საქმე # 170100122005638172
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№895აპ-23 ქ. თბილისი
კ–ი ს., 895აპ-23 4 დეკემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივლისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ონისე თუთისანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ონისე თუთისანმა, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ს. კ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენის გამო და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მისი ბრალეულობა, კერძოდ: დაზარალებულ ე. პ–ს მტკიცებით, 2020 წლის საარჩევნო პერიოდში, მისი პოლიტიკური საქმიანობის გამო, თავს დაესხა ს. კ–ი, რომელმაც მუშტით მიაყენა დაზიანება თვალის არეში; ვიზუალური დათვალიერების ოქმითა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით (რომლებიც დაადასტურეს სასამართლოში დაკითხულმა თ. მ–მ და ბ. მ–მ) დადგენილია, რომ ე. პ–ს მარცხენა თვალბუდის არეში ნამდვილად აღენიშნებოდა დაზიანება, სისხლნაჟღენთის სახით; დაზარალებულის ჩვენება თანხვდენილია ტელეკომპანია ,,........... ის“ სიუჟეტის დათვალიერების ოქმთან, ხოლო დანაშაულის სავარაუდო თვითმხილველი მოწმეების: ე. ხ–სა და რ. კ–ს განმარტებები არათანმიმდევრულია და მიზნად ისახავს ს. კ–ს პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ს. კ–სს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად დაედო სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. 2020 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ–ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ს. კ–მა ფიზიკურად იძალადა ე. პ–სზე, კერძოდ, მარჯვენა მუშტის დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
3. ს. კ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 აპრილის განაჩენით ს. კ–სი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
5. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ონისე თუთისანმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ს. კ–სის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენის გამო და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივლისის განაჩენით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა და არასრულფასოვნად არის შეფასებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც, თითქოსდა, ქმნიდნენ უტყუარ და საკმარის საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ამომწურავად არის მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადგინდა ს. კ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენა; სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა დაზარალებულ ე. პ–ს ჩვენება, რომელიც, არასანდო და არადამაჯერებელია, რამეთუ მისი მონათხრობი, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება ს. კ–ს ჩვენებას, ასევე – არ დასტურდება არცერთი თვითმხილველი მოწმის ჩვენებით, კერძოდ: დაზარალებულის მტკიცებით, დაპირისპირებისას ს. კ–ს უნდოდა ფიწალი დაერტყა მისთვის, თუმცა ვერ მოახერხა და მუშტი ჩაარტყა თვალში. ჩხუბის დროს მათ შორის ჩადგა ე. ხ–ი, რომელმაც, თავის მხრივ, კატეგორიულად გამორიცხა შემთხვევის დროს დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი და აღნიშნა, რომ ე. პ–ი და ს. კ–ი კამათის დროს ახლო-ახლო იდგნენ და ხელებს უშვერდნენ ერთმანეთს, რის გამოც ჩადგა მათ შორის, რათა სიტუაცია არ გამწვავებულიყო; სადავოდ გამხდარი შემთხვევის სხვა შემსწრეთაგან (რომლებიც ასევე დაიმოწმა თავის ჩვენებაში ე. პ–მა), რ. კ–მა (რომელიც დაზარალებულის ბიძაშვილია) დაადასტურა, რომ ე. პ–სა ს. კ–ს მოუწოდა ცხვრების გამო ნუ იკამათებდნენ და შინ წავიდა, ისე, რომ მათ შორის ფიზიკურ შეხლა-შემოხლას არ შესწრებია და არც არავინ გაუშველებია; აიდა კაზარიანის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც ე. პ–მა ორჯერ შეაგინა ს. კ–ს, მათ ერთმანეთს გულის პირზე ჩაავლეს ხელები და ჩხუბს აპირებდნენ, თუმცა ე. ხ–ი და რ. კ–ი ჩადგნენ მათ შორის და გააშველეს; რ. ა–ს გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ცხვრების გამორჩევის დროს ე. პ–სი იგინებოდა, ხოლო ს. კ–სი მიუთითებდა, რომ იყო სირცხვილი და სახლში წასულიყო. აქვე ხაზგასასმელია, რომ სადავოდ გამხდარი შემთხვევის უკლებლივ ყველა მოწმემ ცალსახად დაადასტურა, რომ ე. პ–სი და ს. კ–სი სოფელში დაბრუნებული ცხვრების გამორჩევის გამო დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც ხშირად ხდება მათ სოფელში დავის საგანი და არა – დაზარალებულის შესაძლო პოლიტიკური საქმიანობის გამო, რაზეც აპელირებდა დაზარალებული თავის ჩვენებაში. ყოველივე ზემოთქმულის მხედველობაში მიღებითაც, დაზარალებულ ე. პ–სათვის მიყენებული დაზიანების წარმომავლობასთან მიმართებით გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა – In dubio pro reo – პრინციპის საფუძველზე, მართებულად გადაწყვიტეს ს. კ–ს სასარგებლოდ.
10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ონისე თუთისანის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი