საქმე N 160100122005596287
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№953აპ-23 ქ. თბილისი
ნ–ი ა., 953აპ-23 1 დეკემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ნ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ნ–ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ნ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ნ–მ, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლასა და ა. ნ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიენიჭა, რამეთუ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაციისათვის, გარდა დაზარალებულისათვის სახეზე მიყენებული წარუშლელი დაზიანებისა, რასაც არც კასატორი უარყოფს, აუცილებელია, რომ იგი ასევე ამახინჯებდეს სახეს, რაც, კასატორის მტკიცებით, განსახილველ შემთხვევაში არ არის გამოკვეთილი.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით ა. ნ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ ა. ნ–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება, რაც გამოიხატა შემდეგით:
3.1. 2022 წლის 2 მარტს, დაახლოებით, 16:30 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სადახლოს სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმდებარედ, ა. ნ–მა მგზავრის გადაყვანასთან დაკავშირებით წამოჭრილი კონფლიქტის დროს, რ. ი–ს საკანცელარიო დანის გამოყენებით, სახის მარცხენა არეში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის სახის წარუშლელი დამახინჯება.
4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ნ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო. მ–მა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ა. ნ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალა სასჯელის შემსუბუქების კუთხით; ა. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის ქმედება სამართლებრივად არასწორად შეაფასა და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა ა. ნ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი აშკარა და დამაჯერებელი სამხილებიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას წარდგენილი კვალიფიკაციით მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
9. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის სადავოდ არ გამხდარა, 2022 წლის 2 მარტს, დაახლოებით, 16:30 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტში არსებული ს–ს სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმდებარედ, ა. ნ–სის მიერ რ. ი–სათვის საკანცელარიო დანის გამოყენებით სახის მარცხენა არეში ნაკვეთი ჭრილობის მიყენება.
10. მხარეებს შორის საკამათო საგანს წარმოადგენს მსჯავრდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასება, რამეთუ ბრალდების მხარე ა. ნ–ს ედავება, რომ რ. ი–სათვის მიყენებულმა ჭრილობამ გამოიწვია დაზარალებულის სახის წარუშლელი დამახინჯება, რამაც განაპირობა მსჯავრდებულის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებით, რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება –კვალიფიკაცია, რასაც არ ეთანხმება დაცვის მხარე, რომლის მტკიცებით, ა. ნ–ს მიერ რ. ი–სათვის მიყენებულ ჭრილობას დაზარალებულის სახის წარუშლელი დამახინჯება არ გამოუწვევია და, შესაბამისად, მის ქმედებაში გამოკვეთილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის – ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების – შემადგენლობა.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: იმ ვითარებაში, როდესაც მხარეები თანხმდებიან, რომ დაზარალებულს სახეზე აქვს მიყენებული დაზიანება და იგი წარუშლელია (რაც დადგენილია საქმეზე ჩატარებული საექსპერტო კვლევებით), სადავოდ გამხდარი საკითხი – უმახინჯებს თუ არა სახეს რ. ი–ს ჭრილობის შედეგად დარჩენილი ნაწიბური – ცალსახად მიეკუთვნება სასამართლოს შეფასების საგანს, რომლის გამორკვევისას, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა, ერთი მხრივ, მართებულად შენიშნეს, რომ, დაახლოებით, 10-11 სანტიმეტრი სიგრძის წარუშლელი ჭრილობა სახეზე, ცალსახად ამახინჯებს მას, ხოლო, მეორე მხრივ, სწორად მიაქციეს ყურადღება დაზარალებულის აღქმას, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ თავს დამახინჯებულად მიიჩნევს, რის გამოც, ნაიარევის დასაფარად იძულებულია, ატაროს წვერი, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. ნ–სის მსჯავრდება მისთვის ბრალადშერაცხილი კვალიფიკაციით კანონიერია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. ნ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ნ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი