Facebook Twitter

საქმე # 020100122006494629

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №976აპ-23 ქ. თბილისი

ც–ე ლ., 976აპ-23 25 დეკემებრი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ივნისის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ქორიძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და ლ. ც–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგი არგუმენტებით: მართალია, დაზარალებულებმა – მ. კ–მ და ბ. ც–მ სასამართლოში უარი განაცხადეს მამის – ლ. ც–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, მაგრამ მათ გამოძიებაში საგამოძიებო ორგანოს მიაწოდეს ამომწურავი და თანმიმდევრული ინფორმაცია ლ. ც–ს მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ხოლო ის გარემოება, რომ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, მიუთითებს მათ ლოიალურ დამოკიდებულებაზე ბრალდებულის მიმართ; კასატორი ასევე აპელირებს მოწმე თ. კ–ს ჩვენებაზე, რომელსაც დაზარალებულებმა უამბეს, თუ როგორ იძალადა მათზე ლ. ც–მ.

2. ლ. ც–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. კ–ა საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვებას, იმ მოტივით, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი არის დაუსაბუთებელი, ხოლო მოთხოვნა უკანონო.

3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ. ც–ს ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ, არაერთგზის. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:

სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ლ. ც–მ, 2022 წლის 17 ოქტომბერს, ზ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის – ბ. ც–ს თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ასევე არასრულწლოვან მ. კ–მეს, კერძოდ, ხელი დაარტყა თავის არეში, რის შემდეგაც მოქაჩა თმაზე, ხოლო შემდეგ კი, ფიზიკური შეურაცხყოფა აგრეთვე მიაყენა ბ. ც–ს, დის – მ. კ–ს თანდასწრებით, კერძოდ, ხელი დაარტყა თავის არეში. ლ. ც–ს დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, მ. კ–მ და ბ. ც–მ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 3 აპრილის განაჩენით ლ. ც–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა ლ. ც–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო.

გამართლებულ ლ. ც–ს განემარტა, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ქორიძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ლ. ც–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ივნისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 3 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა უკანონო განაჩენი. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. ც–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, კერძოდ:

10. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულებმა – მ. კ–მ და ბ. ც–მ ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით (მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს დანაშაულის ჩადენაში მისი ან მისი ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენება) და უარი განაცხადეს მამის – ლ. ც–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესის თანახმად, ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც სხვა პირებთან ერთად მითითებულია – მამაც. დაზარალებულები არიან ის პირები, რომელთაც შესაძლოა ჰქონოდათ სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივ გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაცია, მაგრამ არ არსებობს მათ მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებები ლ. ც–ს მიერ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შესახებ.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულის მხრიდან ზემოაღნიშნული უფლების რეალიზება არ ნიშნავს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას, მაგრამ, ამავე დროს, გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება სასამართლოსთვის არ წარმოადგენს მტკიცებულებას და მასში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები სასამართლოსთვის ვერ დაადასტურებს დანაშაულის ჩადენის ფაქტს, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, შესაბამისად, დაზარალებულების – მ. კ–სა და ბ. ც–ს – მიერ გამოძიების ეტაპზე გავრცელებულ ინფორმაციას ვერ მიენიჭება წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა. ამასთან, გამოკვეთილი არ არის არც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოება, რის გამოც, სასამართლო დაზარალებულების მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.

12. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, მოწმეები: თ. კ–ე და ზ. ღ–ა არ არიან ფაქტის თვითმხილველები და გადმოსცემენ იმ დაზარალებულების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომლებმაც უარი განაცხადეს სასამართლოში ჩვენების მიცემაზე. ამდენად, ამ მოწმეთა ჩვენებები ირიბი მტკიცებულებებია, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რის გამოც ისინი საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც ლ. ც–ს ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი