Facebook Twitter

საქმე N 160100122006156336

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1065აპ-23 ქ. თბილისი

მ–ი ა., 1065აპ-23 1 დეკემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აგვისტოს განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აგვისტოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ, რომელიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ა. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ქ. ხ–მ სასამართლოს არ მისცა ჩვენება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება ა. მ–ს ბრალეულობა, კერძოდ, დაზარალებულის სხეულზე არსებლი დაზიანებების დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმის, ს. ფ–ს, თანდასწრებით დათვალიერდა ქ. მ–ს სხეული და დაზიანების კვალი არ გამოვლენილა, თუმცა დაზარალებულის განმარტებით, მეუღლემ ჯერ სახეში გაარტყა ხელი, შემდეგ მუშტებით სცემა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით; სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პაციენტის ბარათის მიხედვით, დაზარალებული უჩიოდა ძლიერ ტკივილს, რადგან, მისი გადმოცემით, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა; საგამოძიებო ექსპერიმენტის (ვითარების აღდგენის) ოქმით დასტურდება, რომ საგამოძიებო მოქმედების დროს, დაზარალებულმა მიუთითა ადგილებზე, სადაც ა. მ–ი ემუქრებოდა და ძალადობდა მასზე.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. მ–ს, – დაბადებულს 19... წელს, – ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. 2022 წლის 26 ივლისს, დაახლოებით, 21:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ–ში მდებარე ა. მ–ს ოჯახის საცხოვრებელ სახლში, ტელეფონში არსებული ინფორმაციის დაუკითხავად ნახვის გამო გაღიზიანებულმა ა. მ–მა, მარჯვენა ხელი ძლიერად გაარტყა სახეში, შემდეგ კი ორჯერ ჩაარტყა მუშტი თავში მეუღლეს, ქ. მ–ს, რომელმაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2.2. 2022 წლის 26 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ–ში მდებარე ა. მ–ს ოჯახის საცხოვრებელ სახლში, ტელეფონში არსებული ინფორმაციის დაუკითხავად ნახვის გამო გაღიზიანებული ა. მ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, ქ. მ–ს, რაც დაზარალებულმა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ა. მ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.

4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 5 ივნისის განაჩენით ა. მ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.

5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 5 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ა. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აგვისტოს განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 5 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენი, რომელშიც ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა ა. მ–ს მიერსაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, კანონიერი და დასაბუთებულია. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. მ–სათვის ბრალადშერაცხილი ქმედებების შესაძლო თვითმხილველთაგან – ა. მ–მა თავი დამნაშავედ არ ცნო; დაზარალებულმა ქ. მ–მ სასამართლოს არ მისცეს ჩვენება თავისი მეუღლის – ა. მ–ს წინააღმდეგ და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის, ისევე, როგორც – საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის (რომელიც, თავის მხრივ, არსებითად მოწმის მიერ გამოკითხვისას მიცემული ჩვენების შინაარსის შემცველია), გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ხოლო მოწმეების: ლ. აზ–სა და ს. ფ–ს ჩვენებები, ქ. მ–ზე ძალადობასთან მიმართებით, ირიბია და ვერ დაედება საფუძვლად ა. მ–ს მსჯავრდებას; დაზარალებულის სხეულის ვიზუალური დათვალიერების ოქმის მიხედვით, რომელზეც ასევე აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, ქ. მ–ს სხეულზე რაიმე სახის დაზიანება არ გამოვლენია, ხოლო ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიერ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შემაკავებელი ორდერის ოქმით განსაზღვრული რისკების შეფასების კითხვარის საფუძველზე, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად გამოცემული შემაკავებელი ორდერი ვერ ქმნიან მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისია ა. მ–სის ბრალეულობის უტყუარად დასადასტურებლად.

10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი