საქმე # 020100121004280609
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №957აპ-23 ქ. თბილისი
შ–ა ლ., 957აპ-23 12 დეკემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ილია ტორუამ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ლ. შ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგი ძირითადი მოტივებით: სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები; ლ. შ–ს დაზარალებულთან ჰქონდა შეთანხმებული მოვლენათა განვითარების უბედურ შემთხვევად წარმოჩენის ვერსია; საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე ლ. შ–ს კუთვნილმა იარაღმა სამჯერ დადასტურებულად გაისროლა, რაც გამორიცხავს ბრალდებულისა და დაზარალებულის მიერ გამოგონილი და ერთმანეთთან შეთანხმებული თავდაპირველ ვერსიას ცეცხლში საფანტის აფეთქების შესახებ; ყოველივე ზემოაღნიშნული კი მიუთითებს, რომ ლ. შ–მ განზრახ რამდენჯერმე გაისროლა კონტეინერის მიმართულებით, სადაც იმ დროს დაზარალებული ბ. ც–სა იმყოფებოდა; საქმეში არსებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერებით დადგენილია, რომ დაზარალებულ ბ. ც–ს მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები გაიღო სწორედ ლ. შ–მ, ხოლო შემთხვევის ადგილზე გასროლილი მასრა და საფანტის ფრაგმენტები ამოიღეს იქვე განთავსებული ურნიდან. ეს კი მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ ადგილზე მყოფი პირები ცდილობდნენ მტკიცებულებების გადამალვას, რეალურად მომხდარი გარემოებების დამალვის მიზნით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ. შ–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელმაც გამოიწვია მხედველობის ფუნქციის დაკარგვა, რაც სახიფათოა სიცოცხლისთვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:
2020 წლის 2 დეკემბერს, ქ. ზ–ში, გოროზიას ქ. N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის წინ არსებული კონტეინერის მიმდებარედ, ლ. შ–სამ ბ. ც–ს ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვით, ხელთ ნაქონი კუთვნილი „CUBALT-ის“ მოდელის სანადირო გლუვლულიანი თოფიდან, დადასტურებულად სამჯერ გაისროლა ბ. ც–სას მიმართულებით, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, საერთო შრომის უნარის 35%-ის მყარი დაკარგვით.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 ნოემბრის განაჩენით ლ. შ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლზე.
ლ. შ–სა, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი.
ლ. შ–ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2020 წლის 3 დეკემბრიდან იმავე წლის 9 დეკემბრის ჩათვლით), სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შეუმსუბუქდა სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა ჯარიმა – 1650 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გაუქმდა ლ. შ–სთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებულ უძრავ ქონებას, უნდა მოეხსნას ყადაღა.
აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. შ–მ ჩაიდინა გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგით:
2020 წლის 2 დეკემბერს, ქ. ზ–ში, გ–ს ქ-ის N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის წინ არსებული კონტეინერის მიმდებარედ, ლ. შ–მ კუთვნილი „CUBALT-ის“ მოდელის სანადირო გლუვლულიანი თოფიდან სამჯერ გაისროლა, რაც, მიუხედავად იმისა, რომ ლ. შ–სა არ ითვალისწინებდა ამის შესაძლებლობას, მოხვდა ბ. ც–სას, რის შედეგადაც, მან მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება.
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ლ. შ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო იზიარებს ბრალდების მხარის შეფასებას იმ ნაწილში, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება, რომ დაზარალებულ ბ. ც–ს მსჯავრდებულ ლ. შ–ს ქმედების – თოფიდან გასროლის შედეგად მიადგა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რასაც არც დაცვის მხარე უარყოფს და არ ხდის სადავოდ, მაგრამ არ ეთანხმება ქმედების კვალიფიკაციის ნაწილს, რომ მსჯავრდებული მოქმედებდა განზრახ, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება საქმეში არსებული რომელიმე მტკიცებულებით, კერძოდ:
9. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან, წინასწარი შეცნობით, პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. აღნიშნული, განზრახ, ძალადობრივ დანაშაულს წარმოადგენს, რომლისგანაც სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. დანაშაულის შემადგენლობა მატერიალურია და სავალდებულოდ უნდა დადგინდეს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომლის გარეშეც, ქმედების სსკ-ის 117-ე მუხლით დაკვალიფიცირება გამოირიცხება.
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
11. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეში მიუთითა, რომ: ,,ქმედების სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა“ (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს №527აპ-17 გადაწყვეტილება).
12. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას: მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ ლ. შ–ს სურდა ბ. ც–ს ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, ან არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას. პირიქით, საქმეზე დაკითხული ყველა პირი განმარტავს, რომ ლ. შ–მ დაზარალებულს სხეულის დაზიანება მიაყენა შემთხვევით და რომ, მომხდარის შედეგად, ლ. შ–სა იყო აღელვებული, ნანობდა და ამბობდა, რომ თოფი გაუვარდა, უვლიდა დაზარალებულს, გამოიძახა სასწრაფო დახმარება.
13. თვითონ დაზარალებული ბ. ც–ც გამორიცხავს განზრახ დაჭრის ფაქტს და აცხადებს, რომ მისთვის დამიზნებით სროლის არანაირი მიზეზი ლ. შ–სას არ გააჩნდა, ბრალდებული დაეხმარა მას, გვერდში ედგა, ზიანი აუნაზღაურა და მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.
14. მსჯავრდებულმა ლ. შ–სამ ჩვენებაში განმარტა, რომ დაზარალებულთან და სხვა პირებთან ერთად, ქ. ზ–ში, გ–ს ქ. N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის წინ არსებულ კონტეინერში, სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს. შემდეგ მანქანიდან თოფი გამოიტანა და მტრედებს დაუწყო სროლა შესაშინებლად. ამ დროს წაბორძიკდა და ერთი გასროლა ქვევით წავიდა, რაც შემთხვევით დაზარალებულს მოხვდა. დაზარალებული მისგან 30 მეტრში იქნებოდა. შემდეგ მან სასწრაფოს გამოუძახა.
15. გარდა ამისა, მოწმეთა, დაზარალებულისა და მსჯავრდებულის ჩვენებებითაც უტყუარად დადგენილია, რომ ლ. შ–სა და ბ. ც–ს შორის არც შემთხვევის დღეს და არც ადრე, რაიმე უთანხმოება, თუ კონფლიქტი არ მომხდარა.
16. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, არ დასტურდება რაიმე საფუძველი და მიზეზი იმისა, რომ ლ. შ–ს განზრახ ესროლა დაზარალებულისათვის და ამ ფაქტზე, ვერ უთითებს ვერცერთი მოწმე თუ სხვა წერილობითი მტკიცებულება, რაც გამორიცხავს მისი მხრიდან ბ. ც–სათვის ჯანმრთელობის დაზიანების მიყენების განზრახვას.
17. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებას ლ. შ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების შესახებ.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი