საქმე # 140100121004922958
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №904აპ-23 ქ. თბილისი
კ–ი ზ., 904აპ-23 5 დეკემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ–სისა და მსჯავრდებულ ქ. ჩ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების: ტ. კ–სა და თ. მ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ზ. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. გ–მა და მსჯავრდებულ ქ. ჩ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა: ტ. კ–მ და თ. მ–მ.
ü მსჯავრდებულ ზ. კ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. გ–სი საკასაციო საჩივრით მოითხოვს ზ. კ–ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას შემდეგი ძირითადი არგუმენტებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან სასამართლომ ცალმხრივად და არასწორად შეაფასა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც გახდა საფუძველი უდანაშაულო პირის – ზ. კ–ს მსჯავრდებისა და, ამასთან, მას დაუსაბუთებლად განესაზღვრა ყველაზე მკაცრი სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა; სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად არ შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, არ შეაფასა თითოეული მტკიცებულება რელევანტურობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო განაჩენი ემყარება მხოლოდ ვარაუდებს; არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ზ. კ–ს მიერ ნ. ღ–ს მკვლელობის ფაქტი, მით უფრო, მისთვის მრავლობითი დაზიანებების მიყენება თავზე, სხეულსა და კისრის მიდამოში; ზ. კ–ი საერთოდ არ ყოფილა შემთხვევის ადგილზე; სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ერთადერთი მოწმის – ქ. ჩ–ს მიერ გადმოცემული ინფორმაცია, ვინაიდან იგი არადამაჯერებელია და ეწინააღმდეგება ექსპერტიზის დასკვნებს; ნიშანდობლივია, რომ სასამართლო თვითონაც ფრაგმენტულად იზიარებს ქ. ჩ–ს მიერ გაჟღერებული ინფორმაციის ნაწილს, ხოლო ნაწილთან მიმართებით კი აცხადებს, რომ არადამაჯერებელია, რაც ნათლად მეტყველებს სასამართლოს მიკერძოებულობაზე; ზ. კ–ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ჩატარებულია საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევით, მას არ ესწრებოდა ექსპერტი; წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე არ დასტურდება ქ. ჩ–სა და ზ. კ–ს შორის სასიყვარულო ურთიერთობის არსებობის ფაქტი; დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ზ. კ–ს თითის კვალი ამოღებულ დანაზე არ აღმოჩნდა. ამასთან, სასამართლომ უყურადღებოდ დატოვა ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ქ. ჩ–ე აცხადებს, რომ ამოღებული დანა არ არის ის დანა, რომლითაც მკვლელობა მოხდა; ამავე დროს, სასამართლომ გაიზიარა ფარული ჩანაწერების მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც ზ. კ–ს საწინააღმდეგოა; გამოძიებამ არ ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, ხოლო სააპელაციო სასამართლომ შეზღუდა დაცვის უფლება, ვინაიდან დაცვის მხარეს არ მისცა საქმეზე დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებების დართვის უფლება; დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში აგრეთვე უთითებს, რომ ზ. კ–ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან ზედმეტად მკაცრია და მისი გამოყენების აუცილებლობა არ არის დასაბუთებული.
ü მსჯავრდებულ ქ. ჩ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატები: ტ. კ–ე და თ. მ–ე საკასაციო საჩივრით მოითხოვენ გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ქ. ჩ–სათვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქებას. სასამართლომ გამოიყენა მსჯავრდებულის ქმედებისათვის სრულიად არათანაზომიერი, მაქსიმალურთან მიახლოებული სასჯელი, რაც არ შეესაბამება სასჯელის მიზნებს. სასამართლომ სათანადო ყურადღება არ გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ქ. ჩ–ე, ერთი მხრივ, იყო მისი მეუღლის მხრიდან ოჯახში ძალადობის, ხოლო, მეორე მხრივ, მორიგი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, ამჯერად – ზ. კ–ს მხრიდან, რაც გამოიხატა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის კვალის დაფარვის მოთხოვნასა და მუქარაში, რის გამოც, ქ. ჩ–ე იძულებული იყო შეესრულებინა ეს მოთხოვნა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ქ. ჩ–მ აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, სასამართლომ მითითებული არ გაითვალისწინა სასჯელის დანიშვნის დროს, როდესაც ქ. ჩ–ს დაუნიშნა მაქსიმუმთან მიახლოებული სასჯელის ზომა. სასამართლომ სათანადოდ არ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ ქ. ჩ–ს ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, რომლებიც დარჩნენ მშობლების გარეშე.
2. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი ოთარ ხორგუაშვილი საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას, ვინაიდან დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 დეკემბრის განაჩენით ზ. კ–სი, – დაბადებული 1991 წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
ზ. კ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 15 მარტიდან.
გაუქმდა ზ. კ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
ამავე განაჩენით:
ქ. ჩ–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.
ქ. ჩ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 28 აპრილიდან.
გაუქმდა ქ. ჩ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
4. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. კ–მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით, ხოლო ქ. ჩ–მ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა, რაც გამოიხატა შემდეგით:
2021 წლის 13 მარტს, გამთენიისას, კ–ში, მ–ს ქუჩასთან არსებული სასაფლაოს (ე.წ. „ქ–ს“ სასაფლაო) მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ. კ–მა, შურისძიების მოტივით, ნ. ღ–ს განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის მიზნით, ყელის არეში, დანით განზრახ მიაყენა ცხრამეტი ჭრილობა და ასევე, მრავლობითი დაზიანებები მიაყენა სხეულის სხვა ადგილებშიც. მიღებული ჭრილობების გამო ნ. ღ–ი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი გვამი ნანახი იქნა 2021 წლის 14 მარტს.
2021 წლის 13 მარტს, დაახლოებით 01:00 საათზე, ზ. კ–ი მივიდა ქ. ჩ–სთან კ–ში, ს–ს ქუჩის N..-ში მდებარე სახლში, სადაც ასევე იმყოფებოდა ქ. ჩ–სის მეუღლე – ნ. ღ–სი. ზ. კ–სმა გადაწყვიტა ნ. ღ–ს სიცოცხლის მოსპობა, კერძოდ, მკვლელობისათვის ხელსაყრელი ადგილის მოძიების მიზნით, მან ნ. ღ–სი, ქ. ჩ–სის თანდასწრებით, დაახლოებით 04:00 საათზე, ჩასვა მსხვერპლის კუთვნილ ავტომანქანა ,,რენჯ როვერ სპორტში’’ და წაიყვანა კ–ში, ,,ქ–ს’’ დასახლებასთან არსებული სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე. მითითებულ ადგილზე ზ. კ–მა მოკვლის მიზნით, ნ. ღ–სს რამდენჯერმე დაარტყა დანა ყელის არეში, მიაყენა მრავლობითი ჭრილობა, რის შედეგადაც, ნ. ღ–ი ადგილზე გარდაიცვალა. დაახლოებით 06:00 საათზე, ზ. კ–ი დაბრუნდა ქ. ჩ–სთან, მის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც ქ. ჩ–მ მას ხელში დაუნახა სისხლიანი დანა. ზ. კ–სმა უამბო, რომ მოკლა ნ. ღ–ი. თავის მხრივ, ქ. ჩ–მ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოს მისი მეუღლის მკვლელობის შესახებ. მან, იმ მიზნით, რომ დაეფარა ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, გაწმინდა მანქანის სალონში არსებული ნ. ღ–ს სისხლის ლაქები, რითაც გაანადგურა დანაშაულის კვალი. იმავე დღეს, კვლავ დანაშაულის დაფარვის მიზნით, ივანე მიგრიაულს ავტომანქანა გაარეცხინა.
5. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ზ. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. გ–მა და მსჯავრდებულ ქ. ჩ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა: ტ. კ–მ და ჯ. კ–მა. მსჯავრდებულ ზ. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. გ–სმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ხოლო მსჯავრდებულ ქ. ჩ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა, ტ. კ–მ და ჯ. კ–მა – მოითხოვეს ქ. ჩ–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და კასატორებს არ მიუთითებიათ გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ზ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ–ს მოსაზრებას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, სამართლებრივად სწორად და ობიექტურად შეაფასა. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ზ. კ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: შ. კ–ს, ბ. კ–ს, მ. პ–ს, ნ. დ–ს, ზ. ტ–ს გ. ბ–ს, ვ. ა–ს, ნ. ზ–ს, თ. ჩ–ს, ნ. ო–ს, ლ. ც–ს, თ. კ–ს, ს. ტ–ს, ზ. ხ–ისა და სხვათა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნ. ღ–სის სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის 2021 წლის 5 მაისის დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის მალხაზ მაჭავარიანის ჩვენებით, ზ. კ–ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2021 წლის 29 ივლისის N....... დასკვნით, ბიოლოგიური ექსპერტიზის 2021 წლის 28 აპრილის დასკვნით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2021 წლის 29 ივლისის N........... დასკვნით, ქ. ჩ–სის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N.......... დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის ბ. ნ–მის ჩვენებით, შპს ,,მ–დან“ გამოთხოვილი ინფორმაციის (ინტერნეტტრაფიკის) დათვალიერების ოქმით, შპს ,,ტ–ს“ ბენზინ-გასამართი სადგურის, შპს ,,............ას“ ბენზინ-გასამართი სადგურისა და ,,პ.ს.პ ფარმა .........-ის“ აფთიაქისა და სსიპ „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერებით, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის 2021 წლის 29 ივლისის დასკვნით, ქ. ჩ–სა და ზ. კ–ს შორის კომპიუტერული ექსპერტიზით აღდგენილი სატელეფონო მიმოწერებით, სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შედეგად მოპოვებული ინფორმაციით, ქ. ჩ–სთან ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციითა, ამოღებული ნივთმტკიცებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
11. მსჯავრდებულ ზ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ–ს განმარტება, რომ მსჯავრდებულს დანაშაულთან არანაირი კავშირი არ აქვს, რომ მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იარაღი არ წარმოადგენს დანაშაულის ჩადენის იარაღს, მასა და ქ. ჩ–ს შორის სასიყვარულო ურთიერთობა გამოგონილია და რეალობას არ შეესაბამება, საფუძველს მოკლებულია, რადგან საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება საპირისპირო, კერძოდ:
12. ის გარემოება, რომ ზ. კ–ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული დანა წარმოადგენს დანაშაულის იარაღს, დასტურდება მასზე ჩატარებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვით, დანის პირზე არსებული სისხლის ლაქები ეკუთვნის ნ. ღ–ს. დაცვის მხარე ამ ნაწილში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაზე (რომლის მიხედვით, აღნიშნულ დანაზე ხელის თითის კვლები დვრილოვანი ხაზების სახით არ აღმოჩნდა), აგრეთვე, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის კანონიერებაზე და მიაჩნია, რომ საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევით. მითითებულ მოსაზრებებთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს: დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის გამცემმა ექსპერტმა ბ. ნ–მემ მოწმის სახით მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ წარმოდგენილ დანაზე ხელის კვალი არ დარჩებოდა მისი ზედაპირის გამო; რაც შეეხება ჩხრეკის ოქმის კანონიერების საკითხს, საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მტკიცებულებათა მოპოვებისას (მათ შორის – ზ. კ–ს სახლის ჩხრეკისას), სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევები არ იკვეთება, საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარებულია კანონშესაბამისად, რის გამოც არ არსებობს მათი გაუზიარებლობის საფუძველი; აღსანიშნავია, რომ ზ. კ–ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლებმა დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების საფუძველი, პროცედურები და მიმდინარეობა. ჩხრეკის ოქმი შედგენილია სრულყოფილად და ხელმოწერილია მასში მონაწილე ყველა პირის, მათ შორის ზ. კ–ს მამის – შ. კ–ის მიერ, რომელიც ესწრებოდა ჩხრეკას. ჩხრეკის ოქმს გაეცნო შ. კ–ი და მას რაიმე სახის პრეტენზია, ან შენიშვნა არ გამოუთქვამს, ხოლო ექსპერტის სავალდებულო მონაწილეობა ისეთ საგამოძიებო მოქმედებაში, როგორიც არის ჩხრეკა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, არ არის სავალდებულო; ჩხრეკის ოქმითა და ასევე მასში მონაწილე პირთა ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ დანა ამოღების შემდეგ დაილუქა კანონით დადგენილი წესით. ამასთან, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სამართალდამცველი პირების დაინტერესებას და სუბიექტურ დამოკიდებულებას ზ. კ–ს მიმართ.
13. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა (მაგალითისთვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №96აპ-17), რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა არ აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანად აღებული რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და გაანალიზების შედეგად, როგორც უკვე აღინიშნა, არ არსებობს პოლიციელთა ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევისა და არგაზიარების სამართლებრივი საფუძველი.
14. ის ფაქტი, რომ ქ. ჩ–სა და მსჯავრდებულს შორის სასიყვარულო ურთიერთობა სინამდვილეს შეესაბამება, დგინდება ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის შესაბამისად, ნ. ღ–სა და ქ. ჩ–ს საძინებელ ოთახში მდგარი საწოლიდან ამოღებულ ზეწარსა და ამავე საწოლიდან ამოღებულ ზოლებიან შალითაზე არსებული ბიომასალის გენეტიკურ პროფილში ვლინდება ზ. კ–ს გენეტიკური თანამონაწილეობა. გარდა ამისა – ნიშანდობლივია ქ. ჩ–სა და ზ. კ–ს შორის კომპიუტერული ექსპერტიზით აღდგენილი სატელეფონო მიმოწერების შინაარსი, რომლის ადრესატიც არის მსჯავრდებული და იგი სასიყვარულო შინაარსისაა. გარდა აღნიშნულისა, საქმეში წარმოდგენილია 2021 წლის 19 მარტის სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, საუბრობენ ქ. ჩ–სე და ,,ლ–ა“. საუბრის დროს ქ–მ თანამოსაუბრეს გაუმხილა მასა და ზ. კ–სს შორის არსებული სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. ქ–მ თანამოსაუბრეს ასევე დაწვრილებით უამბო ზ. კ–ს მიერ ნ. ღ–სის მკვლელობის დეტალები.
15. ის გარემოება, რომ ზ. კ–სი დანაშაულის ჩადენის დღეს ნამდვილად იმყოფებოდა ნ. ხ–სის სახლსა და დანაშაულის შემთხვევის ადგილზე, ქ. ჩ–სთან ჩატარებული არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედებისა და საგამოძიებო მოქმედების გარდა (მათ შორის – ქ. ჩ–მ ,,ლ–სთან“ და აგრეთვე სხვა ქალბატონთან სატელეფონო საუბრებში, რომელიც ასევე მოპოვებულია სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შედეგად, დაწვრილებით აღწერა ზ. კ–სის მათ სახლში ყოფნისა და მის მიერ აწგარდაცვლილის სახლიდან ავტომანქანა ,,რენჯ როვერით“ გაყვანის ფაქტი და მას შემდეგ განვითარებული მოვლენები, რაც ასევე ასახულია ქ. ჩ–სის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში), დამატებით დადგენილია გამოძიების მიერ მოპოვებული სატელეფონო ანძების ცნობითაც, კერძოდ, ირკვევა, რომ ზ. კ–სი ნ. ღ–სის მკვლელობის პერიოდში გადაადგილებოდა, მოკლულის საცხოვრებლისა და ე.წ ,,ქ–ს“ სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიასთან, ანუ სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც მოკლული იპოვეს.
16. ამასთან, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნით, ირკვევა, რომ ნ. ღ–სის კუთვნილი ავტომობილის ,,რენჯ როვერ სპორტის“ პედლებისა და ფეხის დასადების ქეჩიდან აღებული ნიადაგის მასა, ემთხვევა შემთხვევის ადგილიდან აღებულ ნიადაგის ნიმუშს. ამოღებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებითა და მოწმის ჩვენებით დგინდება, რომ 2021 წლის 13 მარტის დილას, ზ. კ–სი ნ. ღ–სის კუთვნილ ავტომანქანა ,,რენჯ როვერ სპორტიდან“ კვალის წაშლის მიზნით, რეცხავს მას.
17. სატელეფონო საუბრებში ქ–მ ასევე აღნიშნა, რომ ზ. კ–სმა ნ. ღ–ს მკვლელობის შემდეგ, „რენჯ როვერ სპორტის“ მოდელის ავტომანქანა თვითონ წაიყვანა გასარეცხად, ხოლო როდესაც უკან მიიყვანა, მას სთხოვა ჩამჯდარიყო და ენახა სისხლის კვალი ხომ არ იყო მანქანაში. დადებით შემთხვევაში სველი ხელსახოცი ეყიდა და გაეწმინდა. ქეთევანს საჭის მხარის გარდა, სისხლი სხვაგან არ შეუმჩნევია. ქ. ჩ–ს განმარტებით, იმ ადგილას, სადაც ლაქები იყო, ხელსახოცი წაუსვა, თუმცა არ გაიწმინდა. ამის შემდეგ ზ–მ უთხრა, რომ გაერეცხინებინა მანქანა, შიგნიდანაც, რომ სადმე სისხლის კვალი არ დარჩენილიყო. ქ. ჩ–ს მიერ აფთიაქში სველი ხელსახოცის შეძენის ფაქტი, დამატებით დასტურდება შპს „ბ–ს“ აფთიაქიდან გამოთხოვილი შიდა და გარე სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმებითა და მოწმე დ. ბ–ის ჩვენებით. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია ის გარემოებაც, რომ 2021 წლის 13 მარტს ქ–მ ნ. ღ–ს კუთვნილი ავტომანქანა გასარეცხად გაატანა ივანე მიგრიაულს.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებული და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, სრულად გამოირიცხება მსჯავრდებულ ზ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ–ს მოსაზრება მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ.
19. ადვოკატი დ. გ–ი საკასაციო საჩივარში ასევე უთითებს, რომ გამოძიებამ არ ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, ხოლო სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს უსაფუძვლოდ შეუზღუდა დაცვის უფლება, ვინაიდან არ დაუშვა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულება, რასთან დაკავშირებითაც საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის საფუძველზე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე; მხარეს უფლება აქვს, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სწორედაც რომ მხარეთა კომპეტენციაა მტკიცებულებათა მოპოვება და წარმოდგენა. ვერავინ დაავალდებულებს მხარეს, მოიპოვოს და წარადგინოს ესა თუ ის მტკიცებულება. განხილულ სისხლის სამართლის საქმეში მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პირობებში, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს სრული შესაძლებლობა ჰქონდათ, წარმოედგინათ თავიანთი მტკიცებულებები, მონაწილეობა მიეღოთ მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაში და ჯეროვნად დაეცვათ თავიანთი პოზიციები. დაცვის მხარე უზრუნველყოფილი იყო მტკიცებულებათა წარდგენისა და საქმის გარემოებებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირების შესაძლებლობით; ასევე მთელი სამართალწარმოების პროცესში საშუალება ჰქონდა ედავა მტკიცებულებების ავთენტურობაზე, დასაშვებობაზე და მონაწილეობა მიეღო მათ გამოკვლევაში, დაეკითხა მოწმეები; მოცემული საქმის წარმოებისას როგორც გამოძიებაში, ისე სასამართლოში დაცვის მხარისათვის სრულად იყო უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლით გარანტირებული – საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.
20. რაც შეეხება მსჯავრდებულ ზ. კ–სათვის შეფარდებულ სასჯელს, დაცვის მხარე მოითხოვს უვადო თავისუფლების აღკვეთის ვადიანით შეცვლას, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია და არ არის მიზანშეწონილი მისი შემსუბუქება. სასჯელის შეფარდებისას ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სრულად შეაფასეს სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, კერძოდ, ზ. კ–ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი (ჩადენილია სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების მატარებელია), დანაშაულის ჩადენის სახე და ხერხი (ნ. ღ–სათვის სიცოცხლეშივე, დანის გამოყენებით, განსაკუთრებული სისასტიკით, მრავლობითი (ცხრამეტი) ჭრილობების მიყენება ყელისა და თავის არეში, ასევე, სხეულის სხვადასხვა არეში არაერთი ნაჭდევების (ნაკაწრების) არსებობა), ზ. კ–ს ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება (მისი მტკიცე სურვილი, მისწრაფება თავისი უახლოესი მეგობარი მოეკლა ტანჯვით, განსაკუთრებული სისასტიკით), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი (შურისძიება/განსაკუთრებული სისასტიკით მოეკლა ნ. ღ–ი და შესაძლებლობა დაუბრკოლებლად ჰქონოდა სასიყვარულო ურთიერთობა მის მიერვე მოკლულის ცოლთან – ქ. ჩ–სთან), ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – დაზარალებულთან შერიგების მისწრაფება (დანაშაულის ჩადენის შემდეგ მსჯავრდებულმა, ნ. ღ–სი მიატოვა უკაცრიელ ადგილზე, თითქმის შიშველ მდგომარეობაში, შემდეგ მივიდა მის მიერვე მოკლული ნ. ღ–ს საცხოვრებელ სახლში და მის ცოლთან ერთად, რომელთანაც იმავდროულად ჰქონდა ფარული სასიყვარულო ურთიერთობა, გაათია ღამე, შემდეგ დაფარა დანაშაულის კვალი და იმავეს გაკეთება მოსთხოვა ქ. ჩ–საც, ამასთან, არ გამოუხატავს არანაირი სინანული, პირიქით, განწყობილი იყო მეტი აგრესიით), პირადი და ეკონომიკური პირობები და სხვა. სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა ზ. კ–ს არაეთიკურ და აგრესიულ ქცევაზე სასამართლო განხილვის დროს, ასევე დაზარალებულის უფლებამონაცვლის მკაცრ და შეურიგებელ პოზიციაზე მსჯავრდებულის მიმართ.
21. სააპელაციო პალატამ დამატებით ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ რაიმე ისეთი შემამსუბუქებელი გარემოება, რაც საფუძველი გახდებოდა ზ. კ–სათვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქების, სასამართლოში არ წარდგენილა და ასევე განმარტა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 721-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთის გადასინჯვის წესი და ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილი უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელებით (საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით) შეცვლის წესი, რომელთა თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი მსჯავრდებული დააკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ ყველა პირობას და სამომავლოდ დაარწმუნებს სასამართლოს, რომ იმსახურებს შეღავათს, მას შესაძლებლობა ექნება თავისუფლების აღკვეთის ფაქტობრივად მოხდიდან 15 წლის შემდეგ დატოვოს საპატიმრო და სასჯელი შეეცვალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით, ხოლო თუ ამ შესაძლებლობას ვერ გამოიყენებს, 20 წლის შემდეგ მას კიდევ ექნება საშუალება, მოითხოვოს სასჯელის სახის შეცვლა და გათავისუფლება, რაც მთლიანად დამოკიდებული იქნება მის ყოფაქცევასა და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულ ზ. კ–სათვის შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე – მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს; იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორებიცაა: ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
23. სააპელაციო სასამართლოს განაჩენს სასჯელის ნაწილში ასაჩივრებენ მსჯავრდებულ ქ. ჩ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატებიც: ტ. კ–ე და თ. მ–ე, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ქ. ჩ–ს მიმართ შეფარდებული სასჯელი არის შეუსაბამო მსჯავრდებულის პიროვნებისა და მისი პასუხისმგებლობის არაერთი შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, რასაც საკასაციო სასამართლო აგრეთვე ვერ გაიზიარებს.
24. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მხედველობაში მიიღეს ის გარემოება, რომ ქ. ჩ–სის მიერ ჩადენილი დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით, განეკუთვნება განზრახ მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რომლის ჩადენისთვისაც კანონმდებლის მიერ სასჯელის სახედ უალტერნატივოდ გათვალისწინებულია მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა ორიდან ექვს წლამდე ვადით. სასამართლოებმა ქ. ჩ–სათვის სასჯელის შეფარდებისას გაითვალისწინეს, დანაშაულის აღიარება, მონანიება და გამოძიებასთან თანამშრომლობა, მაგრამ მართებულად მიიჩნიეს, რომ იგი არ იყო ბოლომდე გულწრფელი. გარდა ამისა, სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქ. ჩ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათზე, სპეციფიკასა და საზოგადოებრივ საშიშროებაზე, რაც გამოიხატა იმით, რომ მან აქტიური ქმედებებით დაფარა საკუთარი მეუღლისა და შვილების მამის მკვლელობა, ზ. კ–ს უფლება მისცა, მკვლელობის შემდეგ, ღამე, გაეთენებინა გარდაცვლილის სახლში , სადაც ასევე იმყოფებოდნენ ქ. ჩ–სა და ნ. ღ–ს არასრულწლოვანი შვილები, თვითონვე წაშალა დანაშაულის კვალი და თვალთმაქცურად ეძებდა მეუღლეს – ნ. ღ–ს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ დაცვის მხარის მოსაზრება, თითქოსდა ქ. ჩ–სის ქმედებები განპირობებული იყო ზ. კ–საგან მომდინარე საფრთხის თავიდან ასარიდებლად, არადამაჯერებელია, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი ინფორმაციით იკვეთება ქ. ჩ–სის მისწრაფება, რომ დაეცვა ზ. კ–ი და მისთვის აერიდებინა მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს განესაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, რის გამოც მისი შეცვლის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.
25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რომლებზეც საკასაციო საჩივრებში ამახვილებენ ყურადღებას კასატორები და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის ან გაუქმების საფუძველი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივრებში არ უთითებს.
26. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
28. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ზ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ–სა და მსჯავრდებულ ქ. ჩ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების: ტ. კ–სა და თ. მ–ს საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი