საქმე # 190100123006687903
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №952აპ-23 ქ. თბილისი
წ–ი გ., 952აპ-23 11 დეკემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ივლისის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა, ხატია გოგრიჭიანმა, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და გ. წ–ს მიმართ სასჯელად თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას, პირობითი მსჯავრის გამოყენების გარეშე, ვინაიდან მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი უსამართლოა და ვერ უზრუნველყოფს მის მიზნებს, არამედ, შესაძლოა, პირიქით, წაახალისოს დამნაშავე, რამეთუ გ. წ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად სახელმწიფოს მიადგა – 141928 ლარის ზიანი, რომლის ანაზღაურების მცდელობა მსჯავრდებულს არ ჰქონია და, შესაბამისად, სახელმწიფოს აქვს მის მიმართ პრეტენზია.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 თებერვლის განაჩენით გ. წ–სი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობითად, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 4 წელი.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ გ. წ–მა ჩაიდინა დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება, რაც გამოიხატა შემდეგით:
3.1. შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 17 ივლისის №.... ბრძანებით დაინიშნა შპს „.......-ს“ (ს/ნ..........) საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2017 წლის 1-ელი იანვრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე. შპს „..........“ (ს/ნ ..........) დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირდა 2007 წლის 21 ნოემბერს და მისი საქმიანობის სახეს წარმოადგენდა სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერების შესაბამისად, შემსყიდველებისთვის სამშენებლო მომსახურების გაწევა. მეწარმე სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს ყიდულობდა ადგილობრივ ბაზარზე და არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. 2020 წლის 22 დეკემბერს გამოიცა №...... საგადასახადო მოთხოვნა, რითაც საწარმოს გადასახდელად დაერიცხა 381134,12 ლარი, ძირითადი გადასახადი – 203501 ლარი და ჯარიმა – 106592 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში შპს „.........-ის” (ს/ნ 215133102) დირექტორები იყვნენ: 2017 წლის 1-ელი იანვრიდან 2019 წლის 12 აგვისტომდე – გ. წ–ი და ამ პერიოდში საწარმოს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა ძირითადი გადასახადი – 141928 ლარი, ხოლო 2019 წლის 12 აგვისტოდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე – გ. წ–ი და ამ პერიოდში საწარმოს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა: ძირითადი გადასახადი 61573 ლარი. საგადასახადო მოთხოვნას გადამხდელი – გ. წ–ი გაეცნო 2022 წლის 9 აგვისტოს პირადად და მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოში. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 24 მაისის №...... ბრძანებით, შპს „.........-ის“ (ს/ნ .............) საჩივარი, საგადასახადო შემოწმების №...... აქტისა და მის საფუძველზე გამოცემული №....... ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება ვადის დარღვევით გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის დეპარტამენტში და ვადის დარღვევის გამო საჩივარი დარჩა განუხილველად. გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. 2022 წლის 27 მაისს განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება საჩივრის დაუშვებლობის გამო. 2022 წლის 13 ივლისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით 2022 წლის 27 მაისის განჩინება დარჩა ძალაში. განჩინება საბოლოოა. შპს „..........-ს“ (ს/ნ ...............) საგადასახადო შეთანხმების გაფორმებისთვის შემოსავლების სამსახურისთვის არ მიუმართავს, შესაბამისად, გ. წ–სმა განზრახ აარიდა თავი დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა, ხატია გოგრიჭიანმა, რომელიც ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანასა და გ. წ–ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას, რაც დაკავშირებული იქნება მის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ივლისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად, მოცემულ საქმეზე, სავარაუდოა, მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისებრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ, ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).
9. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც მსჯავრი დაედო გ. წ–ს, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. წ–ს ჩადენილი დანაშაულის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის სახე – თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული აუცილებელი წინაპირობების (თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის) მხედველობაში მიღებით, ჩაუთვალა პირობით მსჯავრად, რომლის კიდევ უფრო გამკაცრება და პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა, იქიდან გამომდინარე, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლის მიზანი არ არის დამნაშავის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისაგან გათავისუფლება, არამედ – გ. წ–სათვის შეფარდებული სასჯელი პირობადადებულია და დანაშაულის განმეორების შესაძლო რისკი, სასამართლოს მიერ დადგენილი 4-წლიანი გამოსაცდელი ვადით არის დაზღვეული, სასჯელის მიზნების მისაღწევად, მოცემულ შემთხვევაში არ არის აუცილებელი. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ მსჯავრდებულის მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი ან/და შეურიგდეს დაზარალებულს, წამახალისებელი ნორმებია, რაც შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემსუბუქებისას და არასწორია საპირისპიროს პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი