საქმე N 160100122006357807
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№996აპ-23 ქ. თბილისი
ს–ი რ., 996აპ-23 1 დეკემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ივლისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, რ. ს–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენისათვის და კანონიერი და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით – დანაშაულის შესახებ შეტყობინებითა და ვიზუალური დათვალიერების ოქმით – სარწმუნოდ დასტურდება რ. ს–ს ბრალეულობა.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ. ს–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. 2022 წლის 10 სექტემბერს, დაახლოებით 10:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ........ში მდებარე სალახოვების სახლის ეზოსა და საძინებელ ოთახში, დედასთან წაყვანის მოთხოვნით გაღიზიანებულმა რ. ს–მა, იცოდა რა მისი ასაკი, ფიზიკურად იძალადა არასრულწლოვანი შვილზე, ე. ს–ზე, კერძოდ, ფეხი ჩაარტყა თეძოს და მუცლის არეში, ხოლო ხელი – თავში, რა დროსაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ბავშვზე ძალადობის ფაქტებს შეესწრო რ. ს–ს და, ე. ს–ს არასრულწლოვანი ოჯახის წევრი, ე. ს–ა.
3. რ. ს–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით.
4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 მარტის განაჩენით რ. ს–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, რ. ს–სის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენისათვის და კანონიერი და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ივლისის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა რ. ს–სის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. მხედველობაშია მისაღები, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, სადავოდ გამხდარი შემთხვევის თვითმხილველები იყვნენ მხოლოდ გამართლებული რ. ს–სი, არასრულწლოვანი დაზარალებული ე. ს–ი და არასრულწლოვანი მოწმე ე. ს–ა, აქედან – რ. ს–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო, ხოლო არასრულწლოვანმა დაზარალებულმა, ე. ს–მა, ისევე, როგორც – არასრულწლოვანმა მოწმემ, ე. ს–ამ, სასამართლოს არ მისცეს რ. ს–ს საწინააღმდეგო ჩვენებები და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულისა და მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვებისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, რომლებზეც აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიხედვით, ლ. ფ–მ მიმართა პოლიციას და განაცხადა, რომ 10 წლის ე. ს–სი იყო მამასთან, რომელიც არ აძლევდა ბავშვს დედასთან წასვლის საშუალებას, ჩაკეტა ოთახში და სცემა მას, თუმცა საყურადღებოა, რომ ლ. ფ–მ, რომელიც რ. ს–ს მეუღლეა, არასრულწლოვანი შვილის მსგავსად, სასამართლოს არ მისცა რ. ს–ს მამხილებელი ჩვენება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ლ. ფ–მა არ არის შემთხვევის თვითმხილველი მოწმე და, მისი განმარტებების საფუძველზე, ისედაც შეუძლებელი იქნებოდა ფაქტების უტყუარად დადგენა; მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალური დათვალიერების ოქმითა და სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, ე. ს–ი შემთხვევის დღეს ნამდვილად უჩიოდა ტკივილებს თავისა და მუცლის არეში და დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა, სასამართლოში წარმოდგენილი სამხილების საფუძველზე, შეუძლებელია იმის უტყუარად მტკიცება, რომ ბავშვზე რ. ს–ი ძალადობდა. ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაადასტურა რ. ს–ს ბრალეულობა.
10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი