საქმე N 190100122006497476
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №807აპ-23 26 დეკემბერი, 2023 წელი
მ–ი კ., 807აპ-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა, ხატია გოგრიჭიანმა, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და კ. მ–სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, პირობითი მსჯავრის გამოყენების გარეშე, ვინაიდან მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, ჩადენილი ქმედების ხასიათსა და მის საშიშროებას, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მსჯავრდებული ცდილობს, აანაზღაუროს ზიანი. იმ დროს, როდესაც მსჯავრდებულის ქმედების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი შეადგენს – 100000 ლარზე მეტს, სასჯელის სახით 3000-ლარიანი ჯარიმის გამოყენება არათუ ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, არამედ შესაძლოა, წაახალისოს ახალი დანაშაულის ჩადენა.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 დეკემბრის განაჩენით კ. მ–ი, – დაბადებული 19.. წლის 8 ივნისს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – ჯარიმა – 3000 ლარი.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ კ. მ–მა ჩაიდინა დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება, რაც გამოიხატა შემდეგით:
3.1. 2016 წლის 3 ნოემბერს დარეგისტრირდა შპს „რ–ი“, რომლის საქმიანობის სფეროა – სანტექნიკური მოწყობილობებით საბითუმო ვაჭრობა. საწარმოს დირექტორი და დამფუძნებელია კ. მ–ი.
3.2. 2019 წლის 25 დეკემბერს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №........ ბრძანება შპს „რ–სის“ (ს/ნ ........) სრული კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა – 2016 წლის 3 ნოემბრიდან 2019 წლის 1 მაისამდე პერიოდი.
3.3. აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 16 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით, 2019 წლის 25 დეკემბრის №......... საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, შპს „რ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 182,017 ლარი, მათ შორის, ძირითადი – 114,458 ლარი, ხოლო ჯარიმა – 67562 ლარი. ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნას გადამხდელი გაეცნო ,,rs.ge-ზე“ 2020 წლის 14 იანვარს და გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტსა და ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში, თუმცა შპს „რ–ის“ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
3.4. შპს „რ–ს“ საგადასახადო მოთხოვნა სასამართლოში არ გაუსაჩივრებია და მასთან არც საგადასახადო შეთანხმება გაფორმებულა.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა, ხატია გოგრიჭიანმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას სასჯელის დამძიმების კუთხით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად, მოცემულ საქმეზე, სავარაუდოა, მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. კასატორის მიერ სადავოდ გამხდარ სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისებრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ, ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში სასჯელის დამძიმების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებული გარემოება – მსჯავრდებული არ ცდილობს აანაზღაუროს ზიანი (რაზეც კასატორი ასევე აპელირებს თავის საკასაციო საჩივარშიც), რაც, თითქოსდა, უარყოფითად ახასიათებს კ. მ–ს პიროვნულად და, შესაბამისად, ამძიმებს მის პასუხისმგებლობას. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ მსჯავრდებულის მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი ან/და შეურიგდეს დაზარალებულს, წამახალისებელი ნორმებია, რაც შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემსუბუქებისას და არასწორია საპირისპიროს პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა.
11. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, კ. მ–ს ჩადენილი დანაშაულის – დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების – სანქციით გათვალისწინებული სასჯელი – ჯარიმა – დააკისრა, რომლის თავისუფლების აღკვეთით შეცვლა, იქიდან გამომდინარე, რომ კ. მ–ს განზრახი ქმედებით სახელმწიფოს მიადგა – 114,458 ლარის ზიანი, როდესაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მიზნებისათვის დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც გადასახდელი გადასახადის თანხა აღემატება 100000 ლარს, ხოლო დაზარალებულისათვის დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება კანონმდებლობით არის გარანტურებული, სასჯელის მიზნების – სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის – მისაღწევად, მოცემულ შემთხვევაში არ არის აუცილებელი.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი