Facebook Twitter

საქმე N 330100122005814881

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №971აპ-23 ქ. თბილისი

კ–ე მ., 971აპ-23 4 დეკემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივნისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა კაპანაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ანა კაპანაძემ, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლას სასჯელის დამძიმების კუთხით და მ. კ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი უსამართლოა, რადგან არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, რის გამოც, ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ჩადენილი ქმედებების უკიდურესად მაღალი საზოგადოებრივი საშიშროება და, მათი ძალადობრივი ხასიათისა და გავრცელების მასშტაბის გათვალისწინებით, მ. კ–ს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების რეალური საფრთხე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 აპრილის განაჩენით მ. კ–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 8 აპრილის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 9 აპრილის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და,

საბოლოოდ, მ. კ–ს მიესაჯა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 2 წელი.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ მ. კ–მ ჩაიდინა: გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება – ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება (ორი ეპიზოდი); გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგით:

3.1. 2022 წლის 8 აპრილს, დაახლოებით, 00:10 საათზე, ქალაქ თ–ში, ..........ის გამზირის №..-ში მდებარე რესტორან ,,............ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. კ–ე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეს, ლ. გ–ს, ურთიერთშელაპარაკების დროს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იმის გამო, რომ ქალს, თითქოსდა, არ აქვს სხვა მამაკაცთან ურთიერთობის უფლება, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3.2. 2022 წლის 9 აპრილს, დაახლოებით, 00:15 საათზე, ქალაქ თ–ში, ...........ის გამზირის №.....-ში მდებარე რესტორან ,,...........ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. კ–მ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეს, ლ. გ–ს, ურთიერთშელაპარაკების დროს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იმის გამო, რომ ქალს, თითქოსდა, არ აქვს სხვა მამაკაცთან ურთიერთობის უფლება, უკანონოდ შეუზღუდა ქმედების თავისუფლება, კერძოდ, აიძულა იგი, რომ მასთან გაეგრძელებინა თანაცხოვრება.

3.3. 2022 წლის 10 აპრილს, დაახლოებით, 00:10 საათზე, ქალაქ თ–ში, ...........ის გამზირის №.....-ში მდებარე რესტორან ,,...........ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. კ–ე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეს, ლ. გ–ს, ურთიერთშელაპარაკების დროს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იმის გამო, რომ ქალს, თითქოსდა, არ აქვს სხვა მამაკაცთან ურთიერთობის უფლება, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3.4. 2022 წლის 11 აპრილს, დაახლოებით, 21:00 საათზე, ქალაქ თ–ში, ზ–ს დასახლების, მე-.. მიკრორაიონის, მე-..კვარტალში მდებარე ,,ა–ს“ ქარხნის შენობის მე-.. სართულზე, მ. კ–მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეს, ლ. გ–ს, ურთიერთშელაპარაკების დროს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იმის გამო, რომ ქალს, თითქოსდა, არ აქვს სხვა მამაკაცთან ურთიერთობის უფლება, შეუზღუდა ქმედების თავისუფლება, კერძოდ, აიძულა იგი, რომ შერიგებოდა და გაეგრძელებინა მასთან თანაცხოვრება.

3.5. 2022 წლის 12 აპრილს ლ. გ–ს მოთხოვნის საფუძველზე, მისი ყოფილი მეუღლის, მ. კ–ს მიმართ, 30 დღით გამოიცა შემაკავებელი ორდერი №......., რომლის საფუძველზე, მ. კ–ს განესაზღვრა მოძალადის სტატუსი და აეკრძალა მსხვერპლთან, ლ. გ–სესთან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა. ასევე, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის ტელეფონის გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ მ. კ–ე გაფრთხილებული იყო შემაკავებელი ორდერის დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, მან დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, იმავე დღეს – 2022 წლის 12 აპრილს, დაახლოებით, 15:22 საათზე, დაურეკა ლ. გ–ს მობილურ ტელეფონზე და მოსთხოვა პოლიციიდან განცხადების გახმობა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ანა კაპანაძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის დამძიმების კუთხით და მ. კ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად, მოცემულ საქმეზე, სავარაუდოა, მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. ბრალდების მხარის მიერ სადავოდ გამხდარ სასჯელთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისებრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).

10. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას; დაზარალებულთან შერიგებულია) და დამამძიმებელი (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივითა და ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულების ჩადენა) გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და ამავე კოდექსის 531-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილი წესის (დანაშაულის გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივითა და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენის შემთხვევაში ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას) შესაბამისად, მ. კ–ს განუსაზღვრა კანონიერი სასჯელი, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული აუცილებელი წინაპირობების (ჩადენილია განზრახი, ნაკლებად მძიმე დანაშაულები; მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულებს; იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა) მხედველობაში მიღებით, ჩაუთვალა პირობით მსჯავრად, რომლის გამკაცრება, იმის გათვალისწინებით, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი მინიმალიზირებულია, რამეთუ მსჯავრდებული და დაზარალებული არიან ყოფილი მეუღლეები, რომლებიც ერთად აღარ თანაცხოვრებენ და მათ შორის კონფლიქი ამოწურულია, მოცემულ შემთხვევაში არ არის აუცილებელი.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა კაპანაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი