანის ფარიდან აღებული მოწითალო ლაქა წარმოადგენს ადამიანის სისხლს და იგი ეკუთვნის ლ. კ–ს, ასევე - ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2020 წლის 4 დეკემბრის დასკვნაზე, რომლითაც ირკვევა, რომ გამოსაკვლევად წარდგენილ გ. ი–ს კუთვნილ „BMW-ს“ მოდელის ავტომობილის წინა ფარზე არსებული დაზიანება შესაძლებელია, მიყენებული იყოს მასზე რაიმე რბილი საგნის ზემოქმედებით, როგორიც შეიძლება ადამიანის სხეულიც იყოს. აღნიშნულ ექსპერტიზების დასკვნებზე დაყრდნობით, პროკურორს დადასტურებულად მიაჩნია გ. ი–ს ბრალეულობა, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს.

10. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ორივე პირმა – ლ. კ–მა და გ. ბ–მა – სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას, არ დაადასტურეს მათ მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები და სასამართლოს განუმარტეს შემდეგი, კერძოდ: გ. ბ–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2020 წლის 8 ნოემბერს გ. ი–ი არ უნახავს. ხოლო სხეულზე დაზიანებები მიიღო არა გ. ი–ს თავდასხმის, არამედ – ,,მოპედით“ მოძრაობისას, ორმოსავით არხში ჩავარდნის შედეგად. ის დაზიანებები, რომლებიც მითითებულია მის მიმართ ჩატარებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში, არხში ჩავარდნის დროს რაღაც რკინაზე დაცემამ გამოიწვია. დაზარალებულ ლ. კ–ს განმარტებით კი ირკვევა, რომ 2020 წლის 8 ნოემბერს, მას დაეჯახა თეთრი ფერის, გამვლელი ავტომანქანა და არა გ. ი–ი. მანვე მიუთითა, რომ გ. ი–ი მისი შვილის ნათლიაა და იგი რომ დასჯახებოდა, საავადმყოფოში წაიყვანდა. დაზარალებულების გარდა, გამოძიებაში მიცემული ჩვენებები, სასამართლოში ასევე არ დაადასტურეს მოწმეებმა – ნ. ლ–მა და ა. ხ–მა, რომელთა ჩვენებებით ირკვევა, რომ მათ არ იციან, თუ რა მოხდა 2020 წლის 8 ნოემბერს, ვინაიდან ისინი არ იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და, შესაბამისად, არც ავარიისა, თუ რაიმე კონფლიქტის ფაქტს შესწრებიან.

11. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, არცერთი სხვა მოწმე არ არის ფაქტის უშუალო თვითმხილველი და ისინი მიცემულ ჩვენებებში ირიბადაც ვერ უთითებენ გ. ი–ს მიერ გ. ბ–სათვის დაზიანებების მიყენებისა და ლ. კ–სზე ავტომანქანით დაჯახების ფაქტებზე.

12. ბრალდების მხარის მიერ მითითებული ექსპერტიზის დასკვნებით, მართალია, დასტურდება გ. ი–ს ავტომანქანის დაზიანების ფაქტი და, ისიც, რომ გ. ი–ს ავტომობილის ფარზე აღმოჩნდა დაზარალებულ ლ. კ–ს სისხლის კვალი, მაგრამ ზემოაღნიშნული მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ორივე დაზარალებულმა არათუ დაადასტურა, არამედ – კატეგორიულად უარყო და გამორიცხა ლ. კ–ს შემთხვევაში გ. ი–ის მიერ ავტომანქანით დაჯახების, ხოლო, გ. ბ–ს შემთხვევაში, გ. ი–ს მიერ მისი დაჭრის ფაქტი და მათ მოვლენები სრულიად სხვაგვარად განმარტეს, აღნიშნული შესაძლო დანაშაულის ჩადენის შესახებ წარმოშობს მხოლოდ ეჭვისა და ვარაუდის საფუძველს, რაც არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით. ამასთანავე, არცერთი სხვა მოწმე არ არის ფაქტის უშუალო თვითმხილველი და ვერავინ უთითებს გ. ი–სზე, როგორც დანაშაულების ჩამდენ პირზე. გარდა ამისა, ლ. კ–სმა დამატებით განმარტა, რომ მისი სისხლის კვალი გ. ი–ს ავტომანქანაზე შესაძლოა დარჩენილიყო სხვა ვითარებაში, ცხვირიდან სისხლის წამოსვლის დროს, რაც მას ხშირად ემართებოდა, ხოლო სეროლოგიური, გენეტიკური ექსპერტიზის 2021 წლის 12 ივლისის დასკვნის გამცემმა ექსპერტმა ვ. ნ–მა სასამართლოს დამატებით განუცხადა, რომ „BMW-ს“ მოდელის ავტომობილის წინა ფარზე არსებული დაზიანება შესაძლებელია, მიყენებული იყოს მასზე რაიმე რბილი საგნის ზემოქმედებით, რბილ სხეულში კი, ადამიანის გარდა, შესაძლებელია ასევე მოიაზრებოდეს საქონელი, ძაღლი და სხვა ცხოველი. ამასთან, მისი დასკვნა ამ ნაწილში კატეგორიული არ არის. გარდა ამისა, ექსპერტმა თ. ზ–მა, რომელმაც ჩაატარა დაზარალებულ გ. ბ–ს სამედიცინო ექსპერტიზა, თავის ჩვენებაში დამატებით განმარტა, რომ გ. ბ–ს დაზიანებები – მოტეხილობა და ჭრილობა, შესაძლოა თხრილში ჩავარდნის შედეგადაც მიეღო. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული ექსპერტიზის დასკვნები არ არის საკმარისი და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს გ. ი–ს ბრალეულობას, ქმნის მხოლოდ ეჭვისა და ვარაუდის საფუძველს, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „In dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი