საქმე # 330100122005872547
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№818აპ-23 ქ. თბილისი
თ–ი ი., 818აპ-23 22 იანვარი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. თ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ბ–სა და საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ზაზა ქორიძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს: მსჯავრდებულ ი. თ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ბ–მა და საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა, ზაზა ქორიძემ.
2. დაცვის მხარე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონოა, რადგან საქმეში არ არის წარმოდგენილი ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად; მოწმე რ. მ–ს ქმედებაში, რომელიც, თავის მხრივ, არ უარყოფს სამართალდამცავებისათვის დახმარების ფაქტს, იკვეთება დანაშაულის პროვოკაციის ნიშნები, ხოლო თავად რ. მ–ს მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, რადგან მიკერძოებული და წინააღმდეგობრივია; მიუხედავად მსჯავრდებულის ნაწილობრივი აღიარებისა, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა მის ბრალეულობას; ი. თ–საგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მას არ ეკუთვნის, რაც სარწმუნოდ დგინდება ჩხრეკის ვიდეოჩანაწერით; გამოძიება ჩატარდა ცალმხრივად და მიკერძოებულად, ხოლო დაცვის მხარეს არ მიეცა სათანადო დრო და შესაძლებლობა გამამართლებელი მტკიცებულებების, მათ შორის, დანაშაულის შესაძლო შემსწრე ან მასში მონაწილე პირების ჩვენებების, მოსაპოვებლად; ი. თ–ს მიმართ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ჩატარდა ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე; უკანონოა ყველა საგამოძიებო მოქმედება, რომელიც გამომძიებლებმა (გარდა გ. ქ–სა) ჩაატარეს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული, პროკურორის დავალების გარეშე.
3. ამავდროულად, დაცვის მხარე, ი. თ–ს მსჯავრდების უცვლელად დატოვების შემთხვევაში, ალტერნატივის სახით ითხოვს მსჯავრდებულის ოჯახური მდგომარეობის, დანაშაულის გულწრფელი აღიარებისა და გამოძიებასთან მისი თანამშრომლობის გათვალისწინებით, მინიმალური სასჯელის შეფარდებას ან/და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული შეღავათის გამოყენებასა და შეფარდებული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას.
4. ბრალდების მხარე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და ი. თ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 27 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებაში მის უდანაშაულოდ ცნობასთან დაკავშირებით, უკანონოა, რადგან მისი ბრალეულობა დასტურდება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმე რ. მ–ს ჩვენებით, რომელიც გამყარებულია ამოღების ოქმით, რომლის შენიშვნის თანახმად, რ. მ–საგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მან შეიძინა ი. თ–საგან; ამოღების ოქმში მითითებული ინფორმაცია კი, თავის მხრივ, დაადასტურა ზემოაღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილემ, გ. თ–მ, ხოლო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ რ. მ–საგან ამოღებული ნივთიერება შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“, რისი ერთობლივად შეფასებითა და მსჯავრდებულის ფაქტობრივი აღიარების გათვალისწინებით (დაადასტურა, რომ რ. მ–ს მართლაც გადასცა ნარკოტიკული საშუალება, რომლის ნაწილიც მათ იქვე მოიხმარეს), ი. თ–ს ქმედებაში ერთმნიშვნელოვნად გამოკვეთილია ნარკოტიკული საშუალების გასაღება.
5. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. თ–ს, – დაბადებულს 19.. წლის .., – ბრალად დაედო: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და უკანონო გასაღება; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება; განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგით:
5.1. 2022 წლის 27 აპრილს, ქ. რ–ს შესასვლელში, საავტომობილო ავტომაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი. თ–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და შენახული – 0,1065 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველი მოყავისფრო-მონაცრისფრო ნივთიერება რ. მ–ს 150 ლარად უკანონოდ მიასაღა, რაც იმავე დღეს ამოიღეს მისგან შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
5.2. 2022 წლის 29 აპრილს, ქ. რ–ს შესასვლელში, საავტომობილო ავტომაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი. თ–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და შენახული დიდი ოდენობით – 0,2379 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველი მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერება რ. მ–ს 300 ლარად უკანონოდ მიასაღა, რაც იმავე დღეს ამოიღეს მისგან შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
5.3. 2022 წლის 10 მაისს საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გ–ში, ............ის ქ. №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ი. თ–ს პირადი ჩხრეკისას, ამოიღეს გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და შენახული განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 1,237 გრამი, ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველი მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერება.
6. ი. თ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2022 წლის 27 აპრილის ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა (2022 წლის 29 აპრილის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 იანვრის განაჩენით: ი. თ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, ი. თ–ს მიესაჯა – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.
8. სასამართლომ დაადგინა, რომ ი. თ–მმა 2022 წლის 27 აპრილს უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება; 2022 წლის 29 აპრილს უკანონოდ შეიძინა, შეინახა და უკანონოდ გაასაღა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, ხოლო 2022 წლის 10 მაისს უკანონოდ შეიძინა და შეინახა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, თუმცა უტყუარად ვერ დადასტურდა 2022 წლის 27 აპრილს ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: მსჯავრდებულ ი. თ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ბ–მა, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ხოლო მსჯავრდების უცვლელად დატოვების შემთხვევაში სასჯელის შემსუბუქებას და საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ზაზა ქორიძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ი. თ–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადშერაცხილი ყველა ქმედების ჩადენისათვის.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
11. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
13. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, ერთი მხრივ, სარწმუნოდ დადგინდა, რომ ი. თ–მა 2022 წლის 27 აპრილს უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება; 2022 წლის 29 აპრილს უკანონოდ შეიძინა, შეინახა და უკანონოდ გაასაღა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება; 2022 წლის 10 მაისს კი უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, ხოლო, მეორე მხრივ, უტყუარად ვერ დადასტურდა 2022 წლის 27 აპრილს ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი, კერძოდ:
14. იმ პირობებში, როდესაც, გარდა მოწმე რ. მ–ს ჩვენებისა, ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით, მათ შორის, არც მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის, გ. თ–ს, ჩვენებით; არც რ. მ–საგან ნარკოტიკის ამოღების ოქმით და არც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლებზეც აპელირებს პროკურორი თავის საკასაციო საჩივარში, არ დასტურდება ი. თ–ს მიერ 2022 წლის 27 აპრილს რ. მ–სათვის ნარკოტიკული საშუალების მისაღების ფაქტი და იმის გათვალისწინებით, რომ რ. მ–სა და ი. თ–ს ურთიერთსაპირისპირო განმარტებების კვალდაკვალ, საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ობიექტურად გამოსარკვევად, 2022 წლის 27 აპრილის შეხვედრის ამსახველი აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი არ არსებობს, ხოლო რ. მ–საგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შესაფუთ მასალაზე ი. თ–ს ბიოლოგიური კვალი არ გამოვლენილა, მტკიცებულებების შეფასების დროს, 2022 წლის 27 აპრილს ნარკოტიკული საშუალების გასაღებასთან დაკავშირებით გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა – In dubio pro reo – პრინციპის საფუძველზე, მართებულად გადაწყვიტეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
15. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია სარწმუნოდ, რომ ი. თ–სმა 2022 წლის 27 აპრილს უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება; 2022 წლის 29 აპრილს უკანონოდ შეიძინა, შეინახა და უკანონოდ გაასაღა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, ხოლო 2022 წლის 10 მაისს უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, რამეთუ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების – რ. მ–ს, ა. ი–ს, მ. ა–ს, ე. გ–ს, გ. ქ–ს, გ. თ–სის, მ. მ–ს, დ. მ–ს, შ. მ–სა და ზ. ქ–ს ჩვენებებით, რ. მ–ს განცხადებით, დათვალიერებისა და ამოღების ოქმებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით, ი. თ–ს პირადი ჩხრეკის ამსახველი ვიდეოჩანაწერით, ქიმიური, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური), ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზების დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა სამხილებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავად იმსჯელა და რომლებითაც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
16. 2022 წლის 29 აპრილს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვასა და უკანონოდ გასაღებასთან მიმართებით, გარდა მოწმე რ. მ–ის ჩვენებისა (რომელმაც ცალსახად დაადასტურა, რომ ხსენებულ დღეს ი. თ–საგან 300 ლარად შეიძინა ნარკოტიკული საშუალება) მოწმე გ. თ–ს ჩვენებისა და ამოღების ოქმისა (რომლებიც ცხადყოფს, რომ რ. მ–საგან დაუყოვნებლივ ამოიღეს ი. თ–საგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება) და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნისა (რომლითაც დადგენილია, რომ რ. მ–საგან ამოღებულია დიდი ოდენობით – 0,2379 გრამი, ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“), მეტდ მნიშვნელოვანია ი. თ–სისა და რ. მ–სის 2022 წლის 29 აპრილის შეხვედრის ამსახველი ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერები, რომელსაც ამ სამხილის ობიექტური ბუნებიდან გამომდინარე, მტკიცებულებების შეფასების დროს, უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი აქვს და რომლის შინაარსი უპირობოდ მიუთითებს ი. თ–ს მიერ რ. მ–სისათვის ნარკოტიკული საშუალების მისაღების ფაქტზე, კერძოდ: ჩანაწერში თვალნათლივ ჩანს, როგორ ხვდება ავტობანზე გადასასვლელი ხიდიდან ჩამავალ რ. მ–სს კიბის თავში ი. თ–ი, რომელსაც რ. მ–ი გადასცემს თანხას. ი. თ–ი ართმევს თანხას და ტრიალდება. რ. მ–სი ეუბნება, რომ „ – იქ დაელოდება“, რაზეც ი. თ–ი პასუხობს: ,, – დაელოდოს, ის მაინც არ მიდის“. ი. თ–სი მიდის გზის პირას გაჩერებული თეთრი მიკროავტობუსის მიმართულებით, ხოლო რ. მ–სი გადასასვლელი ხიდის კიბეზე ბრუნდება. ჩანაწერში ასევე მკაფიოდ ჩანს, როგორ უახლოვდება რ. მ–ი ხსენებულ მიკროავტობუსს, სადაც ი. თ–ი არის ორ მამაკაცთან ერთად. რ. მ–ი, მძღოლის გვერდით მჯდომ მამაკაცთან გასაუბრების შემდეგ, აღებს მიკროავტობუსის კარს, სადაც ჩანს ი. თ–ი, რომელიც გადახრილია მძღოლის მხარეს წინა სავარძელზე, იღებს პოლიეთილენის პარკში გახვეულ ნივთს, სანთებელათი უწვავს პირს და გადასცემს რ. მ–ს, რაც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში მის აქტიურ მონაწილეობას. აქვე აღსანიშნავია, რომ ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, რ. მ–სა და ი. თ–ს 2022 წლის 29 აპრილის შეხვედრის ამსახველი ფარულ ვიდეო ჩანაწერს რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება და მასზე ასახული პირი არის ი. თ–სი.
17. 2022 წლის 10 მაისს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვასთან მიმართებით, გარდა პირადი ჩხრეკის ოქმისა (რომლის მიხედვით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2022 წლის 10 მაისს, 19:33-19:50 საათზე, გ–ში, ა–ს ქ. №..-ის მიმდებარედ ჩატარებული ი. თ–ს პირადი ჩხრეკისას, მისი ქურთუკის მარჯვენა, გარე ჯიბიდან ამოიღეს მოყვითალო, პოლიეთილენის თავმომწვარ პარკში შეფუთული ნივთიერება), მოწმეების სახით დაკითხული გამომძიებლების: გ. თ–ს, მ. მ–ს, დ. მ–სა და შ. მ–ს, ისევე, როგორც თარჯიმნის, ე.გ–ს ჩვენებებისა (რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ/მათი მონაწილეობით ჩატარებული ი. თ–სის პირადი ჩხრეკის კანონიერება) და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნისა, რომლითაც დგინდება, რომ ი. თ–სის პირადი ჩხრეკისას ამოღებული – 2,61 გრამი – მოყავისფრო, ფხვნილისებრი ნივთიერება შეიცავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 1,237 გრამ, ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“), ხაზგასასმელია ი. თ–სის პირადი ჩხრეკის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რომლის შინაარსი, მიუხედავად იმისა, რომ ი. თ–სი ჩანაწერის მიხედვით, იმთავითვე აცხადებს, რომ „5-გრამიანი მისი არ არის“, ხელით მიანიშნებს და ამბობს, რომ „იმან ჩაუდო“, ცხადყოფს, რომ მსჯავრდებულის ქურთუკის მარჯვენა, გარე ჯიბიდან სამართალდამცავებმა ნამდვილად ამოიღეს მოყვითალო, პოლიეთილენის თავმომწვარ პარკში შეფუთული ნივთიერება, რომელიც დადგენილი წესით, შემთხვევის ადგილზევე დაილუქა. ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით კი უტყუარად დასტურდება, რომ პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი შერეულია და მისი ერთი წილი ეკუთვნის სწორედ ი. თ–სს.
18. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ასევე საფუძველს მოკლებულია დაცვის მხარის მტკიცება, თითქოსდა, ი. თ–ს ნაწილობრივი აღიარების მიუხედავად, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულების საკმარისი ერთობლიობა 2022 წლის 27 აპრილს ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში მისი მსჯავრდებისათვის, რადგან შერაცხილი ქმედების – ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენისა და შენახვის – ჩადენაში მისი ბრალეულობა სარწმუნოდ დასტურდება მოწმეების: რ. მ–სა და გ. თ–ს ჩვენებებით, ამოღების ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნითა და სხვა სამხილებით, რომლებიც მსჯავრდებულ ი. თ–ს ნაწილობრივი აღიარების გათვალისწინებით, საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. აღსანიშნავია, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).
19. დანაშაულის შესაძლო წაქეზებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სახელისუფლებო ორგანოებს განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდების გამოყენება უწევთ, რაც საჭიროა ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების პროცესში. ამასთან დაკავშირებით, სასამართლომ დაადგინა, რომ განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდები, კერძოდ, ფარული ოპერაციების ჩატარების ტექნიკა თავისთავად არ არღვევს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას. მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ ასეთი ტექნიკის გამოყენება დაკავშირებულია დანაშაულის წაქეზების რისკთან, მათი გამოყენება მკაცრად დაცულ ფარგლებში უნდა იყოს დასაშვები (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Ramanauskas v. Lithuania, no. 74420/01, § 51, [GC], 05.02.2008). სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ პოლიცია უფლებამოსილია, ჩაატაროს ფარული ოპერაციები, მაგრამ არა წააქეზოს დანაშაული (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული გადაწყვეტილება საქმეზე: Khudobin v. Russia, no. 59696/00, § 128, ECtHR, 26.10.2006). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დანაშაულის წაქეზების თაობაზე მსჯელობს ორი მიმართულებით – საპროცესო და მატერიალური ტესტის შესაბამისად. საკასაციო სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის მიერ წამოჭრილი არგუმენტები შეაფასა, როგორც საპროცესო, ასევე მატერიალური ტესტის შესაბამისად და მართებულად აღნიშნა, რომ ი. თ–სის სისხლის სამართლის საქმეზე სრულად არის დაცული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დანაშაულის წაქეზების თაობაზე დადგენილი სტანდარტები. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართალწარმოებისას დაცული იყო შეჯიბრებითი პროცესის უფლება და დაცვის მხარეს ჰქონდა ეფექტური შესაძლებლობა, ყველა ინსტანციის სასამართლოში ედავა ი. თ–სის მიმართ დანაშაულის შესაძლო პროვოკაციის თაობაზე, რაზეც ამომწურავად მსჯელობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლო (საპროცესო ტესტი). აღსანიშნავია, რომ განსახილველ საქმეზე გამოძიებას საფუძვლად დაედო რ. მ–სის 2022 წლის 27 აპრილის განცხადება, რომ მისი ნაცნობი, ი. თ–სი 150 ლარად ყიდდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰერიოინს“ და დამნაშავის მხილების მიზნით, თანახმა იყო, მონაწილეობა მიეღო საგამოძიებო მოქმედებებში; რ. მ–სის განცხადებაში მითითებული შესაძლო დანაშაულის გამოძიებისა და დამნაშავის მხილების მიზნით, ჩატარდა სწორედ პროკურატურისა და სასამართლოს უშუალო კონტროლით ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ხოლო მოგვიანებით – ი. თ–სის დაკავება და პირადი ჩხრეკა; ი. თ–სის დანაშაულებრივი წინასწარგანწყობა სარწმუნოდ დგინდება ოპერაციის მსვლელობის დროს გამოვლენილი აქტივობებით, კერძოდ: ი. თ–სისა და რ. მ–სის შეხვედრის ამსახველი ჩანაწერით ცალსახად დასტურდება მსჯავრდებულის აქტიური როლი ნარკოტიკული საშუალებების გასაღებაში და ნათლად დგინდება, რომ იგი თავისი სურვილით მოქმედებდა და მასზე რაიმე სახის ზეწოლა ან/და იძულება არ იკვეთება. ამავდროულად, ი. თ–სის მიმართ რ. მ–სის იმგვარი დაინტერესება, რომ საეჭვოდ გაეხადა მისი განმარტებები, საქმის მასალებით არ დადგენილა (მატერიალური ტესტი). ამდენად, საკასაციო სასამართლოც მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით ი. თ–სის მიმართ დანაშაულის შესაძლო პროვოკაცია არ იკვეთება.
20. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარში გაცხადებულ სხვა საკვანძო არგუმენტებთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დარღვევას, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, საქმის მასალებით არ დგინდება, ხოლო გამოძიების ცალმხრივად და მიკერძოებულად ჩატარებასა და მტკიცებულებების მოსაპოვებლად დაცვის მხარისათვის სათანადო დროისა და შესაძლებლობების შეზღუდვასთან მიმართებით, კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ კონკრეტული საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებების ჩაუტარებლობა იმთავითვე ვერ შეფასდება მსჯავრდებულის გამამართლებელ მოცემულობად, ვინაიდან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე პროცესი მიმდინარეობდა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, დაცვის მხარეს ჰქონდა ბრალდების მხარესთან თანასწორი შესაძლებლობა, თავად ეზრუნა სასამართლოსათვის წარსადგენი მტკიცებულებების მოცულობაზე და თავად ჩაეტარებინა სასურველი ღონისძიებები, ასეთის საჭიროების შემთხვევაში და არ ყოფილიყო საპროცესო მოწინააღმდეგის იმედად. აქვე ხაზგასასმელია, რომ დაცვის მხარემ 2022 წლის 14 ივნისს სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით 2022 წლის 20 ივნისს ჩანიშნული წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების თაობაზე, რაზეც სასამართლოს 2022 წლის 17 ივნისის დასაბუთებული გადაწყვეტილებით ეთქვათ უარი, რამეთუ დაცვის მხარეს შეეძლო, ჩაეტარებინა მისთვის საჭირო საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა წინასასამართლო სხდომამდე მტკიცებულებების გაცვლისა და საქმის სასამართლოში წარსამართად წარდგენისათვის დადგენილი 5-დღიანი ვადის ფაქტობრივად ამოწურვის პირობებში მიმართა სასამართლოს ვადის გახანგრძლივების მოთხოვნით, როდესაც შუამდგომლობის გადაწყვეტისათვის დადგენილი ვადის დაცვით მისი განხილვის დროს – 2022 წლის 17 ივნისს, ყველა მასალა, რომლის მტკიცებულებად გამოყენებასაც მხარეები აპირებდნენ, წარდგენილი უნდა ყოფილიყო სასამართლოში, სხვაგვარად – დაუშვებელია, რისი გათვალისწინებითაც, წინასასამართლო სხდომის ვადის გახანგრძლივება სასამართლომ შეუსაბამოდ მიიჩნია, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, წინასასამართლო სხდომის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობაზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
21. კასატორის ალტერნატიულ მოთხოვნასთან – ი. თ–სის სასჯელის შემსუბუქებასთან – დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, ი. თ–სს შეუფარდა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქება ან მისი ნაწილის პირობითად ჩათვლა, მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილი, ერთი მხრივ, დანაშაულთა სიმრავლიდან, ხოლო, მეორე მხრივ, ბრუნვაში უკანონოდ მოხვედრილი ნარკოტიკული საშუალების სახეობიდან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
23. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. თ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ბ–სა და საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ზაზა ქორიძის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი