საქმე # 820100121004455011
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №972აპ-23 ქ. თბილისი
ძ–ი ა., 972აპ-23 25 დეკემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულების: ა. ძ–სა და ზ. ა–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა: ა. ძ–მა და ზ. ა–მ. მსჯავრდებულები საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ ყაჩაღობის ნაწილში არ ჰქონიათ, არ გამოუყენებიათ და დემონსტრირება არ მოუხდენიათ ცივი იარაღის მსგავსი საგნისა. კასატორები საკასაციო საჩივრით ასევე მოითხოვენ მათთვის შეფარდებული სასჯელების შემსუბუქებას, ოჯახური და მატერიალური მდგომარეობის, ასევე – დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით, რომ მას მსჯავრდებულების მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით:
2.1. ა. ძ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ,,გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ა. ძ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 5 მარტის განაჩენითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების –სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 5 მარტის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ძ–მს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით.
მსჯავრდებულ ა. ძ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 26 იანვრიდან.
გაუქმდა მსჯავრდებულ ა. ძ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
2.2. ზ. ა–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ,,გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ზ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით.
მსჯავრდებულ ზ. ა–ს სასჯელი აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან –2021 წლის 28 იანვრიდან.
გაუქმდა მსჯავრდებულ ზ. ა–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:
3.1. ა. ძ–მა ჩაიდინა: ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად, არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.
ა. ძ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü 2021 წლის 25 იანვარს, დღის განმავლობაში ქ. ბ–ში, ა–ს გზატკეცილი N.. ..-ში განთავსებულ შპს ,,....... რესტორნის“ კუთვნილ რესტორან ,,ა–ი“ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 5 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ა. ძ–მა, ზ. ა–სთან წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, შეკვეთის ასანაზღაურებელი თანხის არქონის მიუხედავად, რესტორნის მიმტანს – უ. თ–ს შეუკვეთა სხვადასხვა დასახელების საკვები პროდუქტი, არაალკოჰოლური და ალკოჰოლური სასმელი, რის შემდეგაც მოტყუებით, არაერთგზის, დაზარალებულისათვის ქონებრივი ზიანის მიყენების მიზნით, სრულად არ გადაიხადა შეკვეთის საფასური, რითაც შპს ,,ა–უ რესტორანს“ მიადგა 69 (სამოცდაცხრა) ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.
ü 2021 წლის 25 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, ხ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ თ–ში, ო–ს დასახლებაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 5 მარტის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ა. ძ–მი, ზ. ა–სთან წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით თავს დაესხა ტაქსის მძღოლს, თ. შ–ს, და ცივი იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირებითა და ყელის არეში ზონარის მოჭერით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა თ. შ–ის კუთვნილი, 10600 (ათი ათას ექვსასი) ლარად ღირებული, ,,SUBARU FORESTER-ის“ მარკისა და მოდელის ავტომობილი (სახელმწიფო სანომრე ნიშნით ........) და მასში არსებული ,,samsung galaxy j5-ის“ ფირმისა და მოდელის მობილური ტელეფონი. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
3.2. ზ. ა–მ ჩაიდინა: ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.
ზ. ა–სის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü 2021 წლის 25 იანვარს, დღის განმავლობაში ქ. ბ–ში, ა–ს გზატკეცილი N. ..-ში განთავსებულ შპს ,,ა–უ რესტორნის“ კუთვნილ რესტორან ,,ა–ში“ ზ. ა–მ, ა. ძ–თან წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, შეკვეთის ასანაზღაურებელი თანხის არქონის მიუხედავად, რესტორნის მიმტანს-უ. თ–ს შეუკვეთა სხვადასხვა დასახელების საკვები პროდუქტი, არაალკოჰოლური და ალკოჰოლური სასმელი, რის შემდეგაც მოტყუებით დაზარალებულისათვის ქონებრივი ზიანის მიყენების მიზნით, სრულად არ გადაიხადა შეკვეთის საფასური, რითაც შპს ,,ა–უ რესტორანს“ მიადგა 69 (სამოცდაცხრა) ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.
ü 2021 წლის 25 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, ხ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ თ–ში, ო–ს დასახლებაში, ზ. ა–ე ჯგუფურად სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ა. ძ–მთან წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით თავს დაესხა ტაქსის მძღოლს თ. შ–ს ყელის არეში ზონრის მოჭერითა და ცივი იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა თ. შ–ს კუთვნილი, 10600 (ათი ათას ექვსასი) ლარად ღირებული, ,,SUBARU FORESTER-ის“ მარკისა და მოდელის ავტომობილი (სახელმწიფო სანომრე ნიშნით .........) და მასში არსებული ,,samsung galaxy j5-ის“ ფირმისა და მოდელის მობილური ტელეფონი. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ზ. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. დ–მა და მსჯავრდებულ ა. ძ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. კ–მ სააპელაციო საჩივრებით მოითხოვეს მსჯავრდებულთათვის შეფარდებული სასჯელების შემსუბუქება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 მაისის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას ა. ძ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ,,გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ზ. ა–სის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ,,გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის შესახებ. აღნიშნული დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ თ. შ–ს ჩვენებით, მოწმეების: გიორგი ჭაფოძის, მუამერ ქარლიოღლუს, ი. კ–ს, ნ. ხ–ს, გ. ჟ–ს, გ. რ–ს, ი. ა–ს, ს. ნ–ს მ. მ–ს, ვ. ხ–ს, ა. ბ–ს, ი. პ–ს, ჯ. ტ–ს, დ. ა–ს, თ. ჯ–ს, ლ. შ–ს, გ. დ–ს, ვ. ნ–ს, გ. ზ–ს, უ. ფ–ს, მ. დ–ს, ა. რ–ს, ა. გ–ს, ს. ნ–ს, კ. ფ–ს, გ. მ–ს, ე. ლ–ს, გ. გ–ს, მ. ჩ–ს, ს.ნ–ს, კ.ფ–ს, გ. მ–ს, ე. ლ–ს, გ.გ–ს, მ. ჩ–ს ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებით, საქმეზე დართული საგნებითა და ნივთებით, დათვალიერების ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით, ნიმუშის აღების ოქმით, ამოცნობის ოქმებით, და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
9. ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულებმა ყაჩაღობა ჩაიდინეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით, დადასტურებულია ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის – დაზარალებულ თ. შ–ს ჩვენებით. დაზარალებულმა განმარტა, რომ 2021 წლის 25 იანვარს გავიდა თავისი კუთვნილი ავტომანქანით – ტაქსით. მას ჩაუსხდნენ ა. ძ–ი და ზ. ა–ე. მცირე ხნის შემდეგ გააჩერებინეს ა/მანქანა, ვინაიდან ზ. ა–ე ამბობდა, რომ ცუდად იყო. ყველანი გადავიდნენ ავტომობილიდან, დაზარალებულს წყალი მოსთხოვეს. მან საბარგულიდან გადმოიღო წყალი და მისცათ. შემდეგ თ. შ–სე ისევ საჭესთან დაჯდა, 2-3 წუთში დასხდნენ მსჯავრდებულებიც: ზ. ძ–ი – წინ, ხოლო ზ. ა–ე – უკან. ამ დროს უკნიდან ზონარის მაგვარი ნივთი ყელში მოუჭირეს, მაგრამ დაზარალებულმა შეძლო ზონრის ხელით დაჭერა, გვერდიდან ა. ძ–მა რაღაც საგანი მიადო ნეკნებზე. ისინი ითხოვდნენ ფულსა და მანქანას, ეუბნებოდნენ, რომ ცოცხალს არ დატოვებდნენ. ამ დროს დაზარალებულმა ზონარში მოყოლილი ხელით მოახერხა მისი თავს ზემოთ გადაგდება, დრო იხელთა, ჩამოხტა ა/მანქანიდან და გაიქცა. ამდენად, მსჯავრდებულების: ა. ძ–ა და ზ. ა–ს ბრალეულობა ყაჩაღობის ნაწილში დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
10. რაც შეეხება მსჯავრდებულების: ა. ძ–სა და ზ. ა–სათვის შეფარდებულ სასჯელებს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის, როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და მსჯავრდებულების ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, კერძოდ: ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე და ხასიათი, დანაშაულების ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულთა ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მათი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, რის შედეგადაც, ა. ძ–ს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, განუსაზღვრა მის მიმართ მსჯავრად შერაცხილი ქმედების (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით) სანქციით განსაზღვრული სასჯელის მინიმუმზე მხოლოდ 1 წლით მეტი, ხოლო ზ. ა–ს კი – დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელის მინიმალური ვადა, რომელიც სამართლიანია, სრულად შეესაბამება მსჯავრდებულთა პიროვნებასა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს. ამდენად, მსჯავრდებულების მიმართ შეფარდებული სასჯელების შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების: ა. ძ–სა და ზ. ა–ს საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი