საქმე N 340100123007150940
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1117აპ-23 ქ. თბილისი
ლ–ი ზ., 1117აპ-23 24 იანვარი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 აგვისტოს განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ლ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 აგვისტოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ. ლ–მა. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას შემსუბუქების კუთხით, კერძოდ, დანაშაულთა ერთობლიობით 1 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელის ნაწილის - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილის - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლას, შემდეგ გარემოებათა გამო: დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ, მართალია, სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ კანონიერად გამოიყენა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო დანაწესი, მაგრამ სასამართლოს შეეძლო მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის სახით გამოეყენებინა თავისუფლების აღკვეთა 2 წელზე უფრო მცირე ვადით; მსჯავრდებულს კი სასჯელად განესაზღვრა სანქციით გათვალისწინებულ ზედა ზღვართან მიახლოებული სასჯელი, მიუხედავად მისი პასუხისმგებლობის არაერთი შემამსუბუქებელი გარემოებისა; ასეთ ვითარებაში, ზ. ლ–ს მიმართ შესაძლებელი იყო არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებაც; საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი და სისხლის სამართლის საქმე განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, რაც მიაჩნია უკანონოდ და თავისი უფლებების დარღვევად.
2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 ივლისის განაჩენით ზ. ლ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით, განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალა პირობითად, ამავე გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალა პირობითად, ამავე გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და, საბოლოოდ, ზ. ლ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალა პირობითად, ამავე გამოსაცდელი ვადით.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ლ–მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ; ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ზ. ლ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü 2022 წლის მარტის თვიდან, ყ–ს რაიონის სოფელ ე–ში, მთვრალი ზ. ლ–ი არასრულწლოვანი შვილიშვილების, ა. ლ–ს და მ. ლ–ს თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს - ლ. ლ–ს და შვილს - გ. ლ–ს, აგინებდა, მიმართავდა დამამცირებელი სიტყვებით, რის შედეგადაც, მათ განიცადეს ტანჯვა;
ü 2023 წლის 5 მარტს, ყ–ს რაიონის სოფელ ე–ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, ზ. ლ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა: მეუღლეს, ლ. ლ–ს და შვილს, გ. ლ–ს, რომელთაც გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნატო ტორიაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, ზ. ლ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც თავისუფლების აღკვეთასთან იქნება დაკავშირებული. პროკურორმა სააპელაციო საჩივარში ასევე მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, სასამართლოს უფლება არ ჰქონდა პირობით მსჯავრად ჩაეთვალა შეფარდებული სასჯელის ნახევარზე მეტი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 აგვისტოს განაჩენით გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ტორიაშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება:
ზ. ლ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, საიდანაც, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, ჩაეთვალა პირობითად, ამავე დროის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, საიდანაც, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, ჩაეთვალა პირობითად, ამავე დროის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ, ზ. ლ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, ჩაეთვალა პირობითად, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის მიხედვით, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
გაუქმდა მსჯავრდებულ ზ. ლ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
ზ. ლ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2023 წლის 6 მარტიდან.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ დეტალურად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, მათ შორის: სრულად გაითვალისწინა მსჯავრდებულ ზ. ლ–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაულები, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), ასევე მხედველობაში მიიღო: დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და მსჯავრდებულს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებით, განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს. ამდენად, სასჯელის კიდევ უფრო შემსუბუქების საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.
9. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად: „ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი“. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ზ. ლ–ს მიმართ მსჯავრად შერაცხილი დანაშაულები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო დანაწესის გავრცელებისათვის აუცილებელი პირობების არსებობის პარალელურად, პირველი ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილი იყო პირობით მსჯავრად ჩაეთვალა მხოლოდ დანიშნული სასჯელის ნახევარი.
10. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ სააპელაციო საჩივარი და სისხლის სამართლის საქმე განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, რაც მიაჩნია უკანონოდ. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულ მსჯელობას, რადგან საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. გამომდინარე იქიდან, რომ ზ. ლ–სი დამნაშავედ ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აღნიშნული დანაშაულები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო საქმე განეხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ზ. ლ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი