Facebook Twitter

საქმე N 330100122005889540

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №928აპ-23 ქ. თბილისი

ჯ–ე კ., 928აპ-23 5 დეკემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. ჯ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ყ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ. ჯ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ყ–მა. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას შემსუბუქების კუთხით, მისი პიროვნებისა და პასუხისმგებლობის არაერთი შემამსუბუქებელი გარემოების გათვალისწინებით. მსჯავრდებული თავიდანვე აღიარებდა ჩადენილ ქმედებებს, ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება გახადა უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, წარსულში არ არის ნასამართლევი, საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება მის მიმართ პრეტენზიის არარსებობის შესახებ, ასევე სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელთა მიხედვით, მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ჰყავს ხანდაზმული, პენსიონერი დედა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ნოემბრის განაჩენით კ. ჯ–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 5 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 6 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 6 მაისის ჩათვლით ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით; საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით; საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და, საბოლოოდ, კ. ჯ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.

კ. ჯ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2022 წლის 6 მაისიდან.

კ. ჯ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა მითითებული კანონით განსაზღვრული უფლებები.

გაუქმდა კ. ჯ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. ჯ–მ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა.

კ. ჯ–ს მიმართ მსჯავრად შერაცხილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ü 2021 წლის სექტემბერში (ზუსტი თარიღი უცნობია), ქ. თ–ში, გ–ს ქუჩა, მე-.. ჩიხი, №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, კ. ჯ–მ, რომელსაც მიაჩნდა, რომ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი თ. კ–ე, როგორც ქალი და მეუღლე, ვალდებული იყო დამორჩილებოდა მას და უსიტყვოდ შეესრულებინა მისი მითითებები, ეჭვიანობდა აბსტრაქტულ პირებზე, უკრძალავდა სამსახურის დაწყებას და უკონტროლებდა სოციალური ქსელით კომუნიკაციას; გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით იძალადა თ. კ–ზე, კერძოდ, გაშლილი ხელი დაარტყა მარცხენა ლოყაში, რის შედეგადაც, მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ü 2022 წლის 5 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. თ–ში, გ–ს ქუჩაზე, მე-.. ჩიხი, №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, კ. ჯ–მ, რომელსაც მიაჩნდა, რომ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი თ. კ–ე, როგორც ქალი და მეუღლე, ვალდებული იყო დამორჩილებოდა მას და უსიტყვოდ შეესრულებინა მისი მითითებები, ეჭვიანობდა აბსტრაქტულ პირებზე, უკრძალავდა სამსახურის დაწყებას და უკონტროლებდა სოციალური ქსელით კომუნიკაციას, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ. კ–ზე, კერძოდ, თავი ჩაარტყა შუბლში, რის შედეგადაც, მას დაეწყო სისხლდენა, მოსტყდა კბილი და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ü 2022 წლის 5 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. თ–ში, გ–ს ქუჩაზე, მე-.. ჩიხი, №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, კ. ჯ–სე, რომელსაც მიაჩნდა, რომ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი თ. კ–ე, როგორც ქალი და მეუღლე, ვალდებული იყო დამორჩილებოდა მას და უსიტყვოდ შეესრულებინა მისი მითითებები, ეჭვიანობდა აბსტრაქტულ პირებზე, უკრძალავდა სამსახურის დაწყებას და უკონტროლებდა რა სოციალური ქსელით კომუნიკაციას, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თ. კ–ს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა და არ აცოცხლებდა. კ. ჯ–ს მიერ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა თ. კ–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ü 2022 წლის 6 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. თ–ში, გ–ს ქუჩაზე, მე-.. ჩიხი №..- ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, კ. ჯ–მ, რომელსაც მიაჩნდა, რომ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი თ. კ–ე, როგორც ქალი და მეუღლე, ვალდებული იყო დამორჩილებოდა მას და უსიტყვოდ შეესრულებინა მისი მითითებები, ეჭვიანობდა აბსტრაქტულ პირებზე, უკრძალავდა სამსახურის დაწყებას და უკონტროლებდა სოციალური ქსელით კომუნიკაციას, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იძალადა თ. კ–ზე, კერძოდ, ხის მორი ისროლა მისი მიმართულებით, რაც მას მოხვდა მკლავში და ნაკაწრის სახით მიიღო დაზიანება, ხოლო შემდეგ გაშლილი ხელი დაარტყა ცხვირში, რის შედეგადაც თ. კ–ს დაეწყო სისხლდენა. კ. ჯ–ს ქმედების შედეგად, თ. ჯ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ü 2022 წლის 6 მაისის ჩათვლით პერიოდში, ქ. თ–ში, გ–ს ქუჩა, მე-.. ჩიხი, №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში თანაცხოვრების დროს, კ. ჯ–ე, რომელსაც მიაჩნდა, რომ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი თ. კ–სე, როგორც ქალი და მეუღლე ვალდებული იყო დამორჩილებოდა მას და უსიტყვოდ შეესრულებინა მისი მითითებები, ეჭვიანობდა აბსტრაქტულ პირებზე, უკრძალავდა სამსახურის დაწყებას და უკონტროლებდა რა სოციალური ქსელით კომუნიკაციას, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურად, კვირაში ერთხელ, თ. კ–ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ, აგინებდა და ლანძღავდა მას. კ. ჯ–ს მიერ განხორციელებული შეურაცხყოფის სისტემატური ხასიათის მხედველობაში მიღებით, თ. კ–ე განიცდიდა ფსიქოლოგიური ტანჯვას.

ü კ. ჯ–მ უკანონოდ დათესა და 2022 წლის 6 მაისამდე, ქ. თ–ში, გ–ს ქუჩაზე, მე-.. ჩიხის, №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში არსებულ ქოთნებსა და ეზოს ტერიტორიაზე, უკანონოდ მოჰყავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი 36 (ოცდათექვსმეტი) ძირი მცენარე კანაფი, საერთო წონით - 162.59 გრამი, რაც საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ............ მთავარი სამმართველოს მე-.. სამმართველოს თანამშრომლებმა ამოიღეს 2022 წლის 6 მაისს, 21:55 საათიდან 23:00 საათამდე პერიოდში, კ. ჯ–ს საცხოვრებელი სახლისა და ეზოს ჩხრეკის შედეგად.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ. ჯ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა, მისი შემსუბუქების კუთხით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ კ. ჯ–ს მისი პიროვნული მახასიათებლების, დანაშაულების მოტივისა და მიზნის, ქმედებების განხორციელების სახის, ხერხისა და დამდგარი შედეგის, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, განსაზღვრული აქვს სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს.

9. საკასაციო სასამართლო მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებთან ერთად, ასევე ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულის პიროვნებაზე, მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ეპიზოდების სიმრავლეზე, ძალადობრივ ხასიათსა და მათი ჩადენის ხერხზე, კერძოდ:

10. კ. ჯ–მ მეუღლის მიმართ ძალადობრივი ქმედებები და მუქარა ჩაიდინა ოთხ ეპიზოდად, ამათგან ერთი – 2021 წლის სექტემბრის ეპიზოდი – არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით. ამასთან, ძალადობის მიზეზი ყველა შემთხვევაში იყო უმნიშვნელო (კ. ჯ–ე ეჭვიანობდა აბსტრაქტულ პირებზე, მეუღლეს უკრძალავდა სამსახურის დაწყებასა და სოციალური ქსელით სარგებლობას). რაც შეეხება დანაშაულების ჩადენის ხერხს, 2021 წლის სექტემბრის ეპიზოდში, მსჯავრდებულმა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით დაზარალებულს გაშლილი ხელი დაარტყა ლოყაში, 2022 წლის 5 მაისის ეპიზოდში – თავი ჩაარტყა შუბლში, რის შედეგადაც, დაზარალებულ თ. კ–ს კბილი მოსტყდა და დაეწყო სისხლდენა, ხოლო 2022 წლის 6 მაისის ეპიზოდში – ხის მორი ისროლა თ. კ–ს მიმართულებით, რაც მას მკლავში მოხვდა და ნაკაწრის სახით მიიღო დაზიანება, შემდეგ გაშლილი ხელი დაარტყა ცხვირში, რის შედეგადაც თ. კ–ს დაეწყო სისხლდენა. დაზარალებულისადმი მუქარა კი გამოიხატა სიცოცხლის მოსპობის მუქარით, კერძოდ, მას მოკლავდა და არ აცოცხლებდა თუკი სამსახურს დაიწყებდა ან სოციალური ქსელით იურთიერთებდა. გარდა ამისა, დადგენილია, ისიც, რომ მსჯავრდებულის ქმედებების შედეგად, თ. კ–მ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

11. საკასაციო პალატა, სააპელაციო პალატის მსგავსად, ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზეც, რომ ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის დანაშაულთა გარდა, კ. ჯ–ს მსჯავრი ასევე ედება საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რისთვისაც მას სასჯელად, დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 4 ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც წარმოადგენს აღნიშნული ქმედებით გათვალისწინებულ სანქციის მინიმუმს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია და არ არის მიზანშეწონილი მისი შემსუბუქება.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ კ. ჯ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ყ–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი