საქმე N 330100121004547668
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №1120აპ-23 ქ. თბილისი
ა–ი ფ., 1120აპ-23 24 იანვარი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ფ. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ბ–მ. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგი ძირითადი არგუმენტებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია; პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები ტენდენციური, მიკერძოებული და ცრუა, ამასთან, არსებითად ეწინააღმდეგება ერთმანეთს; პოლიციელებმა ფ. ა–ს „ჩაუდეს“ ნარკოტიკული საშუალება; ამასთან, მითითებული დაინტერესებული პირების ჩვენებების გარდა, საქმეში სხვა რაიმე ნეიტრალური მტკიცებულება არ მოიპოვება; განაჩენი ემყარება მხოლოდ მათ ჩვენებებს და ოპერატიულ ინფორმაციას, რაც უკანონოა; ფ. ა–ის პირადი, ავტომანქანისა და ბინის ჩხრეკა არაკანონიერია.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ნოემბრის განაჩენით ფ. ა–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
გაუქმდა ფ. ა–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
ფ. ა–ს სასჯელის მოხდა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 9 მარტიდან.
ფ. ა–ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში – საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლით ჩამოერთვა: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფ. ა–მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა.
ფ. ა–ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგით:
ფ. ა–მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება - 15,5763 გრამი „ჰეროინი“, საიდანაც 9,6975 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ ფ. ა–სი უკანონოდ ინახავდა პირადად, რაც 2021 წლის 9 მარტს ამოიღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქ. თ–ში, რ–ს გზატკეცილი ..., კორპუსი ..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ფ. ა–ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ხოლო 5,8788 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ ფ. ა–ი უკანონოდ ინახავდა კუთვნილ „LAND ROVER RANGE ROVER SPORT-ის“ მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით – ......., რაც 2021 წლის 9 მარტს ამოიღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქ. თ–ში, რ–ს გზატკეცილი ..., კორპუსი ..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ფ. ა–ს კუთვნილი „LAND ROVER RANGE ROVER SPORT-ის“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით – ......., ჩხრეკის შედეგად.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრა მსჯავრდებულ ფ. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ბ–მ. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და კასატორს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
9. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ფ. ა–ს უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ არ ეთანხმება, ვინაიდან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სრულად აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომლის საპირისპირო მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობიდან. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მსჯავრდებულ ფ. ა–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ, რაც დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: ლ. ტ–ს, გ. ლ–ს, ვ. ა–ს, რ. ნ–ს, ზ. ს–ს, ლ.კ–ს, გ. ა–სა და სხვათა ჩვენებებით, ქიმიური ექსპერტიზის 2021 წლის 10 მარტის დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის ჩვენებით, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის 2021 წლის 30 აგვისტოს დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის ჩვენებით, ფ. ა–ს პირადი ჩხრეკის 2021 წლის 9 მარტის ოქმით, ბრალდებულის დაკავების 2021 წლის 9 მარტის ოქმით, ავტომანქანის ჩხრეკის 2021 წლის 9 მარტის ოქმით, ფ. ა–ს კუთვნილი ავტომანქანის ამოღების ოქმითა და საქმეში არსებული, სხვა, წერილობითი მტკიცებულებებით.
10. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს (მაგალითისთვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №96აპ-17), რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა არ აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანად აღებული რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება.
11. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში მოწმე პოლიციელების ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევისა და არგაზიარების საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია. პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და სრულად თანხვდენილი, როგორც ერთმანეთთან, ისე – საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მსჯავრდებულ ფ. ა–სის პირად და ა/მანქანის ჩხრეკასა და დაკავებაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლებმა დეტალურად აღწერეს ოპერატიული ინფორმაციის მიღების, მათი შემადგენლობით შესაბამისი ოპერატიული ჯგუფის შემთხვევის ადგილზე გასვლისა და ფ. ა–ს პირადი და ა/მანქანის ჩხრეკის, ასევე მისი დაკავების პროცედურები. ფ. ა–ს პირადი და ა/მანქანის ჩხრეკისა და დაკავების ოქმები შედგენილია სრულყოფილად, საპროცესო ნორმების დაცვით და ხელმოწერილია მასში მონაწილე ყველა პირის მიერ (მათ შორის თარჯიმნის, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი კი მსჯავრდებულის დედის ზეინაბ ალლახვერდოვას მიერ). განჩინება ფ. ა–ს პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ და პირადი ჩხრეკის ოქმი ფ. ა–ს გაეცნო თარჯიმნის მეშვეობით მისთვის გასაგებ აზერბაიჯანულ ენაზე, გადაეცა მათი ასლები, ხოლო ოქმზე ხელის მოწერაზე მან გაურკვეველი მიზეზით განაცხადა უარი, მაგრამ შენიშვნა ან განცხადება არ წარუდგენია.
12. გარდა ამისა, პოლიციის მუშაკების ჩვენებები სრულად არის თანხვდენილი საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ: ფ. ა–ს პირადი ჩხრეკის ოქმთან, რომლითაც დადგენილია, რომ 2021 წლის 9 მარტს მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ტანთმოსილი ჯინსის უკანა მარცხენა ჯიბიდან პოლიციის მუშაკებმა ამოიღეს სამ ცალ მოშავო პოლიეთილენის თავმოკრულ ნაჭრებში მოთავსებული გაურკვეველი ნივთიერება; ავტომანქანის ჩხრეკის ოქმთან, რომლის შესაბამისად, პოლიციის მუშაკებმა, ფ. ა–ს კუთვნილი „RANGE ROVER SPORT-ის“ მოდელის ა/მანქანიდან, სალონის წინა სავარძლებს შორის განთავსებული ხელის დასადების ე.წ. ბარის სამალავიდან ამოიღეს ორ შეკვრად დაფასოებული, შავი ფერის თავმომწვარ პოლიეთილენის ნაჭრებში მოთავსებული გაურკვეველი ნივთიერება; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლითაც დგინდება: ფ. ა–ს პირადი და ა/მანქანის ჩხრეკისას ამოღებული – პაკეტში მოთავსებული მოყავისფრო, ფხვნილისებრი ნივთიერება, წონით – 1,1247 გრამი, წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რაოდენობით - 0,6765 გრამი, შავი ფერის, თავმილღობილ, პოლიეთილენის ნაჭრებში, 3 ცალად დაფასოებული, მოყავისფრო, ფხვნილისებრი ნივთიერება, საერთო წონით – 15,4714 გრამი, წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რაოდენობით – 9,0210 გრამი; შავი ფერის, თავმილღობილ, პოლიეთილენის ნაჭრებში, 2 ცალად დაფასოებული, მოყავისფრო, ფხვნილისებრი ნივთიერება, საერთო წონით – 9,9645 გრამი, წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რაოდენობით – 5,8788 გრამი; ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N ............. დასკვნასთან, რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ ფ. ა–ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ პოლიეთილენის პარკის ფრაგმენტებსა და ცხვირსახოცზე არსებული მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ფ. ა–ს. ამდენად, საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარებულია კანონიერად, სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, ხოლო დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სამართალდამცველი პირების დაინტერესებისა და ფ. ა–სათვის ნარკოტიკული საშუალების ჩადების ფაქტს.
13. აღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული დაცვის მხარის მოსაზრება მოწმე პოლიციელების მიკერძოების, დაინტერესების, მათ მიერ სასამართლოსათვის არასანდო, წინააღმდეგობრივი ინფორმაციების მიწოდებისა და მსჯავრდებულისათვის ნარკოტიკული საშუალების „ჩადების“ შესახებ, ვინაიდან მითითებული არ გამომდინარეობს საქმის მასალების შესწავლისა და მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა ბრალდების მხარის მოწმეთა, პოლიციის მუშაკების ჩვენებების სანდოობისა და უტყუარობის საკითხი და თავის გადაწყვეტილებაში დაცვის მხარეს მოცემულ საკითხზე ამომწურავი პასუხები გასცა. გარდა ამისა, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ამომწურავად იმსჯელეს ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს დაცვის მხარე, ასევე მიუთითეს იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიიჩნია მსჯავრდებულ ფ. ა–ს მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხილი ქმედების ჩადენა, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს.
15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ფ. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი