საქმე # 330100121004751213
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№968აპ-23 ქ. თბილისი
მ–ი მ., 968აპ-23 1 დეკემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ქომოშვილმა, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლასა და მ. მ–სათვის სასჯელის მაქსიმალური ვადით განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მსგავს დანაშაულთან მიმართებით სახელმწიფოს შემწყნარებლური დამოკიდებულება, რაც სამართლიანი და ადეკვატური სასჯელის გამოუყენებლობაში გამოიხატება, გაუმართლებელია და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის პრევენციულ მიზანს; კასატორი მიიჩნევს, რომ დანაშაულის ხასიათის მხედველობაში მიღებით, როდესაც ქმედება ჩადენილია მცირეწლოვანი ბავშვის მიმართ, სასამართლოს მიერ გამოყენებული სასჯელი ვერ იმოქმედებს მსჯავრდებულზე იმგვარად, რომ იგი განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით და არ იქნება ეფექტური შემაკავებელ მექანიზმი ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 თებერვლის განაჩენით მ. მ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 20 აპრილის ეპიზოდი) – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 22 აპრილის ეპიზოდი) – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 22 აპრილის ეპიზოდი) შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 20 აპრილის ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელი და, საბოლოოდ, მ. მ–ის მიესაჯა – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალა პირობითად, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 1 წელი.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ მ. მ–მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგით:
3.1. 2021 წლის 20 აპრილს, 13:00 საათზე, თ–ში, მ–ს გამზირი, მე-.. კვარტალი, მე-.. კორპუსის მიმდებარედ არსებულ №...-ე ბაგა-ბაღში, აღმზრდელმა, მ. მ–იმა, ბაღის აღსაზრდელს, 2 წლის – დ.დ. კ–ს მოქაჩა თმა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3.2. 2021 წლის 22 აპრილს, 13:19 საათზე, თ–ში, მ–ს გამზირი, მე-.. კვარტალი, მე-.. კორპუსის მიმდებარედ არსებულ №..-ე ბაგა-ბაღში, აღმზრდელმა, მ. მ–მა, ბაღის აღსაზრდელს, 2 წლის – დ.დ. კ–ს დუნდულის არეში დაარტყა ხელი, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ქომოშვილმა, რომელიც ითხოვდა გადაწყვეტილების შეცვლასა და მ. მ–სათვის სასჯელის გამკაცრებას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 თებერვლის განაჩენი შეიცვალა; მ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 20 აპრილის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალა პირობითად. მასვე, 3 წლით ჩამოერთვა არასრულწლოვანთა მოვლა-აღზრდასთან დაკავშირებული საქმიანობის (როგორც ანაზღაურებადი, ისე ანაზღაურების გარეშე) უფლება; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 22 აპრილის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალა პირობითად. მასვე, 3 წლით ჩამოერთვა არასრულწლოვანთა მოვლა-აღზრდასთან დაკავშირებული საქმიანობის (როგორც ანაზღაურებადი, ისე ანაზღაურების გარეშე) უფლება; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 22 აპრილის ეპიზოდი) შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 20 აპრილის ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელი და, საბოლოოდ, მ. მ–ის მიესაჯა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალა პირობითად, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 2 წელი. მასვე, 3 წლით ჩამოერთვა არასრულწლოვანთა მოვლა-აღზრდასთან დაკავშირებული საქმიანობის (როგორც ანაზღაურებადი, ისე ანაზღაურების გარეშე) უფლება.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მხარის არგუმენტები და დაუმძიმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი მ. მ–ის. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და დანაშაულის ადგილის, მისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენისა და საბავშვო ბაღში აღმზრდელის მიერ აღსაზრდელის მიმართ გამოვლენილი ძალადობის შედეგის (რაც, როგორც წესი, ბევრად მძიმეა, ვიდრე სრულწლოვნის შემთხვევაში) მხედველობაში მიღებით, მ. მ–ის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული აუცილებელი წინაპირობების (ჩადენილია განზრახი, ნაკლებად მძიმე დანაშაულები; მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს; იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა) შესაბამისად, ჩაუთვალა პირობით მსჯავრად, რომლის კიდევ უფრო გამკაცრება, იქიდან გამომდინარე, რომ, ერთი მხრივ, არასრულწლოვნის მიმართ დანაშაულის ჩადენა, რაზეც აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, მ. მ–ს მიმართ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია და სასჯელის გამკაცრებას ვერ დაედება საფუძვლად, ხოლო, მეორე მხრივ, დანაშაულის განმეორების შესაძლო რისკი სასამართლოს მიერ დადგენილი 2-წლიანი გამოსაცდელი ვადითა და არასრულწლოვანთა მოვლა-აღზრდასთან დაკავშირებული საქმიანობის უფლების 3-წლიანი აკრძალვით არის დაზღვეული, არ არის აუცილებელი.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი