საქმე # 330100123006576115
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №937აპ-23 ქ. თბილისი
ხ–ი ს., 937აპ-23 12 დეკემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივლისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა კაპანაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა კაპანაძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ს. ხ–სის დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილ ყველა ქმედებაში, ასევე, ს. ხ–სა და ს. ხ–სთვის სამართლიანი სასჯელების განსაზღვრას, შემდეგი ძირითადი მოტივებით: სასამართლომ ნაწილობრივ სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებები, ვინაიდან ბრალდების 2021 წლის ივნისის ეპიზოდთან მიმართებით, დაზარალებულის ჩვენებისა და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სახით, არსებობდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა; ბრალდების მხარე ასევე აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი არასამართლიანია სასჯელის ნაწილში, ვინაიდან მსჯავრდებულებისათვის შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება მათ პიროვნებასა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:
2.1. ს. ხ–ს ბრალად ედება: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის; ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
ს. ხ–სის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü 2021 წლის ივნისში, თ–ში, გ–ს ქ-ის №..-ს მიმდებარედ, ს. ხ–სმა ფიზიკურად იძალადა წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირზე – მ. ო–ზე, კერძოდ, მუშტი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც, მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ü 2022 წლის 26 ოქტომბერს, დღის საათებში, თ–ში, ზ–ს დასახლების მე-.. მ/რ-ნის, მე-.. კორპუსის მიმდებარედ, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევმა ს. ხ–მა ფიზიკურად იძალადა წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირზე – მ. ო–ზე, კერძოდ, მკერდში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც, მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.2. ს. ხ–ს ბრალად ედება მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ს. ხ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით:
2022 წლის 26 ოქტომბერს, დღის საათებში, თ–ში, ზ–ს დასახლების მე-.. მ/რ-ნის, მე-.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს. ხ–სი მ. ო–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ ყველას დახოცავდა, რის შედეგადაც, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 მაისის განაჩენით:
3.1. ს. ხ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ს. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.
მსჯავრდებულ ს. ხ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2022 წლის 26 ოქტომბრიდან.
გაუქმდა ს. ხ–სის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
3.2. ს. ხ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარი.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ს. ხ–ს, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2022 წლის 26 ოქტომბრიდან 2022 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით), დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდა და, საბოლოოდ, სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 3000 (სამი ათასი) ლარი.
გაუქმდა მსჯავრდებულ ს. ხ–სის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და დაწესებული შეზღუდვები, ხოლო გირაოს თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს,
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა კაპანაძემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ს. ხ–ს დამნაშავედ ცნობა მისთვის ბრალად წარდგენილ ყველა ქმედებაში, ასევე, ს. ხ–სა და ს. ხ–სთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ს. ხ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში მსჯავრდებისათვის არ არსებობს საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მის მიერ 2021 წლის ივნისში, მ. ო–ზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს.
9. ს. ხ–სის დამნაშავეობის დასადასტურებლად ბრალდების მხარე აპელირებს დაზარალებულის ჩვენებასა და მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე. დაზარალებულ მ. ო–ს ჩვენებით დგინდება, რომ 2021 წლის ივნისის თვეში მ. ო–ეე მიდიოდა მაღაზიაში, რა დროსაც მას გზაზე დახვდა ს–ი, რომელმაც დაუწყო ჩხუბი, ეუბნებოდა, რომ თითქოს, სხვა მამაკაცი გაიჩინა, ამის გამო მიატოვა და ამიტომ არ უნდოდა მასთან ყოფნა. ჩხუბის დროს ს–მა მუშტი დაარტყა ცხვირში, მაგრამ აღნიშნული პოლიციაში არ განუცხადებია და არც სასწრაფო დახმარებისთვის მიუმართავს. რაც შეეხება დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მითითებული ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების, მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება. ამდენად, აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედების ოქმში ასახული ინფორმაცია, ვერ იქნება მიჩნეული ცალკე, დამოუკიდებელ პირდაპირ მტკიცებულებად, ვინაიდან მოპოვებულია იმავე წყაროსგან, ხოლო იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა დაზარალებულის ჩვენების გადამოწმება, ბრალდების მხარის მიერ მითითებული მტკიცებულებები, არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობად, რომელიც საკმარისი იქნება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
11. რაც შეეხება მსჯავრდებულების მიმართ შეფარდებულ სასჯელებს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სასჯელთა ზომები შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირთა ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულებს: ს. ხ–სა და ს. ხ–ს – განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა კაპანაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი