საქმე N 190100123006060063
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №906აპ-23 23 იანვარი, 2024 წელი
გ–ა ბ., 906აპ-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა, ხატია გოგრიჭიანმა, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და ბ. გ–სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, პირობითი მსჯავრის გამოყენების გარეშე, ვინაიდან მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, ჩადენილი ქმედების ხასიათსა და მის საშიშროებას, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მსჯავრდებული ცდილობს, აანაზღაუროს ზიანი. იმ დროს, როდესაც მსჯავრდებულის ქმედების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი შეადგენს – 100000 ლარზე მეტს, სასჯელის სახით 5000-ლარიანი ჯარიმის გამოყენება არათუ ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, არამედ შესაძლოა, წაახალისოს ახალი დანაშაულის ჩადენა.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 მარტის განაჩენით ბ. გ–სა, – დაბადებული 19..წლის 26 აგვისტოს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – ჯარიმა – 5000 ლარი.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ ბ. გ–მ ჩაიდინა დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება, რაც გამოიხატა შემდეგით:
3.1. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 10 ივნისის №....... ბრძანებით დაინიშნა შპს „თ–ს“ (ს/ნ .............) საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის 14 იანვრიდან 2021 წლის 1 მაისამდე. შპს „თ–ს“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა საცალო ვაჭრობა ირანიდან და ჩინეთიდან იმპორტირებული საყოფაცხოვრებო ჭურჭლით. შესამოწმებელ პერიოდში შპს „თ–ს“ დირექტორი იყო ბ. გ–სა. საწარმოს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და არ აქვს რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატი. საწარმოს ბიუჯეტის სასარგებლოდ სულ დაერიცხა – 169352 ლარი, მათ შორის, ძირითადი – 110428 ლარი, ჯარიმა – 55314 ლარი და საურავი – 3610 ლარი. საგადასახადო მოთხოვნასგადამხდელი 2022 წლის 5 მაისს გაეცნო პირადად, თუმცა მოთხოვნა არც დავების დეპარტამენტში და არც სასამართლოში არ გაუსაჩივრებია და არც საგადასახადო შეთანხმების გაფორმებისთვის მიუმართავს.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა, ხატია გოგრიჭიანმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას სასჯელის დამძიმების კუთხით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად, მოცემულ საქმეზე, სავარაუდოა, მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისებრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ, ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში სასჯელის დამძიმების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებული გარემოება – მსჯავრდებული არ ცდილობს აანაზღაუროს ზიანი (რაზეც კასატორი ასევე აპელირებს თავის საკასაციო საჩივარშიც), რაც, თითქოსდა, უარყოფითად ახასიათებს ბ. გ–ს პიროვნულად და, შესაბამისად, ამძიმებს მის პასუხისმგებლობას. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ მსჯავრდებულის მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი ან/და შეურიგდეს დაზარალებულს, წამახალისებელი ნორმებია, რაც შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემსუბუქებისას და არასწორია საპირისპიროს პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა.
11. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ბ. გ–ს ჩადენილი დანაშაულის – დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების – სანქციით გათვალისწინებული სასჯელი – ჯარიმა – დააკისრა, რომლის თავისუფლების აღკვეთით შეცვლა, იქიდან გამომდინარე, რომ ბ. გ–ს განზრახი ქმედებით სახელმწიფოს მიადგა – 110428 ლარის ზიანი, როდესაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მიზნებისათვის დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც გადასახდელი გადასახადის თანხა აღემატება 100000 ლარს, ხოლო დაზარალებულისათვის დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება კანონმდებლობით არის გარანტირებული, სასჯელის მიზნების – სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის – მისაღწევად, მოცემულ შემთხვევაში არ არის აუცილებელი.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი