საქმე # 330100123007146324
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1053აპ-23 ქ. თბილისი
ვ–ი დ., 1053აპ-23 23 იანვარი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აგვისტოს განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ჩუბინაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აგვისტოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ჩუბინაშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ დ. ვ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, რაც თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან იქნება დაკავშირებული, იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი არათანაზომიერია მის მიერ ჩადენილ ქმედებებთან; დ. ვ–სს მიმართ გამოყენებული პირობითი მსჯავრი ჩადენილი ქმედებების ხასიათისა და ძალადობის გავრცელების მასშტაბის გათვალისწინებით, არის მსუბუქი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 ივნისის განაჩენით დ. ვ–ს, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად;
საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით –თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა სასჯელმა, შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და დავით ვაჩეიშვილს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით. საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, დ. ვ–ს მიმართ დანიშნული სასჯელი ჩაითვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
დავით ვაჩეიშვილს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2023 წლის 6 მარტიდან 2023 წლის 7 მარტის ჩათვლით.
პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე და მსჯავრდებულ დ. ვ–ს ყოფაქცევაზე კონტროლი უნდა განახორციელოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურომ, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დავით ვაჩეიშვილმა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
დ. ვ–სს მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგით:
დ. ვ–მა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ვინაიდან იგი თავს მიიჩნევდა დომინანტად, აკონტროლებდა მეუღლის მიმოწერას, ურთიერთობას მესამე პირებთან და გადაადგილებას, 2023 წლის 5 მარტს, საღამოს საათებში, თ–ში, ,,ჰ–ს‘‘ დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, თ–ს ზღვის ნაპირზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, თ. ტ–ს, კერძოდ, სახეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. იმავე მოტივით, ზემოაღნიშნულ დროს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, თ. ტ–ს, ფიზიკური შეურაცხყოფის დროს, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ დაახრჩობდა. დაზარალებულმა მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ჩუბინაშვილმა. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და დ. ვ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება, რაც თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან იქნება დაკავშირებული.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აგვისტოს განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებელი საკასაციო საჩივრით ასაჩივრებს მხოლოდ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის ზომას. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის არგუმენტს სასჯელის გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
9. სასჯელის განსაზღვრისას პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა სრულად გაითვალისწინეს სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, კერძოდ: მსჯავრდებულის პიროვნება (წარსულში არ არის ნასამართლევი), მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათი და საზოგადოებრივი საშიშროება (ჩაიდინა ძალადობრივი დანაშაული და სიცოცხლის მოსპობის მუქარა), დამდგარი შედეგი (დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და შიში), ქმედების ჩადენის მოტივი და მიზანი, დანაშაულის სიმძიმე (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები), დ. ვ–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას) და დამამძიმებელი გარემოებები (გენდერული დისკრიმინაციის მოტივი), აგრეთვე ის გარემოებაც, რომ საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად, მას დ. ვ–ს მიმართ არ გააჩნია პრეტენზია და თანახმაა, რომ მის მიმართ გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, დავით ვაჩეიშვილს შეფარდებული აქვს მის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა (რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით დადგენილი სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი წინაპირობების მხედველობაში მიღებით, ჩაეთვალა პირობითად), რომელიც სამართლიანია, სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ჩუბინაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი