საქმე N 160100122006175422
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№1034აპ-23 ქ. თბილისი
ი–ი ი., 1034აპ-23 29 იანვარი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივლისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, გიორგი მექვაბიძემ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ი. ი–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) მისთვის წარდგენილ ბრალდებებში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით: დაზარალებულ ნ. კ–სა და მოწმე ე. კ–ს ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და სხვა საქმხილებით – გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მისი ბრალეულობა, ხოლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების – ო. დ–სა და ნ. ჩ–ს – მონათხრობი, რომლებიც არ ყოფილან შემთხვევის ადგილზე და არ შესწრებიან ბრალადშერაცხილ ქმედებებს, მხოლოდ დაზარალებულის დისკრედიტაციასა და ი. ი–სათვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ემსახურებოდა.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. ი–ს, – დაბადებულს 19.. წლის ..ს, – ბრალად დაედო სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (2 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. 2021 წლის 25 ივლისს, დღის საათებში, ქ. მ–ში, ქ–ს ქუჩის №..-ში, ალკოჰოლით მთვრალი ი. ი–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დას – ნ. კ–ს, რომელმაც მუქარა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.2. 2022 წლის 24 ივლისს, დაახლოებით, 13:00 საათზე, ქ. მ–ში, ქ–ს ქუჩის №..-ში, ეზოში წყლის დაღვრის გამო მიცემული შენიშვნით გაბრაზებული ი. ი–სი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დას – ნ. კ–ს, რომელმაც მუქარა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ი. ი–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 აპრილის განაჩენით ი. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 25 ივლისის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 ივლისის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 ივლისის ეპიზოდი) შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 25 ივლისის ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელი და, საბოლოოდ, ი. ი–ს მიესაჯა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
6. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ი–სის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ტ–მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივლისის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენი გაუქმდა და ი. ი–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადგინდა ი. ი–ს მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობიდან, კერძოდ: სააპელაციო სასამართლომ მართებულად შენიშნა, რომ დაზარალებულ ნ. კ–სისა და მისი ქალიშვილის, მოწმე ე. კ–ს ჩვენებები არ შეიცავს საკმარის მონაცემებს ბრალდების შესახებ დადგენილებით, ი. ი–სათვის წარდგენილი კონკრეტული დანაშაულებრივი ეპიზოდების დასადასტურებლად. დაზარალებული და მისი ქალიშვილი ძირითადად აღწერენ ქონებასთან დაკავშირებული დავის გამო და-ძმას შორის არსებულ კონფლიქტს, თუმცა არცერთი უთითებს კონკრეტულად 2021 წლის 25 ივლისისა და 2022 წლის 24 ივლისის მუქარის ფაქტების შესახებ, რასაც ბრალდების მხარე ედავებოდა სწორედ ი. ი–სს. ამავდროულად, ნელი და ე. კ–ების მტკიცების საპირისპიროდ, სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა: ო. დ–მა, რომელიც ი. ი–ს ბიძაშვილია და ნ. ჩ–მა, რომელიც მის მეზობლად ცხოვრობდა, დაადასტურეს, რომ სწორედ ნ. კ–სი უყვიროდა მუდმივად ი. ი–სს, ლანძღავდა, წყევლიდა და უკიდურესად ავიწროვებდა მას. აქვე აღსანიშნავია, რომ განსახილველ საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა დაზარალებულის შვილის – ე. კ–ს – განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ დედამისის ძმა – ი. ი–ი, რომელიც მანამდე რუსეთში ცხოვრობდა და ერთხელ უკვე ნასამართლევია, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას მას და დედასმისს – ნ. კ–ს, რომელსაც მოკვლით ემუქრებოდა, ხოლო დისწულს ცილს სწამებდა, თითქოს, მის ოთახში შედიოდა და ნივთებს პარავდა. დედამისს – ნ. კ–სს, რომელიც 73 წლის პენსიონერია, ყოველ ღამით ჰქონდა შიშის განცდა, რის გამოც ითხოვდა პოლიციის დახმარებას, რისი ერთობლივად მხედველობაში მიღებითაც, მტკიცებულებების შეფასების დროს გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo – პრინციპის საფუძველზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გადაწყვიტა ი. ი–ის სასარგებლოდ.
11. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
12. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი